ლონდონის სასამართლოში ღვინის თაღლითთა კიდევ ერთი საქმე განიხილება – სამმა თაღლითმა 4,5 მილიონი გირვანქა სტერლინგით აზარალა ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა უმრავლესობაც პენსიონერები არიან. სასამართლოს წინაშე წარდგნენ 38 წლის დენიელ სნელინგი, მისი და 35 წლის დინა და მათი ნათესავი 42 წლის რებეკა მაკდონალდი. მათ დასაწყისისათვის ჩამოაყალიბეს კომპანია Nouveau World Winesდა კლიენტებს ღვინის სფეროში ფულის დაბანდებას სთავაზობდნენ. თითო ინვესტორისაგან საშუალოდ ათას გირვანქა სტერლინგს იღებდნენ, თუმცა, რეალურად არც ერთ ბოთლ ღვინოს არ ყიდულობდნენ. თაღლითები კლიენტებს არწმუნებდნენ, რომ მათი ღვინოები რამდენიმე წლით შეინახება ავსტრალიის მარნებში, რათა უკეთ დაძველდეს და ფასიც მეტი დაედოს, ცხადია, მოგებასაც მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მიიღებდნენ. მართალია, საბრალო პენსიონერებმა 39 ათასი ბოთლის საყიდელი ფული გადაიხადეს, მაგრამ კომპანია Nouveau World Wines-ს მფლობელებმა რეალურად მხოლოდ 11, 349 ბოთლი ღვინო შეიძინეს. როცა კლიენტები მიხვდნენ, რომ მათი ბიზნესი დიდად არ ყვაოდა, კომპანიონებს პასუხი მოსთხოვეს, მათ კი თავს იოლად უშველეს –კომპანია Nouveau World Winesგააუქმეს და ახალი ფირმა Finbow Winesდააარსეს. როგორც სასამართლოში აღნიშნეს, თაღლითები უკვე მესამე კომპანიის დასაარსებლად ემზადებოდნენ, მაგრამ პოლიციამ მიუსწრო და დამნაშავეები დროულად დააპატიმრა.
© ღვინის კლუბი/Weekend
თქვენი კომენტარი