Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჰიუ ჯონსონი - ღვინის ისტორია (2)

ვსვამთ ღმერთს

ვინ ხარ შენ, დიონისე?

საბერძნეთის ისტორიაში დიონისე პირველად თვით დიდი დედის შვილის სახით გვევლინება. შესაძლოა, სწორედ დიონისეა ის პატარა ფიგურაც, უძველეს გამოსახულებებში რომ გვხვდება (კედლებზე შესრულებულ სურათებზე, რომლებიც ზოგჯერ წარმოუდგენლად ჰგავს ბავშვიანი ქალწულის ხატებას). ისინი, სულ მცირე, 9 ათასი წლისაა და ნაპოვნია კაცობრიობისთვის ცნობილი პირველი ქალაქის, ჩათალ ჰუიუკის ქვის ხანის ტაძრებში. მითიური მომღერალი ორფევსი, რომელიც ჰომეროსამდე დიდი ხნით ადრე ცხოვრობდა, დიონისეს მიიჩნევდა ზევსისა და სიკვდილის ღმერთის - პერსეფონეს შვილად. ის განწვალეს და ტიტანებმა შეჭამეს - პრიმიტიული გიგანტური რასის ადამიანებმა. ორფევსის ისტორიის მიხედვით, ქალღმერთმა ათენამ გადაარჩინა დიონისეს გული, საიდანაც იგი ხელახლა იშვა (კიდევ ერთი აღდგომა). აქ კარგად ჩანს პარალელი ოსირისის ეგვიპტურ ისტორიასთან, რომლის სხეულიც დაანაწევრეს და მთელს ეგვიპტეში მოაბნიეს. ამის შემდეგ უკვე გასაგებია, თუ რატომ ადარებდნენ ბერძნები დიონისეს ოსირისს.

თვითონ ორფევსი დიონისეს მიმდევრად ითვლება. მისი ცხოვრება სავსე იყო თავგადასავლებით: როგორც მუსიკოსი, იგი მოგზაურობდა არგონავტების გემით, რომელიც სირინოზების სასიკვდილო სიმღერისაგან გადაარჩინა და ქვესკნელში ჩავიდა ევრიდიკეს გადასარჩენად. მაგრამ დიონისესა და ოსირისის მსგავსად, ორფევსსაც სასტიკი ბედი ეწია - იგი თრაკიელმა მენადებმა დაგლიჯეს, რომლებიც, როგორც ჩანს, მისმა აღმაშფოთებელმა საქციელმა განარისხა.

დიონისეს შესახებ შექმნილ უძველეს ლეგენდებს ბოლო არ უჩანს. დიონისე ნამდვილად მიეკუთვება ყველაზე უძველესი ღმერთების რიცხვს, მაგრამ, გასაკვირი ისაა, რომ იგი არ არის ჰომეროსის მიერ შემოთავაზებული ოლიმპიელი ღმერთების რელიგიის ნაწილი - რელიგიისა, რომელიც "ოფიციალურადაა" აღიარებული და რომელსაც "ბაკქ ქალებში" განასახიერებს პენთევსი და მისი რწმენა.

შედარებით მშვიდი თორმეტი ოლიმპიელი ღვთაება დაბინავდა ოლიმპის მთაზე, როდესაც ძვ.წ. მეორე ათასწლეულის შუა პერიოდში დამპყრობელთა ჩრდილოურმა რასამ მოახდინა საბერძნეთის ოკუპირება. "ზეციურმა ღმერთებმა" ადგილი გაიმყარეს ახალი ბერძნების წყალობით, რომლებმაც თავიანთ დედაქალაქად მიკენი გამოაცხადეს. ეს იყო არა მიწათმოქმედი, არამედ მომთაბარე, ბრინჯაოს იარაღით აღჭურვილი და ძალადობას ჩვეული მონადირე ხალხი. ისინი მოვიდნენ სრულიად სხვა, ერთ ადგილას დამკვიდრებული მიწათმოქმედი, მშვიდობიანი და უშიშარი ხალხით დასახლებულ მიწებზე. უგალავნო ქალაქებში მცხოვრები ამ ხალხის ხელოვნებაში ვერ ნახავდით ბატალურ სცენებს. მათი ხელოვნებაც ლაღი და ცხოვრებისეული იყო - ულამაზესი ფრინველების, ყვავილების, მოცეკვავე გოგონების ან მფრინავი თევზების გამოსახულებებით დამშვენებული. მასში შესაძლებელია მშვიდი, გულკეთილი ადამიანების თვალით დაინახო სამყარო, რომელსაც ისინი სიყვარულით ეპყრობიან. ასეთი იყო მინოსის კრეტა.

ამ ქვეყანაში ქალებს და მამაკაცებს თანასწორი უფლებები ჰქონდათ. მათი ღმერთებიც, თავიანთი უბრალოებითა და მიწიერებით თავად ხალხს და მის ხელოვნებას ჰგავდნენ. ყველაზე მეტად ფასობდა ნაყოფიერება. დიდი დედა ითვლებოდა ცოცხალ არსებად, ხოლო მისი თანმხლები სულები, საყვარლები და შვილები დაკავშირებული იყვნენ ბუნების ფუნქციებთან და პასუხს აგებდნენ კარგი მოსავლისა და მშვიდი ცხოვრებისთვის.

იყო თუ არა სინამდვილეში მინოსის კრეტა ასეთი სახელმწიფო? შესაძლებელია - მას ხომ არმია არ ჰყავდა. ქვის ხანაში იარაღი ყველასათვის თანაბრად იყო ხელმისაწვდომი, ასე რომ, ხდებოდა ძალის გაშორიშორება. როდესაც დამპყრობლებმა ბრინჯაო შემოიტანეს, მაშინვე ცხადი გახდა, თუ ვინ იყო მთავარი, და ისინი, ვინც დაქვემდებარებული აღმოჩნდნენ, მიხვდნენ, რომ მათი მიწიერი ღმერთები არსებითად უფრო კეთილად არიან განწყობილი ხალხის მიმართ, ვიდრე დამპყრობელთა სასტიკი, ზეციური ღმერთები. ამ ღმერთებიდან დიონისე ყველაზე რეალური და ხელმისაწვდომი ღმერთი იყო. აქედან გამომდინარე, სრულიად გასაგებია, თუ რატომ აღმოჩნდა იგი ასეთი მიმზიდველი ჩაგრულთათვის, - ღვინო ხომ რწმენას, შემართებას და ერთად შეკრებისა და საკუთარი უკმაყოფილების გამოსახატად გამბედაობას მატებს, რასაც აპოლონი არასოდეს მოიწონებდა.

აპოლონი შთაგონების ოფიციალური ღვთაება იყო: იდეალურად ლამაზ ღმერთს, ადამიანთაგან მხოლოდ საუკეთესოებთან ეჭირა საქმე და წესრიგსა და უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფდა. მისი კულტი რომ დღემდე არსებობდეს, ადამიანები მას გამოსახავდნენ შესანიშნავ კოსტიუმში, ყველა ღილზე შეკრულ ძვირფას პერანგში და უზადოდ გამონასკვულ ჰალსტუხში. ის იქნებოდა ნამდვილი ბიუროკრატი, ბანკირი უოლ-სთრითიდან. ამიტომაც, რაღა გასაკვირია, რომ რომ უბრალო ხალხი უპირატესობას დიონისეს ანიჭებდა.

მცენარეულობისა და ნაყოფიერების ღმერთიდან ღვინის ღმერთად დიონისეს თანდათანობით გარდასახვას ათასობით წლები დასჭირდა. ამის შემდეგ, დიონისეს კულტს სულ უფრო და უფრო გაურკვეველი და მისტიკური რიტუალები უკავშირდება; მან დაიტია ადამიანის სულისა და სიკვდილის შემდგომი სიცოცხლის რწმენის მთელი სისტემა და გახდა ქრისტიანობის მაუწყებელი. ღვინის ღმერთმა სახელი გაითქვა ძვ.წ. 808 წელს, როდესაც ბერძნებმა იტალიის სამხრეთის კოლონიზირება მოახდინეს. სიცილიაში ბერძნების პირველი ქალაქი იყო ნაქსოსი, რომელსაც იმ კუნძულის სახელი ეწოდა, სადაც ღმერთმა არიადნე შეირთო. ნაქსოსის მონეტებს დიონისეს გამოსახულება ამშვენებდა. ღმერთის მდგომარეობა განმტკიცდა ძვ.წ. 582 წელს, როდესაც მასთან ყოველწლიურად სამი თვით დელფოს აპოლონის ტაძარმა იწყო გადასვლა. თავად დელფოსი კი მდებარეობდა კორინთოს, ერთ-ერთი ძირითადი კოლონიზატორული ქალაქის შორიახლოს. ორაკულმა კარგად უწყოდა, თუ სად იყო დასასახლებლად საუკეთესო ადგილები. ქალაქებმა დადეს ხელსაყრელი შეთანხმება ვაჭრობის, ერთობლივი კოლონიზაციის და ღვინის ღმერთის კულტის შესახებ. ღვინით ვაჭრობა ყოველთვის იყო სასურველი საქმიანობა. ამასთან, აქ მან სიწმინდის ელფერი შეიძინა.

ძვ.წ. VI საუკუნეში დიონისე ოფიციალურად შეიყვანეს ბერძნულ პანთეონში. მისი პორტრეტის, თაყვანისმცემლებისა და ატრიბუტების - მენადების, სატირების, თირსოს, ვაზისა და სუროს გამოსახვა ლარნაკებზე იმ დროისათვის ძალზე პოპულარული იყო. ამ ნახატებიდან ყველაზე ცნობილი შესრულებულია ოსტატ ექსეკიასის მიერ ძვ.წ. 550 წელს, იმ ლეგენდის მიხედვით, რომელშიც ეტრუსკელმა მეკობრეებმა იტალიისკენ მიმავალ გზაზე ღმერთი შეიპყრეს. დიონისე ოლიმპზეც კი მოხვდა, როდესაც იქ გამოთავისუფლდა ოჯახის კერიის მფარველის ნაკლებადცნობილი ქალღმერთის - ჰესტიას ადგილი. ძვ.წ. 530 წელს პისისტრატემ ათენში დიონისიების გამართვა დააკანონა და პირველი თეატრი ააშენა. ევრიპიდეს პიესა "ბაკქი ქალები" პირველად ძვ.წ. 404 წელს დაიდგა. ასი წლის შემდეგ აკროპოლისის თეატრი გადააკეთეს, რის შემდეგაც მან ქვაში შესრულებული შენობის სახე მიიღო. დიონისეს მიმდევრებმა აჯობეს ყველა სხვა ღმერთის მიმდევრებს.

ჰიმნი ღვინოს

ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, თუ რატომ გახდა ასეთი პოპულარული ღვინოზე დაფუძნებული რელიგია. ამერიკელმა ისტორიკოსმა და გეოგრაფმა დენ სტანისლავსკიმ შეადგინა ღვინისთვის დამახასიათებელი სასარგებლო თვისებების შთამბეჭდავი ნუსხა: "ტკბობა ამაღლებული მუსიკით; ერთ მთლიანობად განცდა - ჩაგრულთათვის; სიმამაცე - მხდალთათვის; დაშოშმინება - ამბოხებულ სულთათვის; მოსვენება - გატანჯულ სულთათვის; აღგზნებულობა - შეყვარებულთათვის; სულის მოთქმა - ტკივილისგან გაწამებულთათვის; გაუტკივარება – ავადმყოფთათვის; სიხარული - დათრგუნულთათვის. თავისი მისტიკური მიზიდულობის გარდა ღვინო მომგებიანი იყო მატერიალური თვალსაზრისითაც: ყურძნის მოსავალზე მუდმივი მოთხოვნილება იყო და ის საკმაოდ ძვირი ღირდა. ამასთან, ვაზი კარგად ხარობდა თითქმის ქვა-ღორღიან ფერდობებსა (ხშირად ისეთ დაქანებულზე, რომ იქ შეუძლებელი იყო რაიმე სხვა მცენარის დარგვა) და უვარგის, მონალექ ნიადაგზეც. გარდა ამისა, ვენახს ნებისმიერი კლიმატი უხდებოდა და არც ირიგაცია სჭირდებოდა. ვაზი იძლეოდა პროდუქტს, რომელმაც საერთაშორისო აღიარება მოიპოვა (და უძველეს დროშიც კი დაპყრობილი ჰქონდა მსოფლიო ბაზარი). ღვინოს არა მარტო სასიამოვნო გემო ჰქონდა, იგი სასარგებლოც იყო - განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც წყლის მარაგი არცთუ ისე დიდი იყო და დასალევადაც არ ვარგოდა. ღვინით შეიძლებოდა მოკამათის დარწმუნება ან მეგობრის შეძენა. როდესაც ადამიანები ამას მიხვდნენ, ღვინომ მუდმივი და უცვლელად მზარდი მოთხოვნილების გარანტია მოიპოვა.

აკრძალული წეს-ჩვეულებები

ბერძნული სამყაროს ბუნება და საზღვრები საფუძვლიანად შეიცვალა ძვ.წ. IV საუკუნეში. საბერძნეთის მეზობელი მაკედონიის მმართველებმა ფილიპემ და მისმა ვაჟმა - ალექსანდრემ, წერტილი დაუსვეს საბერძნეთის, როგორც ქალაქ-სახელმწიფოების თავისუფალი კონფედერაციის არსებობას, რომელთა სათავეში ათენი და სპარტა იდგნენ. ალექსანდრეს ხელში ბერძნები უძლეველ ძალად იქცნენ. მათ დაიპყრეს აღმოსავლეთის ყველა უძველესი სახელმწიფო - ანატოლია, ასურეთი, ბაბილონი, სპარსეთი, ეგვიპტე. ალექსანდრე მიუახლოვდა ინდოეთის საზღვრებს და ცენტრალურ აზიამდე მიაღწია.

მისი სიკვდილის შემდეგ ეს უზარმაზარი უმართავი იმპერია სამ ნაწილად დაიყო: მაკედონიად (საბერძნეთთან ერთად), პტოლემეების მმართველობის ქვეშ მყოფ ეგვიპტედ და ანატოლიიდან ინდოეთამდე გადაჭიმულ უზარმაზარ სამეფოდ, რომლის სახელწოდებაც მისი დამაარსებლის - სელევკოსის სახელიდან მომდინარეობს. აღმოსავლეთში ბერძნების გავლენა იგრძნობოდა, მაშინ როდესაც დასავლეთში იზრდებოდა და მყარდებოდა ახალი - რომის იმპერია. 200 წლის განმავლობაში, ძვ.წ. I ასწლეულის შუა ხანებამდე რომმა სპარსეთის გარდა მთელი ბერძნული სამყარო გადაყლაპა. სულ ბოლოს, ძვ.წ. 31 წელს კლეოპატრას ეგვიპტე დაეცა. თავიდან რომაელები უფრთხოდნენ ბაკქოსის გავლენიან კულტს (რომელიც მათთვის ლიდიური სახელით იყო ცნობილი). რომის იტალიაში არცთუ ისე დიდი ხნის წინ დასახლებულ ეტრუსკებს ჰყავდათ ბაკქოსის მსგავსი საკუთარი ღმერთი, რომელსაც ფაფლუნი ერქვა. ფაფლუნის მიმდევრებს ბახუსი ძალიან მოეწონათ, და სულ მალე ეს ორი ღმერთი ერთ ღმერთად იქცა. მაგრამ რომის საომარი განწყობა იმ პერიოდში, როდესაც ის რესპუბლიკა იყო, არც თუ ისე კარგად ეთავსებოდა ბუნების გაღმერთებას, და საერთოდ, ნებისმიერი სხვა სახის რელიგიურ გატაცებას. ბაკქოსისთვის მიძღვნილი რიტუალები - ბაკქანალიები საიდუმლოდ იმართებოდა და მათ არასოდეს ესწრებოდნენ პატივსაცემი მოქალაქეები. სახელმწიფო, მსგავსად პენთევსისა "ბაკქი ქალებიდან" არ იწონებდა ასეთ საქმიანობას.

ძვ.წ. 186 წელს ხელისუფლების მოთმინებას ბოლო მოეღო. ბაკქანალიები აიკრძალა ძირითადად კურტიზანების გამო. ეჭვს იწვევს ისტორიკოს ტიტუს ლივიუსის განმარტება. იგი უფრო იმ ბრალდებას წააგავს, რომელსაც მოგვიანებით ქრისტიანები იყენებდნენ: "იქ ყვაოდა სხვადასხვა სახის ბიწიერება; გარდა კაცების და ქალების უწესო კავშირებისა, ადგილი ჰქონდა ფიცის გატეხას და უსინდისო გარიგებების დადებას… აგრეთვე ნათესავების მოწამვლას და მკვლელობას, თანაც ისეთს, რომ ზოგჯერ სხეულიც კი არ რჩებოდა, რომ დაემარხათ". ამ აკრძალვას მოჰყვა ჯადოქრებზე ნადირობა, რომლის დროსაც მთელს იტალიაში 7 ათას ადამიანს წაუყენეს ბრალი სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთქმულებაში მონაწილეობისთვის. ბრალმდებლის სიტყვიდან ადვილი მისახვედრი იყო, რომ რომის ხელისუფლებას ეშინოდა სახალხო მოძრაობის, რომელსაც შეეძლო ძირი გამოეთხარა მისი მკაცრი და სამხედრო ფასეულობებისთვის.

მაგრამ ბაკქოსთან გამკლავება ადვილი როდი აღმოჩნდა. მისი კულტი აგრძელებდა ფარულ აყვავებას, იკვებებოდა რა ორფიკული დოქტრინებით. ძვ.წ. I საუკუნისთვის ბაკქოსი იქცა არა უბრალოდ ღვინის ღმერთად, არამედ მხსნელად, ქვესკნელის მბრძანებლად, რომელსაც მინიჭებული ჰქონდა სიკვდილის შემდგომ სიცოცხლის ჩუქების უფლება. არც თეატრთან მისი კავშირი დავიწყებიათ, და ხანდახან, ცნობილი დადგმების პერსონაჟთა ნიღბები გარდაცვლილთა საფლავებზე მიჰქონდათ.

საზოგადოების მოთხოვნით, ბაკქანალიაზე აკრძალვა იულიუს კეისარმა მოხსნა. რომისა და რომაელების ხასიათი იცვლებოდა იმპერიის აყვავებისა და ზღაპრული გამდიდრების მიხედვით. წარსულში ბაკქოსი უბრალო ადამიანების საყვარელი ღმერთი იყო, ახლა კი მას მიმდევრები გამოუჩნდა მდიდარ და ძალაუფლების მქონე მოქალაქეთა შორის. ასეთ პერსონაჟთაგან ერთ-ერთი ყველაზე ერთგული მარკუს ანტონიუსი იყო, რომელსაც, ალექსანდრიაში კლეოპატრას გვერდით მონებივრეს, თავი ახალ დიონისედ მიაჩნდა. მისი მოწინააღმდეგე ოქტავიუსი კი თავს, რაღა თქმა უნდა, აპოლონის როლში წარმოიდგენდა.

ქრისტეს წინამორბედი

რომში წარმოშობილ ქრისტიანობაზე ბაკქოსისა და მისი კულტის გავლენა ეჭვს არ იწვევს. ორფიკამ განჭვრიტა სულიერი ხსნის კონცეფცია, რომელშიც მხსნელად ბაკქოსი/დიონისე გვევლინებოდა. მკვდრეთით აღდგომა უძველესი ღმერთებისთვის ჩვეულებრივი საქმე იყო. არც ღმერთის ცხედრის ჭამა იყო უცხო ორფიკოსებისთვის. ხოლო ბაკქოსის სისხლი, რაღა თქმა უნდა, იყო ღვინო.

ბაკქოსის მიმდევრების მსგავსად, თავდაპირველად ხელისუფლება დევნიდა ქრისტიანებს, შემდეგ ახდენდა მათ იგნორირებას, ხოლო მოგვიანებით ბოლომდე მიიღო ახალი რელიგია. ჩვ.წ. IV საუკუნეში იმპერატორმა კონსტანტინემ ქრისტიანობა რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად გამოაცხადა. ამ დროისათვის იგი უკვე ისე მჭიდროდ იყო გადახლართული ბაკქოსის კულტთან, რომ კონსტანტინეს ქალიშვილმა, სანტა კონსტანცას ტაძარში მავზოლეუმის ჭერი მოზაიკით მოაპირკეთებინა და საკუთარი თავი ტრადიციულ ბაკქურ სიმბოლოებსა და ვაზის ლერწებს შორის მოქცეულმა გამოასახვინა.

392 წელს იმპერატორმა თეოდოსიუსმა სპეციალური ბრძანებით აკრძალა ძველი წარმართული კულტები. ბაკქოსის უკვე მცირერიცხოვანმა მიმდევრებმა ქრისტიანებისგან ზუსტად ისევე გადმოიღეს სიმბოლოები, როგორც ადრეულმა ქრისტიანებმა მათგან ისესხეს სიმბოლიკა. ბახუსი შეიმოსა შარავანდედით და უკვე დედის კალთაში მჯდომი ბავშვის სახით ჩნდებოდა.

იმავდროულად, ქრისტიანმა თეოლოგებმა ხელახლა გადაშალეს ევრიპიდეს ტრაგედიები და გვერდი ვერ აუარეს პირდაპირ პარალელებს "ბაკქ ქალებსა" და თავიანთ დოგმებს შორის. დიონისე იყო ღმერთისა და მიწიერი ქალის შვილი. იგი სასწაულებს სჩადიოდა და იდევნებოდა. თეოლოგებმა დაასკვნეს, რომ ევრიპიდეზე გადმოვიდა ღვთიური მადლი, და მისი მიზანი ქრისტიანობისთვის ნიადაგის მომზადება იყო. კონსტანტინოპოლის ეპისკოპოსმა გრიგოლ ნაზიანზელმა თავის სამი ნაწილისაგან შემდგარ ტრაგედიაში "ქრისტეს ვნება" (Christus patiens), საკმაოდ ვცელი ნაწყვეტები გამოიყენა "ბაკქი ქალებიდან".

უარუყვიათ თუ არა ოდესმე ღვინის ღმერთი? ქრისტიანობის მხრიდან დევნის გამო მისი თაყვანისცემა თანდათან ქრებოდა. კონსტანტინოპოლში 692 წელს გამოცემული ედიქტი მკაცრად კრძალავდა ქალების საჯარო ცეკვას ("ყოველგვარი ბოროტებისა და დაცემის სათავეს"), გუნდურ სიმღერებსა და საიდუმლოებებს ("ყველა უძველესი ტრადიცია უცხოა ქრისტიანისთვის"). აკრძალული იყო საპირისპირო სქესის ადამიანთა ტანსაცმლის ჩაცმა ან თეატრალური დადგმების კომიკური და ტრაგიკული გმირებისთვის მიბაძვა. ასეთი ბრძანებაც იყო: ვაზთან მუშაობის დროს "არავინ არ უნდა ახსენოს სამარცხვინო ბახუსის სახელი, ისევე, როგორც კასრებში ღვინის ჩასხმისას თავისი ცრუ და უგუნური ქცევით არავინ არ უნდა მოჰგვაროს სხვას სიცილი". სასჯელის სახით გათვალისწინებული იყო ეკლესიიდან მოკვეთა. თუმცა, ბაკქოსის კულტს მაინც რჩებოდა თავისი მიმდევრები.

ისინი დღემდე არსებობენ. ველასკესმა ბაკქოსი კასტილიის გლეხებს შორის ისე დახატა, როგორც ცოცხალი ადამიანი. ბევრ რამეზე მეტყველებს ის ქანდაკებაც, რომელიც თანამედროვე საქართველოს მცხოვრებლებმა თავიანთ დედაქალაქ თბილისში დადგეს. ეს დიონისეა - ბერძნული ღმერთი ადვილად იცნობა თანამედროვე ბრინჯაოში (ამ სასახლეში ქორწინების რეგისტრაცია მიმდინარეობდა).

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა, მაგრამ მისმა ხელისუფლებამ მაინც აირჩია ღვინის ღმერთი სიხარულის სადღესასწაულო სიმბოლოდ.

ზოგჯერ დიონისეს კულტის რიტუალები თავს იჩენს ქრისტიანულ ცერემონიებშიც. ყოველ წელიწადს, წმინდა პეტრეს ხსენების დღეს, ხაროში (რიოხას მხარეშია), მზის ჩასვლისას, გორაკის ფერდობზე მდებარე სამლოცველოსთან მესის აღსავლენად იკრიბება ბაკქური სიგიჟით შეპყრობილი ათასობით ადამიანი. ღვთისმსახურების დასასრულს ისმის ხმამაღალი გმინვა. ხალხი პირს უხსნის ახლად დაყენებული წითელი ღვინით სავსე ტიკებს და ერთმანეთს წუწავს. შემდეგ კი, ზეთისხილის ხეების ქვეშ ღვინით გაჟღენთილ მიწაზე, ყველა ერთად, ცეკვა-ცეკვით იწყებს ტალახის მოზელას.

აქ არც უფროსი ჰყავთ და არც იძულებაა. მაგრამ აქ არის დიონისე, რომლის ხმა - თებეს დამანგრეველი, ზღვარგადასული სიშმაგის შორეული ექო - შორეთიდან სწვდება სმენას.

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული