Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩაბალოშვილების კოშკმარანი საბუეში

გიორგი ბარისაშვილი
 
გაზეთ „მარნის“ საშუალებით მკითხველს უკვე მივაწოდეთ გარკვეული ინფორმაცია ზოგიერთი კოშკმარნის შესახებ. ჩვენ კვლავაც ვაგრძელებთ ჩვენს ტრადიციულ რუბრიკას ქართული მარნების თაობაზე. როგორც არაერთხელ აღინიშნა, კოშკმარანი აბსოლუტურად ყველა შემთხვევაში თავდაცვით საბრძოლო ნაგებობას წარმოადგენს და მას გააჩნია სათოფურები, სალოდეები და ქონგურები. ამგვარ ადგილას, როგორც წინა წერილებში აღვნიშნეთ, ღვინის დასაყენებლად, შესანახად და რიგ შემთხვევებში, მის დასაცავად, იდეალური პირობები აღმოჩნდა. ეს გარემოება კი სავარაუდოდ მრავალწლიან დაკვირვებას უნდა ეფუძნებოდეს. ჩაბალოშვილების კოშკმარანი შეიძლება ითქვას, რომ სხვა, დანარჩენ კოშკმარნებს შორის ყველაზე ახალგაზრდაა. მისი აშენების ზუსტი თარიღი ჩვენ ჯერ-ჯერობით არ მოგვეპოვება, მაგრამ სპეციალისტთა აზრით ძეგლი მიეკუთვნება XIX - საუკუნის ნაგებობას. კოშკმარანი ძლიერაა დაზიანებული. ჩამონგრეულია სახურავი და დაზიანებულია კოშკის ზედა ნაწილი. თუმცა მარანს, გარდა დაზიანებისა, გადაკეთების კვალიც ეტყობა.
როგორც წერილის სათაურშია ნახსენები, კოშკმარანი ჩაბალოშვილების კუთვნილ ტერიტორიაზე მდებარეობს და იგი მათივე საკუთრებაა. შემორჩენილია მარანში შესასვლელი მუხის კარები, თუმცა იგი ჩამოვარდნილია და შესასვლელზე გარედანაა მიყუდებული. მარნის ჩრდილოეთ კედელზე ქვითკირის საწნახელია მიშენებული, რომელიც სპეციალურად შემაღლებულ ადგილასაა გამართული. საწნახელში დაწურული ყურძნის ტკბილი საწნახლის ღარის საშუალებით ქვევრებში თვითდინებით მიედინებოდა. ეს პროცესი კი ხარისხიანი ღვინის მისაღებად მეტად მნიშვნელოვანია. ამავე საწნახელს ჰქონდა ე.წ. „საწნახლის ბაქანი“, რაც ხშირია, როგორც კოშკმარნებში, ისე ზოგადად კახეთის მხარის მარნებშიც. ამგვარი ბაქნიანი საწნახლები გვხვდება, მაგალითად: დოღონაძის მარანში (უჯარმა), ჯანდიერების კოშკმარანში (ახმეტა), ჭავჭავაძეებისეულ მარანში (ყვარელი), მარან-მუზეუმ „ნუმისში“ (ველისციხე) და სხვ.
კოშკმარანი საკმაოდ მოზრდილია და მაში თავისუფლად დაეტევა დაახლოებით 20 ტონა ღვინის ქვევრები. მარანში ქვევრები თითქმის უკლებლივაა შემორჩენილი, მაგრამ მათი უმეტესობა დაზიანებულია. 
ამავე მარანში დღემდეა შემორჩენილი ერთი, ძალზე უჩვეულო დერგი. როგორც ირკვევა, აღნიშნულ დერგს სარქველი ზემოდან არა ეფარებოდა. დასახურად მას ყელ-პირზე, შიდა მხრიდან გაკეთებული აქვს ერთგვარი ჭრილი, სადაც სარქველი გვერდიდან უნდა შეცურდეს. დერგი დაახლოებით 50 ლიტრის მოცულობისაა და იგი შესაძლოა ღვინის ხანგრძლივად შენახვისათვის არ ყოფილიყო განკუთვნილი. ამგვარი დერგი ძალზე იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს და ასეთები სავარაუდოდ რამდენიმე ერთეული ეგზემპლიარის სახით უნდა იყოს წარმოდგენილი. არ არის გამორიცხული, რომ ასეთი დერგი მხოლოდ ერთი ერთეულის სახით იყოს დაცული ჩაბალოშვილების კოშკმარანში. შესაძლოა ეს დერგი არასაღვინე დანიშნულებითაც გამოიყენებოდა (ყველი, მწნილი და სხვ.) დერგი მიწაში ჩაფლული არ არის და იგი მარანში მიწისზემოთ ინახება. 
აღსანიშნავია, რომ ძეგლიდან რამდენიმე მეტრში მდებარეობს კიდევ ერთი ისტორიული მარანი, რომელიც ამ სოფლის ადგილობრივის – გიორგი ფილიშვილის საკუთრებაა და მის ეზოში დგას. მარანი მეტად საინტერესოა, როგორც ცალკე, დამოუკიდებელი ნაგებობა და იგი დღემდე მოქმედია. მასში 10 ქვევრია დაფლული, მათ შორის ერთ-ერთი, მარნის მფლობელის გადმოცემით „9 საპალნიანი („საპნიანი“) ქვევრია“, რომლის მოცულობაც სავარაუდოდ 6-7 ტონას უნდა შეადგენდეს. სოფელ საბუეში ჩაბალოშვილების კოშკმარანი საჭიროებს ძირეულ შესწავლას და სასწრაფო აღდგენას. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული