Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბოთლიდან კოსმოსამდე

მუხა და პიერ პერინიონის ალღო

ავთანდილ გურასაშვილი

ლისაბონში ერთ-ერთ ფურშეტზე ტრადიციისამებრ პორტუგალიური ღვინის ბოთლები გახსნეს, საცობები გადაყარეს, ჭიქები კი ღვთაებრივი სასმელით შეავსეს... იქაურმა კოლეგამ მეღვინეობისადმი ცნობისმოყვარეობა რომ შემატყო, შემომთავაზა, ხვალ დილით ალენტეჟუში მივემგზავრები. ალენტეჟუ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მეღვინეობის რეგიონია. თუ გაინტერესებს, გამომყევი, იქაურობას დაგათვალიერებინებ. იქვე საღამოს კორიდაც ეწყობა. ვიცი, ესეც დაგაინტერესებს, მერე კი ლისაბონშიც დავბრუნდებითო.

ასეთ სიურპრიზზე უარს როგორ ვიტყოდი და მეც დიდი თავპატიჟი არ დამიწყია.

ჩვენი გზა მეტად თვალწარმტაც ადგილებზე გადიოდა. ერთგან გზა ტყისპირსაც გაუყვა და ჩემთვის მეტად უცნაური სურათი ვიხილე, რამაც გული შემიკუმშა. ვხედავდი ულამაზეს, ამწვანებულ ხეებს, ტოტები ძალზე ლამაზად, მოხდენილად და დეკორაციულად რომ გაეშალათ, მაგრამ ისინი ძირიდან იმ ტოტების დასაწყისამდე მთლად ქერქგაცლილი, გატყავებული, გაყვლეფილი და გასვლეპილი იყო.

რა უბედურებაა, ვინ ყოფილან ეს პორტუგალიელები, რას ერჩიან ამ ხეებს და გასახმობად რატომ იმეტებენ-მეთქი", - ეს ჩემთვის გავიფიქრე კოლეგას კი ვუთხარი, მსგავსი ეშმაკობა ჩვენთანაც იციან. ხის მოჭრის ნებას რომ არ იძლევიან, მიადგებიან, ქერქს აცლიან და ამგვარად ახმობენ, მაგრამ ასე მასობრივად ტყის გაუბედურებას ვერ ბედავენ. ერთი ხის გატყავებაზეც რომ წაასწრონ, სასჯელი არ ასცდებათ-მეთქი.

ამაზე ჩემს კოლეგას გაეცინა.

- ეს მუხის ხეებია, –მეუბნება ჩემი მასპინძელი. –მისი ქერქისგან გადამუშავების მერე ღვინის, შამპანურის, კონიაკის ბოთლების საცობებს და კიდევ ათას რამეს ამზადებენ, მაგრამ ამით ეს ხე არ ხმება, კვლავ ქერქით იმოსება და ასე გრძელდება 150-200 წელიწადს მანამ, სანამ ბუნებრივად არ მოკვდება. ეს მუხის ხეები ჩვენი სიმდიდრე და სიამაყეა. მათ კანონი იცავთ. პირველად ჯერ კიდევ XIV საუკუნეში შემოიღეს ასეთი კანონი. XX საუკუნის დასაწყისიდან უკანონოდ ითვლება მუხის მოჭრა. გამონაკლისი მხოლოდ დაავადებული ხეა. ბოლო დროსაც მიიღეს კიდევ ერთი შესაბამისი კანონი მუხის ხის დასაცავად, რომელიც მის უნებართვო ექსპლოატაციას და ქერქის შემოცლას ეხება. ამ კანონის თანახმად, ერთი ხის განადგურება 75-ათასიანი ევროს ჯარიმით ისჯება.

კოლეგის ნაამბობმა მთელ მსოფლიოში სახელგანთქმული იქაური მუხებისა და ღვინის ბოთლების საცობთა საინტერესო ამბები გამახსენა. ამ ყოველივეზე მერეც ბევრი რამ შევიტყვე, მაგრამ სულაც რომ არაფერი ვიცოდე, ამაში საკვირველი რა უნდა იყოს. აბა, რომელი ბოტანიკოსი ან საცობთა დამზადების სპეციალისტი მე ვარ. აი, პორტუგალიელ მწვანეთა მოძრაობის წარმომადგენლებისა კი გამკვირვებია. შარშან დიდი ხმაური და ვაიუშველებელი ატეხეს, არიქა, ხალხო, ეს მამაძაღლი მეღვინეები ბოთლის საცობად ამ ჩვენი ულამაზესი მუხის ხეების ქერქს რომ იყენებენ, ამით ბუნებას ანადგურებენო. თან მეცნიერულად "ასაბუთებდნენ", ქერქი ეს ხის მკვდარი ქსოვილია. მისი შემოცლით მუხა ბუნებრივ თბოიზოლაციას კარგავს და ხმებაო.

რაღა თქმა უნდა, მუხის ხის ქერქისგან დამზადებულ საცობებს დამცველები უმალ გამოუჩნდნენ და სოციოლოგიური გამოკვლევაც ჩაატარეს. გამოირკვა, რომ გამოკითხულთა 58 პროცენტს განუცხადებია, მე ღვინოს, შამპანურს თუ კონიაკს მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივი საცობით დაბეჭდილი ბოთლებით შევიძენ, რადგან ასეთი ნატურალური საცობი ამ ღვთაებრივ სასმელზე დადებითად მოქმედებსო. ამასთან, ამგვარ საცობთა ქომაგებს მეასედ და მეათასედ მოუწიათ იმის განმარტება, რომ ნატურალური საცობი გამოყენების მერე სადაც არ უნდა მოხვდეს, ბუნებას არანაირად არ ავნებსო. იმ ვაიპატრიოტ მწვანეებს ისიც შეახსენეს, რომ მუხას ქერქს პირველად მაშინ აცლიან, როცა იგი 25 წლის გახდება. ამ პირველ ქერქს "ქალწულებრივს" უწოდებენ და მას მხოლოდ სამშენებლო ინდუსტრიაში იყენებენ, რადგან სასაცობე მასალად ჯერ კიდევ მოუმწიფებელია. 9-10 წლის მერე მუხა თავისი უნიკალური თვისებების წყალობით კვლავ ქერქით რომ შეიმოსება, მას ისევ ფრთხილად შემოაცლიან. ამგვარი ციკლი ათ წელიწადში ერთხელ ისევ და ისევ გამეორდება, მუხის ხის ფოთლები კი მსგავსი ზემოქმედების მიუხედავად, ჩვეულებისამებრ 200-250 წელიწადს იშრიალებენ, თვალსაც გაახარებენ, გულსაც და პრაქტიკულ სარგებელსაც უხვად მოიტანენ.

მუხა, რა თქმა უნდა, მრავალ ქვეყანაში ხარობს, მაგრამ ისეთი ხარისხის ქერქს, როგორიც ბოთლის საცობად გამოდგება, ყველა არ იძლევა. ამ საქმისთვის ხარისხიანი, მარადმწვანე მუხა ძირითადად გვხვდება ხმელთაშუაზღვის დასავლეთ სანაპიროების ორთავ, ევროპულ და აფრიკულ მხარეს, სადაც მისი გახარებისთვის ბუნებას უზრუნია და შესაბამისი იდეალური პირობები შეუქმნია. ეს ქვეყნებია: ალჟირი, მაროკო, ტუნისი, პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი და იტალია. სასაცობედ ვარგისი ქერქი აქვს იაპონურ და ამერიკულ მუხასაც, თუმცა ხმელთაშუაზღვის ქვეყნებისას მაინც ჩამორჩება. ამათგან ყოველმხრივ ლიდერია პორტუგალია, რომელსაც სასაცობე ქერქის მქონე მუხის სამშობლოს უწოდებენ. ევროპის ამ ნაბოლარა ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მუხათა პლანტაციის საერთო ფართობის 33 პროცენტია თავმოყრილი (რაც თავისთავად ძალზე დიდი მაჩვენებელია), მაგრამ საცობის წარმოების ხარისხით და რაოდენობით პორტუგალია ლიდერობს. ეს ქვეყანა მსოფლიოში დამზადებულ ამგვარ საცობთა 50 პროცენტზე მეტს აწარმოებს. საამისოდ აქ 670 000 ჰექტარზე გაშენებული მუხისგან წელიწადში საშუალოდ 170 000 ტონა ნედლეულს ღებულობენ. ყველაზე მეტ ქერქს 80 წლის მუხა იძლევა, რაც 200 კილოგრამამდე აღწევს, სულ კი ერთი ხე 16 მოსავლით ახარებს მისი პატრონის გულს.

მუხის ხის ქერქს თავდაპირველად ფინიკიაში, ძველ საბერძნეთსა და რომში ღვინითა და ზეთით სავსე ამფორების დასახუფად იყენებდნენ. მისგან ამზადებდნენ სათევზაო ტივტივებს, სანდლებს, სახლების სახურავებს...

დღეს არავინ იცის, თუ პირველად ვის მოუვიდა აზრად მუხის ქერქისგან საცობის დამზადება, თუმცა არსებობს საინტერესო მითები და ლეგენდები. მაგალითად, ძველბერძნული მითის თანახმად, ამ საქმეში უმაღლეს დონეზე ყოფილა დაოსტატებული ოინბაზობით განთქმული, მგზავრთა, ვაჭართა და ქურდთა მფარველი ჰერმესი. მის მიერ მოხუფული ჭურჭლიდან მრავალი წლის განმავლობაში წვეთიც არ იღვრებოდა. ამიტომაცაა, რომ სიტყვა ჰერმეტული მისი სახელიდან მომდინარეობს და კარგად დახუფულ ჭურჭელზე იტყვიან (მიუხედავად იმისა, რომ ამ ტერმინის ფესვებს ცოტა უფრო შორსაც მივყავართ).

მითები მითებად, მაგრამ მუხის ხის ქერქისგან დამზადებული საცობები მას მერე, რაც იბერიის ნახევარკუნძული მუსლიმანმა მავრებმა დაიპყრეს, საფუძვლიანად დაივიწყეს. დაივიწყეს და საუკუნეების განმავლობაში აღარ გახსენებიათ. ასე გაგრძელდა XVII საუკუნემდე, მანამ შუშის ბოთლებს ფართო გაქანება არ მიეცემოდა.

აქ კი უნდა გავიხსენოთ ერთი ლეგენდაც: ოტვილის მონასტერს, რომელიც საფრანგეთში, სახელგანთქმულ შამპანის მახლობლად მდებარე პატარა ქალაქ ეპერნეში მდებარეობს, ერთი ესპანელი ბერი ეწვია. მანამ უცხოელი ვახშმობდა, მასპინძელმა ბერმა პიერ პერინიონმა, რომელიც მონასტრის მეურნეობასაც უძღვებოდა და უებრო მეღვინეც ყოფილა, რატომღაც სტუმრის ჩანთა გაჩხრიკა. პერინიონმა სწორედ იქ აღმოაჩინა მუხის ხის ქერქისგან დამზადებული საცობი. ეს საცობი, რაღა თქმა უნდა, უბრალო, პრიმიტიული და დაუმუშავებელი იყო, მაგრამ მასპინძლის თვალი და ხელი უმალ მიხვდა მის თვისებებს, რაც ღვინის ბოთლის დასალუქად შეუცვლელი რამ უნდა ყოფილიყო.

ეს ამბავი 1680 წელს მოხდა, პიერ პერინიონის ალღო და ვარაუდი კი გამართლდა. გამართლდა და მერე როგორ, თუმცა ეს ალღოიანი კაცი ალბათ ვერც წარმოიდგენდა, თუ მეღვინეობის გარდა როგორი მომავალი ელოდა მუხის ქერქს.

ახლა მუხის ხის ქერქისგან ამზადებენ ჩანთასაც, ფეხსაცმელსაც, ქოლგასაც და ჰალსტუხებსაც კი. იყენებენ ავტომობილების ძრავის დასამზადებლად, აეროდრომების მოსაწყობადაც. მუხის ქერქი თავისი სიმსუბუქის, თბოიზოლაციის, ცეცხლგამძლეობის, სასიამოვნო ფაქტურისა და სხვა თვისებების გამო შეუცვლელი სამშენებლო მასალაა, რომელიც არც ნესტს იკარებს, არც მტვერს და არც მღრღნელებს. ამიტომ მას ფართოდ იყენებენ ინტერიერის გასაფორმებლად და იატაკის მოსაწყობადაც. ამასთან, მუხის ქერქი ანტიალერგიულია, ანტისეპტიკურიც... იგი საუკეთესო საშუალებაა მავნე გეო და ტექნოპათონოგენური ზონების თუ ელექტრომაგნიტური გამოსხივებისგან საიზოლაციოდაც. იგი მნიშვნელოვნად ამცირებს რადიოაქტიურ გამოსხივებასაც, ამ ყოველივეს გამო კი მას თვითმფრინავებისა და კოსმოსური ხომალდების მშენებლობაშიც იყენებენ.

რომ არა XIX საუკუნის ამერიკელი მეწარმის ჯონ სმიტის მიერ გრანულირების მეთოდის შემუშავება, რომელიც მუხის ხის ქერქისგან მიღებული საცობების ნაფხვენიდან ფილების, ანუ აგლომერატის დამზადების საშუალებას იძლევა, იქნებ საქმე კოსმოსამდე არც წასულიყო.

ახლა კოსმოსიდან კვლავ დედამიწაზე დავეშვათ და საცობს დავუბრუნდეთ.

ყველა მეღვინემ იცის, რომ კარგი ღვინით სავსე ბოთლი კარგი საცობით უნდა დაიხუროს. ამ მხრივ საინტერესოა მთელ ესპანეთში განთქმული საცობის დამამზადებელი ფაბრიკა "კორტასანსას" მმართველ ნოემი ფერნანდესის სიტყვები:

"მე თუ ბოთლის ღვინოს ვხსნი, მის ხარისხზე საცობის მიხედვით ვმსჯელობ. თუ გრძელი და მაღალხარისხიანი საცობითაა დალუქული, ესე იგი თქვენს ხელთ ასევე მაღალხარისხოვანი ღვინოა. ცუდ ღვინოს ძვირფასი საცობით უბრალოდ არავინ დალუქავს".

ფერნანდესის თანამემამულე სომელიე დავიდ გოსენი ღვინის ხარისხზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ საცობის მიხედვით არ მსჯელობს, თუმცა ირწმუნება, რომ საცობმა დეგუსტატორს შეიძლება ბევრი რამ უთხრასო:

"ღვინის დეგუსტაციისას, უპირველეს ყოვლისა, საცობი უნდა შეათვალიეროთ. საცობს იმავე ღვინის სურნელი უნდა ჰქონდეს, რომლითაც ბოთლია სავსე. ღვინოზე საცობის გარეგანი სინოტივით არ უნდა ვიმსჯელოთ. საცობი თავის დრეკადობას უნდა ინარჩუნებდეს. საცობი შუაზე უნდა გაიჭრას და ამგვარად შემოწმდეს, შიგნიდან გამომშრალია თუ არა იგი. ყველა საკუთარი თავის პატივისმცემელი მეღვინე მხოლოდ მაღალხარისხოვან საცობს იყენებს".

ყველა თანხმდება, რომ რაც უფრო ხარისხოვანია ღვინო და რაც უფრო დიდხანს შესანახად განკუთვნილი, საცობიც მით გრძელი, ძვირფასი და პრესტიჟული უნდა იყოს.

ერთი სიტყვით, საცობი ღვინის თავისებური და მრავლისმეტყველი პასპორტია, რომელიც ამ სასმელზე მრავალ ინფორმაციას იძლევა, მაგრამ ეს უკვე სხვა თემაა...

იმ დღეს კი ალენტეჟუში ბოლოს კორიდის ნაცვლად ჩემს კოლეგასთან ერთად ისევ ფურშეტზე ამოვყავი თავი. აქაური ტრადიციისამებრ კვლავ პორტუგალიური ღვინის ბოთლები გახსნეს, ჭიქები სასმელით შეავსეს, საცობები კი გადაყარეს, თუმცა მერე ვიღაცამ შეაგროვა და...

ოღონდ ესეც სხვა თემაა...

© ღვინის კლუბი/Weekend



"...სხვა თემების..." (კორპების შეგროვება) შესახებ ახლა უკვე ნამდვილად დაველოდები ავთანდილის სტატიებს. კარგი იყო!


korpis muxa hkvia mag saxeobas da saqartveloshicaa

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.