Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული მარნის ხუროთმოძღვრება

ლონგინოზ სუმბაძე
ძეგლის მეგობარი - 1968, N16


    მარანი, როგორც ცალკე ნაგებობა ან სათავსი ძველთაგანვე გავრცელებული იყო უმთავრესად საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში. დასავლეთ საქართველოს რბილი ჰავა საშუალებას იძლეოდა ღვინო - ეზოში ჩაყრილ ქვევრებში ყოფილიყო შენახული.
    ვარჩევთ მარნების სამ ძირითად ტიპს: 1. მარანს, როგორც ცალკე ნაგებობას, რომელიც კარმიდამოს ერთ-ერთ ობიექტს წარმოადგენს, 2. მარანს, რომელიც სახლის გვერდზეა მიშენებული და მასთან ერთ მთლიან მოცულობას წარმოადგენს და 3. 2-3 სართულიანი სახლის ქვედა სართულში მოთავსებულ მარნებს. ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ცალკე მდგომი მარნებია, რომელთა მოცულობით-სივრცითი დამუშავებაც საქართველოში საცხოვრებელ სახლზე ნაკლებ ყურადღებას როდი იმსახურებს.
    ქართული მარანი - სამეურნეო დანიშნულების ნაგებობაა. მასში იწურება ყურძენი, სწარმოებს ღვინის დაყენება და შენახვა. ყურძნის დაწურვა ხის ნავში ან ქვიტკირის საწნახელში ხდება. ღვინის დაყენება და შენახვა კი - მიწურ იატაკში მთლიანად ჩაყრილ ქვევრებში ან მომცრო ქოცოებში.
    ქართული მარანი, როგორც ხუროთმოძღვრული ობიექტი ქართლ-კახეთშია ჩასახული და განვითარებული. აღმოსავლეთ საქართველოს დანარჩენ რაიონებში კლიმატური ან ისტორიული პირობების გამო მევენახეობა-მეღვინეობა არ ჰპოვებდა გავრცელებას. როგორც ცნობილია ვახუშტი ბაგრატიონი თავის გეოგრაფიაში მთისა და ბარის საზღვარს სწორედ ვაზის კულტურის გავრცელების მიხედვით სახავს. საქართველოს მთიან რაიონებში ვაზი არ ხარობს, მესხეთის მიწა-წყალზე კი თურქეთის თითქმის სამასი წლის ბატონობის გამო ვენახები გავერანდა და მარნების მშენებლობის ტრადიციაც გაქრა. აქაურ გამოქვაბულებში შემორჩენილი საწნახლები (მაგ. ს. ჭაჭკარში) მიგვითითებენ იმაზე, რომ ყურძნის გამოწურვა აქ, ისევე, როგორც ანტიკურ სამყაროში (ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის კოლონიების ჩათვლით) ბერკეტიანი წნეხის საშუალების სწარმოებდა.
    ამ წერილში ჩვენ გვინდა მკითხველს გავაცნოთ ქართლ-კახეთის მარნების რამოდენიმე ნიმუში, გავარკვიოთ შეძლებისდაგვარად მათი განვითარების გზები და გამოვავლინოთ მხატვრული თავისებურებანი, რომლებიც უფლებას გვაძლევს ეს ობიექტები ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საუკეთესო ძეგლების გვერდით დავაყენოთ.
    მარანი ძველ-ქართული საცხოვრებელი სახლის კომპლექსში, უძველესი დროიდანვე გვხვდება. ქვევრის გამოყენება სამარხად ჯერ კიდევ პირველი ათასწლეულის პირველ ნახევარში ძველი წელთაღრიცხვით  მიგვითითებს მეღვინეობის ფართე გავრცელებაზე იმ შორეულ დროში. განათხარი საცხოვრებელი ნაგებობანი არ გვაძლევენ შესაძლებლობას სრული წარმოდგენა ვიქონიოთ მარნის ხუროთმოძღვრულ ფორმებზე. ამის საშუალებას იძლევა მხოლოდ დღევანდლამდე შემორჩენილი მიწისზედა ნაგებობანი. ჩვენ აქ მხედველობაში გვაქვს ხალხური ხუროთმოძღვრების ობიექტები და არ ვგულისხმობთ სამონასტრო ან სასახლის კომპლექსებში არსებულ მარნებს, რომლებიც ზოგგან საკმაო სისრულით არის შემორჩენილი გაცილებით ადრეული პერიოდებიდან.
    გვიანი საშუალო საუკუნეების მანძილზე ქართლ-კახეთში ფართედ გავრცელებულ ტიპში საცხოვრებელი სახლისა - ციხე-სახლებში ("ციხეებში") დიდ ინტერესს იწვევს მარნის დაგეგმარება. ცნობილია ციხე-სახლის რამდენიმე მაგალითი, რომელთა პირველი სართულიც მთლიანად მარანსა აქვს დათმობილი. პირველად ისინი პ. ზაქარაიამ და ლ. რჩეულიშვილმა შეისწავლა. ერთ-ერთი ასეთი ციხე-სახლი სოფ. ზემო-ხოდაშენში, რომელიც აგებულია 1784 წელს - სამშენებლო წარწერაში მოიხსენება, როგორც მარანი ციხით ("ეკლესია მცირე მომატებულ ვყავ, მარანი ციხით გავაკეთე").
    მეტად საინტერესო გადაწყვეტას იძლევა "ჯანდიერაანთ ციხე" ს. ახმეტაში და მაყაშვილების ციხე ს. რუისპირში. ორივე მათგანში პირველი სართულის მთელი ფართობი გაყოფილია ორ არათანაბარ ნაწილად ორ(სამ)თაღიანი კედლის საშუალებით. მომცროში ჩაშენებულია ქვიტკირის საწნახელი, ხოლო დიდი სათავსო კი დათმობილი აქვს საკუთრივ მარანს.
    მსგავსი მარნებიდან აქ ნაჩვენებია სოფ. ხაშმის ერთი მნიშვნელოვან ობიექტი - ლუკა ინაშვილის მარანი. იგი წარმოადგენს ორსართულიან შენობას ორფერდა სახურავით.  ქვითკირის კედლები ნაწყობია რიყის (ნაწილობრივ ყორე) ქვისა და აგურისგან. გეგმაში იგი წაგრძელებული ფორმისაა ზომით 8,27×3,97 მ. შესასვლელი მოწყობილი აქვს ვიწრო მხრიდან; მის საწინააღმდეგო (უკანა) კედელზე კი მიშენებულია ქვიტკირის საწნახელი, რომელიც შუაზეა გაყოფილი, ერთდროულად შავი და თეთრი ღვინის დასაწურად. საწნახლის წინ მოწყობილია 1,23 მ. სიგანის ბაქანი, რომელიც 0,51 მ-თაა შემაღლებული მიწური იატაკიდან და განკუთვნილია ყურძნით სავსე გოდრების დასადგმელად. ამ ბაქნის სისქეში ჩაკირულია თიხის მილები, რომლის საშუალებითაც ტკბილი, საწნახელიდან გარეთ გამოდის და ხის ღარის მეშვეობით ქვევრში ისხმება. ტკბილის ნაკადი ერთი ან ორი ასეთი ღარით, მათი სათანადოდ გადაადგილებისა და დაგრძელება-შემოკლების საშუალებით შეიძლება მიყვანილ იქნეს ნებისმიერ ქვევრამდე. ღარის დაქანება უზრუნველყოფილია საწნახლის ბსკერისა და ტკბილის გამოსადენი მილის ტუჩის შემაღლების წყალობით. სიპი ქვისგან გამოთლილი სარქველის ახდამდე ქვევრის პირის გარშემო მიწის შემოცლის გასაადვილებლად, მის ირგვლივ რადიალურად ნაწყობი, აგურისგან შემოშენებულია ზღუდე, რომელიც იატაკიდან 10-15 სმ-თაა შემაღლებული.
შენობის ვიწრო მილი (4 მ.) საშუალებას იძლევა გადახურვა მოეწყოს უბოძებოდ. ასეცაა გადახურული ეს მარანი. მაგრამ ერთ კოჭს, რომელიც საწნახლის წინა კედლის გასწვრივაა გადებული, შუაში ბოძი აქვს შეყენებული, რომელიც გადაწყვეტილია დარბაზის დედაბოძის ტრადიციულ ფორმებში: ბრტყელია კვეთში, ზემოთკენ განიერდება და ზედ ადგა "დანიკბული" (პროფილირებული) სამ მეტრამდე სიგრძის ბალიში. იგი კოჭთან (თავხესთან) ერთად ზევითაა შეზნექილი, როგორც ეს ქართლ-კახეთის დარბაზებში კეთდება.
ეს გადაწყვეტა, რომ ძველი საცხოვრებლის ხუროთმოძღვრული ტრადიციებიდან არ გამომდინარეობს, აშკარად სჩანს იქიდან რომ: 1. დედაბოძი აქ არ ასრულებს თავის ძირითად (კონსტრუქციულ) ფუნქციას გარდა მხატვრულისა: დანარჩენი თავხეები იმავე მალზე ხომ უსაყრდენოდაა დაწყობილი! და 2. შეზნექილობა თავხისა, რომელიც გადახურვაში საჭირო იყო ბანისათვის ქანობის მისაცემად აქ არამც თუ უსარგებლოა, პირიქით აძნელებს მეორე სართულის იატაკის ჰორიზონტულად მოწყობას.
მარნის გრძივ კედლებში დაყოლებულია განჯინები და ერთი სარკმელი: წინა კედელში კი, კარის გარდა გვაქვს ბუხარი, რომლის საკვამურიც მაღლა კედელში სარკმლად გამოდის. ზოგი მეცნიერის აზრით "სარკუმელის" ეტიმოლოგია სწორედ სიტყვა კვალმთან, საკვამურთან არის დაკავშირებული. თუმცა ს. ს. ორბელიანი სარკმელს განმარტავს, როგორც "სახლის სასინათლოს ანუ გადასაჭურეტს", მაგრამ ვფიქრობთ, ეს არ უნდა ეხებოდეს ამ ცნების თავდაპირველ მნიშვნელობას.
მარნის მაღლა მოთავსებულია სხვენი (ოთახი), რომლის სიმაღლეც გრძივ კედლებთან 1,2 მ-ს უდრის, შუაში კი (საყვავემდე) სამ მეტრს აღწევს.
მარანს, მეორე სართულში ამოსასვლელად ჭერში ამოჭრილი აქვს ერდო, მისადგმელი კიბისათვის. ამას გარდა II სართულს, გარედან ამოსასვლელად დაყოლებული აქვს გვერდის კედელში კარი. კავშირი აქაც მისადგმელი კიბით ხორციელდებოდა. მეორე სართულსაც უკანა კედელში აქვს პატარა ბუხარი, ორი პატარა თაროთი აქეთ-იქით.
ლეკიანობისას მეორე სართულს იყენებდნენ საცხოვრებლად, მშვიდობიან დროში კი წლის მოსავლის (უმთავრესად ხილ-ბოსტნეულის) შესანახად.
ეს მარანი აშენებულია როგორც ციხე და გამიზნულია აქტიური თავდაცვისათვის. მეორე სართულში მას სამი სათოფური აქვს: ორი - ორმაგი - უკანა კედელში, ერთი - წინაში. შემოსასვლელი კარის დასაცავად I სართულის წინა კედელში დაყოლებული აქვს კიდევ ერთი სათოფური და გამოთლილია მუხის ხისაგან, აქვს ორმაგი საკეტი. მთავარი ურდულის კეტი მთელი სიგრძით კედელში შედის: საბას მიხედვით დაკეტვა ხომ კეტის დადებას ნიშნავს.
არაჩვეულებრივია ამ მარნის მთავარი ფასადის გადაწყვეტა. ოდნავ შეისრული თაღით გადახურული კარის ზედა ნახევარი ოდნავ ჩაწეულია ფასადის სიბრტყიდან. ეს სწორკუთხა ფორმის ჩაჭედილი სიბრტყე მთავრდება სამკუთხედად გამოწეული აგურების დეკორაციული ზოლით. კარის ღერძზე, მის მაღლა ამავე ტექნიკით "ჩაჭდეულია" მაღალი ჯვარი, სამსაფეხუროვან კვარცხლბეკზე. ჯვრის ორივე მხარეს, ქვემო ნახევარში საფეხუროვანი რომბებია "ჩაჭრილი". ამ კომპოზიციის (ვერტიკალური) ღერძი მთავრდება ზემოთ ვიწრო სათოფურის ხაზით. ფასადის მარჯვენა ნახევარში ჩაწერილი ეს კომპოზიცია მარცხენა ზედა ნაწილში კედლისა ერთგვარად გაწონასწორებულია სარკმელ-სათოფურების ორი წყვილით. ფასადის ეს გადაწყვეტა აგურში გამოყვანილი დეკორაციული ელემენტებით დამახასიათებელია მეთვრამეტე საუკუნის მონუმენტური ხუროთმოძღვრების ძეგლებისათვის. აგურის წყობაში ამოყვანილი ამისთანა ჯვრები მრავლად გვხვდება ამ დროის მცირე ეკლესიებში. ასევე დამახასიათებელია ამ პერიოდისათვის კარების ღიობის ამგვარი გაფორმება.
ამ მარნის გადაწყვეტა მეტად წააგავს თუშმალიშვილების კოშკის ფასადს მარტყოფში, რომელსაც პ. ზაქარაია მე-18 საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებს.
ტაბულებზე წარმოდგენილია სოფ. ხაშმის კიდევ სამი მარანი. პირველი მათგანი, რომლის გადახურვამაც ჩვენამდე ვერ მოაღწია, იმავე ეპოქას (მე-18 საუკ. უფრო მეორე ნახევარს) უნდა ეკუთვნოდეს.
ამ მარანს თავდაპირველად ბანიანი გადახურვა ჰქონია და თავდაცვისათვის არ ყოფილა მორგებული. გეგმის პროპორციებით (5,85×10,95 მ) იგი ემსგავსება პირველს მხოლოდ მასზე ოდნავ დიდია. ისევეა გადაწყვეტილი  შინაგანი სივრცეც. წინა კედელში აქვს კარები და ბუხარი, უკან კი - ზუსტად იმგვარადვე მოწყობილი საწნახე, რომლის წინაც, საგოდრე ბაქანზე დედაბოძი მდგარა. ამ მარანს მარცხენა კედელში დაყოლებული აქვს ოთხი მოზრდილი და ერთი მცირე თაღოვანი სარკმელი, რომლებიც მეტად ლამაზადაა ნაწყობი. შერჩენილი განივი კოჭები სუფთადაა გათლილი და ხასიათდება საგრძნობი შეზნექილობით, რაც უზრუნველყოფდა მიწური ბანის ზურგიანობას - გვერდებისკენ დაქანებას. ფასადის სამკაულს აქაც აგურით ამოყვანილი თაღოვანი კარი წარმოადგენს ისევე ჩამჯდარი ოთხკუთხოვან ჩარჩოში და ზემოთ სამკუთხად გამოწეული აგურების ორი რიგით გაფორმებული. მუხისგან გამოთლილ ორფრთიან-ქუსლიან კარებსა და ერთ ფრთას თევზისფხურად დაჭრელებული თამასა აკრავს.
თავდაპირველად მარანი ბანიანი ყოფილა, შემდეგ კი ორფერდა სახურავი დაუშენებიათ. ამაზე მიგვითითებს უკანა კედელზე დაშენებული შუბლი. კედელში დატანებული განჯინები გვიჩვენებენ, რომ სხვენი გამოყენებული ყოფილა წლის მოსავლის შესანახად. მისადგმელი კიბით ასასვლელად პატრონის სიტყვით აქაც გამოყენებული ყოფილა როგორც შიგა ერდო, ისე გარეთა კარი. მარანში ამჟამად ქვევრები აღარაა შერჩენილი. ერთ გატეხილ ქვევრის პირზე ამოტვიფრულია მექვევრის წარწერა: იოანე თედიაშვილი ქვსუვთ". ბოლო ნაწილის გაშიფრვა ჩვენ ვერ შევძელით.
მარნების ერთ-ერთ შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს აგრეთვე მასხარაშვილის მარანი, რომელიც ახლა კოლმეურნეობას ეკუთვნის. გარედან საგრძნობი გადაკეთების მიუხედავად (თავზე სდგმია მეორე, ვგონებ საცხოვრებელი სართული წინ გამოწეული აივნით), იგი შესანიშნავადაა შენახული.
მას იგივე ტრადიციული გეგმა აქვს სიმეტრიის გრძივი ღერძით, პროპორციებით უფრო ერთნახევარ კვადრატს უახლოვდება (6,25×8,70). საწნახელი ჩვეულებრივადაა გადაწყვეტილი, მხოლოდ დედაბოძი შესანიშნავად პროფილირებული ბალიშით საწნახელზე კი არაა მიდგმული, არამედ აღმართულია საგოდრე ბაქნის კიდეზე. მისი ასეთი მდგომარეობა სავსებით გამართლებულია კონსტრუქციული მოსაზრებებით, რადგან მის თავხეს აქ ორივე მხრიდან გადახურის სუფთად გათლილი კოჭები ეყრდნობა. ბუხარი აქაც შესასვლელის გვერდითაა; გრძივ კედლებში სიმეტრიულად დაყოლებულია სამ-სამი განჯინა ოთხკუთხედი ფორმისა. ამ მარანში შესანიშნავადაა მოპირკეთებული ქვევრის პირებიც (აგურის რადიალური წყობით შემოსალტული), სიმეტრიულია გეგმაში ქვევრების განლაგებაც.
ხატიაშვილის მარანიც თავდაპირველად ბანიანი უნდა ყოფილიყო, მისი გეგმისა და შინაგანი სივრცის ორგანიზაცია ტიპიურია, მაგრამ კომპოზიციურ გადაწყვეტაში ერთი თავისებურება აქვს: შესავალი კარი გრძივი ღერძიდან გადატანილია გვერდის კედელში და ამგვარად აღქმა შინაგანი სივრცისა წინააღმდეგობაშია მის ტრადიციულ კომპოზიციურ აღნაგობასთან. გვერდის (გრძელ) კედელშივეა მოთავსებული ბუხარი, გაფართოებულია ორგანყოფილებიანი საწნახელის გეგმაც. სამაგიეროდ შესანიშნავადაა გადაწყვეტილი დედაბოძი ლამაზად დანიკბული თავხით, შემკული ჩუქურთმის ტრადიციული მოტივებით.
გადახურვის კონსტრუქციის თავდაპირველი სტრუქტურა დარბაზულის მსგავსია, თუმცა ერდო-გვირგვინის არსებობა აქაც არაა უდავო: ბუხრის გვერდით მას გასანათებელი სარკმელი აქვს დაყოლებული. ყურადღებას იპყრობს თავხეების დიდი შეზნექილობა მიწური ბანისთვის "ზურგის" მისაცემად, რაც აადვილებდა წყლის გადაყვანას.
ამ მარანში საინტერესოა ის გარემოებაც, რომ დედა-ბოძის უკანა სივრცის გადახურვას ქანობი უკანა მხრისკენ აქვს მიქცეული, როგორც ეს ქართლ-კახეთის დარბაზებში კეთდება. გადახურვის ასეთი გადაწყვეტისათვის დედაბოძის არსებობა არა მხოლოდ მხატვრულად, არამედ კონსტრუქციულ-ტექნიკურადაც გამართლებულია. დროთა განმავლობაში მარნისათვის დაუშენებიათ სხვენის სართული ორფერდა სახურავით, რომლის საყვავეც კახეთისათვის ესოდენ დამახასიათებელ მარწუხებზეა დაყრდნობილი.
მარანზე ორივე მხრიდან ახლა მიშენებულია შენობები. მისი ფასადის შესახებ წარმოდგენას გვაძლევს აგურით ამოყვანილი, ტრადიციულად გაფორმებული შესასვლელი და კედლის ტიპიური "კახური წყობა".
მეტად საინტერესო გადაწყვეტას იძლევა ე. გოგიჩაიშვილის მარანი მარტყოფში, რომელიც დარბაზის გვერდით, მასთან ერთად იყო აშენებული. წინა ნიმუშისაგან განსხვავებით, იგი, ისევე როგორც დარბაზი, ორბოძიანია სამმალიანი სიღრმისა. უკანა ბოძის თავხესა და ბალიშზე ამოკვეთილია წრეში ჩასმული ჯვარი.
სამმალიანი გადახურვა და ჩუქურთმის შემკობა არა წინა ბოძის ბალიშისა (რომელიც უკეთაა განათებული აკრიდან და მის გვერდით დაყოლებული ვიწრო სარკმლიდან), არამედ უკანა ბოძის თავხე-ბალიშისა, თითქოს უნდა მიგვითითებდეს ამ მარანში ერდო-გვირგვინის არსებობაზე. მაგრამ გადაჭრით ამის თქმა ვერ ხერხდება. უფრო სავარაუდოა, რომ აქ საქმე გვაქვს ტრადიციულ მხატვრულ ფორმათა გადმონაშთთან, ესთეტიკური კონცეფციის თავისებურ კონსერვატულობასთან, რაც იშვიათად როდი ვლინდება ძველიდან ახლისკენ გარდამავალ პერიოდში.
ს. ხაშმში გავრცელებული ყოფილა უფრო გვიანი პერიოდის მარნებიც, რომლებიც თავიდანვე ორფერდა კრამიტის სახურავით იყო აგებული. სხვენი ამ ნიმუშებში გამოყენებულია, როგორც მნიშვნელოვანი დამხმარე სართული, წლის სარჩოს შესანახად. მათი შინაგანი გამაგრება ისეთივეა, როგორც ბანიანი მარნებისა, მხოლოდ ფართე ფანჯრები ფასადზე მეტყველებენ უფრო მშვიდი ცხოვრების პირობების შესახებ. ამ მარნის ფასადის გადაწყვეტაში "თბილისური ამპირის" ელემენტებსაც კი ვამჩნევთ.
ქვემოთ მოგვყავს რამოდენიმე ნიმუში ქართლური მარნებისა, რომელთა არქიტექტურულ-სივრცითი აღნაგობაც არ განირჩევა გარე-კახეთის ობიექტებისაგან.
ხუციშვილის მარანი ახალქალაქში, რომელსაც ბანიანი გადახურვა დღემდე ჰქონდა შემორჩენილი, თავისი გეგმარებით არაფრით გამოირჩევა კახური მარნებისაგან. ორგანყოფილებიან საწნახელს აქაც წინიდან საგოდრე ბაქანი აქვს დატანებული, თუმცა საგრძნობლად დაბალი. ამის გამო ტკბილის გამოსადენი მილისპირი დატანებულია საწნახელის წინაკედელში და არა საგოდრე ბაქნის შემაღლებაში, როგორც ეს ზემოაღწერილ მარნებში გვქონდა.
დედაბოძის გადაწყვეტაც საგრძნობლად უხვევს ტრადიციულ ფორმებს და მილი ბალიში კი თვით თავხეშია გამოთლილი. ესეც ტრადიციული ფორმის საინტერესო გადმონაშთია, თავდაპირველი გონივრული კონსტრუქციის თავისებური რემინისცენცია. მეტად საინტერესოა კარის მოწყობილობა, რომლის ქუსლებიც კარის ფიცარში კი არაა გამოყვანილი, არამედ რკინისაა. რკინისვეა კარგა მოზრდილი გასაღებები კარის საკეტი მოწყობილობისა. წინათ თუ კარი უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ შიგნიდან იკეტებოდა, შემდგომ პერიოდში აუცილებელი შეიქმნა მისი გარედან დაკეტვაც.
მარანი ს. ყარაღაჯში, რომელიც ცნობილი გახდა თავისი უნიკალური, თორმეტწახნაგოვანი გვირგვინით გადახურული დარბაზის წყალობით - გეგმის გადაწყვეტით ემსგავსება მარტყოფის მარანს, ე.ი. ესეც ორბოძიანია დარბაზივით (გადახურვის სამი მალით) და შესასვლელი გრძივ ღერძზე აქვს. ყურადღებას იპყრობს ლამაზად პროფილირებული დედაბოძ-ბალიშის სისტემა, რომლის დამუშავებაშიც გამოყენებულია ზემონახსენები დარბაზის დედაბოძის ჩუქურთმის მოტივები და დარბაზულადვე გადაწყვეტილი უკანა კედელი (თაროს კედელი) შიგ ჩატანებული თაღჩებითა და ქილებით. მარანს არ გააჩნია არც ერთი სარკმელი. ეს გარემოება და ჩუქურთმით შემკული (უკანა) დედაბოძი საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ მარანი თავდაპირველად ერდო-გვირგვინით იყო გადახურული.
გ. წონდელის მარანი მუხრანში საგრძნობლად უხვევს ტრადიციულ გადაწყვეტას და იძლევა განსხვავებულ შინაგან სივრცეს. მოგვიანებით მასზე სახლია მიშენებული, რის შედეგადაც თავდაპირველი კარი ამოშენებულია და მის მაგიერ გვერდის კედელში კარად განჯინაა გადაკეთებული. ამ მარნის კომპოზიციის ღერძი განივადაა მიმართული. ქვიტკირის მთლიანი საწნახელი გრძელი კედლის გასწვრივაა აგებული და უკავია მისი შუა ნაწილი: მის აქეთ-იქით, სიმეტრიულად, ჩაშენებულია გუმბათისებურად გადახურული კამარები მარცვლეულის შესანახად. ეს სათავსები მარანთან დაკავშირებულია დაბალი და ვიწრო ღიობებით, რომლებშიც კაცს მხოლოდ შეძრომა შეუძლია. საწნახლის წინა კედელზე, შუაში დგას დედაბოძი. მის ბალიშზე დაყრდნობილია დიდი შეზნექილობის მქონე თავხე, რომელზედაც ორივე მხრიდან განივი კოჭებია დაყრდნობილი. მათ ზემოდან "ჭერებია" (წვრილი ძელაკები) მიჯრით დაწყობილი, რომლის ზემოთაც გამართულია მიწურ-ბანიანი სახურავი.
მარანი ნათდებოდა ოთხი სარკმლით, რომელთაგანაც ორი - სიმეტრიულადაა გაჭრილი მთავარი ღერძის მიმართ საწნახელის უკანა კედელში. საინტერესოა ქვევრიდან ამოღებული წყლის გადასაღვრელად კედელში დატანებული თაღჩა, რომლის ფსკერშიც გარეთ გამოყვანილი თიხის მილია ჩადუღაბებული. პატრონის სიტყვით ეს მარანი აშენებულია ორასი წლის წინ. იმის დამტკიცება თუ რამდენად სწორია ეს ცნობა, ისევე ძნელია, როგორც მისი უარყოფა.
კანდელაკის მარანი ერთაწმინდაში, რომელიც გადაუხურავადაა ჩვენამდე მოღწეული, არ წარმოადგენს კარმიდამოს ობიექტს. იგი მდებარეობს სოფლის ბოლოს, ვენახში. შენობა ქვითკირისაა ფლეთილი ქვითა და აგურით აგებული. მისი ფორმა თითქმის კვადრატულია (6,25×5,20მ). შესასვლელი კარის მოწინააღმდეგე კედელზე მიშენებულია ორგანყოფილებიანი საწნახელი წინ ვიწრო საგოდრე ბაქნით. კედლებში დაყოლებულია ორიარუსიანი, ლამაზად გაფორმებული თაღოვანი განჯინები ტრადიციული სამკუთხად ნაშვერი აგურის სარტყლით სწორკუთხოვან ჩარჩოს ზემოთ, ქოთნები (და ზოგან მილები) წვრილმანების შესანახად და ვიწრო სარკმელ-სათოფურები. კარის კედლის შუაში დატანებულია ნახევარწრიული გეგმის ბუხარი. უნდა ვიფიქროთ რომ აქაც, გადახურვისათვის გამოყენებული იყო დედაბოძი, რომელიც საწნახლის წინ უნდა მდგარიყო. გადახურვის კოჭები წინა და უკანა კედლებზე და თავხეზე უნდა ყოფილიყო დაყრდნობილი. პატრონის სიტყვით კარების ბალავარზე გამოხატული იყო გველეშაპი. თავისი ხუროთმოძღვრული გადაწყვეტით ეს მარანი ერთ-ერთი საუკეთესო ობიექტია მსგავსი დანიშნულების ნაგებობათა შორის.
განხილული ნიმუშები ქართული მარნებისა უპირველეს ყოვლისა მიგვითითებენ იმაზედ, რომ მიუხედავად მათი სამეურნეო დანიშნულებისა, მათი ხუროთმოძღვრულ-მხატვრული გადაწყვეტა თითქმის იმავე დონეს აღწევს, რა დონეზედაც მუშავდებოდა სახლ-სამყოფის ხუროთმოძღვრება.
მარნის ძველ ტიპებში, ისევე, როგორც საცხოვრებელ სახლებში, ოსტატის მთავარ საზრუნავ საგანს შინაგანი სივრცის ხუროთმოძღვრულ-მხატვრული ორგანიზაცია წარმოადგენდა.  ისტორიული ვითარებისა და შინაგანი სივრცის თავისებური აღნაგობის გამო შენობის გარეგანი ფორმა იმსახურებდა მშენებლის შედარებით ნაკლებ ყურადღებას.
მარნების მშენებლობას საქართველოში, როგორც ყურძნის კულტურის ერთ-ერთ უძველეს კერაში, სულ ცოტა 2500 წლის ისტორია უნდა ჰქონდეს.
ჩვენამდე მოღწეულმა ობიექტებმა ხალხური ხუროთმოძღვრებისა, რომელთა ხნოვანებაც ორას წელს არ უნდა სცილდებოდეს, შემოინახეს აქრიტექტურულ მხატვრული გადაწყვეტის უძველესი ტრადიციები.
მარნის უძველესი ტიპი - მას შემდეგ, რაც მან დამოუკიდებელი სათავსოს სახე მიიღო, წაგრძელებული ფორმის მიწურ-ბანიანი ნაგებობა უნდა იყოს, ორი ან უფრო ხშირად ერთი დედაბოძით გრძივ ღერძზე და ქვიტკირის საწნახლით უკანა კედლის მთელი სიგრძის გასწვრივ. უფრო მცირე ზომის ძველ ობიექტებში ქვიტკირის საწნახელს ალბათ ხის ნავი სცვლიდა. მარანი ხშირად დარბაზის გვერდზე იყო მიშენებული (როგორც მარტყოფში, უჯარმაში და სხვ.) და მისი ხუროთმოძღვრება იმავე მხატვრული კონცეპციით იყო გადაწყვეტილი, როგორც ძირითადი სახლ-სამყოფი. ამ ტიპის მარნებს სამმალიანი, ან უფრო ხშირად ორმალიანი სიღრმე აქვთ. დედაბოძი და მისი ბალიში გამოთლილია, დანიკბული და ზოგჯერ მოჩუქურთმებულიც იმავე მხატვრული ხერხებით, როგორც დაბრაზის დედაბოძი. საწნახლის მოწყობა უკანა კედლის გასწვრივ, ამ უკანა კედლის გადაწყვეტა (განსაკუთრებით ყარაღაჯის მარანში) შესრულებულია ქართლ-კახური დაბრაზის ერთ-ერთი ყველაზე დამახასიათებელი და მნიშვნელოვანი არტიქტურული ფრაგმენტის - თარო-კედლის პრინციპზე.
ერდო შემორჩა ჩვენამდე მოღწეულ მხოლოდ ერთ ობიექტს - უჯარმის მარანს დოღონაძისეული დარბაზის გვერდით. როგორც ირკვევა ერდო-გვირგვინი მარანში იშვიათად იყო გამოყენებული. მიზეზი ამისი - მარნის თავისებურებაში მდგომარეობს. ერდო-გვირგვინის ორივე ძირითადი ფუნქცია: შუაცეცხლის კვამლის მოცილება და მზის შუქით სახლის განათება, რომელთაც წარმოშვეს შემაღლებული ერდოს საჭიროება და მისი მრავალსაუკუნოვანი არსებობა - მარნისათვის აზრსა ჰკარგავს. აქ არაა საჭირო არც შუა ცეცხლი. იგი იკავებს ადგილს, ათბობს და ანაგვიანებს მიწურ იატაკს, რომელშიც ქვევრებია ჩაყრილი, ბოლი კი ვნებს მარანში შესანახად ჩამოკიდებულ ყურძნის ჯაგნებსა და ჩხებს, ხილის ასხმულებსა და ბოსტნეულის გალებს. არაა მიზანშეწონილი არც ზემოდან განათების მოწყობა, რაც ჰქმნის წყლის ჩამოსვლის საშიშროებას. კედელში დაყოლებული ბუხარი და ვიწრო სარკმელ-სათოფურები ძველთაგანვე გაცილებით უკეთ უპასუხებდა მარნის ფუნქციას.
მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ მარანში ცეცხლის დანთება არ წარმოადგენს აუცილებლობას და დღის სინათლეც მას ბევრი არ სჭირდება. ჯერ კიდევ რომაელი არქიტექტორი და თეორეტიკოსი ვიტრუვიუსი (I ს. ძვ. წ) წერდა: მარანს ჩრდილოეთიდან უნდა ჰქონდეს სარკმლები, რომ მზის სხივებმა არ დაუკარგონო ღვინოს სიმაგრე.
ქართლისა და გარე-კახეთის მიწურ-ბანიანი მარნების პარალელურად, მე-17 მე-18 საუკუნეების კოშკურ სახლებში პირველი სართული ხშირდ მარან-საწნახელს ეთმობოდა, რომელთა შესანიშნავი ნიმუშებიც შიდა კახეთში, დღემდეა შემორჩენილი.
შემდგომი ტიპი მარნისა ორფერდა სახურავით - ალბათ მე-19 საუკუნიდან პოულობს ფართო გავრცელებას. ამ სახის ობიექტებში შინაგანი სივრცის გადაწყვეტა ტრადიციული რჩება.
ორქანობიანი გადახურვა, იმის გარდა რომ ტექნიკურად უფრო სრულყოფილია მიწურ-ბანიანთან შედარებით - იძლევა დამატებით სათავსს-სხვენს, წლის სარჩოს შესანახად. კაპიტალურ ბანიან მარნებსაც იგივე ბედი ეწვიათ ახალ დროში, რაც დარბაზებს: უმეტესობას დააშენეს მეორე სართული, ან დაადგეს ორფერდა სახურავი.
მარნის ამ მომდევნო ტიპის შინაგანი სივრცის გადაწყვეტაში ტრადიციული ხერხების გამოყენება ხშირად წინააღმდეგობაშია ტექნიკურ მიზანშეწონილებასთან, რაც მშენებელ-შემკვეთავის მხატვრული კონცეპციის ღრმა ფესვებზე მიგვითითებს. მსგავსი "გადანაშთები", რომელთაც დაკარგეს თავდაპირველი ტექნიკური დანიშნულება და მხოლოდ დეკორაციულ ელემენტებად იქცნენ, დამახასიათებელია ისეთი ეპოქისათვისაც კი, როგორც ანტიკური ხუროთმოძღვრების კლასიკური პერიოდი იყო (გაიხსენეთ დორიული ტაძრის ტრიგლიფოვანი ფრიზი და სხვ.).
ერთნახევარ-ორსართულიანი სახლის ტიპის მასიურ გავრცელებასთან ერთად, რაც ქართლ-კახეთის სოფლებში წარსული საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო - მარანი, როგორც კარმიდამოს დამოუკიდებელი ობიექტი თითქმის ქრება. იგი იკავებს ორსართულიანი სახლის ქვედა, ზოგჯერ ნახევრად სარდაფის სართულს. ასეთი მარანია მოწყობილი სოფელ წილკანში პირველად აგებულ ორსართულიან კრამიტით დახრულ სახლში, ყვარელში - მარჯანიშვილის სახლში და ბევრგან სხვაგან. ასე აშენებს სახლს კახელი მევენახე დღესაც.
კავკასიაში ძველთაგანვე მეღვინეობა მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში იყო გავრცელებული. ღვინის დასაყენებლად ნაგებობანი ამ ორ მეზობელ ქვეყანაში მსგავსებასთან ერთად საგრძნობ განსხავავებასაც ამჟღავნებენ. მიზეზი ამისა - ყურძნის დაწურვის თავისებურებასა და კლიმატური პირობების განსხვავებაში უნდა ვეძიოთ. სომხეთში ყურძენი თუმცა ფეხით იწურებოდა, როგორც საქართველოში, მაგრამ საწნახელში კი არა, არამედ სპეციალურად მოპირკეთებულ იატაკზე ("არაკასტზე"), რომლის ერთ ბოლოშიც ტკბილის მოსაგროვებელი, დერგის მაგვარი ჭურჭელი იყო მიწაში ჩადგმული. მისი გავსების შემდეგ ტკბილს ხელჩაფებით - ამოიღებდნენ და გადაასხამდნენ ქვევრებში, რომლებიც ხშირად მეორე სათავსში იყო. ამ თავისებურებამ განაპირობა შესაძლებლობა, ქვევრები მთლად კი არ ჩაეფლათ მიწაში - არამედ სანახევროდ.
ქვევრების ასეთი განლაგების შესაძლებლობა (თუ საჭიროება) შეპირობებული იყო კლიმატური თავისებურებითაც. ასეთნაირად იყო ქვევრები სანახევროდ მიწაში ჩასმული კარმირ-ბლურის ურარტუსდროინდელ სარდაფებშიც.
ამგვარად, ქართული მარნის შინაგანი სივრცის ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტას (ქვიტკირის საწნახელით უკანა კედლის გასწვრივ და დედაბოძით) კავკასიაში არ მოეპოვება პარალელი.
საკითხავია, რატომ გახადა ქართველმა გლეხმა ეს სასაწყობო საწარმო დანიშნულების სათავსო ხუროთმოძღვრულ-მხატვრულ გადაწყვეტის საგნად? საქმე იმაშია, რომ მარანი საქართველოში მარტო ღვინის დასამუშავებელ და შესანახ სათავსს როდი წარმოადგენს: იგი ამის გარდა მამაკაცთა (მხოლოდ მამაკაცთა!) მცირე წრისათვის სახელდახელოდ დროს გასატარებელი ადგილიცაა. აქ უხდიან ქვევრს ყველაზე ახლობელ, სანუკვარ სტუმარს, თუ არ გააჩნიათ ნადიმის დრო (ან სანამ ნამდვილი ლხინი დაიწყებოდეს) და უმასპინძლდებიან ცივი საუზმით, მწნილით, ხმელი ხილით, იქვე დამტვრეული კაკლით. ალბად ამ გარემოებამ გამოიწვია ქართული მარნის კედელში ბუხრის დატანებაც. სომხურ მარნებში ბუხარი არსად არ ჩანს.
ქართლ-კახური მარნების ხუროთმოძღვრულ-მხატვრუული გადაწყვეტა ჩვენს მიწა-წყალზე ჩასახული და საუკუნეების განმავლობაში სრულყოფილებამდე მიყვანილი მნიშვნელოვანი წვლილია ქართული ხალხური ხუროთმოძღვრების საგანძურში.

პუბლიკაცია ხორციელდება “ღვინის კლუბის” საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული