Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლუდი, საზამთრო და ფეხბურთი

ლევან სეფისკვერაძე

დღეს საქართველოში ქალი გულშემატკივრების რიცხვი მამაკაცებისას თითქმის გაუტოლდა. ამასთან ერთად უკვე გამოიკვეთა ქართული გულშემატკივრების სხვათაგან განსხვავებული კატეგორიებიც.
მაგალითად, თუკი ჩრდილოეთ ევროპაში, გერმანიაში, სკანდინავიაში, ბრიტანეთსა და სხვაგან საფეხბურთო მატჩების ცქერას ლუდხანებში კათხა ლუდით ხელდამშვენებულები ამჯობინებენ, სამხრეთში - საქართველოში, ოჯახთან ერთად მყუდრო გარემოში, საფეხბურთო მატჩების ცქერის კულტურის ერთგვარი ნაზავი მივიღეთ და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენში გულშემატკივრების ტრადიცია თავისებურად ორიგინალურ სახეს იძენს. ხოლო კონკრეტულად თუ რაში გამოიხატება ეს განსხვავებულობა, ამაზე ვრცლად საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა...
 
საზამთრო და ფეხბურთი
 
სხვადასხვა ასაკის თბილისელმა “ფეხბურთოლოგებმა” სხვადასხვა დროს, ამ თემაზე მეტად საინტერესო მოსაზრებები გაგვიზიარეს (მათი უმეტესობა საკუთარ თავს მართლაც “ფეხბურთოლოგს” უწოდებს). ამ ადამიანებში ყველაზე მეტად ჩვენი ყურადღება 83 წლის ელგუჯა ოდიშვილის დაკვირვებამ მიიქცია, რომელიც ასაკის მიუხედავად ძალზე კარგად ერკვევა თანამედროვე ფეხბურთში და არა მხოლოდ..
აი რას ამბობს ბატონი ელგუჯა: “ჩემი ახალგაზრდობის დროს ფეხბურთს ან სტადიონზე ვუცქერდით, ან შინ, რადიოში ვუსმენდით. მაშინ ტელევიზორი ჯერ კიდევ არ იყო შემოსული და რადიოში მოსმენილი რეპორტაჟების წარმოდგენა გვიწევდა.
            იქიდან გამომდინარე, რომ დიდი მუნდიალები ძირითადად ზაფხულში იმართება, ჩვენს დროს ძალიან პოპულარული იყო ჩაციებული საზამთროთი პირის გასველება. შემდეგ ეს ტრადიციადაც დამკვიდრდა. მახსოვს საღამოობით თბილისში მამაკაცები სახლებში რომ ბრუნდებოდნენ, ბევრ მათგანს თუ საზამთრო ჰქონდა იღლიაში ამოჩრილი, ე.ი. იმ დღეს თამაში იყო და საზამთროებს წინასწარ იმარაგებდნენ”.
სხვა გულშემატკივარმა კი გვითხრა, რომ თბილისში ლუდის ჩაყლურწვა ფეხბურთის დროს, მოგვიანებით შემოიღეს, უფრო სხვების მიბაძვით.
“გერმანიაში ცხოვრების დროს დავაკვირდი, რომ ეს ხალხი, ლუდის გარეშე არც ერთ თამაშს არ უყურებდნენ. ერთხელ მეგობრებს ვუთხარი, რომ საქართველოში ფეხბურთის მატჩებს ყოველთვის საზამთროს თანხლებით ვუყურებდით. ყველა ძალიან დაინტერესდა და ჩემს პატივსაცემად, ლუდის ნაცვლად ორი დიდი საზამთრო დავჭერით. სიმართლე რომ გითხრათ, გერმანიაში ნამდვილად არ ჰქონდა ფეხბურთის დროს ნაჭამ საზამთროს ის გემო, როგორც ჩვენთან, საქართველოში. ამიტომ იქ ყოფნისას საზამთრო მეორედ აღარ გაგვიმეორებია და ისევ ლუდს მივაწექით.” გვითხრა ერთ-ერთმა ახალგაზრდა გულშემატკივარმა - ლადო მერკვილაძემ.
ქართული ფეხბურთის მოყვარულთა ახალგაზრდა თაობაში კიდევ უფრო ახალი მიმართულება გაჩნდა. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ფეხბურთის თამაშის დროს ყოველგვარ საზამთროს ან ლუდს ტოტალიზატორში ჯდომასა და იქ წაგება-მოგების ანგარიშს ამჯობინებენ, თუმცა მათი რიცხვი არცთუ ისე დიდია.
როგორც გაირკვა, ჩვენ, ქართველებსაც გვქონია ფეხბურთის "ეროვნული” - საზამთროს თანხლებით ცქერის ტრადიცია. თუმცა, ამ ყველაფერს ერთი მთავარი ნაკლი აქვს: საზამთროს მოწევის სეზონი ძალიან ხანმოკლეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, ზამთარში და გაზაფხულზე კვლავ ლუდით მოგვიწევს “ფონს გასვლა”
ისე კი, თუკი სასწაული მოხდა და ოდესმე ჩვენი ნაკრებიც გავიდა რაიმე დიდ მუნდიალზე, საზამთროს გამყიდველებს კარგი დახლი დაუდგებათ. ასე რომ, თადარიგი აქედანვეა დასაჭერი.
 
ფან-კლუბების ხიბლი
 
მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატის დადგომა გულშემატკივრების შემდეგ ისე არავის გახარებია, როგორც ტოტალიზატორების, ლუდხანებისა და ლუდის კომპანიების მფლობელებს. ყავლგაუსვლელი ტრადიციის თანახმად -  მსოფლიო ჩემპიონატი და ლუდი განუყოფელია და ეს საქართველოშიც არაერთხელ დამტკიცდა.
სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებების ქართველმა ქომაგებმა ნავსაყუდელი თბილისურ ბარებში, ლუდხანებსა და კაფეებში ჰპოვეს. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ უკვე ბოლო მესამე მსოფლიო ჩემპიონატია, რაც თბილისში ფაბ-კლუბები არსებობს და ამ ადამიანებმა კარგად იციან, რომ თამაშის ცქერას განსაკუთრებულად ხიბლი თანამოაზრეებთან, ანუ თანაკლუბელებთან ერთად აქვს.
მართლაცდა, დიდი ვერაფერი საიამოვნებაა, როდესაც მატჩს არგენტინის ქომაგი ბრაზილიის გულშემატკივართან ერთად უყურებს და უწევს სპარტანულად ითმინოს, “სელესაოს” ქომაგების სიხარულის ყიჟინა, როდესაც მისი საყვარელი გუნდის კარში გოლი გავა.
რაკი ბრაზილიის ნაკრები ვახსენეთ, ბარემ გეტყვით, რომ ბრაზილიის ქომაგები თბილისში სამ ადგილზე იკრიბებიან, თუმცა მათი მთავარი შეკრების ადგილი კაფე-ბარი “გურუ” გახლავთ, რომელიც, რუსთაველის გამზირზე, 12 ნომერში მდებარეობს. შესვლის საშუალო ღირებულებაა: ერთი კაცი - 10-20 ლარი და ბარი ბოლო სტუმრის წასვლამდე მუშაობს. “გურუში” დაახლოებით 5 ტიპის ბოთლის ლუდს შემოგთავაზებენ, სამზარეულო კი ევროპული აქვთ, თუმცა სურვილის შემთხვევაში ქართულ კერძებსაც მოგართმევენ. ბარს 2 დარბაზი აქვს და დაახლოებით 180 ადამიანის მიღება შეუძლია. მუსიკალური გაფორმება კი სხვა რა შეიძლება ჰქონდეთ, თუ არა სამბასა და სხვა ლათინოამერიკული მუსიკის ჰანგები.
არცთუ ულოგიკო დამთხვევა გახლავთ ის, რომ არგენტინის ქომაგთა ფანკლუბი, ბრაზილიელთა ფანკლუბთან საკმაოდ შორს მდებარეობს (დინამოს სტადიონთან, მაიაკოვსკის 5 ნომერში), კაფე-მუზეუმი “სპორტ-კაფე” “ალბისელესტეს” გულშემატკივრებს გვიან ღამემდე მასპინძლობს. “სპორტკაფეში” ერთი ადამიანის შესვლა 10 ლარი ღირს და ამ თანხაში 1 ბოთლი “ნატახტარის” ლუდიც შედის. გარდა ამისა, კაფეში ნახავთ 7 დასახელების ევროპულ ბოთლის ლუდსაც. სხვათა შორის, წინა მსოფლიო ჩემპიონატზე “სპორტკაფეში” არგენტინული წარმოების ლუდიც ჰქონდათ, თუმცა ახლა მენიუში ამ ლუდს ვეღარ ნახავთ. ამ კაფეში კერძები საკმაოდ ძვირია, თუმცა არჩევანი იმდენად ფართოა, რომ ნებისმიერ გურმანს დააინტერესებს.
ფილარმონიის „ივენთ ჰოლი“ დაახლოებით 9-10 ქვეყნის ბაკრების ფან-კლუბებს მასპინძლობს, თუმცა ბოლო მატჩების შემდეგ, ეს ადგილი ძირითადად ინგლისის ნაკრების ფანების თავშესაყრელ ადგილად ჩამოყალიბდა. ინგლისელებს კიდევ 3 ბარიც მასპინძლობს, თუმცა ყველაზე მეტი ბრიტანელი ფანის ხოლვა სწორედ “ივენთ ჰოლში” შეიძლება. აქ ძირითადად ქართული წარმოების ლუდებს უკვეთავენ, თუმცა არც ლეგენდარულ ირლანდიულ “გინესზე” დაგზარდებიან. “ივენთ ჰოლში” სამზარეულო არცთუ ფართოა, თუმცა სასმელების არჩევანი საინტერესოა და მრავალფეროვანი..
იტალიის ნაკრების გულშემატკივრები წინა მსოფლიო ჩემპიონატის დარად, მარჯანიშვილის “16 ა” ნომერში (მარჯანიშვილის თეატრთან ახლოს) მდებარე ბარ - “მარტინიში” იკრიბებიან. ალკოჰოლური სასმელები აქაც მრავალფეროვანია, თუმცა “სკუადრა აძურას” ქომაგთა დიდი ნაწილი რაკი ქალბატონების გახლავთ, მოთხოვნა ალკოჰოლიანთან ერთად, გამაგრილებელ სასმელებზეც დიდია. იტალიელებს მეორე ფან-კლუბიც აქვთ, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, მისი მოძიება ვერ შევძელით.
გერმანიის ეროვნული გუნდის ქომაგობა სხვა სად შეიძლება იკრიბებოდეს, თუ არა ლუდხანა-ლუდსახარშkaiser Brau-ში, რომელიც მდებარეობს მარჯვენა სანაპიროზე, თბილისის ისტორიულ უბანში, სიონის საკათედრო ტაძრის გვერდით. kaiser Brau-ში დამონტაჟებული დიდი მონიტორის საშუალებით შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში თვალყური ადევნოთ გერმანიის გუნდის ყველა მატჩს. ამ ბარში ლუდს ადგილზე ხარშავენ და როგორც თავად ამბობენ, გერმანული ტექნოლოგიით... “ბუნდესნაკრების” ქომაგებს კი მოგეხსენებათ, ფეხბურთთან ერთად, ყველაფერი გერმანული უყვართ და აინტერესებთ.
 
მადაგახსნილი ქომაგები
 
დანარჩენი სხვა ნაკრებების ქომაგებიც ხშირად სტუმრობენ თბილისურ ლუდხანებსა და ბარებს. თუმცა, მათ კლასიკურ ფან-კლუბებად ჩამოყალიბება ჯერჯერობით ვერ შეძლეს.
საფეხბურთო მატჩების მიმდინარეობა, შედეგი და თქვენ წარმოიდგინეთ, მატჩების ხარისხიც კი, შეიძლება არ დაიჯეროთ და, ლუდის გაყიდვებზე აისახება. ეს მოსაზრება პირველად ლუდის ბარ “ჩვენებურების” ადმინისტრატორმა – ვასიკო ბებიამ გაგვიაზიარა. ამ საკითხით დაინტერესების შემდეგ კი, გამოავრკვიეთ, რომ მოსაზრება არცთუ უსაფუძვლო ყოფილა.
ასე მაგალითად: თბილისის მარკეტებში და ლუდხანებში ყველაზე მეტი ლუდი გაიყიდა იმ დღეს და დღის იმ მონაკვეთში, როდესაც ინგლისის, ბრაზილიისა და იტალიის ნაკრებები თამაშობდნენ. ამ სამ ნაკრებს საქართველოში ყველაზე მეტი ქომაგი ჰყავთ. თუმცა, როდესაც ჰოლანდიის ეროვნულმა გუნდმა ზედიზედ 2-ჯერ გაიმარჯვა და მტერ-მოყვარე აალაპარაკა, ნიდერლანდელთა მატჩების დროსაც ბევრი ლუდის გაყიდვა დაიწყო. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც 16 და 17 ივნისს, გაყიდვები არცთუ შთამბეჭდავი იყო. ამ დღეებში, ცუდად მოასპარეზე საფრანგეთის ნაკრები და არგენტინის გუნდები გამოდიოდნენ. წარუმატებლობის შემდეგ, ფრანგებმა როგორც ჩანს, ყველაფრის ხალისი დაკარგეს, არგენტინას კი ძირითადად საშუალო ასაკის ადამიანები გულშემატკივრობენ და მათ მიერ მირთმეული ლუდის რაოდენობა ისეთი შთამბეჭდავი ვერასოდეს იქნება, როგორც მაგალითად, ინგლისის, ანდა ბრაზილიის ყველა ასაკის ქომაგებისა.
მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებული ფეხბურთი არც იტალიის ნაკრებს უჩვენებია, თუნდაც წინა მსოფლიოს ჩემპიონატის ინერციით, “სკუადრა აძურას” ქომაგები ჩვენს ქვეყანაში იმდენი არიან, რომ არასაფანკლუბო ლუდხანებსა და ბარებში ყოველთვის უმრავლესობას წარმოადგენენ. ბევრი ქომაგი კი ავტომატურად ბევრ დალეულ ლუდსაც ნიშნავს, რაც ფრიად სასიხარულო რამაა ლუდის ბიზნესში ჩართული ადამიანებისათვის.
მსოფლიო მუნდიალი 11 ივლისამდე გრძელდება და დარჩენილი დროის განმავლობაში, ამ კუთხით ყველაფერი იმის მიხედვით შეიცვლება, რომელი ნაკრებიც რა ხარისხის წარმატებას მიაღწევს. ასე რომ, ტოტალიზატორების მეპატრონეთაგან განსხვავებით, ლუდხანების მფლობელებს ინგლისის, იტალიის და ბრაზილიის ნაკრებებისათვის ქომაგობა მოუწევთ, რათა კიდევ უფრო ბევრი ლუდი გაეყიდოთ. თუმცა, არც ის არის გამორიცხული, რომ მათი საყვარელი გუნდის დიდი წარმატების შემთხვევაში, მადა სხვა ნაკრებთა ქომაგებსაც გაეზარდოთ.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.