Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარნების უბანი სოფელ ქორეთში

მალხაზ ხარბედია

საჩხერის თავზე, სოფელ ქორეთში, შეიძლება ითქვას, ქართული ღვინის ნამდვილი ეთნოგრაფიულ მუზეუმია, მუზეუმი ღია ცის ქვეშ. ეს გახლავთ მარნების უბანი, სადაც შარვაძეების საგვარეულო ჭურებია ჩარგული და სადაც დღესაც დიდი რაოდენობით ღვინო დგება. ამ მარნების შესახებ ადრეც ვიცოდით კლუბში,ჩვენმა მეგობარმა, რამაზ ნიკოლაძემ შარშანწინ ღვინოებიც ჩამოიტანა ქორეთიდან, იმერული ღვინოებისადმი მიძღვნილი სემინარისთვის, რომელიც კლუბში გაიმართა – ძელშავი იყო და კიდევ ერთი, თუ არ ვცდები ქვიშხური... თუმცა ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ქორეთში რამდენიმე დღის წინ ავედით. ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გამოცხადებული ტენდერის საფუძველზე, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრი“ „ღვინის კლუბთან“ თანამშრომლობით უკვე 2 თვეა საქართველოს მარნებს აღვწერთ, იმ მარნებს, რომლებიც პერსპექტივაში ტურისტის მიღებას შეძლებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში ავიარეთ ქორეთში, იქ, სადაც შარვაძეების მარნები გვეგულებოდა. ნამდვილად არ მეგონა ასეთი საინტერესო კომპლექსი თუ დაგვხვდებოდა იქ. ესაა ქვითკირით ნაგები ძალიან შთამბეჭდავი მარნების უბანი, შუკებად დაქსელილი ბორცვი, სადაც 15–მდე ძველი და შედარებით ახალი მარანია განლაგებული.

ყველა მარანი ერთი წესითაა აგებული. მარნის ცალი მხარე ღიაა, იქვე, წინ კი ქვევრებია ჩარგული და ეს მხარე სამი მხრიდან ფიცრითაა შემოღობილი. ღობე უშუალოდ მარნის ქვითკირის კედლებს ებჯინება. ნაგებობები კრამიტითაა გადახურული. თითქმის ყველა მარანშია ბუხარი, საწნახლები (ზოგან 3–4 საწნახელიცაა), მეღვინეობისთვის საჭირო ხელსაწყოები, ძველი ნივთები, რომლებიც განსაკუთრებულ ეთნოგრაფიულ დატვირთვას მისცემენ ობიექტს. ქვევრები ადგილობრივია, მაგ. სოფ. ტყემლოვანაში და სხვ. სოფლებში დამზადებული. როგორც გითხარით, თითქმის ყველა მარანი მოქმედია, ქვევრები ახლაც ღვინითაა სავსე.

მოკლედ, თვალი შევავლეთ თუ არა ამ საოცრებას, ეგრევე მოგვივიდა აზრად, რომ ეს ადგილი დაცულ ძეგლად უნდა გამოცხადდეს. განსაკუთრებით, თუკი გავითვალისწინებთ, რომ "საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ" ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წამოიწყო იუნესკოში, რომელიც ქვევრის ღვინის უძველეს ქართულ ტრადიციულ მეთოდსეხება. საქმე ისაა, რომ 31 მარტს საქართველოდან იუნესკოში გაიგზავნა დოკუმენტი (მის მომზადებაში სხვა ორგანიზაციებთან ერთად ღვინის კლუბიც აქტიურად მონაწილეობდა), სანომინაციო წინადადება, რომლითაც ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდის საერთაშორისო აღიარება უნდა დაიწყოს. იუნესკო წინადადებას 2013 წლის შემოდგომაზე განიხილავს და როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ქართული მეთოდი ოფიციალურად დამკვიდრდება მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის საგანძურში.

ამ ნომინაციის მთავარი პირობა ის გახლავთ, რომ ტრადიცია არ უნდა იყოს მხოლოდ წარსულის საკუთრება, იგი აუცილებლად ცოცხლად უნდა იყოს შემონახული და საზოგადოება აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ არქაული კულტურის გაგრძელებაში თუ დახვეწაში. დღეს საკართველოში საკმაოდ ბევრი ასეთი კერაა. საბედნიეროდ ჩვენთან თითქმის ყველა კუთხეში აყენებენ ქვევრში ღვინოს, განსაკუთრებით იმატა ქვევრში ღვინის დამწურავთა რიცხვმა ბოლო წლებში, მაგრამ სოფელ ქორეთის ეს მნიშვნელოვანი ძეგლი, რომელსაც ჯერ ძეგლის სტატუსიც არა აქვს, მაინც ყველასგან გამოირჩევა. „მარნების უბანი“ არის ერთ–ერთი ყველაზე ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ცოცხლობს ტრადიცია. ამაზე კარგ დასტურს ძნელად ნახავ ადამიანი, ეს არის ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის ერთ–ერთი ყველაზე ცოცხალი ნიმუში და ილუსტრაცია.

P.S.ქორეთის მარნების კადრები შესულია 1989 წელს გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ხე მრუდე და ხე მართალი“ (რეჟ. ი. ტრიპოლსკი, კონსულტანტი რ. რამიშვილი), ფილმი გიორგი ბარისაშვილმა მომაწოდა 2 თვის წინ და იგი მეორე დღესვე იუთებზე ავტვირთე, ასერომ, თქვენც შეგიძლიათ ნახოთ. გარდა ამისა, აკრიფეთ გუგლში „მარნების უბანი სოფელ ქორეთში“, შემოდით ჩვენს ფორუმზე და დაათვალიერეთ ფოტოები, რომელიც ამ მარნის თანამედროვე მდგომარეობას ასახავს.

© tabula



დიდებული ადგილია. პირველად 2006 წელს მოვხვდი ამ ადგილას და ძალიან მოვიხიბლე. ერთი შეხედვით ერთი და იგივე გამომეტყველების 13 მარანში თითქოს არაფერი იცვლებოდა, იქაურობას ცოტა თვალი რომ შევაჩვიე, ამ ხელის გულის ოდენა ადგილას მთელი იმერეთი ვიპოვე. ქვევრები, საწნახლების მრავალფეროვნება, თაღარი, სარცხი, კვეჟო, საგოზელა, მაწაწური, სათხლე, სასულეები, გოდორ-გიდელები, მარნის კვირისთვი, წბერის ცალკეული ნაწილები, კაცა, მერე, ჩოტილები, ძელბარები, ჭაჭის ნიჩბები, ოჭიორები და ვინ იცის კიდევ რამდენი რამ. არც შარვაძეების უძველესი ვერცხლის თასი გამომპარვია მხედველობიდან და ქვიშხურით (გორული მწვანე) ცოტა ზარხოშში რომ მოვედი მასპინძელს ვთხოვე, რომ ეჩვენებინდა. ბავშვი გააგზავნეს და არა მხოლოდ მაჩვენეს, თითო გადავკარით კიდეც.დიდებული ნიოვთია და თუ ეს ადგილი დაცულ ძეგნებში შევა ამ თასიანად უნდა შევიდეს, რადგან თასს გააჩნია წარწერა, სადაც შარვაძეთ გვარია მოხსენიებული. სავარაუდოთ მეფე ერეკლეს უნდა ებოძებინა ეს თასი შარვაძეებისათვის. თსი ვერცხლისაა და წარწერის გარდა ქუსლში დამღცა აქვს. მოკლედ თუ იქით მოცვდებით მიდით და ნახეთ. მარნებთნ სულ ახლოს უდიდებულეს და უძველეს ტაძარს ნახავთ თვისი ფრესკებით, ლაპიდარული წარწერებით და ვაზის ჩუქურთმებით.


ქორეთის ფრესკები მართლა განსაკუთრებული რამეა. არსებობს იუზა ხუსკივაძის შესანიშნავი კვლევა ქორეთის მოხატულობაზე. შესულია წიგნში: ხუსკივაძე, იუზა, "ქართულ ეკლესიათა გვიანი შუა საუკუნეების "ხალხური" მოხატულობანი", 2003.



ზუსტად ასეთი მაქვს და თან ქორეთში:)

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.