Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი

გიორგი ბარისაშვილი

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის ტემპერატურის რეგულირება წარმოადგენს. საქმე ის გახლავთ, რომ ბოლო პერიოდში ჩვენს ქვეყანაში და უპირატესად კახეთში მარნების მშენებლობა ფართო ხასიათს იღებს, რაც თავის მხრივს მისასალმებელია. დაგვეთანხმებით, რომ ღვინის დაყენება ერთი საკითხია, ხოლო მისი შენახვა და მეტადრე, ხანგრძლივად შენახვა კი მეორე და ამასთან საკმაოდ რთულიც. ჩვენს წინაპრებს ეს პრობლემა მეტად კარგად ჰქონდათ გადაჭრილი სხვადასხვა ხერხებით, რომელ საგანსაც ჩვენ ცოტა ქვემოთ შევეხებით. საკითხის სირთულე განსაკუთრებით მაშინ გამოვლინდა, როდესაც მემარნეებმა დაიწყეს ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა. თუმცა, მაინც უნდა აღინიშნოს, რომ ძირითადი პრობლემა ქვევრში ღვინის ხანგრძლივად შენახვაა. აქედან გამომდინარე ქვევრში ხანგრძლივად დაძველებულ და ბოთლში ჩამოსხმულ ღვინოს ჩვენში, ფაქტობრივად ვერსად შევხვდებით მეტად იშვიათი გამონაკლისების გარდა. კახური ტრადიციული მარნების უმრავლესობა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულის შიდა მხარეს, სახლის სიღრმეშია გამართული. ასეთი მარნები ხშირად ნახევრად სარდაფულია, ესე იგი მათი  ზურგისა თუ სხვა კედლების გარკვეული ნაწილი მიწაშია მოქცეული. სწორედ ამგვარ, ტრადიციულ მარნებში ღვინო ხანგრძლივად და უპრობლემოდ ინახება. ჩვენ გვქონდა საშუალება, ამგვარ, ძველ მარანში დაყენებული და შენახული ღვინო დაგვეჭაშნიკებინა. საგულისხმო ის გახლავთ, რომ ქალაქ ახმეტაში, ბატონი დავით ოზბეთელაშვილის მარანში დაყენებული ის ღვინო, რომელიც ჩვენ გავსინჯეთ ქვევრში 40 წელი უპრობლემოდ ინახებოდა, რაც დაგემოვნებასთან ერთად ლაბორატორიულმა ანალიზმაც დაადასტურა.

  ხშირია შემთხვევა, როდესაც ბოლო პერიოდში აშენებული მარანი წარმოადგენს ცალკე, დამოუკიდებელ ნაგებობას. ხშირად, სწორედ ამგვარ მარნებში დგება ღვინის შენახვის გარკვეული პრობლემები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ღვინის ქართულად დაყენების საქმეში ღვინის შენახვა ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემათაგანია, რაც ხშირად აისახება კიდეც ჩვენი ღვინოების ხარისხზე…

 დიდი მნიშვნელობა აქვს იმის განსაზღვრას, თუ როდისაა ქვევრში დაყენებული ღვინო სტაბილური და მომწიფებული; რა დრო ესაჭიროება ამ მნიშვნელოვან პროცესს და როდის შეიძლება ამგვარი ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა? საქართველოდან ძველ დროში ღვინო ირანში თუ უცხოეთის სხვა ქვეყნებშიც გაჰქონდათ. ღვინის ტრანსპორტირების ჭურჭელი იმ დროს იყო რუმბი, ხოლო სატრანსპორტო საშუალება კი ურემი. მნიშვნელოვანია, რომ ამ გრძელმა (ასეულობით კილომეტრი) სავაჭრო გზამ დიდხანს იარსება. ჩვენმა წინაპრებმა ძველ დროშიც კარგად იცოდნენ ღვინის სტაბილურობის საკითხები და ამრიგად უცხო ქვეყნებში მათ აბსოლუტურად სტაბილური ღვინო ჩაჰქონდათ. ცხადია ასეთი შორი გზის გავლის შემდეგ ღვინოს გარკვეული დრო ასვენებდნენ და ამის შმედეგ ყიდდნენ, მაგრამ თუ ღვინო სტაბილური არ არის მას არც დასვენება უშველის და არც კურორტი...

  რა დასამალია, რომ ბოლო პერიოდში ხშირია შემთხვევები, როდესაც კახური ტრადიციული წესით დაყენებული თეთრი ღვინო და ასევე საფერავიც გაზაფხულზე უკვე ბოთლშია ჩამოსხმული. უმეტეს შემთხვევაში ამგვარი ღვინო მოუმწიფებელია, თუმცა მოდით დავუბრუნდეთ ჩვენს მთავარ საკითხს. ახალ მარნებში, სადაც გარკვეული დროით ბოთლში ჩამოსხმული ღვინოც ინახება, ტემპერატურული რეჟიმის უკონტროლობის გამო ღვინოს პრობლემები ეწყება. ამიტომ, ბოლო პერიოდში ზოგიერთ მარნებში გაჩნდა ჰაერის კონდიციონერები, რაც ღვინის დასაცავად ნამდვილად კარგი გამოსავალია. უნდა აღინიშნოს, რომ, თუკი მარანი მართებულად აშენდება, რის დროსაც გათვალისწინებული იქნება სხვადასხვა ფაქტორები, ღვინის პრობლემების ის ნაწილი, რომელიც გამოწვეულია მაღალი ტემპერატურით, თითქმის გამორიცხულია. ყოველი შემთხვევისათვის რისკი საკმაოდ დაბალია. ცხადია, მარნის ადგილსაც დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მეტად ცხელ ადგილებში აშენებულ მარანში შესაძლოა პრობლემა პრობლემადვე დარჩეს. სწორედ ამიტომ ჩვენი წინაპრები მარნის ასაშენებელ ადგილს საგულდაგულოდ არჩევდნენ, თანაც არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით. მეორე საკითხია ბოთლში ჩამოსხმული ღვინის გარკვეული დროით შესანახად სპეციალური სარდაფის ამოღება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს უკანასკნელი, თუმცა კი მართლაც ეფექტურია, მაგრამ ის საკმაოდ ძვირიც ჯდება და მემარნეების უმრავლესობას ჯერჯერობით ამის საშუალება არა აქვთ. ძალზე იშვიათად შევხვდებით ახალ მარანს, რომელშიც ქვევრები მიწის სიღმეში, სარდაფშია ჩაყრილი. რა იგულისხმება რიგი წესებით აშენებულ მარანში და რომელი დეტალები უნდა გაითვალისწინოს მარნის მშენებელმა? აი ის საკითხები, რასაც ჩვენ ცოტა ვრცლად შევეხებით. თავდაპირველად შევეხოთ ძველი მარნების სარკმელებს (და არა ფანჯრებს). ძველი ქართული ყოფისათვის დამახასიათებელი ის უჩვეულოდ ვიწრო სარკმელები ქართლ-კახურ მარნებს განათებისთვის ძირითადად დატანებული აქვს აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის კედლებში. გარდა ამისა მარანი უმრავლეს შემთხვევაში ისე მდებარეობს, რომ მას ზაფხულის ყველაზე მეტად ცხელ პერიოდში მზემ სახურავზე, ზურგზე გადაუაროს და კედლებს არ უყუროს, განსაკუთრებით კი სამხრეთის მხრიდან. თუ მარანი დამოუკიდებელი ნაგებობაა და ამასთან ის მართკუთხაა, მაშინ მარნის ვიწრო მხარე დასავლეთით უნდა იყოს მიქცეული. ასეთ შემთხვევაში კი დიდად სასურველია, თუ დასავლეთის მხარეს მარანზე იქნება სამეურნეო დანიშნულების მინაშენი ან გადახურული, რათა მარანი დაცული იყოს მზის სხივების პირდაპირი დაცემისაგან. ქართულ მარანს აქვს საკმაოდ დიდი ორფრთიანი კარები, რომელიც ძირითადად შემოდგომობით, რთველის დროს იღება. გარდა ამ კარებისა მოზრდილ მარნებში ხშირად გვხვდება ერთი ვიწრო კარიც, რომლითაც ყოველდღიურად სარგებლობს მემარნე. გასათვალისწინებელია, რომ მარანში, სადაც ნაკლებად შედის მზის სხივი და თბილი ჰაერი ღვინო უკეთესადაა დაცული. ამ მხრივ მეტად საინეტრესოა, მაგალითად თადეოზ გურამიშვილის მარანი სოფელ საგურამოში; ყვარელში, როგორც ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმში მდებარე ჭავჭავაძეების მარანი, ისე მის მეზობლად მდებარე მარანი, რომელიც ეკუთვნოდა კოტე მარჯანიშვილს; ასევე სოფელ კალაურში ჯანიაშვილების XVII საუკუნის მარანი და სხვ. აღსანიშნავია, რომ ახლახანს თელავის განაპირას, დასახლება „მერეში“ დასრულდა ზურაბ თოფურიძის მარნის მშენებლობა, რომელიც ტრადიციული მარნის მშენებლობის გარკვეული წესების დაცვით აშენდა. ამასთან მშენებლობისას შემაკავშირებელ მასალად გამოყენებული იყო კირდუღბი. ამავე მარანს აქვს საკმაოდ მოზრდილი სარდაფიც, სადაც ღვინის შენახვის ოპტიმალური ტემპერატურა, ანუ დაახლოებით 15 o С ბუნებრივადაა დაცული, რადგან ის მთლიანად მიწის ქვეშ მდებარეობს. გარდა სარკმელებისა და მარნის მდებარეობის განსაზღვრისა, მარნებს გარშემო ურგავდნენ ხეებს. აქ კი მნიშვნელოვანია ის, თუ რა ჯიშის ხე დაირგვება მარანთან. ხეების დარგვას უფრო დიდი ყურადღება უნდა მიექცეს მარნის სამხრეთისა და დასავლეთის მხარეს. მარანთან არ შეიძლება, მაგალითად კაკლის ან თუთის ხის დარგვა, რადგან ამგვარი ხეების ფესვები ქვევრებსა და მარნის კედლებსაც აზიანებენ. კარგია თუ მარნიდან 4-5 მეტრში დაირგვება, მაგალითად ცაცხვის, კომშის, იფნისა თუ სხვა ხეები. ხის ფოთლები მარანს ჩრდილავს და ასერიგად მარანიც მეტადაა დაცული მცხუნვარე მზისაგან.

გოგლა ლეონიძის მარანი პატარძეულში

თუმცა არის შემთხვევა, როდესაც მარნის სიახლოვეს ხის დარგვა არ ხერხდება. ამ შემთხვევაში არსებობს ერთი მეტად კარგი გამოსავალი. საქმე ეხება მარნის კედლებზე სუროს აშვებას. ასეთ დროს, ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია ფოთოლმცვენი სურო, რომლის ლათინური დასახელებაა: parthenocissus tricusidata. სუროს ამ ჯიშს, როგორც ითქვა ახასიათებს ფოთოლცვენა, რომელი პროცესის წინარე პერიოდში, ანუ შემოდგომობით მისი ფოთლები წითლდება, რაც მეტად სასიამოვნო სანახავიცაა, რადგან მოგეხსენებათ, მარანს საქართველოში გარდა სამეურნეოსი – ესთეტიკური დატვირთვაც აქვს... აღნიშნული სუროს ჯიში საკმაოდ სწრაფად იზრდება და იმ შემთხვევაში, თუკი მარნის კედლებს 2-3 ძირ სუროს მიურგავენ, მარნის კედლები ორ-სამ წელიწადში მთლიანად დაიფარება. სუროს ფოთლები მზის მცხუნვარე სხივებს მთლიანად თავის თავზე იღებენ, ხოლო ამ დროს კი მარნის კედლები შედარებით გრილადაა. ამ გარმოებიდან გამომდინარე მარანში შესაძლოა 2-3 გრადუსითაც კი დაიწიოს ტემპერატურამ. მარნის გარშემო საჩრდილობელი ხეების დარგვა არ გამორიცხავს მასზე სუროს აშვებას და ასერიგად სუროსა და ხეების ერთობლიობა კიდევ უფრო სასარგებლო იქნება მარანში დაყენებული ღვინის ხარისხისათვის. მემარნის სურვილიდან გამომდინარე შესაძლებელია, სუროს არა ზემოთნახსენები, არამედ სხვა ჯიშის დარგვა, მაგალითად კოლხური სურო, კავკასიური სურო ან სულაც ღობის ვარდი, უსურვაზი და სხვ.

 დასასრულს გვინდა აღვნიშნოთ, რომ ტრადიციულ მარანში ღვინის ბუნებრივი პირობების გამოყენებით დაცვა ესთეტიკური თვალსაზრისით უპირატესია, ვიდრე, მაგალითად ელექტროკონდიციონერის იმედათ ყოფნა. ამ უკანასკნელში, მართალია უარყოფითი არაფერია, მაგრამ იმას, რასაც ჩვენი წინაპრები 500 წლის წინ ახერხებდნენ, დღევანდელ პირობებში პრობლემას ნამდვილად არ უნდა წარმოადგენდეს. თუმცა, როგორც იტყვიან „კაცია და გუნებაო“, მაგრამ ისიც არ უნდა დავივიწყოთ, რომ მარანი წმინდა ალაგია, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება ბუნებრიობა...

მცხეთა, 2017 წ.     

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული