Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაზე საუბრობენ ქვევრის დამღები

გიორგი ბარისაშვილი

რას წარმოადგენს ქვევრის დამღა?

დამღა ერთგვარი ნიშანია, რომელსაც მექვევრე თავის ნახელავს პირზე ასვამს გამოწვამდე. უნდა აღინიშნოს, რომ დამღა საქართველოში არა მხოლოდ ქვევრებს, არამედ მეთუნეობის სხვა ნაკეთობებსაც უკეთდებოდა, როგორებიცაა: კრამიტი, აგური, თონე, სხვადასხვა ჭურჭელი. თიხის ჭურჭლისა თუ სხვა ნაკეთობების დამღებით დანიშვნა ჩვენში არქაული დროიდან იღებს სათავეს.დამღათა ყველაზე დიდი მრავალფეროვნება და სიმრავლე სწორედ ქვევრებზე გვხვდება. განსაკუთრებით კი ჩვენი ისტორიის ბოლო პერიოდის - XIX-XX სს-შიდამზადებულ ქვევრებზე. დამღის საბეჭდავი შესაძლოა დამზადებული იყოს თიხისაგან, რომლებიც უძველესი დროიდან გვხვდება საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ხისაგან და რკინისაგან. მექვევრე ოსტატი თავის ნახელავს დამღას მაშინ უკეთებს, როდესაც ქვევრის შენება სრულდება და ქვევრის პირი ჯერ კიდევ სველია. ძალზე იშვიათად დამღა გვხვდება არა ქვევრის პირზე, არამედ მის ყელზე და მხრებზეც.

დამღა - ხარისხის ნიშანი?

ალბათ, საინტერესოა, რა შინაარსია ჩადებული ქვევრის დამღით დანიშვნაში. საქმე ისაა, რომ ქვევრის დამღა წარმოადგენს ერთგვარ ხარისხის ნიშანს. ამით მექვევრე ოსტატი აკეთებს განაცხადს იმაზე, რომ მისი ნახელავი არის ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი პროდუქტი, რომელსაც იგი „ხელმოწერით“, ანუ საკუთარი დამღით ადასტურებს. დამღის საბეჭდავი, რომელიც ეკუთვნოდა მექვევრეს, მის შვილზე ან შვილიშვილზე ავტომატურად არამც და არამც არ გადადიოდა, მით უმეტეს, თუ დამღაზე მექვევრის ინიციალები იყო გამოსახული. ყოველ მექვევრეს თავის ნახელავზე დამღის დასმის უფლება თავადვე უნდა მოეპოვებინა საკუთარი შრომით. მართალია, ქართული ქვევრების უმეტესობას არ გააჩნია არავითარი დამღა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთი ქვევრები უხარისხოა.

წერნაქი და ამონაკაწრი

ხშირად ქვევრზე გვხვდებ არა საბეჭდავით დასმული დამღა, არამედ წერნაქით შესრულებული წარწერა, თუმცა არა ქვევრის პირზე, არამედ მის ტანზე. ამგვარი წარწერები,  საკმაოდ იშვიათად, გვხვდება, მაგალითად, ქსნისხეობაში, კონკრეტულად სოფელ ცხავათში დამზადებულ ქვევრებზე, ეს სოფელი განთქმული იყო ქვევრების დამზადებით (ამჟამად ეს ადგილი ოკუპირებულია). ცხავათურ ქვევრებზე, გარდა იმისა, რომ ისინი უმთავრესად გარედან მთლიანადაა მოხატული, გვხვდება წარწერებიც, სადაც ვკითხულობთ მექვევრის სახელს, ან ქვევრის გასაყიდ ფასსაც კი. გარდა წერნაქით შესრულებული წარწერებისა, ქართულ ქვევრებზე ვხვდებით ამონაკაწრ ნიშნულებსაც. ამგვარ ამონაკაწრებს, როგორც სხვა შემთხვევებში, თავად მექვევრე აკეთებს ქვევრის პირზე. უმთავრეს შემთხვევებში ამონაკაწრებით გადმოცემულია მექვევრის ინიციალები ან მისი სახელი და გვარი.

ქვევრის დამღები დღეს

თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ერთ მექვევრეს სოფ. მაქათუბანში (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, ზალიკო ბოჟაძე), ქართულ ქვევრებს დღეს დამღები აღარ უკეთდება. არადა ნამდვილად საწყენია, რომ საქართველოში ეს დიდებული ტრადიცია დავიწყებას მიეცეს, რადგან, როგორც აღინიშნა,მას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს ქართულ მეთუნეობაში. დღეს საქართველოში დღის წესრიგში დადგა ქვევრების წარმოების აღორძინება და გაფართოება, რადგან ქართულ ქვევრებზე შექმნილმა დიდმა მოთხოვნილებამ შიდა თუ უცხოეთის ბაზარზე ქვევრის, როგორც უნიკალური საღვინე ჭურჭლის დეფიციტი გამოიწვია. ამიტომაც დიდად სავარაუდოა, რომ ჩვენში ქვევრების წარმოება და ამგვარად შინამრეწველობის ეს დარგი ფართო ხასიათს მიიღებს, რაც თავისთავად გამოიწვევს ქვევრის დამღების გაჩენის აუცილებლობასაც. ქვევრზე დამღების დატანის პასიურობას აქვს თავისი მეორე მხარეც. კერძოდ, საკითხავია ბოლო პერიოდში დამზადებული ქვევრების ხარისხი, რითაც ხშირ შემთხვევაში ვერ დავიკვეხნით. ზოგიერთ შემთხვევაში ქვევრებს აკლია გამოწვა; ზოგჯერ მათ აქვთ ბზარები, რომლებსაც მექვევრეები ცემენტის ხსნარითა და თიხაფხვნილით ნიღბავენ; ზოგჯერ საქვევრე თიხა აღებულია არატრადიციული ადგილიდან, რომელიც გამოცდილი არაა; ზოგჯერ საქვევრე თიხა მოტანის შემდეგ არ გადის სათანადო დამუშავებას და დახარისხებას და სხვ. თავისთავად ცხადია, რომ მექვევრე, რომელიც ქვევრს სპეციალურად დააკლებს გამოწვას ან საქვევრე თიხას არასათანადოდ დაამუშავებს, შეეცდება თავის ნახელავზე „ხელმოწერა“ არ დატოვოს. სამწუხაროა, მაგრამ ეს დიდი პრობლემაა ქართული შინამრეწველეობის დარგის - მექვევრეობის რეალობაში.

ქვევრის დამღების სახეები

ცხადია, საინტერესოა, თუ რა არის გამოსახული ქართული ქვევრების დამღებზე. როგორც თავში აღინიშნა, საქართველოში საქმე გვაქვს დამღების საკმაო მრავალფეროვნებასთან. ქვევრის დამღებზე გამოსახულია: მექვევრის ინიციალები; სახელი და გვარი; ცალკეულად მექვევრის ან მხოლოდ სახელი ან მხოლოდ გვარი; ბორჯღალი; ჯვარი; დამზადების წელი; დამზადების ადგილი ან სოფლის შემოკლებული სახელი; რაიმე გეომეტრიული ფიგურა ან ორნამენტი; რაიმე სიმბოლო და სხვ. მექვევრეთა გვარ-სახელებიდან ქვევრებზე გვხვდება: ისიდორე ჩუბინიძე, სარდიონ ჩუბინიძე, ექვთიმე ჩუბინიძე, იოსებ ჩუბინიძე, სოლომან ჩუბინიძე, ელიზბარ ჩინჩალაძე, ანდრო ხვთისოშვილი, თამაზ მალა...,  ზაქარია ხახიძე, სარიმან კაპანაძე, ივანე კაპანაძე, ლუკა კაპანაძე, დარისპან კაპანაძე, ლევან ...სძე, თამაზ მალა..., ვანო ყორღანაშვილი, ვანო სოზაშვილი, ვასო ყარაულაშვილი, იოანე, კაცია, იონა მათიაშვილი, ილია მათიაშვილი... დამღებზე ხშირად ვხვდებით ჯვრებსაც, რაც გვაფიქრებინებს, რომ ასეთი ქვევრები საეკლესიო მარნებიდანაა ან მათში საზედაშე ღვინოა აყენებდნენ. თუმცა ჯვრიანი ქვევრები ჩვეულებრივი, ოჯახური ღვინის დასაყენებლადაც გამოიყენებოდა. გვხვდება როგორც ჩვეულებრივი, პროპორციული ჯვრები, ისე შემკული და სტილიზებული ჯვრებიც. მრავალფეროვნებით გამოირჩევა ასევე სტილიზებული ბორჯღალებიც. ამ მხრივ, და საერთოდ დამღების სიმრავლით კახეთია გამორჩეული. ჩვენს მიერ ამგვარი სტილიზებული ბორჯღალების ათამდე ვარიაციაა მიკვლეული. რაც შეეხება სოფლის დასახელებებს დამღებზე, ამ მხრივ ჯერჯერობით ორი დამღა მოგვეპოვება - „შროშა“ და „ჩხირ“, რომელიც დიდად სავარაუდოა, რომ მექვევრეობით განთქმული სოფლის ჩხიროულას შემოკლებული სახელი იყოს.

ქვევრის დამღებზე ხშირად გვხვდება მექვევრის ინიციალებიც, რომელთა „გაშიფვრაც“ უმეტეს შემთხვევაში არ ხერხდება, მაგალითად: ლ.ნ.თ 1914, ნ.მ., დ.კ., ისა, ე.მ...  იყო შემთხვევა, როდესაც ზემო იმერეთის სოფელ ტყემლოვანაში ჩვენს მიერ მიკვლეულ იქნა ქვევრის პირის ნატეხი, რომელსაც გააჩნდა ერთადერთი ასო ამონაკაწრის სახით - „დ“. როგორც გავარკვიეთ, ეს ინიციალი ეკუთვნოდა ამ სოფლის მკვიდრს - დავით კაპანაძეს, როემლიც იყო მექვევრე და გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა ამავე სოფელში. ჩვენს მიერ საინგილოში, ერთ-ერთ ქართულ ოჯახში აღმოჩენილია ბორჯღალისა და ასევე ორი ნახევარწრის (ცხენის ნალის) მოყვანილობის დამღები. ძალიან საინტერესო დამღა აღმოვაჩინეთ სოფელ სკრაში, ტაძრის ეზოში, რომელსაც „სვასტიკის“ მოყვანილობა ჰქონდა.

დასკვნის სახით

დამღების არსებობა ქვევრებზე და მათი მრავალფეროვნება მექვევრეობის დარგის განვითარების მაღალ დონეზე მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში. როგორც აღინიშნა, მექვევრის მიერ თავის ნახელავზე დამღის გაკეთება ერთგვარი განაცხადია, რომ ქვევრის გამკეთებელი არის ოსტატი და მას დასამალი არაფერი აქვს! დამღიანი ქვევრები აღმოსავლეთ საქართველოში და განსაკუთრებით კი კახეთში თითქმის ყველა ოჯახში გვხვდება, თუმცა, სამწუხაროდ, უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ქვევრის ამჟამინდელმა მეპატრონეებმა, როგორც წესი, ამის შესახებ არაფერი იციან... არადა ამგვარი ქვევრები უკვე რელიქვიას წარმოადგენენ და მათი განსაკუთრებული მოვლა და დაცვაა საჭირო. თავისთავად ცხადია, ყველასათვის ნათელი იქნება: დამღიანი ქვევრი ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ მასში ხარისხიანი ღვინო დადგება. სასურველი იქნება, რომ ქართველ მექვევრეებს, ქვევრის შეძენისას თუ შეკვეთისას, თითოეული ჩვენგანი შეახსენებს და სთხოვს, რომ მათ თავადაც აღადგინონ ეს მივიწყებული ტრადიცია, რაც მათს საქმიანობას ერთიორად მოუმატებს პრესტიჟს. ეს კი თავის მხრივ უთუოდ დადებითად იმოქმედებს შინამრეწველობის ისეთი მნიშვენლოვან დარგზე, როგორიც მექვევრეობაა.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული