Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩვენი მეღვინეობის ნაკლი და მომავალი

სტატია გამოქვეყნდა: ნ.ნიკოლაძე. ჩვენი მეღვინეობის ნაკლი და მომავალი // სახალხო კალენდარი –  1921 წ; გვ. 107

ღვინო ძვირფას საქონლათ მიტომ გახდა, რომ მისი მომცემი ვაზი მარტო იშვიათ ადგილზე ხარობს, ყურძნის ჭამა კი და ღვინის სმა მთელ დედა–მიწის პირზეა გავრცელებული. საქართველო იმ ბედნიერ მხარეების რიცხვშია, რომელთ ბუნება ვენახის ზრდას და ნაყოფიერებას ხელს უწყობს. აქ ვაზის შენება ნოეს აქეთ–და ალბათ ნოემდინაც – ხალხის ხელობათაა ნაქცევი. ათასი მოდგმის მეოხებამ გააჩინა ჩვენში ვაზის წარჩინებული ჯიშები და საგანგებო ღირსების ღვინოები შეჰქმნა, რომელთა ქება და სახელი ყოველგან მოფენილია. მაგრამ, თუმც იმ იშვიათ ქვეყნებს შორის, სადაც ვაზი ხარობს, საქართველოს საუკეთესო მდებარეობა და ბუნება რგებია, თუმც ქართველებს მევენახეობა სხვებზე უფრო ადრე დაუწყვიათ , და წინაპრული  გამოცდილება სხვებზე მეტი მიუძღვისთ, ჩვენი  მეღვინეობა, ყველა სხვა ხალხისას ჩამორჩა. ასე გასინჯეთ იმისთანაებისასაც, ვისაც ჰავა, ნიადაგი და ერის წარსული სრულიადაც არ შეფეროდა ამ ხელობას. მთელ საქართველოში ომის წინ ორმოცი ათასი დესიატინა ვენახი ძლივს მოიძეოდა. სამხრეთ რუსეთში კი სადაც ზამთრობით მიწა ერთი ადლის სიღრმეზე იყინება და ზაფხულში ვაზს არავითარი  მთის ქედი არ იცავს მყინვარე ოკეანის სუსხიდან, ნიავ დროს მშვენიერათ მუშავდებოდა 89,979 დეს. ვენახი! პაწია ბოლგირიასაც ჩვენზე მეტი ვენახი გააჩნდა, სახელდობრ 54, 928 დესიატინა, რუმინიას – 78, 589 დეს. და უნგრეთს – 320, 355. ყველა ამ ქვეყნებში – როგორც რუსეთში – ვენახის შენება და ღვინის ყენება ბევრად უფრო ძნელი და სახიფათოა, ვინემ ჩვენში, მარტო მით კი არა, რომ ჩვენ დაცული  ვართ ჩრდილოეთის ქარიშხალიდამ: ჩვენში მზე უფრო მხურვალეა, ვაზს უფრო მეტი მზიანი დღე ერგება წელიწადში და სხვ. ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ ღვინოს ღირსებასა და სიმაგრეს უმატებს. მიუხედავათ ყველა ამ უპირატესობისა, სხვა ქვეყნებში, საცა ვენახი ნაძალადევია, მაშინ როცა ჩვენში ვაზი ველურათაც იზრდება, ვენახების რიცხვი, სივრცე და მოსავალი სწრაფათ მატულობს, ისე, რომ სულ მოკლე ხანში მათი რაოდენობა ზოგან ერთი ორად იქცა, ზოგან ქეც გასამკეცდა, ჩვენში კი მათ ზრდა რა ხანია აღარ ეტყობა.

ამ სამწუხარო განსხვავების მიზეზი განსაკუთრებით ისაა, რომ უცხოეთში ღვინო უფრო ადვილათ იგზავნება და საღდება, ვინემ ჩვენში. იქ ღვინის ყენება, მოვლა, შენახვა და ყიდვა ამ საუკუნეში შესამჩნევად გაუმჯობესდა. ღვინო გახდა უცვლელ საქონლათ, რომლის გადაზიდ–გადმოზიდვა უნაკლულოდ სწარმოებს ზამთარ–ზაფხულში, როგორც გრილ, ისე ცხელ ამინდში და რომელიც წლობით ინახება ყოველგვარ გარემოებაში. ამ სიმტკიცეს და თვისებას ღვინო იძენს მარტო მით, რომ მას, გამოწურვის შემდეგ არა ნაკლებ სამი წლის განმავლობისა, ინახავენ ისეთ სარდაფში, სადაც ნიადაგ უცვლელი ტემპერატურა დგას დღე და ღამ, ზამთარ ზაფხულს, არა უმეტეს თორმეტის და არა ნაკლებ ათი გრადუსის სითბოსი. ამგვარ სარდაფში ღვინოს სუფთად ინახავენ დიდრონ ჭურჭლებში (რეზერვუარებში, ან ბოჩკებში), თავის დროზე ერთიდან მეორეში გადასხმით თხლეს გამოსაცვლელათ. უშველებელი ჭურჭელი ანიჭებს ღვინოს ტიპიურ ერთფეროვნებას და ერთგემოვნებას, რომელიც მუდმივ მყიდველს უმრავლებს და გასავალს უფართოებს. რაგინდ დიდი იყოს ჩვენებური ჭური, ის ამნაირი რეზერვუარის და სარდაფის მაგივრობას ვერ იქმს, რადგან ჭური მიწაში უნდა იქნეს ჩაფლული და ტემპერატურა სხვანაირია. განსხვავება სითბოისა ყელსა და ძირს შუა მით უმეტესია, რაც დიდია ჭური; მცირეოდენ განსხვავებასაც ტემპერეტურისას ის შედეგი მოსდევს, რომ ღვინო ჭურში ნიადაგ მოძრაობს, ტრიალობს, ადის და ჩადის, რაც მის მწიფებას ხელს უშლის და ხან კიდეც ჭანგვას აჩქარებს.

ისეთი სარდაფის კეთება, რომელშიაც ტემპერატურა მუდამ ერთი და იგივეა, აუარებელ ხარჯს თხოულობს და ისე ძვირათ ჯდება, რომ მარტო ძლიერ შემძლე მევენახეს, დიდძალი ღვინის პატრონს ხელს–აძლევს მისი შეძენა და პატრონობა. სამი წლის ვადით დიდ–ძალი ღვინის გაუსაღებლათ შენახვა მარტო მილიონერს შეუძლია, და არა საშვალ, მით ნაკლებ წვრილფეხ მევენახეს. თანამედროვე ევროპიული სარდაფი იმოდენა ფული ჯდება, არა თუ აშენების და მოწყობის დროს, თვით ყოველწლიურათაც, მის შესანახავათ და მოსავლელათ, რომ თუ შიგ ასი–ათას ვედროებით არ ინახება ღვინო, მისი პატრონი ზარალის მეტს ვერას ნახავს. იმხელა ქონება ჩვენში აბა ვისა აქვს, რომ სამასი ათასიოდ ვედრო ღვინო სამი წლით ინახოს ძვირფას სარდაფში, მამა–სისხლის ფასად? ამ დროინდელ ევროპიულ ღვინოს და სარდაფს შეეფერება მარტო დიდი მევენახეობა, რომელიც მარტო დიდ მიწათმფლობელობას მისდევს და კაპიტალისტურ მრეწველობას შეადგენს.

ჩვენს საქართველოში, სადაც არც ვრცელი მიწათმფლობელობა არსებობს, არც მსხვილი მევენახეობა, არც დიდი კაპიტალი მოიძიება, სრულიად უიმედოთ ჩაითვლება მეღვინეობის ევროპიულ დონემდე აწევა. საუფლისწულო მამულმა მოახერხა ეს ცდა, რადგანაც მას ამისთვის საკმაო ვენახებიც გააჩნდა და თანხის შოვნაც შეეძლო, ყველამ იცის, რამხელა გასავალი მოემატა ამით საუფლისწულო ღვინოებს და რამოდენათ სახეირო გამოდგა ეს დასაწყისი, მისი მიბაძვა ჯერ ჩვენში არავის უცდია, გარდა ორიოდე პაროდიისა, რომელნიც მხედველობაში მისაღებიც არ არიან. მაგრამ შეცდომა იქნება ვიფიქროთ, თითქო მარტო მეფეებს და მილიონერებს შეეძლოთ  მეღვინეობის წესიერათ მოწყობა, ნუ დავივიწყებთ, რომ ერი მეფეებზე და კაპიტალზე ბევრათ უფრო ძლიერია, როცა მას ერთობა და თაოსნობა აბადია. რაც უწინ მარტო ლაფიტების და როტშილდების მონოპოლიას შეადგენდა, დღეს ევროპაში – და თვით აფრიკაშიც – საექციო [სააქციო] საზოგადოების და კოოპერატივის ხელობათ გადაიქცა. სრულიად ადვილათ შეიძლება ჩვენს წვრილ მიწად–მფლობელობის ქვეყანაში, გლეხურ მევენახეობასაც მივცეთ ხელში ის ნაცადი იარაღი, რომელმაც გამარჯვება და ბედნიერება მიანიჭა ევროპიულ მეღვინეობას –სარდაფი, ღვინის შემნახავი მევენახის უზარალოთ და სასარგებლოთ. ამისთვის საკმაოა ისეთი საზოგადოება ან კოოპერატივი დავაარსოთ, რომელიც საშუალებას შეკრებს აიშენოს და მორთოს ამ დროინდელი სარდაფი ისეთ მოდიდო ქალაქში, სადაც შესაძლოა კლდეში გვირაბის შეყვანა. იქ ხარჯი ბევრათ ნაკლები იქნება, რადგანაც მონატეხი ქვა შენობებისთვის გასაღდება. თუ სარდაფი რიგიანათ გაკეთდა და მომარაგდა, სარდაფის პატრონი ადვილათ იშოვის ბანკს, რომელიც თანხას ანდობს და სესხს გასცემს სარდაფში შეტანილ ღვინოზე, იმოდენს, რაც ტკბილი ან მაჭარი ღირს დაყენების დროს იმ მაზრაში. მევენახე თითქო ყიდდეს თავის ტკბილს, ან ყურძენს, ბაზრის ფასებში. სარდაფის პატრონი ღვინოს უვლის სამი წლის განმავლობაში თანამედროვე ტექნიკის და მეცნიერებისამებრ, თავის ხარჯს და ამაგს ღვინოსათვის, აგრეთვე, როგორც მასზე გაცემულ სესხის სარგებელს. სამი წლის შემდეგ სარდაფიდამ გამოდის ტკბილი კი არა, არამედ დამწიფებული ღვინო, რომლის ღირებულება სამჯერ–ოთხჯერ მაინც აღემატება გაცემულ სესხს. სარდაფის პატრონი, ამხანაგობა, ან მისი მოზიარე ბანკი, ან სხვა რომელიმე სავაჭრო თუ სატრანსპორტო საზოგადოება, ასაღებს ამ მშვენიერ ძველ ღვინოს ისეთ ქვეყნებში სადაც მისი ფასი იციან. ეს ფასი ყველას ისტუმრებს: ვაჭარს, ტრანსპორტს, მომვლელს,მსესხებელს და მევენახესაც, რომელსაც შესაფერი წილი მოგებისა ეძლევა ზედმეტად უკვე წინეთ მიღებული სესხისა. ღვინის ღირებულების მომატება, შედეგი მეცნიერულად ღვინის შენახვისა, სარგებლობას აძლევს ამნაირათ მთელ რიგს წარმოებისას , მრეწველობის რამდენიმე დარგს, ესე იგი ამდიდრებს და აძლიერებს მთელ მხარეს.

მარტო სარდაფში შენახულ ღვინოს შეუძლია აიტანოს შორი მგზავრობა. ჩვენებური ისე არსად გაიგზავნება, თუ სპირტით არ მოვნათლეთ. სპირტ–ნარევი ღვინო მარტო ჩვენშივე და რუსეთში საღდებოდა. ომის შემდეგ რუსეთი დიდ ბაზარს მისთვის ვეღარ წარმოადგენს: იმ ჯურის ხალხი, ვისაც იქ ესმოდა „ყურძნის წვენის გემოვნება“, ან გაწყდა , ან გაღატაკდა, დაგვრჩა შინაურობის გარდა, მარტო ევროპის ბაზარი, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომელთაც თვითონ ღვინო არ მოჰყავთ, სახელდობრ გერმანია, დანია, შვეცია, ნორვეგია, ამერიკა და სხ. იქ ომამდის და ომის განმავლობაში მეტათ გავრცელებული იყო ფრანგულ ღვინოების ხმარება. აი ჩვენი მეღვინეობის ასპარეზი მომავლისათვის. აქ კი მარტო ისეთი ღვინო გავა, რომელიც სარდაფში ევროპიულათ დაყენებული იქნება. ეს მეტად დიდი და უხვი ბაზარია.

დღეს ჩვენი მევენახე – წვრილი იყოს, გინდ მსხვილი – ვალდებულია იმეცადინოს სხვა და სხვა დარგში: ვენახსაც უნდა უვლიდეს, ღვინოსაც უნდა აყენებდეს და პატრონობდეს, მაჭრობასაც უნდა აწარმოებდეს, ყველაფერს უფულოდ, უცოდნოთ, მამაპაპურად, შემთხვევისა დაგვარად.

ევროპიული მეღვინეობა და ამხანაგური სარდაფი მას ანთავისუფლებს ყოველი გასაჭირიდამ და სტოვებს მარტო მევენახეთ, რაც მის ძალ–ღონეს, გამოცდილებას, მოდგმას და ჩვეულებას შეეფერება. როგორც მევენახეს, ჩვენს კაცს ტოლი არა ყავს! მას ჩინებული, შეუდარებელი ყურძენი მოჰყავს. ჩამოაცილეთ მას ყველა სხვა დარდი, რომლის მოგერიების იარაღი მას აკლია, მოაწყვეთ რიგიანი ყურძნის ტეხა და წნეხვა, ღვინის ყენება და მოვლა. მისი ზიდავა და ყიდვა, და ნახავთ რომ ამნაირი შრომის განაწილება – წყარო ყოველი წარმოებისა – ისეთივე ფრთებს შეასხამს ჩვენს მევენახეობას როგორიც დღეს იტალიელ, ფრანგულ და ესპანურ მეღვინეობას ამშვენებენ. აი, მაშინ დაიწყებს ჩვენშიაც ზრდას ვენახების რაოდენობა და სივრცე, ამიტომ რომ მევენახეს ბედი გაადვილდება და გაუმჯობესდება და ვაზის მოვლა ჩვენში უფრო მომცემი და მომგები გახდება, ვინემ ყოველი სხვა დარგი მიწათმოქმედებისა და მრეწველობისა. ერთობაშია საიდუმლო ამ ბედნიერებისა.

მასალა მოგვაწოდა ორგანიზაცია Nova societas–მა

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.