Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. მარიამ იოსებიძე. ღვინის მწარმოებელი, Living Roots-ის ტურების კოორდინატორი

ორშაბათი, 14 დეკემბერი

და აი გათენდა მეორე დილა მარტო ცხოვრების... ყოველდღიურმა  მაღვიძარამ დარეკა ყოველდღიურ დროს- 8-ის ნახევარზე და დღესაც, როგორც ყოველდღე, ძლივს გავახილე თვალები. პირველი გაჩერება - იოგას გაკვეთილი, შემდეგ ისევ სახლი და შემდეგ -  სამსახური. ვითომ რიგითი დღე არც ისე ჩვეულებრივია.

ჩემი ნახევარი ოჯახი ნელ-ნელა გადასახლდა ამერიკაში და დღეს მივხვდი, რომ სახლში მარტო დავრჩი და მარტოს მომიწევს სახლური სიმყუდროვის შექმნა. თუმცა დღეს ეს ნაკლებად მნიშვნელოვანია. პირველი თემა, რომელზე ფიქრითაც ბოლო ორი დღეა ვიძინებ და ვიღვიძებ ჯონ უერდემანის ოჯახის დანაკარგია. მართალია მატერიალური, მაგრამ ძალიან ღრმა, მრავალწლიანი მოგონებების და ფასეულობების დანაკარგი. 

იმ დღეს, როცა ეს ამბავი გავიგეთ, სამსახურში ვიყავით. ბევრი არ გვიფიქრია, ჩავსხედით მანქანაში და სიღნაღისკენ წავედით. უსუსური ადამიანები და კიდევ უფრო უსუსური, უძლური და უწყლო სახანძროები სახლის ორივე მხარეს იდგნენ და უზარმაზარ ხანძარს ვერაფერს შველოდნენ. ყველანი მადლიერები ვიყავით, რომ მსხვერპლი არ იყო, მაგრამ ამ სახლი-მუზეუმის ჩაფერფვლას ცრემლის გარეშე ვერავინ უყურებდა. 

პირველი, რაც ამ სახლთან დაკავშირებით მახსენდება მისი ორასწლოვანი კახურ-თაღებიანი სარდაფია. ეს იყო ნამდვილი ღვინის საგანძური, ერთ-ერთი გამორჩეული, რაც ოდესმე მინახავს. კიბიდან იწყებოდა რქაწითელის, საფერავის, ჩინურის, მწვანეს, შავკაპიტოს თუ თავკვერის ღვინის სხვადასხვა მოსავლის ბოთლების კოშკები. მეორე და მესამე მიწისქვეშა ოთახში კი უცხოელი, ნატურალისტი მეღვინეების შედევრების საცავი იყო. ნამდვილი სამოთხე ღვინის მოყვარულთათვის...

სანამ ცეცხლი სახლის უკანა მხარესაც მოეკიდებოდა, ხოხბის ცრემლებში მომუშავე ბიჭებს მოუფიქრებიათ და სარდაფის ჩასასვლელი კარგად გაუჟღენთიათ სახანძრო მანქანის წყლით. ბოთლების ზედა ფენები ზემოდან ჩამოსული ალით და სიმხურვალით ადუღებულა, ქვედა რიგები და უკანა ოთახების ბოთლების დიდი ნაწილი კი - გადარჩა. 

როცა ღვინო ადამიანისთვის მხოლოდ თრობის საშუალება არ არის, აფასებ, გიყვარს და გაცნობიერებული გაქვს ყველა ის გონივრული ნაბიჯი ვენახსა და მარანში, რამაც იგი სრულყოფილებამდე მიიყვანა, მაშინ დგახარ ჩაფერფლილ სახლთან და ცრემლიანი სახით ალმოდებულ, უკვე გაციებულ ბოთლს ხსნი, იმედით რომ ღვინო გადარჩა. ეს გია იყო, ხოხბის ცრემლების რესტორნის შეფი...

გელამ (ფათალიშვილი, ხოხბის ცრემლების მეღვინე) და არჩილმა (ნაცვლიშვილი, კეროვანი) ღამე მანქანაში გაატარეს, ღვინოს ყარაულობდნენ.

ეს გრძელი ღამე იყო ერთად დგომა, ნუგეში და ცარიელი ემოცია, რომელსაც მეორე დღე მოჰყვა - ემოცია + მოქმედება. 

დილიდან დარაზმული სიღნაღელები, თბილისელები, ამერიკელები თუ ინგლისელები ორგანიზებულად ვეზიდებოდით ყუთებს, ბოთლებს. საბედნიეროდ მძიმე კვამლის, ჭვარტლის და წყლის მიუხედავად, ბევრი ბოთლი გადარჩა და ახალ ადგილებში დაბინავდა. 

მძიმე შრომას ვახშამი მოჰყვა, და ვის გაუკვირდება, ვის არა, მაგრამ ვახშამს სევდიანი და ლამაზი სიმღერაც ამშვენებდა. “არ დაიდარდო” გაგვახსენდა...

რა მიზეზიც არ უნდა დაადგინოს ექსპერტიზამ, მორალი ერთია - წლების განმავლობაში ნაშენები, შეიძლება წამებში გაქრეს. მატერიის კანონია. დღეს არის, ხვალ - აღარ, ან - პირიქით. ზოგს ასეთი შემთხვევა ხელს ჩააქნევინებს, ზოგს გააძლიერებს, მაგრამ ადამიანის სიკეთე უკვალოდ არ ქრება, არც ჯონია გამონაკლისი. ეს ამბავი, რომ გახმაურდა ტელეფონები არ გაჩერებულა, რეკავდნენ მეგობრები და უცნობებიც, რომლებიც დახმარების სურვილს გამოთქვამდნენ. ვინ ლურსმნით აპირებდა მოსვლას, ვინ - ფიცრით. იმედია ეს ზარები ერთჯერადი გამოძახილი არ ყოფილა და ყველა ერთობლივი ძალებით შევეჭიდებით დარჩენილი კედლების აღდგენას და ახალი სახლის შენებას.  

ჩემი დღიური ორშაბათიდან წინა დღეების სიმძაფრემ გადამახვევინა. 

წერას შევყევი, არადა მეჩქარება. დღეს ჩემი ნათლული 3 წლის გახდა. დაბადების დღეზე, ბავშვებზე მეტად, ციყვების და ზღარბების დაპატიჟება უნდოდა, ხოდა მეც ვუპოვე “ლეგო”-ს ასაწყობი ფერმა შინაური და გარეული ცხოველებით, მათ შორის ციყვებით. ვიცი მოეწონება. დროებით! წერას ხვალ გავაგრძელებ...

 

სამშაბათი, 15 დეკემბერი

ისევ დილა, ისევ იოგა და გაციებული ინდოელი ინსტრუქტორი - ნიდჰინი, მაინც რომ ამაოდ ცდილობს თავზე დაყენება მასწავლოს.

დღე საქმიანად იწყება. მე და თამარა (Living Roots-ის ბედკრული შვილები) აქტიურად ვწერთ ღვინის ტურებს და ჩვენთან მუშაობით დაინტერესებულ უცხოურ კომპანიებს ახალ შეთავაზებებს ვუგზავნით. სამუშაო სეზონის კულმინაცია იმდენ ხანს გაგრძელდა, აღარც კი გვჯერა, რომ მშვიდად შეგვიძლია ვისხდეთ, ვწეროთ და ვიკითხოთ. 

ღვინის ტურიზმი ის უაღრესად საინტერესო სფეროა, საიდანაც მოვხვდი ღვინოში. ღვინო ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ბევრი არაფერი ვიცოდი მის შესახებ, სანამ კომპანია Living Roots-ში დავიწყებდი მუშაობას. ცოდნით ახლაც არ ვიცი ბევრი, ღვინო თეორია არ არის, ღვინო არის ბუნებრივი სითხე, რომელშიც გრძნობ სიცოცხლეს, ვენახს, ბუნებას, მეღვინეს, ხასიათს, ყველაფერს, რასთანაც შეხება ჰქონდა ყურძენს, სანამ დადუღდებოდა, დაღვინდებოდა.

ცოცხალი ღვინო ადამიანს აბედნიერებს და დადებით გრძნობებს უმძაფრებს. სწორედ ამ ბედნიერების ძიებაში მივადექი ტაბიძის ქუჩას. ახლადგახსნილ ღვინო ანდერგრაუნდში, რომ დავიწყე სიარული, საათობით და დღეობით ვიჯექი ხან ოთოს, ხან რამაზის გვერდით და გაუთავებლად ვუსვამდი შეკითხვებს. მინდოდა, ცოტა მეტი გამეგო ჯიშებზე, ღვინის დაყენების სხვადასხვა მეთოდზე, მეღვინეებზე, ქვევრზე და ყველაფერზე, რაც ღვინოს ეხება. ნელ-ნელა ვეცნობოდი ქართული ღვინის მრავალფეროვნებას და ასევე ნელ-ნელა ვეცნობოდი და ვუმეგობრდებოდი ჩემთვის გმირის ტოლფას მეღვინეებს. ძალიან მალე მივხვდი, რომ მძიმედ ვიყავი მოწამლული ამ ტკბილი სამყაროთი და ტაბიძის მიწისქვეშეთის „სექტანტი" გავხდი. მეღვინე მეგობრებისგან ბევრი ვისწავლე ღვინის დაყენების, თუ ცხოვრებისეული მიდგომების შესახებ, ისიც მასწავლეს - ხანდახან როგორ არ უნდა მოიქცე :) 

დადგა ის ბედნიერი დღეც, როცა ბიძაჩემმა მარანი ააშენა კიკეთში და ერთი ქვევრი დამითმო. შარშან პირველად მომეცა საშუალება, ღვინო დამეყენებინა.

გაუთავებელი კითხვები და შემაწუხებელი ზარები მაშინ გენახათ. ვინ დათვლის, დღეში რამდენჯერ ვურეკავდი თითო მეღვინეს სხვადასხვა კითხვით. ერთ კითხვას, მინიმუმ. სამი პასუხი ჰქონდა, სამივე თავისებურად სწორი. მერე მე უნდა ამერჩია ჩემთვის ოპტიმალური პასუხი ვენახის თუ მარნის მდებარეობის, ყურძნის ჯიშის და კიდევ მრავალი დეტალის გათვალისწინებით. 

მივხვდი, ჩემი მხრიდან დაინტერესება თვითონაც მოსწონდათ და ყველაფერს საფუძვლიანად მიხსნიდნენ, მასწავლიდნენ.

მიმიღეს, როგორიც ვიყავი და ვარ, მდედრობითი სქესის, მეღვინეობაში არავითარი გამოცდილებით, გაბანჯგვლული წვერის ან დიდი ღიპის გარეშე.

ასეთმა მიდგომამ და მხარდაჭერამ, ჩემზეც და ღვინოზეც დიდი, კარგი და წარმატებული გავლენა იქონია.

ნატურალური ღვინო სუფთა სამყაროა. ერთხელ რამაზმა მითხრა: „აქ წესები და კანონები არ არის, მეღვინე ამბობს, რასაც აკეთებს და აკეთებს იმას, რასაც ამბობს.“  მარტივია და გამჭვირვალე. გზას თუ აცდები, შეიძლება დღესვე ვერ, მაგრამ ხვალ ან ზეგ ღვინოში გამოჩნდება. Zero Compromise - ყველაფერი ან არაფერი...

საღამოს ბებო და ბაბუსთან გავიარე. ამაზე მეტად არსად მისვლა არ მიხარია. სხვანაირად მივლიან, ყველაფერი აინტერესებთ და ყველაზე მეტად უხარიათ ჩემი უმცირესი წარმატებაც. აქ საჭმელიც ყველაზე გემრიელია, ჩაიც და დაილოგიც. 

დღის ბოლო გაჩერება სახლია...

 

ოთხშაბათი, 16 დეკემბერი

ვუახლოვდებით 22 დეკემბერს და გათენებული არ არის, რომ ღამდება უკვე. განსაკუთრებულად მემოკლა დღევანდელი დღე. ვარჯიშის შემდეგ მალე მივედი სამსახურში. ჯონმა და იამ ოფისში მოსვლა ვერ მოახერხეს, ასე რომ, დღის ძირითადი ნაწილი მარტო მე და თამარა ვიყავით. მერე შოთამ შემოიარა და ბევრ საინტერესო საკითხზე ვისაუბრეთ.

როცა მე და შოთა გაცხარებულები ვსაუბრობთ, ძირითადი თემა აუცილებლად მარანი, ვენახი ან დაცარიელებული სოფლების პრობლემებია. მიზანი ერთი გვაქვს, ჩვენ ჩვენი წარმოების გამართვის და გზაზე დაყენების გარდა, გვინდა სხვებსაც შევუწყოთ ხელი... იდეა ბევრი გვაქვს, დრო ცოტა, მაგრამ ლოდინი არ შეიძლება. არ შეიძლება დიდხანს ვუყუროთ ჩამკვდარ რეგიონებს, რომლებიც, წესით, ქვეყნის მთავარი მაცოცხლებელი ძალა უნდა იყოს. ყველა ჩვენ-ჩვენი შესაძლებლობლით თუ ვეცდებით ამ საქმეში რაიმე წვლილის შეტანას, შედეგიც გამოჩნდება ადრე თუ გვიან. არ არის აუცილებელი ყველას გმირი დაერქვას, ან რაც გაგვაჩნია ამ საქმეს შევწიროთ. შეგვიძლია თითოეულმა, თუნდაც, ერთ ფერმერ ოჯახს ვასწავლოთ, როგორ გაყიდოს თავისი ძვირფასი პროდუქტი, ან რაჭველ მეღვინეს ავუხსნათ, როგორ შეუძლია ის საოცარი ღვინო ბოთლში ჩამოასხას, ეტიკეტი მიაკრას და შესაბამის ბაზარზე გაყიდოს. მარტივია-მეთქი, არ ვამბობ, მაგრამ შესაძლებელი და გამართლებული რომ არის, ფაქტია. 

ამ თემაზე საწერად დღიურების ფორმატი არ მეყოფა...

დღეს ის იშვიათი შემთხვევა იყო, სამსახურიდან რომ 6 საათზე გამოვედი. ოფისის სახლური გარემო დიდხანს გვიტოვებს ხოლმე სამუშაოდ და ისეთ დროს გამოვდივართ, მანქანების რიცხვი რომ უკვე შეცოტავებულია. მაგრად მივქარე ადრე გამოსვლით, ერთი საათი დამჭირდა, სახლამდე სანამ მივედი. 

გადავწყვიტე საღამო მშვიდად გამეტარებინა სახლში. სოკოს წვნიანი და ორცხობილები მოვიმზადე. გემრიელი გამოვიდა და ენგუს ნატმელაძის ნაჩუქარი რაჭული ღვინოც ძალიან მოუხდა. 

დედას დატოვებულ ყვავილებს წყალი დავუსხი. მერე ჩემებს ველაპარაკე სკაიპით და დავწექი, დღიურს ვწერ.

 

ხუთშაბათი, 17 დეკემბერი

დილა ისევ მეორდება... ვარჯიშით გამოვფხიზლდი, მაგრამ ცხელმა წყალმა მაინც მომთენთა... 

სამსახურში არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, ზედმეტად ჩვეულებრივი დღე იყო. 

საღამოს ჩემს ბიძაშვილთან მივედი. ერთი-ორი ახლო, მაგრამ დიდი ხნის უნახავი მეგობარიც ვნახე, ვილაპარაკეთ, ვიცინეთ, ვასაძის მარნის რქაწითელიც მოვწრუპეთ, შუბლზე ქაღალდებიც მივიწებეთ და გამოვიცანით კიდეც, ვინ გვეწერა (ადვილად ვიცნობ ხოლმე ყოველთვის, მაგრამ ამჯერად გიული ალასანია დამაწერეს რატომღაც და სანამ, მინიშნებად ყოფილ პრეზიდენტს დედა არ აგინეს, იქამდე ვერ მივხვდი ვინ ვიყავი).

ძილი რომ მომერია, სახლში წამოვედი.

ახალი წელი ახლოვდება და ამ დღეებში სულ მესმის, როგორ ელოდებიან უცხოეთიდან ჩამომსვლელ ახლობლებს, ვინ - შვილს, ვინ - დას, ვინ - მეგობარს. მეც ველოდები ზუკას ჩამოსვლას და დღეებს ვითვლი. საშინელებაა ლოდინი...

 

პარასკევი, 18 დეკემბერი

დღეს იოგას ორმაგი დატვირთვა გამოვუწერე საკუთარ თავს - დილას და საღამოს. სათხილამურო სეზონი ახლოვდება და ვცდილობ, თოვლს ფორმაში დავხვდე, განსაკუთრებით მუხლებს ვტვირთავ. 2 წლის წინ აღმოვაჩინე, რომ მუხლი უკუღმა მაქვს მოწყობილი და თუ დატვირთვას ვაპირებ, სულ ვარჯიში სჭირდება. რა დამავიწყებს რენტგენოლოგის სახეს, ეს რა ვნახეო, როგორ დადიხარ, მუხლები უკუღმა გაქვსო, რომ ამბობდა და ჩემი მუხლების სურათს აქეთ-იქით ატრიალებდა. თუ თოვლში ვარ, თავის დაზოგვა არ შემიძლია, საბაგიროს ჩართვიდან გამორთვამდე ავადმყოფურად ვსრიალებ. ასე რომ, ვარჯიშის გარეშე ჩემი მუხლები შორს ვერ წავლენ. მითუმეტეს, რომ ახალი წლის შეხვედრას თოვლიან სვანეთის მთებში ვაპირებ. თხილამურები ჩემი სისუსტეა.

ია დაბრუნდა ოფისში! ია, ისევე, როგორც ჯონი, ჩემი უფროსია სამსახურში და უფროსი მეგობარი ყველგან, სამსახურშიც და მის გარეთაც. რამდენიმე დღის უნახავზე, დრო ლაპარაკს დავუთმეთ. იასთან საუბარი ყოველთვის საინტერესოა. მის გვერდით ხან ცნობიერად ხან ქვეცნობიერად, ყოველთვის რაღაცას სწავლობ.

საღამოს, ვარჯიშიდან რომ გამოვედი, ბევრი გამოტოვებული ზარი დამხვდა. მეგობრები აქტიურობდნენ. ერთი კი დავაპირე გასვლა, მაგრამ მივხვდი, რომ ა) ძალიან დაღლილი ვარ; ბ) ხვალ დილას ადრე კიკეთში ავდივარ ჭაჭის გამოსახდელად და ძილი მჭირდება. ასე, რომ ძილი ნებისა და მომიტევეთ უაზრო დღე, ვის არ ჰქონია :)

 

შაბათი, 19 დეკემბერი

ჭაჭის დღე! ადრე ავდექი, სამუშაოდ გამოვეწყვე და ნიკოს გარეთ დავხვდი. ნიკო ჩემი ახალი მეგობარია. ცოტა ხნის წინ პროექტზე მოგვიწია ერთად მუშაობა და იქვე გასკდა ამბავი, რომ ინტერნეტში ქექვით, გამოსახდელი ქვაბი თავად აუწყვია და საკუთარ ვისკისაც აძველებს. შეთანხმება ერთი თვის წინ დაიდო, რომ ჭაჭას ნიკოს ქვაბში გამოვხდიდი. შარშან მთელი ჩემი ჭაჭა ბიძაჩემს მივეცი. მე გამოხდა არ ვიცი და ვერც დრო დავუთმე. წელს გადავწყვიტე საკუთარი ჭაჭისთვის თავად მომევლო და მესწავლა ყველა ნაბიჯი.  გეგმებიც დავსახე - თითო ლიტრი, როგორ უნდა დავაძველო. 

მხიარული დღე გვინდოდა და სხვა საერთო მეგობრებსაც შევთავაზეთ, მაგრამ სამწუხაროდ ვერავინ მოახერხა წამოსვლა და კიდევ რომ არ გადაგვედო, მარტო მე და ნიკო წავედით. ბიძაჩემი თავისი ოჯახით კიკეთში გველოდებოდა.

ავედით თუ არა, ქვაბი ავაწყვეთ და მარნის გვერდით დავდგით. ჭაჭა ჩავყარეთ და პირველი წვეთების ჩამოსვლის სავარაუდო 90 წუთის გასვლას ველოდებოდით. 90 გაასოთხმოცდა და წვეთები კიდევ არ ჩანდა. 3 საათზე მეტი იყო გასული პირველი სითხე რომ წამოვიდა... და, ჰოი, საოცრებავ! წამოსული ჭაჭის ფერი ჩემს თავკვერზე გაცილებით ინტენსიური წითელი იყო. ჩავთვალეთ, რომ ქვაბში საკმარისზე მეტი ჭაჭა ჩავყარეთ და ეს პირველი წითელი ღვინის მსგავსი სითხე, უხერხულია, მაგრამ - გადმოფურთხებას რომ  ეძახიან, ის იყო. საწვეთურს სხვა ჭურჭელი შევუდგით, სპირტი კი წამოვიდა, მაგრამ ფერი თითქმის ბოლომდე ვარდისფერი იყო. ჩვენი დასკვნა ასეთია: იმის გამო, რომ ქვაბში ზედმეტი ჭაჭა ჩავყარეთ და სადუღარი ადგილი პატარა იყო, ადუღებისას ჭაჭის ზედა ნაწილი ქვაბის ყელში ავიდა და შემდეგ მთელი აორთქლებული ალკოჰოლი მისი გავლით ხვდებოდა წვრილ მილში და ბოლოს - ჭურჭელში. 

ამინდმა ძალიან გაგვიმართლა, მზიანი დღე იყო, მაგრამ მზე ოდნავ რომ გადავიდა, მაშინვე საშინლად აცივდა. 

ალკოჰოლის პროცენტმა კლება დაიწყო და პატარა ჭურჭელი შევუდგით, რომ მცირე რაოდენობები გაგვესინჯა. სახლში გვქონდა 20 წუთიანი შესვენებები, რომელიც მოიცავდა ერთ ჭიქა ჩაის და 4 პარტია ნარდს ნიკოს განადგურებით. არ დამითვლია, მაგრამ ბევრი ვირბინეთ წინ და უკან. 

ბოლომდე ვარდისფერი სითხე მოდიოდა. ეხლაც მეცინება, ეგეთი რამე არც გამეგო. თავკვერი როზე ჭაჭა. თავიდან ვამბობდი ეს როგორ დაგვემართა-მეთქი, მაგრამ მერე ფერი ისე მომეწონა, მეორედ გამოხდას ვუარობდი, სიწითლეს დაკარგავს-მეთქი, ესეთი ჭაჭა არავის არ ექნება-მეთქი. რა თქმა უნდა, ხუმრობით. ამ დღეებში ჩემი წითელი ჭაჭა მეორედ გამოიხდება და გაუფერულდება. 

დღის მთავარი თემა ჭაჭა იყო, მაგრამ ისე როგორ წამოვიდოდი, ღვინისთვის რომ არ დამეხედა. ჯერჯერობით, ყველაფერი კარგად მიდის. მშვიდად არის ბავშვი თავისთვის ქვევრში. ალკოჰოლის სიდაბლე ცოტას მანერვიულებს, მაგრამ მთავარია ყველა პროცესი კარგად წავიდეს და არ მეპრობლემება დაბალალკოჰოლიანი მსუბუქი თავკვერი. გავუმკლავდები მის სინაზეს და შესაბამის პირობებში შევინახავ, მაგრამ მეეჭვება გაზაფხულ-ზაფხულს გადაურჩეს, მით უმეტეს, რომ დაბალი მოსავლის გამო, წელს კიდევ უფრო ცოტა რაოდენობის ბოთლები მექნება. 

11 საათი ხდებოდა, ქვაბის დაშლას და ალაგება-გარეცხვას, რომ მოვრჩით.

კარგი დღე იყო, მზიანი, წითელი და შედეგიანი :)

 

კვირა, 20 დეკემბერი

გამოძინება კიდევ ერთი კვირით გადავდე. დღის გეგმა სახლის კაპიტალური დალაგება იყო. ბებოც მოვიდა, მომეხმარა და მისია შესრულებულად ჩავთვალე. დაგეგმილი ცხოვრება არ მიყვარს, მაგრამ ხანდახან გეგმის გარეშე არაფერი გამოდის. 

საერთოდ, მივხვდი, რომ ამ ბოლო დროს ძალიან გავიზარდე და გაზრდასთან ერთად დროის დეფიციტი მაწუხებს. იდეები, აზრები, მიზნები ტვინში მეხლართებიან და ხშირად დაბნეულს, კიდევ უფრო მაბნევენ. მიჭირს ერთ წერტილზე ფოკუსირება და ერთი მიმართულებით სიარული. მრავალფეროვნება უფრო საინტერესოა, მაგრამ თან უფრო რთულიც. მთავარია, მოსაწყენი არ იყოს და სირთულეების დაძლევას თავისი ხიბლი აქვს. ასეთ შემთხვევაში, ორი ყველაზე ძნელი და მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა - იყო თანმიმდევრული და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანო. ამას თუ დაძლევ, მერე უკვე ადვილია ერთი თემიდან მეორეზე გადახვიდე და განვითარება ამაში იპოვო. 

მარტივი პარალელი ღვინოსთან - ვისაც ფიქრი და ჩაღრმავება ეზარება, ზედმეტად არომატული ერთჯერადად ეფექტური, სწორხაზოვანი, ერთ ყლუპში მოსაბეზრებელი ღვინო ურჩევნია,  ღრმა და გამოსაცნობ თოფურიძის ჩხავერს.

© მარიამ იოსებიძე, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული