Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ციხედიდის „კოშკმარანი“

გიორგი ბარისაშვილი
 
საქართველოს კუთხეებში გავრცელებული მარნები დიდი მრავალფეროვნებით ხასიათდება. მარანს ქართველი კაცი ყოველთვის და ყველგან აშენებდა, მათ შორის ისეთ ადგილებში, სადაც ვაზის არ ხარობდა. საქართველოს მაღალმთიან სოფლებში არაერთი მარანია შემორჩენილი. მაგალითად: თიანეთში, შქმერში, დავათში და სხვ. მარნებს ჩვენი წინაპრები ციხეკოშკებშიც აწყობდნენ. თავდაცვით კოშკებში გამართული მარნების არაერთი ბრწყინვალე ნიმუშია შემონახული საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში. ასეთებია, მაგალითად: „ადამაანთ ციხე“ სოფელ რუისპირში; ჩაბალაშვილების “კოშკმარანი” სოფელ საბუეში; ჯანდიერების “კოშკმარანი” ახმეტაში; ზემოხოდაშნის “კოშკმარანი”; ციხედიდის კომპლექსის “კოშკმარანი” და სხვ. 
ამჯერად თქვენს ყურადღებას შევაჩერებთ სოფელ ძეგვთან, „ციხედიდის კოპლექსის“ კოშკზე, რომელშიც მარანია მოწყობილი. ძირითად ცნობებს აღნიშნული “კოშკმარნის” შესახებ ვხვდებით წიგნში - „საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. წიგნი 5. თბილისი 1990 “ (გვ. 336), სადაც ვკითხულობთ: „კოშკი გეგმით ოთხკუთხაა (4,9 Х 7,3 მ. ), ოთხსართულიანი, აკლია ბანი. ნაგებია ყორე ქვით. ჩრდილოეთის ფასადის მხედრული წარწერის მიხედვით, იგი 1680 წელს აუგია დეკანოზ ათანასე დეკანოზისძეს. შესასვლელი პირველ სართულზეა, აღმოსავლეთით. ამავე სართულის დასავლეთის კედელზე, მთელს სიგრძეზე, საწნახელია მიშენებული, ხოლო იატაკში ქვევრებია ჩადგმული. ამ სართულზე მხოლოდ სამი სათოფურია, მეორე სართულის ყველა კედელში სარკმელი და სათოფურებია დატანებული. მესამე სართულის დასავლეთ კედელში შეისრულთაღიანი ბუხარია. აქაც ყველა კედელშია სათოფური. მეოთხე სართულის აღმოსავლეთ კედელში გაჭრილია სარკმელი, დასავლეთისაში კი შვერილ აიავანზე გასასვლელი მოზრდილი კარი. კარის მარჯვნივ საპირფარეშოა, კედლებში რამდენიმე ნიში და მრავალი სათოფურია, აღმოსავლეთის ფასადზე ფირუზისფრად მოჭიქული ორი თასია“.
ციხედიდის კომპლექსში მხოლოდ კოშკი არ შედის, მაგრამ ჩვენ, მარნიდან გამომდინარე თქვენს ყურადღებას მხოლოდ „კოშკმარანზე“ შევაჩერებთ. როგორც ითქვა კოშკის პირველ სართულში მარანია მოწყობილი. კოშკი მეტ-ნაკლებად, ხოლო მარანი ძლიერაა დაზიანებული. დაზიანებულია ასევე კოშკის კედელში ჩატანებული მხედრული წარწერაც. კოშკის სახურავი მთლიანად ჩამონგრეულია, რამაც თავისთავად მარანიც დააზიანა. ქვევრებზე ზემოდან ჩამოცვენილი ქვებია დაყრილი, ამის მიუხედავად ჩვენს მიერ მაინც მოხერხდა ერთ-ერთი ქვევრის ნახვა, რომელიც, თუმცა კი დაზიანებული იყო, მაგრამ მოხერხდა მისი დაახლოებითი მოცულობის დადგენა, რომელიც შეადგენს - 300-400 ლიტრს. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ციხედიდის კოშკმარანში არც საწნახელი და არც სავარაუდოდ დანარჩენი ქვევრები დიდი მოცულობისა არ არის. მარანი დაახლოებით 2 – 3 ტონა ღვინოს იტევდა. საწნახელი ქვითკირისგანაა ნაშენი. მისი სიმაღლე დაახლეობით 80 – 100 სანტიმეტრია, ხოლო სიგრძე კი 3 – 3,5 მეტრი. საწნახელს ქვედა მხარეს, დაახლოებით შუა ადგილას ყურძნის ტკბილის გადმოსასვლელად დატანებული აქვს თიხის მილი, საიდანაც დაწურული ყურძნის ტკბილი, სავარაუდოდ საწნახლის ღარის მეშვეობით ჩაედინებოდა ქვევრში.
საწნახლის შიდა ზედაპირი კირის წმინდა ნალესითაა დაფარული, რაც საქარველოში გავრცელებული ქვითკირის საწნახლებისათვის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. 
ციხედიდის კომპლექსი მეტნაკლებად მოსწორებულ, ერთგვარად დაბაქნებულ ადგილას მდებარეობს, სადაც ადგილი, არა მარტო აქ მდგარი შენობა ნაგებობებისთვისაა საკმარისი, არამედ სოფლის მეურნეობის წარმოებისთვისაც. ამ ადგილას თავისუფლად შეიძლება, როგორც ბაღ-ბოსტნის, ისე ხეხილისა და ვენახის მოშენება. ციხედიდის ტყეებში არაერთ ადგილას გვხვდება ველური ვაზი. მთლიანობაში ციხედიდის კომპლექსი შეადგენს 15 ჰექტარს. იგი  სოფელ ძეგვიდან 1,5 კმ-ზე მდებარეობს, სამხრეთ აღმოსავლეთით. კოშკმარანს დაახლოებით 50 მეტრში ჩამოუდის ციხედიდის ხევი, რომელიც სავარაუდოა, რომ სოფლის მეურნეობის კულტურების მოსარწყავად გამოიყენებოდა წარსულ დროში. როგორც უკვე ითქვა ციხედიდის კოშკმარანი არ არის გათვლილი დიდი რაოდენობის ყურძნის გადამუშავებისათვის და იგი სავარაუდოდ 2 – 3 ტონა ღვინის დასაყენებლად იყო გაანგარიშებული. ამიტომაც, შესაძლოა, რომ ამ ადგილას ყურძენი არა სხვა ადგილიდან მოჰქონდათ, არამედ იგი ადგილზე, კომპლექსის ტერიტორიაზე მოჰყავდათ. ხოლო ხარისხიანი ყურძნისა და ღვინის წარმოებისათვის კი ციხედიდში ყველანაირი ბუნებრივი პირობა არსებობს. თავად კოშკი, რა თქმა უნდა თავდაცვით ნაგებობას წარმოადგენს, რაზეც მეტყველებს ისიც, რომ მასზე მრავლადაა სათოფურები. ეს კი იმისი თვალნათლივი მაგალითია, რომ ჩვენი წინაპრები, მიუხედავად გამუდმებული თავდაცვითი ბრძოლებისა და დამანგრეველი შემოსევებისა უმარნოდ და აქედან გამომდინარე უღვინოდ არ ცხოვრობდნენ და საქართველოში ღვინო, მოყოლებული პრეისტორიული პერიოდიდან ყოველ დროს ყენდებოდა და ყენდება დღესაც.    
 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.