Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინო და კონფლიქტი - რა საერთო აქვთ უკრაინასა და პორტუგალიას

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღვინის კრიტიკოსი ჯენსის რობინსონი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა. იგი თავის პირად გამოცდილებაზე ჰყვება.  განსაკუთრებით კიევში Good Wine-ს საწყობის განადგურებას უსვამს ხაზს და სტატიაში ყველას უკრაინელი ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდებს. ამასთანავე, უკრაინული ალკოჰოლური სასმლის ბედი მას პორტუგალიის გამოცდილებას ახსენებს. მკითხველს ამ ორი ქვეყნის კონფლიქტისა და ღვინის შესახებ უყვება.

რობინსონმა 2018 წლის შობა კიევში ქალიშვილთან და თავის უკრაინელ სიძესთან ერთად გაატარა. ქალაქმა მასზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა. როგორც თავად წერს, ოთხი წლის შემდეგ უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას მიერ ნათქვამი სიტყვები „უკრაინაში მშვიდობიან მოსახლეობას მასობრივად ხოცავენ“, განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი აღმოჩნდა.

უკრაინის ქალაქების ნაწილს საკვები პროდუქტების დეფიციტი აქვს, პორტების ბლოკადის პირობებში ნორმალური წარმოება და ვაჭრობის ჯაჭვი მთლიანად მოშლილია. სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა არაპროგნოზირებადი და თითქმის შეუძლებელიც კია.

ეს ყველაფერი გლობალურ პრობლემად იქცევა -  რუსეთსა და უკრაინაზე ხორბლის მსოფლიო ექსპორტის 30% მოდის. ფასები იზრდება, ეს კი ამ ეტაპისთვის ყველაზე დაუცველ მოსახლეობაზე განსაკუთრებით მოქმედებს.

ამ ყველაფერს როგორი გავლენის მოხდენა შეუძლია ღვინოზე? - წერს რობინსონი.

სტატიაში ავტორს ოლგა ლაპინას, „წერილები კიევიდან“ ავტორის სიტყვები მოჰყავს. ლაპინას მეუღლე კი უფროსი მენეჯერია, რომელიც  პასუხისმგებელია ადგილობრივი ღვინოს დანარჩენ მსოფლიოსთან კავშირზე. „ომის შემდეგ წარმოების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდება. ვვარაუდობთ, რომ ზოგადად ღვინის მოხმარება დაიკლებს. ომის დროს ალკოჰოლის გაყიდვა აკრძალულია, აქედან გამომდინარე უკრაინელ მწარმოებლებს საქმიანობა მთლიანად შეზღუდული აქვთ. ამ პირობებში პროდუქტის ექსპორტზე გატანაც შეუძლებელია.“

უკრაინის ამჟამინდელი მდგომარეობა ავტორს პორტუგალიას ახსენებს, სადაც პოლიტიკურმა კონფლიქტებმა პორტვეინის წარმოებასა და მოხმარებაზე დიდი გავლენა იქონია.

დღეისათვის პორტუგალია ერთ-ერთი ყველაზე მშვიდობიანი ქვეყანაა. თუმცა, პორტვეინის ისტორია ისევეა დამოკიდებული ომის გამოცდილებაზე, როგორც თავად მევენახეობაზე. პორტვეინი უმეტესად ექსპორტზე გადიოდა, პორტუგალიურ ნაწარმს ადრე გაცილებით მეტი კონკურენტი ჰყავდა, ვიდრე ახლა ჰყავს. პორტუგალიის ისტორია და ბედი ყირიმის ღვინოებისას ჰგავს. რუსებს განსაკუთრებულად უყვართ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში დაყენებული ცქრიალა ღვინო, ისევე როგორც პორტუგალიის კოლონიზატორებს პორტუგალიური პორტვეინი.  

1756 წელს პორტუგალიის პრემიერ მინისტრს ბრიტანელებისთვის უწევდა წინააღმდეგობის გაწევა. მან Companhia das Vinhas do Alto Douro დააარსა, მსოფლიოში ღვინის ერთ-ერთ პირველ რეგიონად ცნობილი. ყველაფერთან ერთად, ეს ტერიტორია დაპირისპირების ერთ-ერთი მთავარი ეპიცენტრი იყო.

საუკუნეების მანძილზე პორტუგალია გარე აგრესიის სამიზნე ხშირად გამხდარა, ისევე როგორც უკრაინა.

ესპანეთსა და პორტუგალიას შორის კონფლიქტებმა დუროს რეგიონის გაღატაკება გამოიწვია, განსაკუთრებით ესპანეთის მეფე ფილიპე II-ის დროს. ყველა შემდგომი შეთანხმება თუ ინტერვენცია კომერციულ ინტერესებს მნიშვნელოვნად უკავშირდებოდა.

მე-19 საუკუნეში ნახევარკუნძულის ომის შემდეგ, მართალია ღვინის მწარმოებელი რეგიონები განსაკუთრებით დაზარალდნენ, თუმცა, ბევრი წარმოება უცხოელი მფლობელებისგან პორტუგალიელების ხელში გადავიდა. ომის დროს არაერთმა ბრიტანელმა ჯარისკაცმა პორტუგალიური ღვინო და პორტვეინი გასინჯა, რამაც პროდუქციის პოპულარიზაციას შეუწყო ხელი.

სამოქალაქო ომის დროს, 1820 წელს, ქალაქები საშინელ ალყაში მოექცა, მოსახლეობა შიმშილის ზღვარზე იყო, რაც ავტორსაც რუსეთის ახლანდელ ბარბაროსულ ქმედებებს ახსენებს.

უკრაინის მეღვინეობის ასოციაციის ხელმძღვანელმა სვიტლანა ციბაკმა დაწერა, რომ „ვენახები იბომბება, რუსულმა ძალებმა რამდენიმე მარანი დაიკავეს. ამ დროისთვის დასავლეთ უკრაინის ქარხნები დაზიანებული არაა, მაგრამ ისინი ვერც ჩვეულ რეჟიმში მუშაობას აგრძელებენ, რადგან მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ, ასევე ლტოლვილებს ეხმარებიან. იგივე მდგომარეობაა სამხრეთის ქარხნებშიც.“

პირველი მსოფლიო ომი პორტუგალიისთვისაც რთული აღმოჩნდა. თუმცა, 1920-იან წლებში პორტვეინის ბუმი დაიწყო, რამაც მათ ფინანსური დანაკარგის ანაზღაურების შესაძლებლობა მისცა. გაცილებით მძიმე იყო მეორე მსოფლიო ომი. ღვინის მთავარმა რეგიონებმა მილიტარისტული ფუნქცია შეიძინეს.

ავტორისთვის გერმანიის მიერ პორტვეინის ყველაზე დიდი საწარმოს დაბომბვა კიევის Good Wine-თან პარალელს იწვევს. მაშინდელი მეღვინეებიც ისევე ეხმარებოდნენ მოქალაქეებს, როგორც დღეს უკრაინელები იქცევიან. ომის შემდეგ პორტუგალიაში მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა იყო, მიუხედავად იმისა, რომ ის ნატოს დამფუძნებელ 12 ქვეყანაში შედიოდა. პორტვეინის ბიზნესის აღდგენას დიდი დრო დასჭირდა, განსაკუთრებით ექსპორტს. ეს ფაქტობრივად 1960-იან წლებამდე ვერ მოხერხდა. რამდენი წელი  შეიძლება დასჭირდეს უკრაინის ღვინის მრეწველობას აღდგენისთვის, რომელიც არასოდეს ყოფილა მთავარი ექსპორტიორი დარგი? - კითხულობს რობინსონი.

კიევის, ზაპოროჟიეს, ვინიცას, მიკოლაევისა და ხერსონის რაიონებში მევენახეობა შეჩერებულია. მთელი ყურადღება უკრაინის დაცვასა და არმიის მხარდაჭერაზეა მიმართული. დაყენებული ღვინის ნაწილის გადარჩენა მოხერხდა. რამდენიმე მარანი დაიბომბა, ვენახში მომუშავე ადამიანები დაიღუპნენ. სამომავლო პერსპექტივად თავად უკრაინელ ექსპერტებს ექსპორტზე ყურადღების გამახვილება მიაჩნიათ, რადგან ადგილობრივი მოთხოვნა ძალიან დაიწვეს.

სტატიის ავტორი ყველას ლტოლვილების დახმარებისკენ მოუწოდებს და იმედს იტოვებს, რომ მებრძოლ უკრაინელ ხალხს „ბედი კიდევ ერთხელ გაუღიმებს“, როგორც მათ ეროვნულ ჰიმნშია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.