Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის ძიება ქართულ სიტყვიერებასა და ყოფაში

ალექსი ჭინჭარაული

შუშანიკისათვის - წამება, ვარსქენისათვის - პურობა

საქართველო ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ქართველთა მევენახეობის კულტურა გაცილებით ძველია. ამას არქეოლოგიური მასალები დოკუმენტურად ადასტურებენ, მაგრამ სიტყვიერი მასალა იმ უშორესი საუკუნეებიდან აღარ შემოგვრჩენია. როცა ჩვენში ქრისტიანობა დამკვიდრდა, დამწერლობა უკვე დიდი ხნის ჩამოყალიბებული იყო და წერილობით ძეგლებში ღვინო-ყურძნის შესახებ საინტერესო ცნობები საკმაოდაც იძებნება.

საინტერესოა ხევსურეთში XX საუკუნემდე შემორჩენილი ქართული სუფრის წესი მამრთა და მდედრთა ცალ-ცალკე პურობისა. ეს რომ უძველესი ტრადიციაა, "შუშანიკის წამებიდანაც" კარგად ჩანს. როცა "ცოლმან ჯოჯიკისმან მოართუა ღუინოი ჭიქითა და აიძულებდა მას, რაითამცა იგი ხოლო შესუა, ჰრქუა მას წმიდამან შუშანიკ რისხვით: "ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!" და განყარა Aელი და ჭიქაი იგი პირსა შეალეწა და ღუინოი იგი დაითხია".

შუშანიკის განრისხება ალბათ საქართველოში განმტკიცებული ამ წესის დარღვევის მცდელობამაც გამოიწვია.

როგორც ცნობილია, "შუშანიკის წამების" ორიგინალურობის საკითხი სადავოც კი გახდა. მარტო პურობის ხსენებული წესის დაფიქსირება წამების ტექსტში უკვე აქარწყლებს ამ ეჭვებს.

ეს ქართული წესი ალბათ იმანაც განაპირობა, რომ ნასვამ კაცს შეიძლება რამე უხამსობაც წამოცდეს, რაც სუფრის განწყობას გააფუჭებს. ამდენად, ეს წესი მანდილოსანთა დამამცირებელი კი არა, მოკრძალებისა და პატივისცემის გამომხატველია. მე ჩემი მითქვამს და დანარჩენი თქვენ იცით.

მთავარი კი ისაა, რომ ზემოთქმულის გარდა, როცა ჯოჯიკის ცოლმა ნაშიმშილევ შუშანიკს ძალის მოსაცემად ღვინო შესთავაზა, ეს სასმელი კიდევ ერთხელაა ნახსენები ტექსტში და აქაც ღვინის სასიკეთო თვისებაზეა მინიშნება: კბილებშთამოსვრილ და ნაგვემ შუშანიკს იაკობმა ღვინოში დალბობილი პური მიაწოდა. ასეთი ყოფითი ცოდნა კი მხოლოდ ღვინის ტრადიციულ ქვეყანაში შეიძლება ჰქონდეთ.

"ყველა ტყუილად ჩაივლის, თუკი არ ასმევს ღვინოსა"

ვაზი და ღვინო ჩვენი ქვეყნის ცხოვრების ორგანული ნაწილია. ჩვენი რწმენის სიმბოლო ხომ ვაზის ჯვარია. გაიხსენეთ, რომ წმინდა ნინომ "შექმნა ჯუარი ნასხლევისა". ნინოს ვაზი წმინდა ხედ მიაჩნდა. შემთხვევითი როდია, რომ დიმიტრი მეფე ღმრთისმშობელს ვენახს ადარებს:

შენ ხარ ვენახი ახლად აღყუავებული,

მორჩი კეთილი, ედემში დანერგული.

ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული,

ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული

და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული.

ისე, ვისაც ლიტერატურა არ უყვარს, ამ ნაწილს ნუ ჩაიკითხავს, ამით საქართველოში ვაზი არ გახმება.

გვიანდელი მელექსე ასე ამკობს ამ ღვთიურ მცენარეს და მის ნაყოფს:

ვაზო, ჭირიმე მე შენი, ლამაზო, რქისა ნაზისა!

მე შენი მოვლის ვარამი ნიადაგ გულზე მაზისა.

რამ შეგაწოვა სიკეთე მშობლიურ მიწის და მზისა?

შენა ხარ დიდი იმედი მშრომელი გლეხი კაცისა.

ჭირიმე, ყოველ გაზაფხულს აყვავდი, აბრდღვიალდიო

დათაფლებული მტევნებით მოგვეცი შენი მადლიო.

გვახარებ შენი ბარაქით, იცი გლეხკაცის მადლიო,

აგვავსე ხვავით, ბარაქით, გულს გადაგვყარე დარდიო.

ღვინო ცოცხალთა გამამხნევებელ-გამამხიარულებელიც არის და გარდაცვლილთა სულის მოსახსენებელიც:

უწყლოდ, უპუროდ, უღვინოდ ჟამი არასდროს იწირვის,

არცა რა ვერცხლის ჭანგითა არწივი არ დაიჭირვის,

თუ ღმერთი კაცსა არ მისცემს, ცუდია, რასაც იჭირვის.

საქართველოში კი სტუმართან ღვინო (ან სხვა სპირტიანი სასმელი) თითქმის აუცილებელი არის:

კაცსა სტუმარი ეწვიოს, სტუმარი არნახულისა,

დააპოს ურმისა მორგვი ზაფხულის შენახულისა,

დაწვას ფიწალი, ორთითი, ცეცხლი დაანთოს გულისა,

ოთკუთხივ ბოლი ავიდეს, დასვას და ანადიმოსა,

ატლასის კაბა ჩააცვას და ცხენსაც შესვას პილოსა,

ყველა ტყუილად ჩაუვლის, თუკი არ ასმევს ღვინოსა.

ასეთ ღირსეულ სასმელს სათავსი და ჭურჭელიც შესაფერისი ეკუთვნის. არც ეს გამორჩენია ხალხურ მელექსეს:

საწნახელო მადლიანო, დევის მუცელს გადრიანო,

დიდ-პატარა შენს ჭკუაზე სანამ უნდა ატრიალო?!

დიდო ქვევრო მაჭრიანო, მუშტრიანო, ვაჭრიანო,

სანამ შენ არ დაილევი, მარნის კარი ვაჭრიალო.

ბარელი (ქართლელი ან კახელი) კაცის ნათქვამი:

მთაში რად გინდა მოყვარე? - რკო უდგია და წიფელი,

ჭირიმე ბარად მოყვრისა, - ქვევრი ახადოს წითელი.

ეს კი ღვინომონატრებული მთიელის ნათქვამი ჩანს:

ქართლში პურმარილს აქებენ: თლად ქვეყნად გაისმებაო,

სტუმრებს რო დაპატიჟებენ, გულუხვად დაუხვდებაო.

ჯერ ხომ აჭმევენ ხინკალსა, თან წოდიც შაიწვებაო,

შემწვარი და მოხრაკული სუფრაზე გაიშლებაო,

შემოეხვევა სტუმრები, მასპინძელ დაუხვდებაო,

კახური ღვინის ბოთლები საჩქაროდ დაიხსნებაო.

კეფაწითელი ჩიტისა და ყვითელყვავილიანი ბალახის ამბავი

ქართველთა და მთიელ კავკასიელთა სტუმარმასპინძლობა განთქმულია. სტუმარი აქ ნატვრაა, მასპინძელი კი ზღუდე. სტუმრის პატივისცემა, მისი დაცვა მასპინძლის წმინდათაწმინდა მოვალეობაა. ამის აღსრულება ზოგჯერ ტრაგიკულადაც მთავრდება (ვაჟას პოემა "სტუმარ-მასპინძელი"). არის ერთი პატარა, რუხი ფერის ჩიტი, რომელსაც კეფა წითელი აქვს. ამბობდნენ, თავი სტუმრის დაცვისას ჩხუბში გაუტეხესო. მას ხმაბაძვითი სახელი ჟივანიკა (ჟივონიკა ჟიუნიკა) ჰქვია.

ხევსურეთში მიტოვებული სახლის მიწურ ბანებზე იზრდება ყვითელყვავილიანი ბალახმცენარე, რომელსაც მასპინძელა-ს ეძახოდნენ, - ისღა იყო მასპინძელთაგან შემორჩენილი.

გლოვა და სტუმარი

სტუმარი დაპატიჟებულიც არის და შემოსწრებულიც. მახსენდება ერთი უცნაური დაპატიჟება. ენათმეცნიერების ინსტიტუტის ერთ-ერთი ექსკურსიის დროს აბასთუმნის ობსერვატორიის დათვალიერების დროს ცუდად გახდა ბელა ქობალავა. მაყვალა გალდავაძემ, მისმა მეუღლემ, ოტია კახაძემ, ალექსანდრე (შურა) ონიანმა და მე სასწრაფოდ ჩამოვიყვანეთ იქაურ კლინიკაში. გვითხრეს: საშიში არაფერია, სიმაღლე ვერ აუტანია, დაეშვით ქვემოთ და გამოკეთდებაო. ბელა გამოკეთდა. რომელიღაც სოფლის მიდამოებში გავჩერდით. სოფელში შესვლა არც გვიფიქრია. ბელა, მაყვალა, ოტია და მძღოლი მანქანაში დავტოვეთ, შურა და მე გარეთ, საძილე ტომრებში ჩავძვერით. ღამით მსუბუქად წამოჟინჟლა. ჩვენს ირგვლივ ორი თუ სამი ცხენი ახრამუნებდა შემოდგომის მწირ ბალახს. სისხამ დილას ქალის ხმამ გაგვაღვიძა. ახალგაზრდა შაოსანი მანდილოსანი გვადგა თავს. ვინა ხართო? ჩვენ ავუხსენით, ვინ ვიყავით და რატომ ვიყავით აქ. კი, მაგრამ აქ სოფელი ვერ ნახეთო? როგორ არა ქალბატონო, მაგრამ გვიანი იყო და ვერავინ შევაწუხეთ, - ვუპასუხეთ, - რას ჰქვია შეწუხება?! ახლავე გააღვიძეთ დანარჩენები და წამომყევითო. მიპატიჟება ისეთი მკაცრი და გულითადი იყო, რომ დიდი თავპატიჟი აღარ გამოგვიდვია, მაგრამ სახლთან რომ მივედით, სახტად დავრჩით: კარის თავზე შავი ნაჭერი იყო გაკრული... "მაგას ყურადღებას ნუ მიაქცევთ, ეგ ჩვენი უბედურებაა და, რაკი აქამდე გავუძელით, აწიც გავუძლებთ, მობრძანდით, მობრძანდით!" რომელიღაც ჩვენს ქალბატონს ხელი მოჰკიდა და მოკლე კიბეზე აიყვანა.

ნაუცბათევი, მაგრამ ხვავრიელი პურმარილი, არყით და ღვინით დამშვენებული, გაგვიშალა. რა თქმა უნდა, შენდობა ვუთხარით მათს უდროოდ წასულ ყმაწვილს, დავლოცეთ ოჯახი და მისი დიასახლისიც.

ოჯახი შეძლებული ჩანდა და მასპინძელს არ ეტყობოდა მარტოხელობა. არ მახსოვს (შეიძლება გვეუხერხულა და ვერც ვიკითხეთ) რატომ იყო იგი მარტო იმ დილას. ჩემდა სამარცხვინოდ, არც მისი გვარი და სახელი შემორჩა ჩემს ბებერ მახსოვრობას. ერთიც უნდა ვთქვა: თუ არ ვცოდავ, მგონია, რომ იმ მწუხარე მანდილოსანს, გარდა მასპინძლობის ადათისა, მეყვსეულად გაუჩნდა სურვილი, ამ უცხო ხალხისთვისაც ეთქმევინებიან მისი შვილის მოსაგონარი, რომ ჩვენც გვეთხოვა უფლისთვის, ნათელი საიქიო მიენიჭებინა მისი ბავშვისთვის.

მაგონდება დავით გურამიშვილის სამადლობელი კეთილი მასპინძლის მიმართ:

“ვინც რომე სახლში შემიშვა, გამათბო, გამამშუშაო,

დამიდგა კარგი სადილი, წინ ღვინით სავსე შუშაო…"

ნიავების გამოფენაზე პარიზში

რუსთველმა ბრძანა: "ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარულიო"-ო. მახსენდება კიდევ ორი მიპატიჟება, - ერთი აღსრულებული, მეორე კი გულდასაწყვეტად ჩაშლილი. ინსტიტუტის თანამშრომელმა თავის ქორწილში სოფ. კურსებში მიგვიპატიჟა. ქუთაისში ადრე ჩავედით და გელათის დიდებული ტაძრის ერთხელ კიდევ ნახვა გადავწყვიტეთ. აქეთობას სოფ. გელათთან თეიმურაზ გვანცელაძემ გამოგვიცხადა: აქ ჩემი ცოლეურები ცხოვრობენ და, რომ არ შევუაროთ, ძალიან ეწყინებათო. არ ვაწყენინეთ ბატონ თემოს ცოლეურებს და შევბრუნდით. საშინლად ცხელოდა. სოფ. გელათი ქედის ჩაყოლებაზე მდებარეობს და ქვემო იმერეთს გადაჰყურებს. ეზოში რომ შევედით, თითქოს საგანგებოდ, გრილმა ნიავმა დაუბერა. რა კარგი ნიავია-მეთქი გადავულაპარაკე ამხანაგს. ჩემს ნათქვამს ყური მოჰკრა შესახვედრად გამობრძანებულმა ღრმად მოხუცებულმა მანდილოსანმა (როგორც შემდეგ აღმოჩნდა, თემოს მეუღლის, ქალბატონ გულიკოს ბებიამ). მოგვესალმა, მოვიდა და: "ჩემო ბატონო, ამასწინეთ, ნიავების გამოფენა რო იყო პარიზში, ამ სოფლის ნიავმა ეიღო პირველი პრიზი!" - მეუბნება ოდნავ შესამჩნევი ღიმილნარევი სერიოზულობით. მე და ახლო მდგომებს, როგორც იტყვიან, ჰომერული ხარხარი აგვიტყდა. მოცვივდნენ დანარჩენებიც: "რა იყო? რა მოხდა?!"-ო. გავუმეორეთ ბრწყინვალე ფრაზა და ახლა ისინი ჩაბჟირდნენ სიცილით. თვალწარმტაცი სუფრა იქვე, ეზოში ჩადგმული ქვევრების, უკაცრავად, ჭურების თავზე იყო გაშლილი და თავანკარა იმერული, როგორც ბატონი კონსტანტინე გამსახურდია იტყოდა: "ბატის ჭუკისფერი ღვინო" მუგუზალივით აფრქვევდა ნაპერწკლებს. მაშინ წავიკაფიავე:

ამ ღვინით დავიყურსები,

გვერდზე დამრჩება კურსები,

ეგება მეკითხებოდნენ:

"რომელი დოქის ყურს ები?!"

მართლაც ისე შევყევით ამ მშვენიერ ქეიფს, რომ კურსებიდან თვითონ ბატონმა ნეფემ ამოგვაკითხა: "კაცო ქორწილში აღარ მოდიხართ თქვენე?"

კონიუნქტურის ხარკი

კასპის რაიონში, სოფ. ქვემოჭალაში პოეზიის ზეიმი გავმართეთ. ზეიმის საერთო ხელმძღანელი, რა თქმა უნდა, კასპის რაიკომი იყო. ის ატარებდა კულტურულ ღონისძიებას. ზეიმის დამთავრებისთანავე ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილი და მე ცალკე გაგვიყვანა მაღალ-მაღალმა სიმპათიურმა ვაჟკაცმა და გვეუბნება: "ბატონებო, სახლი მაქ, ამილახვარ შაშურდებოდა. ჩემს ეზოში კიდენა ქათამ-ინდაურები გადიან და გამოდიან, გადიან და გამოდიან. ცოლი მყავ, სტუმარ რო დაინახამს, შუბლზე მზე გადაზდის. მხარზე ხელ წამოვკრამ, აბა, ჩემო ლამაზო, დღეს სუ წაღმა უნდა იტრიალოო, დილიდან შუაღამემდისინა ციბრუტივით ტრიალებს". ჩვენ გაღიმებულები ვუსმენდით და მთავარ კოზირსაც ჩამოვიდა: "ბიჭებო, ღვინო მააქ, ღვინო მააქ, ბულბული ცრემლ ვეძახი. წამოდით ჩემთანა, რა გინდათ იმ დუნდგოშია?!" ვიდრე რასმე ვეტყოდით, რაიკომის მანქანა მოგვადგა: "ბატონებო, დაბრძანდით, ღვინისძიებაზე მივდივართ!" რა უნდა გვექნა? რაიკომის მიწვეული სტუმრები ვიყავით და უარის თქმა უტაქტობა და უპატივისმცემლობა იქნებოდა, თორემ პეტრე ეშმაკურაშვილის მყუდრო სუფრა და ლაღი მასლაათი ასჯერ გვერჩია ოფიციალური ბრტყელ-ბრტყელი სადღეგრძელოების მოსმენასაც და იქაურ ტაშ-ფანდურასაც. პეტრეს მადლობა ვუთხარით, ბოდიში მოვუხადეთ და სხვა დროს ჩასვლასაც შევპირდით, მაგრამ ჩვენდა სამარცხვინოდ, პირი ვუტეხეთ, ვეღარ მოვახერხეთ გულქართლ ქართლელთან სტუმრობა.

P. S. ხევსურულში ქართლი ნიშნავს: "ხელგაშლილი, გულკეთილი, პურადი, სტუმართმოყვარე". მაგონდება სტროფი გ. ლეონიძის "ბავშვობა და ყრმობიდან":

მამა გულქართლი კაცია,

სძულს პურადძვირის ქაჯობა,

იცის, პურადმა გულად კაცს

სამი გაფრენით აჯობა!

© „მარანი“

თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული







Statcounter