Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როცა თავში დამიზნებული საფულეს ხვდება

თანამედროვე ადამიანი, ევა, ადამი, ღვინო და ვენახი

ავთანდილ გურასაშვილი

იმ დღეს საფრანგეთში, სახელგანთქმული ბურგუნდიის ვენახებში მიმოფანტული შიშველ-ტიტველი, ხელი-ხელ ჩაკიდებული ქალები და კაცები ვაზის რიგებში დატანტალებდნენ და გამოცლილი ღვინის ბოთლებიდან ბოლო წვეთის ჩამოგდებას ცდილობდნენ. დიდი ჟრიამული იყო, მაგრამ ეს მთლად დედიშობილანი შეზარხოშებულებს და ლამის უგონოდ მთვრალებს სულაც არ ჰგავდნენ.

ბურგუნდიის ან სხვა ვენახებში შიშველი ქალ-კაცი იქნებ სხვა დროსაც გამოჩენილა, მაგრამ იქ დედიშობილა ხალხის ასეთი შემოსევა არც მანამდე და არც მის მერე მსოფლიოს არც ერთ ვენახს არ ახსოვს.

ერთი სიტყვით, იმ დღეს 713 ტიტლიკანა გულმოდგინედ და ხალისით ასრულებდა თავის მოვალეობას, ეს საქმე კი სარეკლამო გადაღება იყო, რომელსაც ქვემოთ დავუბრუნდებით, მანამდე კი ვენახსა და ღვინოში ნიუს ჟანრის შემოჭრა და ზოგადად რეკლამის ისტორიაც გავიხსენოთ.

მრავალი წელია რეკლამის ტყვეობაში ვართ. აქეთ გაიხედავ და რეკლამას ვხედავთ, იქით გაიხედავ და ისევ რეკლამაა; რეკლამას ვერც შინ ვემალებით,რაკი ტელევიზიის, რადიომიმღებისა თუ ჟურნალ-გაზეთების დახმარებით იგი ჩვენს ოჯახებშიც ღრმად შემოჭრილა.

ერთი სიტყვით, ყველგან, ან თითქმის ყველგან, რეკლამის გარემოცვაში ვართ.

მსოფლიოში პირველი სარეკლამო ბიურო 1629 წელს შეიქმნა ლონდონში, თუმცა ამ საქმეს უხსოვარი დროიდან იცნობენ. მაგალითად, ერთ-ერთი პირველი რეკლამა, რომელმაც ჩვენამდე მოაღწია, ეგვიპტური პაპირუსია, რომელიც მონის გაყიდვის შესახებ იუწყება. მკვლევარები რეკლამის ერთ-ერთ უძველეს ტექსტად მიიჩნევენ ასევე უძველეს ქალაქ მემფისის ნანგრევებში ნაპოვნ ქვაზე ამოტვიფრულ წარწერასაც, რომელზეც ვკითხულობთ:  „მე რინო კუნძულ კრეტადან, ღმერთების ნებით აგიხსნით სიზმრებს“.

წერილობითი სახით რეკლამა, რაღა თქმა უნდა, სხვადასხვა რეგიონებში დამწერლობის გამოგონებიდან გვხვდება, მანამდე კი „ჯერ იყო სიტყვა“, ოღონდ ხმამაღლა, ყვირილით ნათქვამი - რეკლამა ხომ ლათინურად ,,ყვირილს“ თუ „წამოძახილს“ ნიშნავს. ჰოდა, ძველ საბერძნეთშიც იყვნენ ასეთი ინფორმატორები, რომლებიც ქუჩა-ქუჩა სიარულით, მოედნებზე, ბაზრობებზე და სხვა ხალხმრავალ ადგილებზე მოსახლეობას მეფის ბრძანებულებებს თუ სხვა, მათ შორის კომერციულ ინფორმაციას ყვირილით აცნობდნენ.

მაინც, ვინ იყო პირველი, ვინც სიტყვა სარეკლამოდ გამოიყენა? მე თუ მკითხავთ, პირველი ველურ ცხოველთა შორის ყველაზე ცბიერი  გველი იყო, რომელიც უფალმა გააჩინა, მეორე კი ევა აღმოჩნდა. ეს მაშინ იყო, როცა „გასრულდა ცა და მიწა მთელი თავისი მორთულობითურთ, ევა და მისი ადამი კი ჯერ ისევ შიშველ-ტიტველნი და მოურთველნი დადიოდნენ ედემის ბაღში. მაშინ აცდუნა გველმა ევა, როცა შუაგულ ბაღში მდგომი ხის ნაყოფს რეკლამა გაუწია: ,,როგორც კი შეჭამთ, თვალი აგეხილებათ და შეიქმნებით ღმერთივით კეთილისა და ბოროტის შემცნობელნი“-ო.

გველის ნათქვამმა, როგორც კარგმა რეკლამამ, ევას თავში გაუარა, ტვინი აუფორიაქა, წააქეზა და ცნობისმოყვარეობით აღავსო. ნათქვამს ხის შესახედაობაც დაემატა, რომელიც თვალწარმტაცი და საამური სანახავი იყო”, რაც საბოლოო ჯამში სიტყვისა და ვიზუალის ერთობლიობით მოკლე, ლაკონური და კოხტა რეკლამაც გამოდგა. მერე ევამ თავისი ადამი იმავე გზით აცდუნა, მეტი თავგამოდებით წააქეზა და დაიწყო რეკლამის ისტორია.

მერე და მერე რეკლამა უფრო დაიხვეწა, ერთმანეთს შეერწყა სიტყვა, ხმა, გამოსახვის საშუალებები... მომდევნო ეტაპზე რეკლამის განვითარებას ახალი ბიძგი მისცა სტამბების განვითარებამ, ფოტოგრაფიის დაბადებამ, კინემატოგრაფიულმა ხერხებმა, მუსიკალურმა გაფორმებამ... ყოველივე ამის წყალობით რეკლამის განვითარებამ წარმოუდგენელ სიმაღლესა  და მასშტაბებს მიაღწია.

ახლა რეკლამისთვის ფულს არ იშურებენ ფირმები და კომპანიები, რომლებმაც კარგად იციან, რომ რეკლამა არის ,,ხელოვნება დაუმიზნო თავში და მოარტყა საფულეში: ამიტომაც იყო აშშ-ს მესამე პრეზიდენტი თომას ჯეფერსონი რომ ამბობდა, რეკლამაზე გაკეთებული ეკონომია იგივეა, რაც დროის ეკონომიისთვის საათის გაჩერებაო.

რაღა გასაკვირია, რომ ,,კოკა-კოლამ“ თავისი პირველი შემოსავალი თითქმის მთლიანად თავისი პროდუქციის სარეკლამოდ დახარჯა. და რაკი რეკლამას ასეთი ძალა აქვს, მისი შემქმნელებიც თავიანთი ნიჭისა და უნარის შესაბამისად ითხოვენ  ჰონორარს. მაგალითად,სარეკლამოდ ერთი კარგი ფოტოს შეძენა ათობით, ათასობით და ასეულ ათასობით დოლარი ღირს. გავიხსენოთ ანსელ ესტონ ადამსი, რომლის ნამუშევრებიც 500-დან 175 000 დოლარამდეა შეფასებული, ან ჰელმუტ ნიუტონი, ვისი ზოგი ფოტოც 400 000 დოლარად იყიდება.

რეკლამის დიდოსტატი ავტორები ამა თუ იმ პროდუქციის სარეკლამოდ მდიდარ ფანტაზიას მიმართავენ და ხშირად წარმოუდგენელ მიგნებითაც გვაკვირვებენ, რისთვისაც ისინი შიშველი ან ნახევრადშიშველი ქალის მშვენიერებას იყენებენ.

ასეთი რამ ქალის წინდების, კოლგოტკებისა და მსგავსი რამე-რუმეების სარეკლამოდ კიდევ ჰო, გასაგებია, მაგრამ ნიუს ჟანრის ვენახთან ან ღვინის ბოთლის ეტიკეტთან დაკავშირება ერთი შეხედვით უცნაური და უადგილოა. ოღონდაც, რა უნდა იყოს ამ ღვთაებრივი სასმელისა და ვენახის სარეკლამოდ იმაზე თვალში საცემი, რაც აფროდიტესავით შიშველი და მშვენიერი ქალის ფიგურაა, რომელიც უმალ მზერას იპყრობს.

ამა თუ იმ პროდუქციის სარეკლამოდ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება ნიუს ჟანრში წარმოდგენილი კალენდარია, რომელიც პირველად 1964  წელს საბურავების მწარმოებელმა იტალიურმა „პირელიმ“ გამოიყენა. მან თავის კლიენტებს ახალი წელი კალენდრის ჩუქებით მიულოცა, რომელზეც შიშველი მოდელების ფოტოები იყო დასტამბული წარწერით ,,pirells“. კლიენტები ამას აღფრთოვანებით შეხვდნენ და თავიანთი მაღაზიები და ავტოსახელოსნოები შიშველ ლამაზმანთა გამოსახულებებით დაამშვენეს.

მერე და მერე  „პირელის“ სხვებმაც აუბეს მხარი, მათ შორის ცნობილმა ღვინის მწარმოებლებმაც, რომლებმაც მსგავსი კალენდრები გამომცემლობებს ნიუს ჟანრის გამოყენებით მეტ-ნაკლები კონსერვატიული კანონების დაცვით დაუკვეთეს.

ღვინის სარეკლამოდ მსგავსი  კალენდრების საქმეში, ალბათ, ყველაზე შორს ოლივერ ტოსკანი წავიდა.

ტოსკანი გახლავთ ფოტოგრაფი, მხატვარი და, შეთავსებით მეღვინეც, რომელმაც კონსერვატიული კანონები მთლად დაივიწყა და 2011 წელს ასოციაცია “VENA PELE” - სთვის შიშველი ნატურები იმდენად შიშვლად წარმოგვიდგინა, რომ თვით „ფლეიბოისაც“ შეშურდებოდა.

ღვინის ეტიკეტზე ვხედავთ ცნობილ სექსსიმბოლოებსაც,რომლებიც ნიუს ჟანრში არიან გამოსახული. მათ შორისაა, 50-ანი წლების ჰოლივუდის ვარსკვლავი, ყველა დროისა და ხალხის სექსსიმბოლოდ აღიარებული მერლინ მონრო. „პლეიბოისთვის გადაღებულ წითელი ღვინისფერი ხავერდის ფონზე მისი შიშველი ნატურა კალიფორნიულმა ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ „MERILINWINES“- გამოიყენა და 1981 წელს საამისოდ მშვენიერი კალამბურიც მოიფიქრა-“მერლინ მერლო“, ამას კი მოჰყვა „მერლინ კაბერნე“ და სხვ.

და როცა ღვინის რეკლამაში ნიუს ჟანრის ფოტოების გამოყენებაზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია არ გავიხსენოთ ჰელმუტ ნიუტონი. ამ ჟანრის ეს უცნობილესი და ყველაზე აღიარებული დიდოსტატი ცნობილმა ღვინის მწარმოებელმა კალ  დელ ბოსკომ თავისი მეურნეობისა და პროდუქციის სარეკლამოდ იხმო.

კა დელ ბოსკო, ეტყობა, კარგად იცნობდა 2004 წელს გარდაცვლილი ამ ფოტოგრაფის შემოქმედებაში ღვინისა და ქალის თემატიკას, რასაც მანამდე დიდი ადგილი ეკავა.

მართლაც მსგავსი პიკანტური ფოტოების გადასაღებად ჰელმუტ ნიუტონს ფირზე ბევრი ცნობილი პიროვნება აღუბეჭდავს, მათ შორის მადონა, ოღონდ ის სურათები, ძირითადად, ბარებში და კამერულ ინტერიერებში იყო გადაღებული. და როცა კალ დელ ბოსკომ ჰელმუტ ნიუტონი მიიწვია, არც შემცდარა, რადგან ფოტოგრაფიის დიდოსტატმა შესანიშნავი ნახევრადეროტიკული ფოტოები გადაიღო, რომლებზეც მისივე ჩვეულებისამებრ,შიშველი ნატურები იყვნენ აღბეჭდილნი, ოღონდ ბუნების წიაღში. აქ, ვენახში, ერთმანეთს შეერწყა სამოთხისებური ჰარმონია, ყოველგვარი ქიმიური სასუქების გარეშე მოყვანილი ყურძნის მოსავალი და ადამ და ევასავით პირველქმნილი, შიშველ-ტიტველი ადამიანი, ადამიანი და ვაზი, ადამიანი და ღვინო.

ალბათ, დამეთანხმებით, ეკოლოგიური, ბუნებრივად სუფთა, ეგრეთ წოდებული ორგანული  მევენახეობა-მეღვინეობის, ასეთივე ნატურალური ღვინის სარეკლამოდ მსგავსი გადაწყვეტა მართლაც დიდი მიგნება იყო.

ასეთივე ხერხს მიმართეს სამხრეთაფრიკული ღვინო ავონდალის სარეკლამოდ „ჯეკ რასელ დიზაინის“ თუ სხვა სააგენტოებმა, რომლებმაც ერთმანეთზე თვალშისაცემი, უკეთესი და უმშვენიერესი ეტიკეტები, სარეკლამო პოსტერები და კალენდრები შექმნეს.

ამგვარი რეკლამები უმალ ყურადღებას იპყრობენ, მზერას იტაცებენ და, როგორც იტყვიან, თვალს წყალს ალევინებენ, მერე კი - ღვინოსაც.

სამწუხაროდ, ბურგუნდიის ვენახებში ფირზე აღბეჭდილი ის დედიშობილა ქალები და კაცები,  რითაც თხრობა დავიწყეთ, საფრანგეთის იმ მხარის ვაზისა და ღვინის რეკლამასთან ერთად განგაშის ზარებს რეკენ. ისინი თუ მათი ფოტოების ავტორები გვაფრთხილებენ გლობალური დათბობის შედეგად მოსალოდნელ პრობლემაზეც, რამაც, შესაძლოა, ვენახებიც გაავერანოს და ღვინით სავსე ბოთლებიც ბოლო წვეთამდე გამოცალოს...

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული