Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ბოთლი: ფორმის ისტორია

ღვინის პირველად დაწურვისთანავე ადამიანებმა ალბათ მის შენახვაზეც დაიწყეს ფიქრი. ანტიკურ საბერძნეთსა და რომში ამ მიზნით ამფორებსა და კასრებს იყენებდნენ. სუფრასთან ღვინო ლითონის ან კერამიკისგან დამზადებული ფართო დოქებით მიჰქონდათ, რომლებიც ფორმით თანამედროვე ქვაბებს წააგავდა; ერთი ადგილიდან მეორეზე გადასატანად კი უპირატესობას თიხის ჭურჭელს ან ცხოველის ტყავისგან შეკერილ ტიკებს ანიჭებდნენ. იმ ეპოქაში ეს ყველაზე მოსახერხებელი "მეთოდი" იყო.
 
თიხის ამფორიდან სტანდარტის ერამდე
 
მინის დამუშავების საფუძვლებს ჯერ კიდევ ძველი ეგვიპტელები ფლობდნენ. ნილოსის დაბლობზე შუშისგან დამზადებული ჭურჭელი ჩვ.წ.აღ.-მდე II ათასწლეულში არსებობდა. რომაელებმა ეს ტექნოლოგია გაცილებით გვიან, სავარაუდოდ, ფინიკიელთაგან აითვისეს და კიდევ უფრო სრულყვეს. მათვე დაიწყეს ბოთლების დალუქვა ნატურალური საცობებით. ამის მიუხედავად, ღვინის ტრანსპორტირებისა და შენახვისთვის XVII საუკუნემდე ძირითადად თიხის, ფაიფურისა და ხის ტარას იყენებდნენ. როგორც ჩანს, მინა მაინცდამაინც საიმედოდ არ მიაჩნდათ. 
პირველი ღვინის ბოთლი, რომელიც თანამედროვეს წააგავდა, 1652 წელს შექმნა ინგლისელმა სერ კენელმ დიგბიმ, მაგრამ საკუთარი გამოგონება არ დაუპატენტებია. 1661 წელს პატენტი მისმა თანამემამულე ჯონ კოლენტმა გააფორმა. XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ინგლისში ბოთლების მასიური წარმოება დაიწყო. XVIII საუკუნეში შუშის ბოთლი ყველაზე პოპულარული ჭურჭელი იყო ღვინის შენახვა-ტრანსპორტირებისთვის. მიზეზი მარტივი გახლდათ - ქიმიურად ნეიტრალური მინა მისთვის იდეალურ გარემოს ქმნიდა. შუშის ბოთლებისა და ბუნებრივი საცობების გავრცელების შემდეგ ღვინის შენახვა გაცილებით იოლი გახდა. ამასთან, იგი განვითარებას განაგრძობდა და არც ოქსიდაციას განიცდიდა.
საწყის ეტაპზე ბოთლები შავი მინისგან მზადდებოდა. მოგვიანებით ზეთისხილისფერი და მწვანე, შემდეგ კი ყავისფერი შეფერილობის ჭურჭელიც გამოჩნდა. თავდაპირველად ისინი გამობერილი იყო და ხახვს წააგავდა, შემდეგ წაგრძელდა და ცილინდრს დაემსგავსა. დროთა განმავლობაში თითოეულმა ღვინის რეგიონმა მინის ჭურჭლის საკუთარი ფორმები შეიმუშავა, რომელზეც მწარმოებელი თავის დამღას ასვამდა. 1894 წლიდან მათი ქარხნული წარმოება დაიწყო. პირველი ბოთლი, რომელიც ქარხანაში გამოუშვეს, კონიაკის იყო. დაიწყო სტანდარტის ერა.
 
ღვინის ბოთლის ფორმები
 
ღვინის ბოთლების უმეტესობას ცილინდრის ფორმა აქვს, რაც პრაქტიკული საჭიროებითაა განპირობებული - ჰორიზონტალურ მდგომარეობაში შენახვას აიოლებს. სწორედ ასეთ პოზიციაში ათავსებენ სასმელს საბოლოო დაღვინებამდე. ამას თავისი მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს: საცობი ნოტიო რჩება და არც ჰაერი ეხება სასმელს.
გამოგონების საწყის ეტაპზე ბოთლის ათასობით განსხვავებული ფორმა არსებობდა, მაგრამ თანდათან რამდენიმე ძირითადი გამოიყო, რომელთა შესახებაც ქვემოთ მოგითხრობთ.
 
ბორდოული ბოთლები
 
ბორდოულ ბოთლებს ადვილად ამოიცნობთ დამახასიათებელი "მხრებით".  წითელი ღვინისთვის ისინი მსოფლიოში ყველაზე პოპულარული ჭურჭელია. ფსკერი ოდნავ შეზნექილი აქვს და დასხმისას ნალექის შეკავებას უწყობს ხელს, ამიტომ გახსნამდე ვერტიკალურ მდგომარეობაში უნდა გააჩეროთ, რათა ნალექი ძირს ჩავიდეს და ამობურცული ფსკერის გარშემო განლაგდეს. ბორდოული ბოთლები, ჩვეულებრივ, მწვანე (მშრალი წითელი ან თეთრი ღვინისთვის) ან გამჭვირვალე (ტკბილი, ვარდისფერი და ზოგიერთი მშრალი თეთრი ღვინისთვის) მინისგანაა დამზადებული. მათში ყურძნის კლასიკური ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოს ასხამენ, როგორიცაა: კაბერნე სოვინიონი, მერლო, პტი ვერდო, კაბერნე ფრანი, სოვინიონ ბლანი და სემიიონი.
 
ბურგუნდიული ბოთლები
 
"ბურგუნდიულ" ბოთლებს დახრილი, ნაკლებად გამოკვეთილი ფორმის "მხრები" აქვს. მასში წითელ (ჩვეულებრივ, პინო ნუარისგან) და თეთრ (როგორიცაა შარდონე) ღვინოს ასხამენ. კლასიკური ბურგუნდიული ბოთლი მწვანეა, იშვიათად - გამჭვირვალე. იდეალურია კოტ-დიუ-რონსა და ლუარას ველზე მოყვანილი ღვინოების, ასევე ბოჟოლესთვის. კალიფორნიაში ასეთ ბოთლებს შენენ ბლანისთვის იყენებენ. იტალიაში  - სხვადასხვა ღვინის, მაგალითად, ბაროლოსთვის. ამ შემთხვევაში შუშა ძალიან მუქი, ხშირად ყავისფერია.
 
"ფლეიტის" ტიპის მაღალი ბოთლები
 
"ფლეიტები" წაგრძელებულ ბურგუნდიულებს ჰგავს. ისინი პირველად გერმანიაში გაჩნდა, სადაც ადგილობრივნი ფლეიტას ან ცხვრის ფეხს ადარებენ. მათ იყენებენ ტრადიციული გერმანული ჯიშებისთვის, როგორიცაა რისლინგი, სილვანერი და გევიურცტრამინერი. რეინის რაიონში ისინი ყავისფერია, მოზელში - მწვანე. გერმანიის გარდა ეს ბოთლები გავრცელებულია საფრანგეთში (ელზასი), ავსტრიასა და შვეიცარიაში. მთელს მსოფლიოში მათში რისლინგებს და სადესერტო ღვინოებს ასხამენ.
 
ბოთლები შამპანურისა და ცქრიალა ღვინოებისთვის
 
ლეგენდის მიხედვით შამპანურის ბოთლი ბენედიქტელმა ბერმა დომ პერინიონმა შექმნა. შეზნექილი ფსკერი თავდაპირველად უფრო მოხერხებული და ეკონომიური შენახვა-ტრანსპორტირებისთვის იყო განკუთვნილი: ერთი ბოთლის ყელი მეორის ძირს ეხებოდა, რაც ყუთში ადგილის დაზოგვის საშუალებას იძლეოდა. გარდა ამისა, ასეთი ფორმა უკეთ ანაწილებს წნევას - ძირითადი დატვირთვა კედლებზე მოდის. შამპანურის კლასიკური ბოთლი მწვანე ფერისაა, იშვიათად გვხვდება გამჭვირვალეც. მისი მზეზე დიდხანს დატოვება არ შეიძლება (შესაძლებელია ღვინოს გემო შეუცვალოს), ამიტომ გამჭვირვალე ბოთლში ჩამოსხმულს ხშირად ყუთში ან ქაღალდში ათავსებენ. მწვანე და ყავისფერი ბოთლი ღვინოს მავნე ულტრაიისფერი სხივებისგან იცავს. ეს ძალზე მნიშვნელოვანია სასმელისთვის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში საჭიროებს ბოთლში დაძველებას. წესი ასეთია: რაც უფრო მუქია მინა, მით მეტადაა დაცული ღვინო. 
კლასიკური შამპანური მეთოდით ცქრიალა ღვინის დამზადების ტექნოლოგია გარკვეულ ეტაპზე ბოთლში ე.წ. მეორადი დუღილის დაწყებას ითვალისწინებს, რაც სასმელს ნახშირმჟავა აირით ამდიდრებს. ამავდროულად მატულობს შიდა წნევა, ამიტომ ჭურჭლის კედლები განსაკუთრებულად სქელი და გამძლე უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გასკდეს. XIX საუკუნეში მეორადი ფერმენტაციისას ბოთლების თითქმის 80% ფეთქდებოდა. ამჟამად ეს რიცხვი გაცილებით მცირეა, მაგრამ აფეთქებები ღვინის სარდაფში იშვიათობას არც დღეს წარმოადგენს. 
 
თანამედროვე ნოუ-ჰაუები
 
ოთხიოდე წლის წინათ ამერიკაში ხის ბოთლებში ჩამოსხმული ღვინო გამოჩნდა. კალიფორნიულმა კომპანია Bella Vista Wines-მა მყიდველს სასმელი  იფნისგან დამზადებულ ჭურჭელში შესთავაზა. მისი შემქმნელი, მარკო ოლივერი საკუთარ გადაწყვეტილებას ეკოლოგიური "ფაქტორით" ხსნიდა: ასეთი ბოთლი გარემოსთვის უსაფრთხოა, ადვილად შეიძლება მისი გადამუშავება და ხელახლა გამოყენება. ის იფნის ხისგანაა დამზადებული, შიგნიდან კი დაფარულია სპეციალური არატოქსიკური დამცავი ფენით, რომელიც სასმელსა და ბოთლს შორის ბარიერის როლს ასრულებს. ასე რომ, ღვინო ხის ახალი, დამატებითი გემოსგან დაზღვეულია. თუმცა ამ სიახლეს თავისი უარყოფითი მხარეც აქვს - მწარმოებელი აღიარებს, რომ ხის ბოთლებში შეუძლებელია ღვინის განვითარება და დაძველება ისე, როგორც კასრში. 
სხვათა შორის, ეკოლოგიური ფაქტორი, რომლითაც მარკო ოლივერი აპელირებს, თავის დროზე სერიოზული შემაფერხებელი აღმოჩნდა ამ სფეროს განვითარებისთვის. XVII საუკუნეში მინის დასამზადებლად მასიურად იჩეხებოდა ტყეები. ინგლისის მეფემ, იაკობ I-მა ამ საქმეში ხის გამოყენება აკრძალა და ადგილობრივი ოსტატები იძულებულნი გახდნენ ნახშირზე გადასულიყვნენ. მეფის გადაწყვეტილებას მნიშვნელოვანი "აღმოჩენა" მოჰყვა: ნახშირის ბოლმა მინას მუქი შეფერილობა მისცა, რამაც ღვინოზე სინათლის ზემოქმედება მნიშვნელოვნად შეამცირა. საინტერესოა, რომ ძველი სტილის რარიტეტული ბოთლები, ისეთი, როგორსაც ცნობილი ფრანგი მხატვრის, ჟან შარდენის ნატურმორტებზე ვხედავთ, ამერიკაში დღესაც მზადდება და მათი ნახვა მსურველებს ჯეიმსთაუნში, ცნობილ Glasshouse-ში შეუძლიათ, სადაც ამ ქვეყნის პირველი მინის საამქროა განლაგებული.
კიდევ ერთი ნოუ-ჰაუ ტაივანელ დიზაინერებს ეკუთვნით, რომელთაც Re-Wine კონცეფცია შექმნეს, რაც უნარჩენო ბოთლის წარმოებას გულისხმობს. ღვინის კონტეინერი, რომელსაც დიზაინერები ქმნიან, მაგიდის ნათურად იქცევა, ხოლო სადგამად ცარიელი ბოთლია გამოყენებული. 
პოლონური სააგენტოს,  Luksemburk-ის დიზაინერებმა კი ვარდისფერი ღვინისთვის სახალისო დიზაინი შექმნეს. ბოთლს არა აქვს ქაღალდის ეტიკეტი. ღვინის გამჭვირვალე ბოთლი იდეალური ლინზის ფუნქციას ითავსებს. მასში გახედვისას სამყაროც ვარდისფერი ჩანს. სწორედ მაშინ გაჩნდა "ვარდისფერი სათვალის" იდეა, რომელიც ფირმის ლეიბლად და ღვინის ახალი მარკის სარეკლამო კონცეფციად იქცა. 
ეს ყველაფერი და კიდევ სხვა არაერთი მაგალითი, რომელიც ღვინის ბოთლის ფორმას და მის ფუნქციონალურ თუ არაფუნქციონალურ დატვირთვას შეეხება, იმაზე მეტყველებს, რომ ის არ არის მხოლოდ ჩვეულებრივი მინის ჭურჭელი, რომელიც ამ ღვთაებრივი სითხის ჩასასხმელადაა საჭირო. ღვინის ბოთლი ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც თავად ღვინო და ისეთსავე შემოქმედებით მიდგომას საჭიროებს, როგორც მასში მოთავსებული სასმელი.
 
მოამზადა ნანა კობაიძემ                 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული