Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნიკო ლორთქიფანიძე - ბუმბერაზი

ფრანგულაშვილები მთელ ქვემო იმერეთში განთქმული იყვნენ ძველთა დროთაგან. ხშირათ მათ ვეშაპიძეებსაც ეძახდენ. მართლაც ვეშაპის ძალა ჰქონდათ, ვეშაპივით ჭამდენ და სვამდენ. ომში პირველობას არ სჩემობდენ, ვეებერთელა ხანჯალს კი, რომელიც კამეჩის უღელზე მეტი იყო, ისე ატრიალებდენ, თითქოს სახრეაო.

თავისებურათაც ხმარობდენ იარაღს. მტერი თუ რიგ-რიგათ იდგა, ერთიმეორის უკან, პირდაპირ ჰკრავდენ მუცელში, მკერდში, სულ ერთი იყო ძვალში თუ რბილში, და ორს-სამს წამოაგებდენ ხანჯალზე ან გამოფუშავდენ შესაწვავ გოჭივით. თუ მტერი ერთწყებათ იდგა, მაშინ მარჯვენა ყურიდან მარცხნივ წელამდე გადუქნევდენ; ორს გაკვეთდენ; მესამე ჰაერის ძალით, ხანჯლის ელვარებით, შიშით მიწაზე ინართხებოდა.

ფრანგულაშვილი მარტო ერთი ესწრებოდა ომს. არც მეტი და არც ნაკლები. ასეც უნდა ყოფილიყო, - ფრანგულაშვილების გვარი სულ ერთი ოჯახისაგან შესდგებოდა.

ერთი ფრანგულაშვილი ომში დაკეპეს. ბერი გოგია დიდხანს დაჰყურებდა მიწაზე განართხულს, სისხლით და მტვერით შეთხუპნულს გვამს. ბუტბუტით სთქვა: „ამქვეყნის აღარაა!“ მაგრამ მაინც სინჯა ბედი: ქრისტიანი კაცი მოუვლელათ არ დატოვა, იქნებ ასეთს მეომარს წმინდა გიორგიც შეეწიოსო; გაბანა, პირში ღვინო ჩაასხა; მრავალი ჭრილობა ჰქონდა. ცალ-ცალკე არ ღირდა შეხვევა. ორმოციოდე მილი დაუდვა; მთელს ტანს დააყარა წვრილი ნაწეწი კანაფი და ერთს დიდს ზეწარში გაახვია. მხოლოთ ცხვირის ნესტოები და ტუჩი დაუტოვა თავისუფალი ჰაერის სასუნთქავათ.

ბერი დიდხანს ეცადა ვეებერთელა ხანჯალი ხელიდან გამოერთმია, მაგრამ ვერაფერი გააწყო, სანამ ხანჯლის ტარს ქონი არ წაუსვა და შეკუმშულ თითებში ზეთი არ ჩაუსხა. მხოლოთ მაშინ გამოსხლიტა ხელიდან ხანჯალი და იქვე ქარქაშში ჩაუგო.

- ბიჭო, ეს რა დამმართია! - გაკვირვებით დაიძახა მესამე დღეს ფრანგულაშვილმა.
- დაჭრილი ხარ, შვილო.
- სადა ვარ?
- ჩემთან, სენაკში...
- წყალი...
- ა, შვილო.
- გმადლობ, რამდენი ხანია დამჭრეს?
- სამი დღეა.
- აბა, გამხსენი.
- მე თვითონ ვაპირებდი ეს-ეს არის.

ბერი განცვიფრებას მიეცა, როცა ჭრილობების მაგიერ ოდნავი წითელი ზოლები დაინახა. მხოლოდ ნაჯახის ჭრილობა ბეჭზე და ლეკურის შუბლიდან ცხვირზე გადმოსული ოდნავ იღებებოდა სისხლით.

- აბა, ისევ მილს გავუკეთებ და შევხვევ, - ჩაილაპარაკა ბერმა.
- არა, წმინდა მამა, მარილი დააყარე, მეტი არაფერი უნდა.
- რას ამბობ, შვილო, აგწვავს, გაგახელებს.
- არაფერია, მაგას ვერც კი ვიგრძნობ, ისე დავერევი მტერს.

ფრანგულაშვილი ისე წამოდგა ფეხზე, თითქოს ნაწირვებს მოისვენა და ახლა ჯარში სალხინოთ წასასვლელათ ემზადებაო.

- დიდება შენდა, უფალო, - წამოიძახა ბერმა, - შეგიქმნია კლდე ადამიანი და ვერხვის ფოთოლი ადამიანი!


* * *

ფრანგულაშვილები დიდხანს ინახავდენ საარაკო პაპის ზღაპრულს ხანჯალს.
კუთხეში იყო მიყუდებული და კაი ვაჟკაცი უნდოდა, ქარქაშიდან ამოეღო. ფრანგულაშვილებს რომ წმინდა ფოლადის სახნისი, თოხი, ბარი, სასხლავი, წალდი და ნაჯახი აქვთ ახლა, იმ ხანჯლიდანაა ყველა გადამდნარი.

* * *

ფრაგნულაშვილები შემდეგ გამრავლდენ.

ერთი ფრანგულაშვილი გაღარიბდა. საჭმელიც კი არ ჰქონდა საკმაოთ. ნათქვამია, „მუცელს აქორებ - ქორია და აღორებ - ღორიაო“. ღარიბი ფრანგულაშვილიც ცოტას ჭამდა, ბევრს კი მუშაობდა.

ერთხელ ცოლს უთხრა: თორმეტი კაცის სადილი დამიმზადე, რაც საღალო მიწა მაქვს, ყველა ერთად უნდა გავთოხნო, მერე ტყეში წავალ, იქნებ, ცოტა რამ ფული ვიშოვოო.

ქალმა დაამზადა სადილი და ყანაში წაუღო.

- სადაა, კაცო, ნადი?
- ეს-ეს არის მუშაობა მივატოვეთ, აქეთ-იქით წავიდენ, კარგი ვახშამი გაგვიკეთე?
- დალოცა ღმერთმა, ქე უმუშავნიათ მუყაითათ, - თქვა ქალმა და წავიდა.

საღამოს კაცი მარტო დაბრუნდა სახლში.

- სხვები სად არიან? - დაეკითხა ქალი.
- დაალაგე სუფრაზე ყველაფერი, მოვლენ!

ქალმა სუფრა დადგა აივანზე, რაც რამ ჰქონდა გამოიტანა.

ქმარი დაჯდა.

- დიდება ღმერთსა, ღმერთმა გაუმარჯოს გლახუა ფრანგულაშვილს, მის ცოლს სიდონიას, - დაილოცა და დალია პირველი დოქი შუა ღვინო*.
- რას შვრები, კაცო, არ მოუცდი ნადს?
- სადაური ნადი, რა ნადი, ქალო! ნადიც მე ვარ და მასპინძელიც, თუ რამე შეგიძლია, გამიმასპინძლდი.
- უი, თვალები კი დამიდგა! - შემოიკრა სიდონიამ ხელი ლოყაზე, - კაცო, ღმერთი არ არის, ორი ბატი მყავდა, იმის იმედი მქონდა, და დავკალი... ბათმანი ფქვილი ვისესხე...
- ნუ დამიწყებ ახლა ლუკმის ანგარიშს. მუშაობით თორმეტ კაცზე მეტი გავაკეთე და შენ ბატებს თორმეტი უცხო კაცი შეჭამს, თუ მე შევჭამ, რა გენაღვლება.
- უი, უი, ჩემი ცოდვა, რა ყოფილხარ, დამიდგა თვალები!

* * *

დიდი მებატონის სამზარეულოში დარბიან ფარეშები. ილანძღებიან მზარეულები. მოურავი ბრძანებლობს.

- აქენი ცხვარი, რას ზოზინობ, ვირის შვილო!
- ბიჭო, ნუ მოუნდი ჭამას, წაიღე ღომი!
- სუფრა-ყასუმი მეიტა აქ!
- გადააბრუნე, ჰო, ნუ გეძინება.
- ლენგერი! ლენგერი!
- ბატონო, კულოს თხოულობს!
- სადაა ჩაფი, ცარიელი ჩაფი. ოჯალეში უნდა ამევიღო და ვერც ერთი ვერ ვიშოვე. ოჯახდაქცეულებს მწვანეით გაუვსიათ ყველა.
- გაცალე, ბიჭო, ქვაბში; მერე ჩვენ დავლევთ.
- ამაში ბეჭია, აქ ღომის ქერქი ჩარჩენილა, აქ ხარშო, დამაგვიანდება და ბატონი მომკლავს. გადავასხამ ამ ტიალს!
- მეიტა, ძამია, აქ მაგ ჩაფი, მე გაგიცლი ამწამში.
- აბა, თუ ძმა ხარ, მემეხმარე... ბიჭოს, რას შვება ეს კაცი? სვამ, ძმაო? ვერ გამოცლი! იმე! შენი მტერია, გამოცალა. ბარაქალა! - ფარეშმა დაატანა ცარიელ ჩაფს ხელი და საჭურესკენ გაიქცა.
- შენ ვინ ხარ, ძბობილო? - დაეკითხა მოურავი უცნობს.
- გლახუა ფრანგულაშვილი გახლავარ; ბატონთან წერილი მაქვს, წყალობა მიქენი, მიართვი.
- კარგი, ძმაო, ძაან სმა კი გცოდნია, ბატონი არ მომიკვდეს! დაბრძანდი, სადილი მიირთვი და ამასობაში ბატონიც პასუხს მოგცემს.
- გმადლობ, ბატონო. შორი გზა მაქ და ნუ დამაგვიანებ.
- ახლავე.

* * *

- ბარათი მოგართვეს, ბატონო.
- მოიტა!.. რა დეემართა ამ ჩემ მოყვარე კაცს, რომ ერთ ჭვირთ თივას მთხოვს? მოურავო!
- ბატონო, შენი ჭირიმე!
- კარგათ გაუმასპინძლდი ამ ბარათის მომტანს, დაალევინე. მერე საუკეთესო ზვინიდან თივა მიეცი, რაც კი წაიღოს.
- თქვენი ნებაა, ბატონო.

* * *

- ბატონო, შენი ჭირიმე, იმ ბიჭს ჭვირთი კი არა, მთელი ზვინი მიაქვს.
- ხუმრობ თუ?
- შენი რისხვა არ მომეცეს! ქალბატონის ცხენისთვის განგებისათ ცალკე ზვინი მედგა. იმას შემოახვია ბაწარი და შეანძრია. გავაჩერეთ. ახლა რავაც მიბრძანებთ.
- ბიჭო, ვინ ეშმაკია?
- აი, დასწყევლა ღმერთმა ვინცხაა! ჯერ ერთი ჩაფი ღვინო სულმოუთქმელათ დაცალა, მერე ერთი გოჭი, თორმეტი ჭადი, მისი ღომით, შეჭამა. სხვა, როგორც სხვებმა, ძროხის ხორცი, პური მიაყოლა, და, რომ ადგა, ერთი ჩაფი ღვინო კიდევ დალია, ბატონი უნდა დავილოცოვო.
- მიეცი, ძმაო, მიეცი, შემახედე, რას ეგვანება ზურგზე ზვინგადებული კაცი, წეიღებს კი?
- წეიღებს, შენი მტერი წაღებულა ისე!

* * *

სტუმარი და მასპინძელი, ქალი და კაცი, მსახური და ბატონები გამოვიდნენ საკვირველების სანახავათ.

ფრანგულაშვილმა კარგათ მოარყია ზვინი, მერე ზურგით მიადგა, გულ-მკერდზე ჯვარედინათ გადიხლართა ბაწარი, რომლითაც ზვინი იყო შეკრული, წაიღუნა და... ზვინი დაადგა გზას. ადამიანი არ მოჩანდა.

მასპინძელმა ვერ მოითმინა და მიაძახა ფრანგულაშვილს:

- შენს ბატონს უთხარი ჩემს მაგიერ, სახლში არ დაგაყენოს, შენ დაუმსებ, ძმაო, ოჯახს.
- ვეტყვი, ბატონო! - დაიძახა ზვინმა.

ასეთი იყვნენ ფრანგულაშვილები, ზოგჯერ ვეშაპიძეებათ წოდებულნი.

1911 წ.

* ჭახრაკში გატარებულ ჭაჭას წყალს დაასხაამენ. აქედან გამოსულ წყალნარევ ღვინოს შუაღვინოს ეძახიან. (ავტორის შენიშვნა).

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული