Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ვარდისუბნის კოშკმარანი („ყარაულაანთ ციხე“)

კიდევ ერთი კოშკმარანი მდებარეობს ქალაქ თელავთან, სოფელ ვარდისუბნის განაპირას, ყარაულაშვილების უბანში. აღნიშნულ ძეგლს დღეს-დღეობით მოსახლეობა „ყარაულაანთ ციხის“ სახელით მოიხსენიებს, თუმცა მისი აშენების ისტორია ამ გვარს არ უნდა უკავშირდებოდეს. ყარაულაშვილების გვარის წარმომადგენლები სოფელ ვარდისუბანში დღემდე მისდევენ მეთუნეობას, ხოლო ეს სოფელი ძველი დროიდანვეა განთქმული ქართული მეთუნეობის ხუთივე განხრის პროდუქციის დამზადებით (აგური, კრამიტი, თონე, ჭურჭელი და ქვევრი). ვარდისუბნის კოშკმარანი ძლიერაა დაზიანებული. იგი მართკუთხა ფორმისაა და მასზე მიშენებულია საბრძოლო გოდოლი. ამ კოშკმარნის შესახებ ჯერ-ჯერობით ძალიან მწირი ცნობები მოგვეპოვება და როგორც ჩანს, იგი სათანადოდ არ არის აღწერილი და შესწავლილი. მისი აშენების პერიოდად მოიაზრება გვიანი შუა საუკუნეები (XVI – XVIII სს). მარნის ერთ-ერთ კედელს აშკარად ეტყობა, რომ იქ კედლის მთელ სიგრძეზე (დაახლ. 4 მ.) ქვითკირის საწნახელი მდგარა. იქიდან გამომდინარე, რომ მარნის ზედა სართული და ასევე სახურავი მთლიანად ჩამონგრეულია, მარნის იატაკი და ქვევრის პირები აღარ მოსჩანს. 

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, მარნიდან ახლო წარსულში დიდი მოცულობის რამდენიმე ქვევრი ამოუღით და წაუღიათ. მარნის მეორე სართულის სარკმლებს, მათი ფორმიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში შესაძლოა სათოფურების როლიც ეტვირთათ. ამ ზომის მარანში თავისუფლად დაეტევა, მაგალითად 25-30 ტონა ღვინის ქვევრები. კოშკმარანი ამჟამად ადგილობრივი მოსახლეობის საბოსტნე ნაკვეთებით, ხეხილის ბაღებითა და მცირე ვენახებითაა გარემოცული. ძველად კი კოშკმარანი, სავარაუდოდ მთლიანად ვენახებით უნდა ყოფილიყო გარშემორტყმული. ეს ადგილი ძალიან კარგი სავენახე ადგილია და აქაური ვენახებიდან მოსახლეობა დღემდე შესანიშნავ ქვევრის კახურ ღვინოს აყენებს. ვარდისუბნის კოშკმარანი ქართული ტრადიციული არქიტექტურის თვალსაზრისით ძალიან საინტერესო ნიმუშია. მისი მშენებლობის დროს გათვალისწინებულია ყველა ის მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი დეტალი, რაც აუცილებელია, როგორც ხარისხიანი ღვინის დასაყენებლად, ისე თავად მარნის ესთეტიური მხარისათვისაც. ამ თვალსაზრისით, ხსენებული მარნიდან არაერთი სასარგებლო მაგალითის აღებაა შესაძლებელი. ეს საკითხი კი მეტად მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც არაერთხელ აღინიშნა, კახეთში მარნების მშენებლობა დღესაც მიმდინარეობს და მშენებლობის დროს ხშირად არ ხდება ქართული ტრადიციული არქიტექტურის დეტალების გათვალისწინება... 
იმედი ვიქონიოთ, რომ ვარდისუბნის კოშკმარანს ახლო მომავალში ყურადღებას მიაქცევს ახალი ადგილობრივი ხელისუფლება და მას დაუბრუნებს პირვანდელ სახეს, რაც ასევე მეტად მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ტურიზმის განვითარების საქმეშიც, რომელი სფეროც ჯერ-ჯერობით, თითქმის მთლიანად ჩამკვდარია. აღსანიშნავია, რომ ამ ძეგლის გარშემო არსებობს რამდენიმე ჰექტარი თავისუფალი სავენახე მიწა, სადაც შესაძლებელია გაშენდეს კახური ვაზის ჯიშები, რომლის მოსავლის დაწურვა და დაბინავებაც ამავე მარანში მოხდებოდა.
 
© ღვინის კლუბი/Weekend


საინტერესოა თუ იყიდა ვინმემ მანდ სავენახე მიწა. ადგილობრივი ხელისუფლება არა მგონია რომ რამე გააკეთოს, მაგრამ ვინმე კერძო პირმა ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული