Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

„ღვინის კლუბში“ ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობის საკითხებზე იმსჯელეს

„ღვინის კლუბის“ უკანასკნელი ორი შეკრება საქართველოში ეკოლოგიური მევენახეობის პრობლემებს მიეძღვნა. „ეკოლოგიური მევენახეობის ძირითადი პრინციპები“ კლუბის წევრებს იაგო ბიტარიშვილმა გააცნო. მას ამ სფეროში არა მარტო თეორიული ცოდნა, არამედ მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება აქვს. იაგოს ღვინო – „ჩარდახი“ სწორედ ეკოლოგიური მევენახეობის შედეგად მიღებული პროდუქტია, რომელიც რამდენიმე წელია, წარმატებით იყიდება ევროპაში.
იაგო ბიტარიშვილის აზრით, საქართველოში ეკოლოგიურად სუფთა ღვინის წარმოება გაცილებით პერსპექტიულია, ვიდრე ერთგვაროვანი, მასობრივი ღვინოების დამზადება. დაბალფასიანი ღვინოებით მსოფლიო ბაზარი იმდენად გაჯერებულია, რომ ამ სეგმენტში ქართულ ღვინოს ადგილის დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება. სამაგიეროდ, წლიდან წლამდე იზრდება მოთხოვნა ბიოღვინოებზე, რომელსაც კონკურენციაში ნაკლები ბარიერები აქვს და ამავე დროს ძვირადღირებულიცაა. ქართულ ღვინოს წარმატებით შეუძლია ამ ბაზარზე თავისი ნიშა დაიკავოს, თუკი ღვინის მწარმოებლები ამ გზას აირჩევენ.
ბიოღვინის წარმოება მხოლოდ და მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა ვენახიდან არის შესაძლებელი, სადაც კატეგორიულად იკრძალება სისტემური პრეპარატებისა და შხამ–ქიმიკატების გამოყენება. დასაშვებია მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის კონტაქტური პრეპარატები, რომელთა შემცველობა პროდუქტში მკაცრად კონტროლდება.
იაგო ბიტარიშვილის თქმით, ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობას საქართველოში ჯერჯერობით მცირერიცხოვანი მომხრეები ჰყავს, რაც განპირობებულია მევენახეებში ინფორმაციის დეფიციტით და ვენახების მოვლის შედარებით მარტივი, მაგრამ არაეკოლოგიური მეთოდებისთვის უპირატესობის მინიჭებით. საოჯახო მეურნეობებისა და მცირე მარნების, განსაკუთრებით კი მსხვილი კომპანიების ვენახებში ფართოდ გამოიყენება სისტემური პრეპარატები და შხამ–ქიმიკატები, რაც თავიდანვე განსაზღვრავს ღვინის მწარმოებელთა არჩევანს ეკოლოგიურად სუფთა მევენახეობის საწინააღდეგოდ.
ქიმიური სასუქების ვენახში გამოყენება თავდაპირველად მართლაც ზრდის მოსავალს, შხამ–ქიმიკატებიც ეფექტურია დაავადებებთან საბრძოლველად, მაგრამ შემდგომში აუცილებლად იწყება ნიადაგის გამოფიტვისა და ქიმიურ მრეწველობაზე დამოკიდებულების რთული პერიოდი. ამ დროს უკვე მოსავალი საგრძნობლად იკლებს, ნაყოფი კი ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერებებით იტვირთება.
ეკოლოგიური მეურნეობა არ ცნობს გენურ ინჟინერიას, არ გამოიყენებს ძლიერმოქმედ შხამ–ქიმიკატებსა და ქიმიურ სასუქებს. ბიო–ვენახში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ნიადაგზე ზრუნვას (გამწვანებით, პარკოსნების გამორგვით, მულჩირებით და სხვა ბიო–მეთოდებით). აუცილებელია სისტემატიური პროფილაქტიკური ღონისძიებები და დროული ოპერაციები. ამ გზით მიიღება ბიოღვინისათვის აუცილებელი ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი.
იაგო ბიტარიშვილის ინფორმაციით, ბიოსერტიფიცირების საერთაშორისო ორგანოს – Caucascert ltd-ს მიერ საქართველოში მხოლოდ ოთხი–ხუთი მევენახეა სერტიფიცირებული, რომელთა მიერ ჩამოსხმულ ღვინოებსაც, შესაბამისად, ბიოღვინის სერტიფიკატი აქვს. საქართველოში ასევე არსებობენ სხვა მეღვინეები, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა ღვინოებს აწარმოებენ, მაგრამ სერტიფიცირებას დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. საერთო ჯამში, ბიოღვინოების მწარმოებელთა რაოდენობა მაინც ძალიან მცირეა.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული