Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საწნახლური

გიორგი ბარისაშვილი

  ქართული ტრადიციული და ამასთან უნიკალური მეღვინეობის ტექნოლოგია ბოლო პერიოდში მსოფლიოს ბევრი ქვეყნის ინტერესის სფეროში მოექცა. უნდა აღინიშნოს, რომ, რამაც თანამედროვე მსოფლიო განსაკუთრებით დააინტერესა, ესაა ერთი მხრივ ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების მეთოდი და მეროე მხრივ კი თავად ჩვენი ქვევრი. დღეს უკვე უცხოეთის მრავალ ქვეყანაში ვხვდებით ქართული ქვევრებით გაწყობილ მარნებს, რომელი პროცესიც კვლავაც აქტიურად გრძელდება. ტრადიციული მარნების მშენებლობას ჩვენშიც აქტიური ხასიათი აქვს მიღებული, რაც მისასალმებელია. მარნების მშენებლობის ამგვარი ტემპი იმედს გვაძლევს, რომ ათიოდე წელიწადში საქართველო მართლაც ღვინის ქვეყანა იქნება და გაამართლებს „ღვინის სამშობლოს“ ახლადმინიჭებულ სტატუსს...

  ქართულ ტრადიციულ მეღვინეობაში არის ერთი მეტად მნიშვნელოვანი საგანი, რასაც ბოლო პერიოდში და განსაკუთრებით ახალი მარნების მშენებლობისას ნაკლები ყურადღება ექცევა. ესაა ჩვენი საწნახელი. არადა საწნახელი ტრადიციულ მეღვინეობაში უმთავრეს საგანს წარმოადგენს. ჭეშმარიტი, მართალი და ბუნებური ღვინო შესაძლოა დაყენდეს იმ სქემით, რომელიც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა. ყოველი შემთხვევისთვის, თუკი ღვინოს დაერქმევა ტრადიციული მეთოდით დაყენებული, მაშინ სასურველია თუ ამ პროცესში ქვევრთან ერთად საწნახელიც მიიღებს მონაწილეობას.

  იქიდან გამომდინარე, რომ საწნახელს ღვინის ქართულად დაყენების საქმეში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ჩვენში იმთავითვე საწნახელების რიგი მრავალფეროვნება ჩამოყალიბდა. გარდა საწნახლის დასამზადებელი მასალისა, განსხვავებას ვხვდებით მათ შინაარსშიც. მაგალითად, ქართლ-კახეთში არაერთ ადგილას ვხვდებით ქვითკირის საწნახლებს, რომლებიც ერთ და იშვიათად ორ ადგილასაა გატიხრულია და შესაბამისად არის ორი ან სამ განყოფილებიანი, რაც უშუალოდ ღვინის ტექნოლოგიას უკავშირდება.   დასავლეთ საქართველოში და კონკრეტულად რაჭა-ლეჩხუმის საწნახლებზე ძალზე საინტერესო ცნობებს ვკითხულობთ ბატონი ლევან ფრუიძის წიგნში ­– „მევენახეობა-მეღვინეობა საქართველოში“. თბილისი, 1974 წ. საწნახლის დამზადებაზე მოგვეპოვება რეჟისორ ლ. თაქთაქიშვილის მეირ გადაღებული მეტად საინტერესო მოკლემეტრაჟიანი მუსიკალური ფილმი „საწნახელი“, როლის მოძიებაც ქართულ ინტერნეტსივრცეშია შესაძლებელი. მეტად საინტერესო ცნობებს გვაწვდიან ასევე ი. ჯავახიშვილი, ა. ბოხოჩაძე და სხვ. კახეთში უპირატესად ქვითკირით ნაგები საწნახლები გვხვდება. თუმცა, იშვიათად გვხვდებოდა კახური სტილით დამზადებული ხის საწნახლებიც, რომლებიც უპირატესად ხის, ერთიან მორში იყო ამოკვეთილი და ერთი მხაერ ამაღლებული ჰქონდა. მაგრამ მაინც უნდა აღინიშნოს, რომ კახური საწნახლების სახე – ესაა ქვითკირის საწნახელი.

  როგორც აღინიშნა, უკანასკნელ პერიოდში კახეთში ტრადიციული მარნების მშენებლობამ ფართო ხასიათი მიიღო, რაც მისასალმებელია. ამ ეტაპზე ქართული საწნახელი თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა ელექტრო კლერტსაცლელმა. ცხადია, დროის ფაქტორი ძალზე ბევრს ნიშნავს, თუმცა, მეორე მხრივ ისიც საინტერესოა, თუ ელექტროკლერტსაცლელით მონაგებ და დანაზოგ დროს რაში იყენებს კაცი, ან საერთოდ არის კი ეს დროის მოგება? საწნახელში ყურძნის წურვა – ეს არის რთველის განუყოფელი ნაწილი და ამასთან ძალიან ლამაზი რიტუალი და ადათი, თუმცა საკმაოდ შრომატევადიც. სწორედ ეს პროცესი ალამაზებს რთველს და არა ელექტროკლარტსაცლელის გრუხუნი, რაც მეორე მხრივ ყურძნისა და საბოლოოდ ღვინის ხარისხზე არც მაინცადამაინც დადებითად აისახება. არ გვინდა იმის თქმა, თითქოს ელექტროკლერტსაცლელი ცუდი დანადგარია და ასევე იმისაც, რომ საწნახელში დაწურული ყურძენი ავტომატურადაა მაღალხარისხიანი ღვინის დაყენების წინაპირობა. ერთი კია, რომ საწნახელში ყურძნის დაწურვისთვის განსაკუთრებული მომზადებაა საჭირო. ამ დროს მარანში ინთება წმინდა სანთელი, ასევე აკმევენ ბუნებრივ საკმეველსაც (არამც და არამც არ ვგულისხმობთ პარაფინის სანთელსა და ქიმიურ საკმეველს. რატომ იყენებენ ამ უკანასკნელს ჩვენი ტაძრების უმეტესობაში ძნელი სათქმელია, მაგრამ ქართულ მარანში წმინდა სანთელ-საკმევლის გარდა სხვა ქიმიურ პროდუქტებს არაფერი ესაქმება!). ამ დროს ყურძნის მწურავი ჰიგიენის თვალსაზრისით განსაკუთრებულად ემზადება. მარანში მოძღვრის მიერ იკითხება სპეციალური სართვლო ლოცვები და სხვ. შიდა ქართლში გვხვდება ხალხური სიმღერა – „საწნახლური“, რომელიც საწნახელში ყურძნის წურვის დროს სრულდებოდა. ასერიგად საქმე გვაქვს მეტად საინტერესო და საპასუხისმგებლო პროცესთან, რისი სრულად უგულებელყოფა არ არის მართებული. ცხადია, ღვინის საწარმოებსა და ქარხნებში საწნახლის გამოყენება არაპრაქტიკული იქნება, რადგან საქმე ეხება ათასობით ტონა ყურძნის დაწურვას, რაც მხოლოდ საწნახლით ყოვლად წარმოუდგენელია. დიდად სამწუხაროა, რომ ზოგიერთი მემარნე თუ ქარხნის მეპატრონე საწნახელში ყურძენს მხოლოდ იმიტომ ყრის, რომ ის ტურისტებს დააწურინოს. ასეთ დროს საწნახელში ერთად აჭყაპუნებს ფეხებს მამაკაცი თუ დედაკაცი, შინაური თუ გარეული. გვინდა მოგახსენოთ, რომ ეს ყველაფერი უკულტურობა და წინაპართა ადათის შეურაცხყოფაა! ამ გარემოებას ჭეშმარიტი ქართველი არასოდეს დაუშვებს საკუთარ მარანში. სამწუხაროდ ამავე საქმის დიდი და ნათელი მაგალითი საქართველოს მთავრობამ მისცა ქართველ ხალხს, როდესაც დედაქალაქში, თბილისობის დღესასწაულზე ქუჩაში დადგმულ ე.წ. გიგანტურ საწნახელში ძაღლი და ღორი ერთად იდგა და ჭყლეტდა ყურძენს...

  საგულისხმოა, რომ ქართველი კაცი ხის საწნახელს, თუნდაც ძველსა და უკვე მწყობრიდან გამოსულს არასოდეს გადააგდება, რადგან ეს მისთვის სიწმინდეს წარმოადგენდა და ყოვლად დაუშვებელი იყო. თუმცა კანტიკუნტად, მაგრამ ყოველ დროში მაინც გამოჩნდებოდნენ ხომლმე ადამიანები, რომლებიც თავიანთი უგუნური ქმედებით შეურაცხყოფდნენ ქართველი ხალხის ამგვარ სიწმინდეებს. ასეთი მაგალითის ნახვა დღესაცაა შესაძლებელი დაბა სურამის უბან ჩუმათელეთთან ახლოს, სადაც მავანს მამაპაპური საწნახელი „სკამეიკად“ გადაუკეთებია და ეზოს გარეთ ღობისძირას გამოუდგამს...

  ჩვენ ვფიქრობთ, რომ ბოლო პერიოდში აღორძინებულმა მონასტრულმა მარნებმა (და არა „მონასტული ღვინოების“ სახელს ამოფარებულმა კომერციულმა დაწესებულებებმა) ქართული საწნახლის ყოფაში დაბრუნების მაგალითი პირველ რიგში უნდა მისცენ ერს. მადლობა ღმერთს, რომ მაინც გამოჩნდნენ პირველი ენთუზიასტები, რომლებმაც ძველი საწნახლები ააღორძინეს, ხოლო ზოგიერთებმა კი ახალი ქვითკირის საწნახლებიც ააშენეს.

სოფელი კალაური, მიხეილ ბიწკინაშვილის მარანში აშენებული ქვითკირის ახალი საწნახელი.

ცხადია, როდესაც ახალი საწნახლის აშენებაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ წიგნიერად აშენებულ ქვითკირის და არა ცემენტის საწნახელს. ჩვენ დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ ღვინის ქართულად დაყენების საქმეში ჩვენებური საწნახელი კვლავ დაიბრუნებს თავის ადგილს. ამასობაში კი დღესდღეისობით თითქმის ბოლომდე მინავლებული კირითხუროობის საქმეც აღორძინდება და ქვითკირით არამხოლოდ საწანხელი, არამედ თავად მარნების მშენებლობაც განახლდება ჩვენს ქვეყანაში, რისი მცირე, თუმცა თვალნათელი მაგალითები უკვე მოგვეპოვება კახეთში.

მცხეთა, 2017 წ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული