Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ისტორია - დიდი თეატრი

ჰიუ ჯონსონი

ბორდოს ისტორიას თუ ჩავუღრმავდებით, გაოცებულები დავეთანხმებით იმ ფაქტს, რომ მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ცნობილმა რეგიონმა თავისი ენერგიული განვითარება არც ისე დიდი ხნის წინ დაიწყო - სულ რაღაც სამასიოდე წელი თუ იქნება. მართალია ყურძენს აქ უხსოვარი დროიდან ამუშავებდნენ, მაგრამ მეურნეობის დაკვირვებული ორგანიზაცია, ტექნოლოგიებისადმი დაჟინებული ყურადღება და გარკვეული ჯიშების მიმართ ინტერესი, რომელიც ბორდოს მემკვიდრეობით დიდებას შეადგენს, საკმაოდ გვიან - XVIII და XIX საუკუნეეების მიჯნაზე გაჩნდა.

დედაქალაქი ბორდო

XVIII საუკუნის დასაწყისში ბორდო ჯერ კიდევ შუასაუკუნეების ტიპური ქალაქი იყო მასიური ციხე-სიმაგრით. სულ რაღაც ას წელიწადში, საფრანგეთის დიდი რევოლუციის დროისთვის, ის საფრანგეთის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად და უმსხვილეს პორტად იქცა. ღვინით ვაჭრობა, რომელიც მისი კეთილდღეობის საფუძველს წარმოადგენდა, მთელი ამ ხნის განმავლობაში ფართოვდებოდა და მოდერნიზებას განიცდიდა. ამასთან, გარდა ღვინისა, ბორდოს ცნობილი, ნახევარმთვარის ფორმის ნავსადგურის გავლით გადიოდა კოლონიური საქონლის ნახევარი, რამაც პორტი ვესტ-ინდოეთის ნამდვილ კარიბჭედ აქცია.

ქალაქისა და ქალაქელების მზარდი კეთილდღეობის ნიშნად იქცა 1780-იან წლებში აშენებული Le Grand Théâtre (დიდი თეატრი). თეატრი, რომელმაც დააგვირგვინა პორტის თავზე წამომართული ბორცვი და ძველი ქალაქის შუაგულში სიმბოლურად დაჩრდილა გოთიკური ტაძარი, ბორდოში გაჩაღებული სამშენებლო ბუმის უკანასკნელ ქმნილებად იქცა. ეს ბუმი მას შემდეგ გამეფდა, რაც 1729 წელს ქალაქის ინტენდანტად (ასე უწოდებდნენ მეფის ოფიციალურ დესპანს პროვინციაში) არქიტექტორი ჟაკ გაბრიელი (Jacques Gabriel) დაინიშნა. პირველ უსტარში თავისი ახალი თავშესაფრიდან ის მეფეს წერდა: "ვფიცავ მონსინიორ, აქამდე არასოდეს შევხვედრივარ ასეთ დიდებულ პერსპექტივას, ასეთ გასაოცარ ხედს, როგორიც ამ პორტში იშლება. ჩვენ უნდა ჩავატაროთ უზარმაზარი სამუშაო, რომელსაც, იმედი მაქვს, დააფასებს ჩვენი შთამომავლობა".

თუმცა ბორდოს არქიტექტურულ გარდაქმნას გაცილებით დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე გაბრიელი ვარაუდობდა. მან შეიმუშავა გრანდიოზული გეგმები, რომლებშიც შედიოდა მოედნის მშენებლობა, არაფრით რომ არ ჩამოუვარდებოდა პარიზში ვანდომისას, მთელი რიგი თანამედროვე ქანდაკებებით დამშვენებული ნაგებობები, დაბოლოს, შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის კედლის დანგრევა, რომელიც უზომოდ ამახინჯებდა ქალაქის იერს.

არქიტექტურული ჩვევების მქონე ინტენდანტი ისე გარდაიცვალა, რომ მშენებლობის დაწყებას ვერ მოესწრო. არსებითად, ყველაზე რთული იყო ქალაქელების დაყოლიება ციხ-სიმაგრის კედელთან განშორებაში, რომელიც მათ საუკუნეების განმავლობაში აყენებდა პრივილეგირებულ მდგომარეობაში ბორდოს შემოგარენში მდებარე სოფლების მოსახლეობასთან შედარებით და, რაც მთავარია, საშუალებას აძლევდა გადაეხდევინებინათ გადასახადი ქალაქში შემომსვლელი ვაჭრებისა და მოგზაურებისთვის.

ეს კედელი - შუა საუკუნეების ბურჯი, დაინგრა უკვე მომდევნო ინტენდანტის, მარკიზ დე ტურნის ლუი-იურბან ობერტეს (Louis-Urbant Aubert) დროს, სხვათა შორის, ისევე, როგორც შატო ტრომპეტის მასიური სიმაგრე, რომელიც ქალაქის კედლებს XV საუკუნეში მიაშენეს ინგლისთან გამარჯვების აღსანიშნავად. ამ სიმაგრეს გარკვეულწილად ქედმაღლურად უნდა დაეცვა ბორდოს ფრანგული ფასეულობები უცხოელი ვაჭრების, პირველ რიგში, იმავე ინგლისელებისგან და, მათთან ერთად, ჰოლანდიელების, გერმანელების, ირლანდიელებისა და დანარჩენი სკანდინავიელებისგან, რომლებიც აუცილებლად უნდა დასახლებულიყვნენ ქალაქიდან საგრძნობლად დაშორებული ტრომპეტის კედლების გარეთა მხარეს.

უცხოელი ვაჭრებისა და მეწარმეეების თავშესაფარი თავისი არსით ნაწილობრივ ვენახებით დაფარულ, ჭაობიან ადგილას მდგომ, განცალკევებულ პატარა ქალაქს ქმნიდა, რომელსაც ახლოს მდებარე კარტეზიანელთა მონასტრის პატივსაცემად შარტრონი უწოდეს. ინტენდანტმა ობერტემ ბრძანა არა მხოლოდ ტრომპეტის აღება, არამედ თავად ბორდოსა და შარტრონის ბულვარებით შეერთება, რომლებმაც მოკირწყლული გზების ისრებით გაჭრეს ხარისხით საკმაოდ საშუალო და მოუვლელი ვენახები, რომლებიც მანამდე ამ ორ ანკლავს შორის იზრდებოდა. ინტენდანტი ოცნებობდა, ბულვარი ქალაქის მცხოვრებთა შეხვედრის ადგილად ექცია: "ვაჭრები უფრო ხშირად წააწყდებიან ერთმანეთს და დადებენ უფრო მეტ გარიგებას; ჩვენ რაღაცა საღამოს ბირჟის მაგვარი გამოგვივა".

ობერტემ, რომელმაც თავისი ინტენდანტობის დასაწყისშივე განაცხადა, რომ არ აპირებს შეურიგდეს "ყოველგვარ წესრიგსა და პირობებს მოკლებულ, ერთმანეთზე გადახლართულ მახინჯ ნაგებობებს, გველებივით დაკლაკნილ პატარა ვიწრო ქუჩებს", აკრძალა ნებისმიერი შენობის მისი პირადი "არქიტექტურული" მოწონების გარეშე აღმართვა. მისი ენთუზიაზმისა და სიმკაცრის წყალობით, 1780-იან წლებში გარონის სანაპიროს გასწვრივ, სადაც თავს იყრიდნენ ბარჟები და გემები, ჩალისფერი ქვებისგან აღიმართა აკურატულ შენობათა რიგები. ქუჩები და მოედნები მდინარიდან ნახევარ მილზე ისე შეთანხმებულად გადაიჭიმა, თითქოს ერთი ადამიანის ხელით იყო შექმნილი. ალბათ არც ერთ სხვა ქალაქს არ აღუბეჭდავს არქიტექტურაში ასე ნათლად თავისი აყვავების პერიოდი. თვით ქალაქის ცენტრიდან მოშორებით მდგარი "უბრალო ხალხის" სახლებიც კი, ასეთივე ნაზი-ჩალისფერი და წუნდაუდებლად პროპორციული იყო.

თავის ჰარმონიულ აყვავებას ბორდო უმადლოდა ქალაქელების სიამაყეს, მათ შეუპოვრობასა და... სარგებლის მიღების წყურვილს. "მანტიის ახალ თავად-აზნაურებს" ჭკუამ და ამბიციებმა შესაძლებლობა მისცა უკან მოეტოვებინათ "დაშნის თავადაზნაურობა" - ოჯახები, რომელთა წარმომავლობაც სათავეს რაინდობიდან იღებს და, რომლებიც, იმის ნაცვლად, რომ დაემუშავებინათ კუთვნილი მიწები და გაფრთხილებოდნენ მათ, ამ მიწების გარშემო მაძებრებთან ერთად ფრინველებსა და ტახებზე სანადიროდ სირბილს ამჯობინებდნენ. ფეოდალური წესები ნებაზე უშვებდა რაინდულ საგვარეულოებს შორის მამულების უკონტროლო დაქუცმაცებას. თვით ბრწყინვალე XVIII საუკუნის ასწლეულამდე მხოლოდ რამდენიმე მამულს თუ შეეძლო თავის მოწონება რაციონალური მმართველობით. ფეოდალების ჩასანაცვლებლად მოსული ნეგოციანტების ტომი, რომელიც მზად იყო რისკისა და დათმობებისთვის, ხომალდებს აყვავებულ ვესტ-ინდოეთში გასამგზავრებლად ამზადებდა. გარკვეულ დრომდე, სოფლის მეურნეობა, მასთან ერთად კი მეღვინეობაც, ახალ პერებს გაცილებით ნაკლებ მომხიბვლელი და სარფიანი ეჩვენათ, ვიდრე ზღვისიქითა ვაჭრობა...

შარტრონეს დამსახურება

საკმაოდ საინტერესო ფაქტია, რომ ბორდოს ღვინოებისთვის სახელის მოსახვეჭად (განსაკუთრებით ქვეყნის ფარგლებს გარეთ) სამუშაოების დიდი ნაწილი ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულმა ნეგოციანტებმა შეასრულეს, რომლებიც თავიანთი ენერგიით ჩინებულად ახდენდნენ რეგიონის მეღვინეობის სტიმულირებას. "ბორდოელი" უცხოელები, რომლებიც შარტრონეში ცხოვრობდნენ (სხვათა შორის, თავად მათაც შარტრონეს უწოდებდნენ) ბროკერებივითაც მოქმედებდნენ და ნეგოციანტებივითაც: ბროკერები მამულიდან მამულში დადიოდნენ, ხოლო ნეგოციანტები ბორდოდან თავიანთ მშობლიურ ქალაქებში ტვირთს აგზავნიდნენ. მათმა უმრავლესობამ ფართო პროფილის ვაჭრის ხარისხით წამოიწყო საქმიანობა. უძველესი უცხოური ფირმა იყო 1620 წელს როტერდამში დაფუძნებული ბეიერმანის (Beyerman) კომპანია. ყველაზე ცნობილთა შორის იყვნენ ირლანდიელები, ცნობილი აბრაჰამ ლოუტონი (Lawton, რომელიც კორკიდან იყო და, რომელმაც 1740 წელს 2500 გარიგება დადო), და დაუჯერებლად წარმატებული ტომ ბარტონის (Barton) ჩათვლით, რომლის ოჯახმაც 300 წელი იცხოვრა ბორდოში და დღემდე არ დაუვიწყებია მშობლიური ენა. ბარტონმა, რომელსაც შთამომავლები ახლაც "ფრანგ-ტომს"ეძახიან, ბორდოში საქმე 1715 წელს, უკიდურესად წარმატებულ მომენტში წამოიწყო, როდესაც ინგლისსა და ირლანდიაში Premier cru შემოვიდა მოდაში და, ამასთან, სწორედ იმ დროს, როდესაც დასრულდა სამშვიდობო მოლაპარაკება, რომელმაც ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომს წერტილი დაუსვა. ის პრაქტიკულად, Permier cru-ს უმსხვილესი შემსყიდველი გახდა, ხოლო 1821 წელს მისმა შთამომავლებმა იყიდეს დიდებული შატო ლანგოა, სადაც ამჟამადაც ცხოვრობენ.

შარტრონეს გვარების სია წარმოდგენას გვიქმნის მათ წარმომავლობაზე. ნათანიელ ჯონსტონი ჩამოვიდა ოლსტერიდან; კიდევ ერთი წარმატებული ირლანდიელი იყო ლინჩი. ისეთი სახელები, როგორიცაა სენდიპანდსი, იერონი, ნოქსი და ქოუპი, პაუერი, ჩალმერსი, ფენვიკი, ბონფილდი, სალივანი, ფერგიუსონი, ჰორიში, ბეტმანი, შროდერი და შულერი, მაკარტი, ნალფორდი, ზიჰელი, ტომსონი, ო’ბრაიენი, კოპინგერი და კრესმანი, ბრიტანეთსა და ირლანდიაზე დაყრდნობით წარმოგვიდგენენ ამონაკრებს მთელი ჩრდილოეთ ევროპიდან. გერმანული გვარი კრუზე ყველაფერ შარტრონულის სინონიმად იქცა. მაგრამ თვით ფრანგებმაც კი, მათ შორის დე ლიუზმა, დოლორმა, ეშენაუერმა (ელზასიდან), კალვემ (რონიდან), თითქმის ანგლოსაქსური ხასიათი შეიძინეს. ამ საგვარეულოებს შორის ქორწინებამ წარმოშვა დახურული კლანი, რომელმაც 1970 წლამდე იარსება.

საძირკველი ღვინის მომავლისთვის

XVIII საუკუნის პირველი ათწლეულის გასვლისას, ესპანეთის მემკვიდრეობისთვის ომში დამარცხების შემდეგ, საფრანგეთმა, მეფე-მზის ჩასვენებული დიდებისთვის ცქერის სანაცვლოდ, ბოლოს და ბოლოს მომავლისკენ დაიწყო ყურება. დადგა დრო, საქმისთვის მიეყოთ ხელი. "მანტიის თავად-აზნაურებმა" სახელოები დაიკაპიწეს და შეუდგნენ თავიანთი საქმეების მოწესრიგებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ოკეანის მიღმა, რომელსაც ფრანგები ეძახიან სახელს, რომელიც არ ითარგმნება, მაგრამ მშვენიერი სიტყვათშეთანხმებით გამოითქმის როგორც "Le grand large". და თუკი XVII საუკუნეში სიტყვა "ამერიკა" მათში ასოცირდებოდა მხოლოდ და მხოლოდ ნიუ-ფაუნდლენდთან და ვირთევზას ძალიან მომგებიან ჭერასთან, ახალ ასწლეულში ის დაუკავშირდა ვესტ-ინდოეთიდან სანელებლებითა და შაქრით ვაჭრობას.

ღვინის პრინცი ბორდოს პარლამენტის დიდებულთაგან ვერც ერთი ვერ შეედრება ნიკოლა-ალექსადრეს, მარკიზ დე სეგიურის (Ségur) (1697-1755), რომელიც XVIII საუკუნის პირველ ნახევარში იყო ორი Premier cru-ს, ლაფიტისა და ლატურის, აგრეთვე მუტონის (Mouton, რომელიც გახდა Premier cru პოსტფაქტუმ), სენტ-ესტეფში უზარმაზარი მამულის კალონ-სეგიურისა (Calon-Ségur) და მედოკსა და გრავში სხვა ადგილ-მამულის მფლობელი. ლუდოვიკო XV-მ, მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ მის კამზოლს სეგიურის მამულში მოპოვებული ძვირფასი ქვების დაწახნაგებული და დამუშავებული ღილები (სავარაუდოდ ალმასის) ეკერა, მას ღვინის პრინცის ტიტული უბოძა. სეგიურის შემოსავალი მხოლოდ ლაფიტისა და ლატურისგან წელიწადში 100 ათასი ლივრი იყო, რომლის 60%-ს სუფთა მოგება შეადგენდა. შეუძლებელია არ აღვნიშნოთ, რომ სწორედ მან გაავლო მკვეთრი ზღვარი ლაფიტსა და მეზობელ მუტონს შორის და, ამგვარად, ერთმანეთისგან გამიჯნა ორი სრულიად განსხვავებული ტიპის ღვინო. ლატური მის შთამომავლებს 1963 წლამდე ეკუთვნოდა, და მისი ოჯახი დღესაც შატო ლატურის საზოგადოებრივი საბჭოს დირექტორთა შორისაა.

ინდო-ამერიკული ვაჭრობა, რომელშიც საფრანგეთი და ბორდო გადასატვირთავი პუნქტის მაგივრობას სწევდნენ, ერთობ ჭკვიანურად მოფიქრებულ სქემებს ეფუძნებოდა, რომლებიც მწყობრად ამუშავდა ჯერ კიდევ ომის დროს და ბევრ ბორდოელს გვარიანად გამდიდრების საშუალება მისცა. თვეში ორჯერ, ანტილიის კუნძულებზე მდებარე ახალი პლანტაციებიდან ბორდოს პორტში შემოდიოდა სანელებლებითა და შაქრით დატვირთული ხომალდები. სხვა მხრიდან მოცურავდნენ ჰოლანდიელები, რომლებიც ღვინის შესყიდვის საბაბით საფრანგეთის საზღვაო მფლობელობაში შესასვლელად საშვებს იღებდნენ, მაგრამ ღვინო აქედან გაცილებით ცოტა გაჰქონდათ, ვიდრე იგივე სანელებლები და შაქარი, რომელთაც ბორდოელებს სპეკულაციურ ფასებში აძლევდნენ. დატვირთული ხომალდებით "მფრინავი ჰოლანდიელები" ახალი სამყაროს ნაპირებისკენ მიქროდნენ. ომის დროს ვაჭრობის ძირითად ობიექტს წარმოადგენდა ნედლი შაქარი (მოდით, ნუ გავიხსნებთ მონებს ამერიკელი პლანტატორებისთვის). საუკუნის მეორე მეოთხედში, როდესაც ბორდოში მძლავრი შაქრის ქარხანა აშენდა, ქალაქი, ჰაიტიზე ძალიან მდიდარი და მსწრაფლგანვითარებადი კოლონიიდან, სანტო-დომინგოდან მომავალი "შაქრიანი" სავაჭრო გზების მნიშვნელოვან პუნქტად იქცა. საკუთრივ, კოლონიის ძალიან სწრაფმა განვითარებამ გამოიწვია შაქრის ფასის მოულოდნელი და საგრძნობი დაცემა: 1730-იანი წლებისთვის იგი ფუფუნების საგანს აღარ წარმოადგენდა და მთლიანად გაუფასურდა. მაგრამ საუკუნის შუა წლებში, მოვაჭრეებმა სრულიად ახალ ოქროს საბადოს - ჰაიტურ ყავას მიაგნეს. მონების წაყვანა ახლა უკვე უკუმიმართულებით იწყეს: ყოველწლიურად საფრანგეთი ჰაიტიზე 36 000-მდე შავკანიან მონას აგზავნიდა. საფრანგეთის დიდი რევოლუციის დასაწყისში ამ ფრანგულ კოლონიაში ნახევარი მილიონი მონა იყო - გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ჰაიტიზე რევოლუცია სულ რაღაც ორი წლით გვიან მოხდა, ვიდრე თავად საფრანგეთში.

1770-იან წლებში კოლონიური ვაჭრობა ძალიან სწრაფად ვითარდებოდა. ხომალდები ვესტ- და ოსტ-ინდოეთიდან კვირაში ხუთჯერ ჩამოდიოდნენ და უკან მაშინვე, "სარემონტო გაჩერების" გარეშე ბრუნდებოდნენ. მარტის ბაზრობაზე თავიანთი პროდუქციისთვის, ბრეტონული სელი იყო ეს, ნორმანდიული ბამბა თუ ლიონური აბრეშუმი, ექსპორტიორის საპოვნელად ვაჭრები ყველა კონტინენტური პროვინციიდან ჩამოდიოდნენ. ბორდოელებმა რეექსპორტი ჰოლანდიელებისგან ისწავლეს.

ლუდოვიკო XIV-მ ფრანგულ ვაჭრობას მოულოდნელი სამსახური აღმოუჩინა, როდესაც ხელი შეუწყო ქვეყნიდან ყველაზე წარმატებული და ნიჭიერი პროტესტანტების გაძევებას. 1685 წელს მან გააუქმა ნანტის ედიქტი, რომლითაც ჰენრი VIII-მ თავის ქვეშევრდომებს რწმენის თავისუფლება უბოძა. ბორდოს ამ შემთხვევაში ყველა შანსი ჰქონდა მოგებისთვის: ფრანგი ჰუგენოტები ძირითადად ჰოლანდიაში გაიქცნენ, ბევრი მათგანი კი ჰამბურგში დაფუძნდა და ვაჭარი გახდა. ჰამბურგმა ამსტერდამს პირველობა ჩამოართვა, ჩრდილოეთ ევროპაში ბორდოს მთავარი სავაჭრო პარტნიორის სახით, მიუხედავად იმისა, რომ გადაზიდვების უმეტეს ნაწილს ჰოლანდიური ხომალდები ახორციელებდნენ.

ბონუსი მოვაჭრეებს

დანარჩენ ფრანგულ ქალაქებთან შედარებით, ბორდო უნიკალურ მდგომარეობაში იმყოფებოდა: ის სარგებელს ორივე გზობიდან იღებდა, ვინაიდან მის საკუთარ პროდუქციაზე ყველგან იყო მოთხოვნილება. გადასახადების შიშით, ქალაქელები მუდმივად ჩიოდნენ ხელისუფლებასთან თავიანთ "მწირ და უნაყოფო" მიწებზე, მით უმეტეს, რომ "მწირი" მიწა იძლეოდა საკმაოდ ბევრ ხორბალს, რომელიც საექსპორტოდ იგზავნებოდა; აქ ხდებოდა მინერალური წყლების ბოთლებში ჩამოსხმა; უცხოელების ინტერესის სფეროში მუდამ შედიოდა ბორდოს ეჟენური ქლიავი; იგივე ჰოლანდიელები, ბორდოს მანუფაქტურებისგან ტაკელაჟისთვის ყიდულობდნენ ქერელსა და ტილოს; ბოლოს და ბოლოს, კოლონიაში გადასახლებულებისთვის, რომლებთანაც ღვინო რიგიანი სახით ვერ აღწევდა, საჭირო იყო წნეხი და გამოსახდელი ქვაბები, რომლებზეც სპეციალიზდებოდა ბორდო. და მაინც, ბორდოს მთავარ პროდუქტად ყოველთვის ღვინო რჩებოდა. ინგლისელები პირდაპირ ნადირობდნენ მაშინდელი "პირველი ვნახების ღვინოებზე", როგორებიც იყო ლატური, ლაფიტი, მარგო, ო-ბრიონი. ირლანდიელები ხალისით ყიდულობდნენ ღვინოს პირველი კლასის დამარილებული ხორცის სანაცვლოდ, რომლის დიდი ნაწილიც ვესტ-ინდოეთში იგზავნებოდა. ხომალდები, რომლებსაც ბორდოდან ღვინო მიჰქონდათ, უკან კასრების დასამზადებელი საუკეთესო მუხის ხის დაფებით დატვირთული ბრუნდებოდნენ, რომლებშიც უკვე მაშინ ინახავდნენ ღვინოებს. ამავე დროს, პოპულარული იყო წვრილბოჭკოვანი, წარმოშობით პოლონური, პომერანული და აღმოსავლეთ პრუსიული მუხნარის მერქნისგან დამზადებული ხის კასრები, რომლებიც ფრანგულ მუხასთან შედარებით, ღვინოს ნაკლებად მკაფიო გემოს აძლევდა, მაგრამ უზრუნველყოფდა საკმაო რაოდენობის ტანინების შენარჩუნებას. მომთხოვნი ინგლისელები, მაგალითად, მეღვინეებს მოძღვრავდნენ გამოეყენებინათ შეცინის მუხები, რომელიც, მათი აზრით, ღვინოს უკეთ ამჩნევდა კვალს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ჯიშის მუხა. ჰამბურგელი მოვაჭრეები ბორდოს ნებისმიერი ხარისხის მერქნით ამარაგებდნენ (ისეთის ჩათვლითაც კი, რაც პარკეტისთვის და ქალაქელთა ახალი ბინების შესაფიცრად იყო საჭირო), და უკანა რეისზე გამგზავრებულებს სიამოვნებით მიჰქონდათ თან ყავა და კლერეტი.

ყურძნის ციებ-ცხელება

1709 წელს ცივი ზამთრის გამო მთელ ქვეყანაში გაჩანაგდა ვენახები. მაშინ მარსელში ტემპერატურა 17Cº-მდე დაეცა. მეღვინეობაში ამ სამწუხარო ამბის კვალდაკვალ გამალებით შემოიჭრა კაპიტალიზმი და დარგმა სწრაფად იწყო განვითარება. ცნობილი "ვენახებზე გაგიჟება" ბორდოს ოდნავ უფრო ადრე ეწვია, ვიდრე ზემოაღწერილი "კოლონიური ციებ-ცხელება". ამ სიგიჟის საწყისად იქცა ჯერ კიდევ XVII საუკუნის დასასრულს პირველი Premier cru-ს გამოჩენა. ის ისეთი წარმატებული იყო, რომ ვერავინ გაუთანაბრდებოდა. ბორდოელებმა წინასწარ გამოისყიდეს მედოკის საუკეთესო ნაკვეთები, სადაც ნიადაგი განსაკუთრებით მსხვილი ხრეშით ხასიათდებოდა, ფლობდა ყველაზე საუკეთესო დრენაჟს და ყველაზე უკეთ ხურდებოდა. "მანტიის თავად-აზნაურთა" პერები და კომერსანტები გაემგზავრნენ მედოკის სიღრმეში და ხელში ჩაიგდეს ის მიწები, რომლებიც მკვიდრ ბორდოელებს ჯერ არ ჰქონდათ დაკავებული.

ერთ-ერთი პირველი მეღვინეთაგანი იყო ამბიციური ვაჭარი პიერ დე როზანი (Pierre de Rauzan), რომელიც 1679 წლიდან 1693 წლამდე შატო ლატურში (Latour) იყო მმართველი (ფრანგულად, ამ თანამდებობის განმარტება უკეთ გადმოსცემს მოვლენათა არსს - regisseur-ი: ის, ვინც ღვინოს "რეჟისორობს"). მან ისარგებლა თავისი მდგომარეობით და შეისყიდა გარშემო არსებული მთელი მიწები, რომელთა შესყიდვაც კი შეძლო. 1690 წელს ვენახებისთვის მას უკვე დაახლოებით 50 აკრი მიწა ჰქონდა (ჯერ გაუშენებელი), რომელიც მისი ქალიშვილის, ტერეზას გათხოვებასთან ერთად ლონგევილიოს სინიორის, ჟაკ ფრანსუა დე პიშონის (Pichon) ხელში გადავიდა, და უზარმაზარი მამულის პიშონ-ლონგევილის (Pichon-Longueville) საფუძველი გახდა. ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი პიჟასუ (Pijassou) თავის ფუნდამენტურ ნაშრომში მედოკის შესახებ იმაზე მიუთითებს, რომ "პიშონის ვენახი თავდაპირველად რამდენადმე უარესად იყო განლაგებული, ვიდრე Premier cru-ს ნაკვეთი ლატური: კენჭები აქ ცოტა უფრო წვრილია, ნიადაგი მეტწილად ქვიშიანია, კალთები უფრო დამრეცია და, ბოლოს, თავად ვენახი უფრო მცირეა ფართობით". ეს გამონათქვამი ნათლად გვიჩვენებს, რომ ბორდოელ ექსპერტებს, ახლაც, ისე როგორც ორი საუკუნის წინათ, არ სურთ დაეთანხმონ იმ აზრს, რომ პიშონის ღვინო ისეთივე კარგი შეიძლება იყოს, როგორც ლატურის Premier cru. თუმცა, პიშონის გარდა, დე როზანმა თავისი ძალისხმევა მედოკის სხვა ნაწილისკენაც მიმართა: შატო მარგოსთან მაქსიმალურად მიახლოების მიზნით, ის სულ ახალ-ახალ ნაკვეთებს ყიდულობდა და, ასე თანდათანობით მიიწევდა ჩრდილოეთისკენ. დე როზანის უზურპაცია იმით დასრულდა, რომ მან შეძლო ტერეზას ძმებისთვის დაახლოებით 60 აკრი ვენახი ეანდერძა. ერთმა კაცმა სათავე დაუდო ოთხ ახლანდელ "მეორე კრიუს" - deuxiémes crus-ს: შატო პიშონ-ლონგევილს (Pichon-Longueville), პიშონ-ლალანდს (Pichon-Lalande), როზან-გასიეს (Rauzan-Gassies), და როზან-სეგლას (Rauzan-Ségla).

XVII საუკუნის შუახანებში სხვა ვაჭარმა, მუსიე მუატიემ (Moytié), სწორედ ასევე დაიწყო მიწის პატარა ნაკვეთების თავმოყრა ლატურიდან სამხრეთით მდებარე ბორცვზე, ნაკადულის მეორე მხარეს, რომელიც სენტ-ჟიულენის სამწყსოს პოიაკისგან ყოფდა. მან ამ ხრეშიან "დიუნს" მონ-მუატიე უწოდა. ასი წლის შემდეგ ის საფრანგეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ, მუსიე ლეოვილმა (Léoville) შეიძინა. იმ დროისთვის ეს იყო მედოკში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვენახი. დღეს ის მფლობელთა სახელების შესაბამისად შემდეგ სამ ნაწილადაა გაყოფილი: შატო ლეოვილ-ლასკასი (Léoville-Las-Cases), ლეოვილ-ბარტონი (Léoville-Barton) და ლეოვილ-პუაფერი (Léoville-Poyferré).

სხვა ნაკვეთების რიცხვში, რომელთა შესახებ არსებული ჩანაწერებიც (ისინი XVIII საუკუნის პირველ ნახევარს განეკუთვნება) გვაწვდის ცნობებს მესაკუთრეებისა და მიწის მიახლოებითი ზომების შესახებ, შეიძლება გავიხსენოთ მარკიზ დე ბრაზიეს (Brazier) სამფლობელოები: მას ეკუთვნოდა შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრე ლამარკი და თავად მის მიერ 1757 წელს მდინარე სენტ-ჟიულიენზე აგებული შატო ბეიშველი (Beychevelle) - მედოკის უდავოდ ყველაზე მონუმენტალური და დახვეწილი მამული. ის აგრეთვე ფლობდა პუჟოს (Poujaux) - მამულს მულიში, სულ კი მას 150 აკრი ვენახი ჰქონდა.

კიდევ ერთ მედოკელ კონკისტადორს, ადვოკატ დე გორსს (Gorsse), პრობლემები ჰქონდა მართლწერაში (თავისი პირველი მამული დოკუმენტებში მან დააფიქსირა როგორც Château de Gorce), სამაგიეროდ, საკმაო ფხა ჰქონდა იმისთვის, რომ ახლანდელ აპელასიონ მარგოს ჩრდილოეთით შეესყიდა მთელი რიგი პატარ-პატარა ნაკვეთები. ნაწილობრივ მის სახელს უკავშირდება შატო ბრან-კონტენას (Brane-Cantenac) "კარიერული" ზრდის დასაწყისი, რომელიც 1855 წელს 2-éme grand cru-ს მიაკუთვნეს. მეორე ფხიანმა იურისტმა, დე მალესკომ (Malesco), რომელიც პარლამენტში მრჩეველის თანამდებობაზე მსახურობდა, მარგოში ერთბაშად 60 აკრი მიწა შეიძინა, მაშინ როდესაც მის კოლეგას, მრჩეველ დე კასტელნოს (Castelno) თვალი ეჭირა მშვენიერ, შუასაუკუნეების თხრილით გარშემორტყმულ 20 აკრიან შატო დ’ისანზე (d’Issan), რომელიც, სხვათა შორის, როგორც მემატიანე მოწმობს, ჯერ კიდევ 1723 წელს გავიდა ბრიტანულ ბაზარზე - ეს იყო იმ მამულთაგან პირველი, რომლებიც 1855 წლის კლასიფიკაციით ვერ მოხვდნენ Premier Grand cru-ს კოჰორტაში.

მემკვიდრეობა თუ გარემო?

ცნობილი ეკონომისტი, თანამედროვე კაპიტალიზმის ბურჯი ადამ სმიტი ბორდოს ღვინის დიდი მცოდნე გახლდათ. მრავალი ნუვორიშისგან - მედოკში მამულების მფლობელებისგან განსხვავებით, მან სერიოზულად დასვა კითხვა, თუ რატომაა ზოგიერთი ვენახი სხვებზე უკეთესი და ღირებული და, საინტერესო დასკვნამდე მივიდა: "ვაზზე, ყველაზე მეტად, ვიდრე ნაყოფის მომცემ რომელიმე სხვა მცენარეზე, გავლენას ახდენს ნიადაგის ხარისხი. ზოგიერთი ტიპის ნიადაგი ყურძენს ისეთ გემოს აძლევს, რომლის უზრუნველყოფაც, რაც უნდა გულმოდგინედ მოვუაროთ და დავამუშაოთ იგი, შეუძლებელი იქნებოდა. ეს ნამდვილი თუ წარმოსახვითი გემო, ზოგჯერ სულ რამდენიმე ვენახისთვისაა დამახასიათებელი, ზოგჯერ ვრცელდება მხარის დიდ ნაწილზე, ზოგჯერ კი პროვინციის მთელ არსებულ ფართობზე.

დღეს ჩვენ მშვენივრად ვიცით, რომ ბურგუნდიული Cote d’Or-ი შეიძლება პირველის, ადამ-სმიტისეული ტიპის მაგალითად გამოდგეს, მაშინ როდესაც, ბორდო უკანასკნელთან უფრო ახლოსაა.

ანტიმონოპოლია

ყველა ამ შედარებით მცირე ნაკვეთის ხსენება, მართალია, თავისთავად არ ტოვებს "ვენახებზე გაგიჟების" შთაბეჭდილებას, მაგრამ ჩვენ ხომ ჯერჯერობით მხოლოდ მედოკის შესახებ ვსაუბრობთ და არც ამ მხარის შესახებ ვამბობთ ყველაფერს. იმ დროში, როგორც ჩანს, ბორდოს გარშემო მდებარე ყველა დანარჩენ რაიონში, რომელთაც ადრე არანაირი შეხება არ ჰქონდა ვენახთან და მეღვინეობასთან, მიწა ინტენსიურად იყოფოდა. 1744 წელს ინტენდანტის წარმომადგენელმა დაახლოებით გამოითვალა, რომ "ბორდოს ოლქის ნახევარი უკვე" გაშენებულია ვენახებით, რომელთა 9/10 თავად ქალაქელ მდიდარ ბურჟუებსა და არისტოკრატებს ეკუთვნოდა. ამ დროისთვის ხელისუფლება უკვე მთელი 50 წლის განმავლობაში (1690 წლიდან) შეშფოთებული იყო იმით, რომ ვენახების ზრდის გამო მცირდებოდა ხორბლის წარმოება. სიტყვა "fureur de planter" ("ყურძნის ციებ-ცხელება") 1724 წლის დასაწყისში უკუგდებულ იქნა ინტენდანტ ბუშეს მიერ: "ბორდოს გარშემო ათ ლიეზე არაფერი იზრდება ყურძნის გარდა. იმავე მანიამ მოიცვა პროვინციის დანარჩენი ნაწილიც". სხვა მხრივ, ინტენდანტების ხელისუფლება უკვე მაშინ აცნობიერებდა ახალ ნარგავთაგან რამდენიმეს მნიშვნელობას: "ცივი 1709 წლის შემდეგ დარგული ყველა ვაზი, გარდა იმ ვაზებისა, რომლებიც მედოკის, გრავ ბორდოსა და კოტის ხრეშიან ნიადაგებზე გამოჩნდა, უნდა გაიკაჭოს", - დაადგინა ბუშემ. 1720-იან წლებში, საფრანგეთი, ჩანს, ღვინოზე შეიშალა: ფასები დაეცა, "უბრალო ხალხი" მთელ თავისუფალ დროს ბარ-რესტორნებში ატარებდა, სადაც ღვინო ტოლჩებით ისმებოდა. კიდევ ერთი დადასტურება იმისა, რომ პარიზი ღვინის სიჭარბეს სახელმწიფოსთვის პრობლემად მიიჩნევდა, 1731 წელს გამოცემული მეფის ბრძანებაა, რომელიც საფრანგეთში მეფის განსაკუთრებული ნებართვის გარეშე კრძალავდა ვენახის გაშენებას. ინგლისელი ფილოსოფოსი და ეკონომისტი ადამ სმიტი, "ხალხების სიმდიდრის შესახებ მსჯელობაში" წერდა: "ამ ბრძანების საბაბად ხორბლისა და საძოვრების უკმარისობა და ღვინის სიჭარბე გამოიყენეს, მაშინ როდესაც ნამდვილი მიზეზი მდგომარეობდა "ძველი ვენახების მფლობელთა სურვილში, ხელი შეეშლათ ახლის დარგვისთვის".

აკრძალვის მოწინააღმდეგეებს, ყოველ შემთხვევაში ბორდოელებს, ჰყავდათ თავიანთი ინტერესების მჭევრმეტყველურად გამომხატველი შარლ დე სეკონდი (de Sekonde), ბარონ დე მონტესკიე, ბორდოდან სამხრეთით მდებარე შუასაუკუნეების დიდებული ციხე-დარბაზის, ლა ბრედის (La Bréde) მემკვიდრე. მან დაწერა წიგნი "სპარსული წერილები", რომელიც წარმოსახვითი სპარსი-მოგზაურის შენიშვნების ფორმით გამოხატავდა მის ლიბერალურ პოლიტიკურ შეხედულებებს ფრანგული შთაბეჭდილებების შესახებ. მონტესკიეს სახელმა მთელ ქვეყანაში დაიქუხა. თავისი წიგნით, რომელშიც ბაზრების სიძლიერისა და ვაჭრობის თავისუფლების დამცველად გამოდიოდა, მან გამოწვევა ესროლა ბუშეს. ის წერდა, რომ 24 აკრი მიწა (მაგალითად, ო-ბრიონთან ახლოს) შეგიძლია 60 ლივრად იყიდო, აქციო ვენახად და შემდეგ 400 ათასად გაყიდო (საერთოდაც, იმ მომენტისთვის მას უკვე 3500 აკრი მიწა ჰქონდა). რატომ უნდა შევუშალოთ ხელი ახალი ვენახების გაშენებას, რომლებიც ამდენ უცხოურ კაპიტალს იზიდავს? რატომ უნდა ვთქვათ მასზე უარი, და რატომ მივცეთ პორტუგალიას ამით სარგებლობის შესაძლებლობა?

როგორც აღმოჩნდა, ბუშეს მისმა საკუთარმა მოადგილეებმაც კი არ დაუჭირეს მხარი: მუსიე პონტემ (Pontet), მაგალითად, სენტ-ჟიულენში მშვენიერი შატო ააშენა, რომელიც დღეს ლანგოას (Langoa) სახელს ატარებს. კორუმპირებული ჩინოვნიკები ბუშეს ბრძანებების გვერდის ავლით ყიდდნენ ახალი ვაზის ჩაყრის უფლებას. ბუშეს ბრძანება რამდენჯერმე განაახლეს, მაგრამ უკვე მისი მემკვიდრის, ინტენდანტ ტურნის დროს, რომელიც ისევ ყურძნის ნებისმიერ ადგილას დარგვის შესახებ შეუპოვარ სურვილს დაუპირისპირდა. ხელისუფლებამ ყველაფერზე ხელი ჩაიქნია: ჯანდაბას, დარგონ!

მხოლოდ კუპაჟი

1760-იან წლებში მეღვინეობის ტექნოლოგიებმა, ყოველ შემთხვევაში, ახალ ვენახებში, ერთ საერთო მნიშვნელამდე მისვლა იწყო. ჯონსტონების (Johnston) შოტლანდიური საგვარეულო ბორდოში 1734 წელს დასახლდა და, როგორც ნეგოციანტებმა, წარმატებებს მიაღწია (მოგვიანებით, ისინი შატოს მფლობელები გახდნენ და დღესაც ასეთივე წარმატებით მისდევენ ღვინის ბროკერობას). 1765 წლით დათარიღებული ჩანაწერების წიგნში აღწერილია მეთოდები, რომლებსაც იყენებდნენ ჯონსტონები ვინტაჟების ხარისხისა და მათი განმასხვავებელი თავისებურებების განსაზღვრის, ასევე შესყიდვისა და გადატვირთვების მომენტის შერჩევისთვის. საინტერესოა, რომ მისტერ ჯონსტონი ზურგს არ აქცევდა "გლეხურ" ღვინოებს, თუკი მათი გლეხური მეთოდებისგან დაზღვევა შეეძლო. ჯონსტონმა ასევე ნათლად აღწერა ბორდოდან მედოკის გავლით გზის მშენებლობის წინააღმდეგ მსხვილი მიწათმფლობელების მძაფრი პროტესტი. მათ არ უნდოდათ, რომ ნეგოციანტელებს აღმოეჩინათ წვრილი მწარმოებლების ღვინო, რომლის შესყიდვასაც საკუთარი კასრების შესავსებად იაფად ამჯობინებდნენ. ბურჟუა-მეღვინეები თავიანთ ბადეში აბამდნენ "გლეხებს", რომელთაც ერთ-ორ კასრიანი ნავებით ჟირონდისკენ ჰქონდათ კურსი აღებული; ისინი სიხარულით ხვდებოდნენ ერთ ცხენით მოვაჭრეს ან შუამავალს, მაგრამ არა ნეგოციანტების ოთხთვალას, რომელიც სკრუპულოზურად უვლიდა გარს რაიონის მთელ ღვინის მარნებს.

ბერლონი მარგოდან

შეგვიძლია გავიხსენოთ ცნობილი მმართველი უფრო ადრეული ეპოქიდან: XVIII საუკუნის პირველ წლებში შატო მარგოს regisseur-ი სახელად ბერლონი (Berlon). მისი ტექნოლოგიის საიდუმლოებები მისი სიკვდილის შემდეგ ჩაიწერეს: შატო მარგოში თეთრი ღვინოები ("ძირითადად სოვინიონი") წითლებისგან განცალკევებით და მათ შემდეგ კეთდებოდა, შემდეგ კი ურევდნენ ასეთი პროპორციით: ერთ ჩან (რომელიც 28 ხელკასრს უდრიდა) წითელ ღვინოზე 3 ხელკასრ თეთრს. ბერლონი თეთრ ღვინოს ნამიანი დილით კრეფდა, მაგრამ წითლის დაკრეფას მანამდე არ იწყებდა, სანამ მზეზე კარგად არ შეშრებოდა.

ფერმენტაციის პროვოცირების მოხდენის მიზნით, ყოველ ჩანს pied de cuve-თი, ძალიან მწიფე ყურძნით იწყებდნენ. იწარმოებოდა ოთხი სახეობის ღვინო: Grand Vin-ი, მეორე ღვინო, მუშებისთვის განკუთვნილი ღვინო და Vin de Provision-ი მფლობელის პირადი მოხმარებისთვის, ვისი საყვარელი ღვინოც, ვენახის ორ საუკეთესო კუთხის წითელ და ვარდისფერ ღვინოებს შორის, რაღაც შუალედურს წარმოადგენდა.

ჯონსტონის დეგუსტაციური შენიშვნები გვიჩვენებს, თუ რა სჭირდებოდა მას. სისრულე, არომატი, კარგი ფერი, გემოს სისუფთავე და დამპალი ან მოუმწიფებელი ელფერის არქონა. ის გვაძლევს მკაფიო ინსტრუქციებს იმის შესახებ, რომ აუცილებელია ყოველი კასრის საცობის დაყნოსვა, რათა მხედველობიდან არ გამოგვრჩეს თითოეული მინიშნება გაფუჭებაზე; მან პირველმა აღწერა კასრების დეზინფექციისთვის ჰოლანდიური ასანთის (გოგირდის) გამოყენების მეთოდი და მოგვცა რჩევა გადაწურვის დროს ღვინის ჰაერთან კონტაქტის თავიდან აცილების საჭიროების შესახებ. ის აგრეთვე აღწერს იმას, რასაც მოგვიანებით "travail a l’anglaise" ("ინგლისური მეთოდი") ეწოდა: ეს მეთოდი მდგომარეობს მყიდველთა გემოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამჭვირვალე, ნათელი ღვინოების მუქ, უფრო სხეულიან ღვინოებთან შერევაში.

აქ თავს იჩენს გარკვეული წინააღმდეგობა. ერთი მხრივ, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ Premier cru-ს მფლობელები და მათი მიმბაძველები, ტექნოლოგიების დახვეწითა და ვენახის განვითარებაში ფულის დაბანდებით მთელ ძალისხმევას ახმარდნენ საუკეთესო ღვინის შექმნას. მათი გამოცდილება - ან მათი მმართველების გამოცდილება - განუხრელად იზრდებოდა. ლაფიტის, ლატურისა და შატო მარგოს მმართველებმა ზედმიწევნით იცოდნენ ყოველი მცირე ზომის მიწის ნაკვეთის უპირატესობა და ნაკლი, და საწრეტებსაც არჩევდნენ, რამდენადაც, თვით ქვიან ფერდობებზეც კი აუცილებელი იყო წყლის მიგდება. მათ აღიარეს, რომ აუცილებელი იყო ნიადაგის გაუმჯობესება და მოსახლეობის უკიდურესი უკმაყოფილების მიუხედავად, ამისთვის სათემო მიწებს მასობრივად ააცალეს ზედა ნაყოფიერი ფენა. ისინი ცდილობდნენ როგორც შეეძლოთ და ამის გამო, მშობლიურ ბორდოში მათ კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ.

მეორე მხრივ, ვაჭრები, რომლებიც ყიდულობდნენ და ყიდდნენ მათ ღვინოს, მისგან მაგარ ნარევს აკეთებდნენ, რომელიც მთლიანად ცვლიდა ღვინის ბუნებას. ჯონსტონის რეცეპტი შეიცავდა მაგარ ესპანურ წითელ ღვინოებს, Alikante-ს ან Benikarlo-ს, ზოგჯერ Rivesaltes-ს მიდიდან, ხშირად მდინარის გაღმა მდებარე პალიუსური (ქვიშიანი სანაპირო) ნიადაგების მუქ ღვინოებს, დროგამოშვებით კაორს ან ერმიტაჟს - და მათ უბრალოდ კი არ ურევდნენ ლაფიტთან ან ლატურთან, არამედ თავიდან აიძულებდნენ ერთად ფერმენტირებას. ფერმენტაციისთვის ღვინოში ასხამდნენ "მუსტს" (წვენს, რომელსაც ფერმენტაციის დაწყებაში ხელს უშლიდნენ გოგირდის ან აქვავიტის მეშვეობით). ამგვარად, ის, რაც XVIII საუკუნის შუა ხანებში ძალიან მაღალ ფასად იყიდებოდა, ისე როგორც კლარეტ Premier cru, ხშირად მაცოცხლებელი ნაყენი იყო და მეტი არაფერი, რომლის შემადგენლის ერთ მესამედამდე სხვა პროვინციიდან ან სხვა ქვეყნიდანაც კი მოდიოდა.

იმის დასტურად, რომ მევენახეებმა გააკეთეს ყველაფერი, რაც მათზე იყო დამოკიდებული, გამოდგება ის ფაქტი, რომ მოსავლის მნიშვნელოვანი წილისთვის "მეორე ღვინის" კვალიფიკაციის მიცემით ისინი რეგულარულად იღებდნენ მსხვერპლად თავიანთი პოტენციური შემოსავლის არსებით ნაწილს. ამჟამად გავრცელებულია შეხედულება, რომ შატოს "მთავარი ღვინის", როგორც პროდუქციის საუკეთესო ნიმუშის და "მეორე ღვინის" ცნება, რომელიც "მთავარის" ნახევარ ფასად ან კიდევ უფრო იაფად იყიდება, - არცთუ შორეული გამოგონებაა, რამდენადაც, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში ეს კონცეფცია კვლავ შემოვიდა მოდაში. სინამდვილეში, Premier cru-სთვის ეს თავიდანვე ჩვეულებრივი პრაქტიკა იყო - რასაც თავისი სერიოზული მიზეზები ჰქონდა. მოსავალი მაშინ უკიდურესად არამდგრადი იყო როგორც ხარისხით, ისე რაოდენობით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა მოგეხერხებინა დამპალი ყურძნისთვის, მისი ხელით გადარჩევა და გადაყრა იყო. ვენახებში ჯიშების სიუხვე, რომელთა შორის თეთრიც გვხვდებოდა, ხარისხიანი ღვინისთვის სასარგებლო არ აღმოჩნდა. თვით "ახალი ფრანგული კლერეტიც" კი, მართალია შეიცვალა, მაგრამ გარკვეულწილად ისევ კლერეტი იყო ამ სიტყვის ძველი მნიშვნელობით: ის შეიცავდა ნაადრევად მოკრეფილ (როგორც წესი სექტემბერში) თეთრ ყურძენს და მოკლე, მაქსიმუმ ერთ კვირაგამოვლილ ფერმენტაციას და, იშვიათად, რომ მოეცა ღრმად შეღებილი ან სხეულიანი ღვინო. შატო ლაფიტის სიმაგრე, ჩვეულებრივ, 9-10 გრადუსი იყო და არა 12, როგორც ახლაა. საკუთრივ ამის გამო ერთვებოდნენ შარტრონელი ვაჭრები პროცესში, რათა თავიანთი მყიდველებისთვის - განსაკუთრებით მომთხოვნი ინგლისელებისთვის, რაღაც უფრო სრულწონიანი, იმ დროში მოდურ პორტვეინთან უფრო ახლოს მდგომი, მაგრამ მაინც ბორდოს არომატშენარჩუნებული ღვინო მიეცათ.

მარტო დიდი ფრანგული რევოლუციისა და ნაპოლეონის ომების დროს, ისეთმა მმართველებმა, როგორიც იყო დომანჟე (Domenger), რომელიც მთელი ამ მღელვარე პერიოდის განმავლობაში არ გასცდენია ლაფიტისა და ლატურის საზღვრებს, მემკვიდრეებთან ერთად, ლაფიტში (გუდალთან) და ლატურში (პუატევენთან და ლაფორტთან) ვენახებსა და ღვინოზე მთელი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.

ლამოტი იყო გემის კაპიტანი და ოკეანეებს სერავდა მანამ, სანამ 53 წლის ასაკში ბორდოში არ დამკვიდრდა და მთელი თავისი ძალები ლატურის მმართველობისკენ არ მიმართა. მისი წინამორბედები თეთრ ღვინოს წვეთ-წვეთობით იშორებდნენ თავიდან. ლამოტი გაცილებით შორს წავიდა. მან მიაგნო თეთრი ჯიშებისთვის თავის გადაჭრისა და მათზე წითლის დამყნობის მეთოდს, და შემონახული დოკუმენტების თანახმად, ის აგრეთვე პირველი იყო მედოკში, ვინც კაბერნეს საუკეთესო ჯიში უწოდა და მისი მასობრივი დარგვა დაიწყო. "ყველა კაბერნე, რომელიც საუკეთესო ჯიშია, მთავარ ღვინოს მოვანდომე", - წერდა თავის მოქირავნეს. ის ასევე აღნიშნავდა (თუმცა, შესაძლოა პირველი არ იყო ვინც ამას აკეთებდა), რომ ძველი ვაზი საუკეთესო ღვინოს იძლეოდა.

ჯიშური ქაოსი

უცნაურია, რომ XVIII საუკუნის მეორე ნახევარში ბორდოში ყურძნის ჯიშებს თითქმის არ ანიჭებდნენ მნიშვნელობას. ყველაზე ძველ ვენახებში ჯიშების გამოთვლა ხდებოდა დუჟინობით. 1796 წელს კადიიაკში ღრმად განსწავლულმა აბატმა ბელემ (Bellet) გამოითვალა 18 შავი და 20 თეთრი ჯიში. ამასთან, მაგალითად, ჰოლანდიელები, თავიანთი ახალ ნარგავებისთვის პალიუსურ ნიადაგებზე, გულდასმით არჩევდნენ მხოლოდ პტი ვერდოს. რამდენადაც მედოკში ვენახები გვიან გაჩნდა, მათი რეპერტუარი საკმაოდ შეზღუდული იყო და შედგებოდა დაახლოებით ოთხამდე შავი და ოთხამდე თეთრი ჯიშისაგან. მათ შორის იყო გრანი და პტი ვიდიური, ესე იგი კარმენერი და კაბერნე (სახელწოდება ვიდიური მომდინარეობს სიტყვებიდან "vigne dure" რაც "მაგარ ვაზს" ნიშნავს: კაბერნეს ძალიან მაგარი მერქანი აქვს). ლაფიტში ძირითადად მალბეკი (ან ნუარ დე პრესაკი) და ვერდო იყო ჩაყრილი, მაგრამ იქ იყო მცირე რაოდენობით ვაზი რონაზე მდებარე ერმიტაჟიდან, სავარაუდოდ პტი სირა. ლატურში ძირითადად ხარობდა მალბეკი და კაბერნე. მედოკში მერლოს არსებობის შესახებ არსად არის მოხსენიებული - ყოველ შემთხვევაში ცნობადი სახელწოდებით. ძალიან ცოტა იყო კაბერნე ფრანი ან ბუშე.

საფრანგეთში მხოლოდ 1780-იან წლებში დაედო სათავე ყურძნის ჯიშების განხილვის საქმეს, როდესაც "მიწათმოქმედების უნივერსალური ლექსიკონის" ავტორმა, მკვლევარმა აბატმა როზიემ, პირველმა დაიწყო საცდელი დარგვები ლანგედოკში ბეზიესთან ახლოს. "გაბედული" პროექტის ფინანსირების შესაძლებლობები ამოიწურა, მაგრამ საბედნიეროდ, აბატის იდეა აიტაცა ბორდოს ახალმა ინტენდანტმა დიუპრე დე სენ-მორმა. სენ-მორი მისთვის ნიმუშების შეგროვების მიზნით, კვლევაში სხვა პროვინციების ინტენდანტების ჩართვასაც შეეცადა.

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.