რეზო გეთიაშვილი
ადამიანი, დედამიწის სხვა ბინადრების მსგავსად ველური ბუნების შვილია და ამაზე ბუნებისადმი მისი ველური დამოკიდებულებაც მეტყველებს. თუმცა, ცხოველებშიც გვხვდება თვისებები, რაც მათ ადამიანურ ბუნებასთან აახლოვებს. ერთ-ერთი ასეთი თვისება ლოთობას უკავშირდება.
ლოთობა და დროსტარება მხოლოდ ადამიანური ფენომენი არ არის. მსგავს მიდრეკილებებს სხვადასხვა ცხოველები, მათ შორის ღორები და ქათმებიც კი ავლენენ. შინაურ ცხოველებზე შექმნილ სასეირო ამბებს თითქმის ყველა სოფელში მოისმენთ.
კაკო ხორგუაშვილი, სოფელი ფცა: "ჩემს ღორს შემოდგომაზე ჭაჭას ვაჭმევდი. ისე მოეწონა, რომ სხვა საჭმელზე გადასვლა აღარ უნდოდა. არადა, ჭაჭა გათავდა. ამის მერე საღორეში მთვრალი რომ შევდიოდი, ღვინის სუნი აღიზიანებდა და ჩემსკენ იწევდა. ამ აგრესიის გამო იძულებული ვიყავი სიმთვრალის დროს ღორისთვის აღარ მეჭმია".
ჟუჟუნა ნიჟარაძე, სოფელი კაჭრეთი: "შემოდგომაზე ვარია დავკარგეთ 5 დღე ამაოდ ვეძებდით. ბოლოს კასრში ვიპოვეთ. მთელი ეს დღეები შიმშილს ჭაჭით იკლავდა. ისე გატიკულიყო, მუცელზე იყო გახეთქილი. მაინც ვერ გადავარჩინეთ. კასრიდან ამოსულმა იმდენი ხორბალი ჭამა, რომ ჭამით მოკვდა".
ეს ყველაფერი მოსატანიც არ არის დათვების ბოჰემურობასთან. როგორც ირკვევა, ამ ცხოველებს ალკოჰოლი განსაკუთრებით იზიდავთ. დათვების ლოთობის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროც კი იბრძოდა.
დათვი და ალკოჰოლი
დათვები იოლად ლოთდებიან. იქ სადაც ფინიკის პალმა იზრდება, ადგილობრივი მოსახლეობა მისი წვენით ღვინოს აკეთებს. ტკბილი სითხე დუღილს ზედ ხეზევე იწყებს, მათრობელა ხდება და რვა მეტრის სიმაღლეზე ხეებს ღვინით სავსე "განსხვავებული სასმისები" ჰკიდია.
ამ პალმებს ადამიანების გარდა ხშირად სამხრეთული ქვეყნების ბინადარი დათვებიც სტუმრობენ. პალმაზე აცოცებული ცხოველები "განსხვავებულ სასმისებს" თათით იწვდენენ და ბოლომდე ცლიან. ბოლოს ჭურჭლებს ერთიანად ამტვრევენ, გამხიარულებულები თავს მიწაზე დაშვებითაც აღარ იწუხებენ და პირდაპირ ძირს ვარდებიან.
ალკოჰოლის მცირე დოზას დათვები სხვა გადამწიფებული ხილიდანაც იღებენ, სადაც უკვე დუღილის პროცესია დაწყებული.
1985 წლის ზამთარში აშშ-ს მონტანას შტატში, ორი ნაკრძალის საზღვარზე, მატარებელი რელსებიდან გადავარდა და 400 ტონა სიმინდის მარცვალი გაიფანტა. გაზაფხულის სითბოს დადგომისთანავე დამბალმა სიმინდმა დუღილი დაიწყო და ღვინის სუნს გამოსცემდა, რამაც ჯერ კიდევ ბუნაგებში მთვლემარე დათვები გამოაფხიზლა და "დროსტარების დაუოკებელი სურვილი" აღუძრა.
ცოტა ხანში დათვებმა ნამდვილი ბოჰემური აქცია მოაწყეს და გალეშილებმა მატარებლების მოძრაობაც კი გადაკეტეს. ჭამდნენ დათვები მათრობელა მარცვალს და ხდებოდნენ "ალკოჰოლიკები". დათვების ლოთობის აღკვეთას რკინიგზელები სხვადასხვა საშუალებით ცდილობდნენ, მარცვალს მიწასა და ჩაუმქრალ კირსაც აყრიდნენ, მაგრამ მაინც ვერაფერს გახდნენ. დათვები გამოსაფხიზლებლად ტყეს მაშინღა შეერივნენ, როცა ეს მოულოდნელი "ღვთის წყალობა" ბოლომდე აითვისეს.
დათვები რუსულ და ქართულ კამპანიებში
განთქმული კლოუნისა და კინომსახიობი იური ნიკულინი ერთ-ერთ თავის წიგნში დათვების ალკოჰოლიზმით გატაცების შესახებ ერთ მეტის-მეტად საინტერესო ამბებს იგონებს: "ომის შემდეგ პატარა საცირკო ჯგუფთან ერთად ქალაქებში გასტროლებს ვმართავდით, რომელშიც სულ ოთხნი - სამი მსახიობი და ერთი დათვი ვიყავით გაერთიანებული. შეზღუდული ფინანსების გამო ცირკს საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილების საშუალება არ გვქონდა და გვინდოდა-არ გვინდოდა, ისევ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა გამოგვეყენებინა. დათვის მატარებელში აყვანა კი არცთუ ისე ადვილი საქმე იყო. ამიტომ, მოთვინიერებულ ცხოველს გათიშვამდე არყით ვათრობდით, ჩავსვამდით ტომარაში და ვაგონში მგზავრებისა და კონდუქტორისაგან მალვით შეგვყავდა. საცირკო კომპანიის უფროსი ხშირად ოხვრით ამბობდა: "ცოდვაა დათვი, ჩვენთან ერთად ლოთობს".
დათვების ლოთობის წინააღმდეგ საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა სამინისტროც იბრძოდა. 1947 წელს შედგენილ ოქმებში ვკითხულობთ: "ძალზე ბევრია დათვები იაკუტსკსა და ოხოტკს შორის. ამ მხარის შორეული დასახლებები ცხენებით მარაგდება. ზაფხულში ცხენები ციმბირის წყლულით იხოცებიან, მათ ტვირთს კი (ფქვილით სავსე ტომრებსა და არყის კასრებს, მათარებს) ხშირად გზაზე ყრიან. მოსახლეობა აქ არ არის და ნაპოვნი პროდუქტით მხოლოდ დათვები სარგებლობენ. არყით სავსე ტყავშემოკრულ მათარას დათვი აძრობს საცობს, პატარა კასრებსაც თათის ერთი შემორტყმით მოხერხებულად ამტვრევს და არყის წრუპვას იწყებს. დღესასწაული იმით მთავრდება, რომ არყითა და კოტრიალით დაუძლურებული დათვი იძინებს და გამვლელებსაც ძირს დაყრილი გალეშილი დათვები საკმაოდ ხშირად ხვდებათ".
დათვების მიდრეკილება ლოთობისადმი ყველაზე უკეთ რუსებმა იცოდნენ და ძველ დროში მათი დაჭერის შესაბამისი მეთოდებიც გამოიგონეს. მაგალითად, გობში ან ხის გეჯაში ჩაასხამდნენ არაყს და ისეთ ადგილზე დადგამდნენ, სადაც დათვი ხშირი სტუმარი იყო. ასეთ წყალობაზე დათვი უარს ვერანაირად ვერ ამბობდა, თვრებოდა, იძინებდა და როგორც პოლიციის ოქმებშია მითითებული, ხალხს "ძალზედ ნასვამ მდგომარეობაში" უვარდებოდა ხელში.
დათვების მრავალი სახეობიდან საქართველოში მურა დათვი ბინადრობს და ყველაზე მსხვილ მტაცებლადაც ითვლება. მისი წონა 250 კილოგრამამდე აღწევს. ფერი ღია ჩალისფერიდან მუქ წაბლისფრამდე ცვალებადობს. ზოგჯერ ბელებს გულზე თეთრი არშია აქვთ, რომელიც შემდეგ უქრებათ.
მურა დათვის რიცხვოვნობა საქართველოში თანდათან კლებულობს, რისი მიზეზიც უკონტროლო ნადირობა და საბინადრო გარემოს განადგურებაა.
ჩვენში შემორჩენილი დათვების სოლიდური რაოდენობა რესტორნებში ბინადრობს და ქართული ღრეობების მოწმე ხდება. არის შემთხვევები, როცა რესტორნის შეზარხოშებული მფლობელები გულის მოსაგებად სტუმრებს დათვის დაკვლასაც სთავაზობენ. ამ ყველაფრის შემდეგ ვინ არის დათვი და ვინ - ადამიანი, ამის გარჩევა მართლაც ძალიან ძნელია.
© „მარანი“
თქვენი კომენტარი