აქ, მიკროღვინოების სამყაროში, ყველაფერი ძალიან მცირეა. ვენახი სულ რამდენიმე ჰექტარს მოიცავს და გამოშვებული ღვინის რაოდენობა არ აღემატება 1200-1500 ყუთს. მხოლოდ ფასია მაღალი. თუმცა საქმე რაოდენობასა და ზომებში არ არის. მიკროღვინოებმა ყურადღება დახვეწილი და მომაჯადოებელი გემოსთვის მიიპყრეს. მიკროღვინოები ძირითადად მერლოს ჯიშის ყურძნისგან მზადდება. მერლოს ჯიში არ გამოირჩევა უხვმოსავლიანობით, სამაგიეროდ, წვენი ძალიან კონცენტრირებული აქვს. ეს ღვინოები ბორდოს ყველაზე ძვირფას წითელ ღვინოებს წააგავს, ღირებულებით L Lafitte და Latour უტოლდება და ზოგჯერ აჭარბებს კიდეც. ამ ღვინოებიდან ყველაზე ძველი Le Pin სულ რაღაც 20 წლისაა, სხვები - უფრო ახალგაზრდა. La Mondotte -ს პირველი მოსავლის ღვინოები (მიკროღვინოების სტატუსით) 1996 წელს გამოვიდა. მანამდე ის გამოდიოდა როგორც Chateau La Mondotte. Valandraud პირველად 1991 წელს გამოუშვეს, ხოლო Le Dome – 1996 წელს.
Le Dome -ს მეპატრონემ ჯონათან მალტუსმა 1998 წელს სენტ-ემილიონში მერლოს ვენახის მცირე ნაკვეთი შეიძინა და სახელად Clos Nardian უწოდა. სხვა მიკროღვინოები - Rol Valentine და Hermitage - პირველად 1997 წელს გამოჩნდნენ. აქედან გამომდინარე, თუ ღვინოს დიდი ხნის ისტორია აქვს, მას ჩვეულებრივ, `მიკროღვინოს` ვერ უწოდებთ.
მიკროღვინო - ეს არის ახალი კონცეფცია მეღვინეობაში. მისი არსის წვდომას ძალიან მარტივად შეძლებთ - განმარტავს ენოლოგი მიშელ როლანი, Valandraud-ის წარმოების კონსულტანტი: `მედოკის დიდ პირველხარისხოვან მოსავალშიც კი, სადაც საშუალო ხარისხიც ძალიან მაღალია არაჩვეულებრივი ტერუარის წყალობით, ყოველთვის მოიძებნება `საუკეთესო კასრი`. თუ Chateau Margaux -ში ამოირჩევენ კაბერნე სოვინიონის, მერლოს და პტი ვერდოს საუკეთესო კასრებს და მხოლოდ მათგან დაამზადებენ ღვინოებს, შედეგი შესანიშნავი იქნება.`
მიკროღვინოსთვის, პირველ რიგში, უნდა ამოვარჩიოთ რამდენიმე ისეთი ნაკვეთი, სადაც საუკეთესო ვაზი ხარობს, შემდეგ კი ეს ნაკვეთები საერთო სახელწოდებით გავაერთიანოთ. ასე მოიქცნენ ტიენპონის მეღვინეები Le Pin -ის შემთხვევაში. სამ ჰექტარზე, საიდანაც ახლა ამ ღვინოს იღებენ, ადრე ბოსტნეულის ნათესები იყო. ასევე მოიქცა ჟან-ლუკ ტიუნვინიც, Chateau de Valandraud -ის მეპატრონე. მან თანდათან, ნაწილ-ნაწილ შეიძინა ორნახევარი ჰექტარი მიწა.
მედოკში ან გრავში მიკროღვინოს არ აყენებენ. ყველა მიკროღვინო სენტ-ემილიონიდან ან პომეროლიდან არის. ეს იმით აიხსნება, რომ მდინარის მარცხენა ნაპირზე ყველა კარგი მიწის ნაკვეთი უკვე დაკავებულია, შესაბამისად, მათზე ფასებიც ელვისებური სისწრაფით გაიზარდა და როგორც მალტუსი აცხადებს, `მიწა მხოლოდ მთის ფერდობებზეღა შემორჩა.`
ჟირონდის მარჯვენა ნაპირის ღვინოების რბილმა და მომაჯადოებელმა გემომ მალევე მიიპყრო ღვინის ჭეშმარიტ შემფასებელთა ყურადღება და ცნობილი ამერიკელი კრიტიკოსის, მსოფლიო ექსპერტის - რობეტ პარკერის გულიც მოიგო. სხვათა შორის, სწორედ პარკერმა მიაპყრო საზოგადოების ყურადღება Valandraud -ის 1991 და 1992 წლის ღვინოებს და დანანებით განაცხადა, რომ ეს ღვინო გადამყიდველების და სპეკულანტების ვაჭრობის საგნად იქცა.`
`უთვისტომო` და თანაც ასეთ ძვირადღირებულ ღვინოებს ბევრი ეჭვის თვალით უყურებს. პასკალ დელბეკი, ბელიერის მეღვინე, მიიჩნევს, რომ აქედან კარგი არაფერი გამოვა. ეს რბილი ნათქვამია. სხვები, უფრო კატეგორიულები, კი აცხადებენ, რომ ეს ღვინოები ხელოვნურია და დიდხანს ვერ იცოცხლებენ. ბორდოში მითები დადის იმ ხალხზე, რომლებმაც იყიდეს მიკროღვინოების მთელი ყუთი პირველი ხელიდან, ორი წლის შემდეგ გასინჯეს და შეძრწუნებულებმა დააბრუნეს შატოში ორმაგ ფასად იმ იმედით, რომ შემდგომ შატო გაყიდდა მას კიდევ გაორმაგებულ ფასად. სინამდვილეში კი ეს ყველაფერი ზღაპარია და სერიოზულად არ უნდა მივიღოთ.
მიკროღვინოების წარმოებაში ყველა ზომებს იღებენ იმისათვის, რომ ვაზის დამუშავებისა და მოსავლის ხარისხი მაქსიმალური იყოს. Valandraud -ის მეურნეობაში მარცვალს მარცვალზე აგროვებენ. მოსავლის აღებისთვის სამიდან ორი მტევანი უკვე გაკრეფილია ადრეული, `მწვანე` ყურძნის კრეფის დროს. მოსავალი არ აღემატება 1 ჰექტარზე 30 ჰექტოლიტრს. აქ ეკოლოგიურად სუფთა მეურნეობას მისდევენ. როგორც მეურნეობის მეპატრონე სტეფან ფონ ნეიპერგი ამბობს, La Mondotte -ში მეურნეობა ბიოდინამიურია. კერძოდ, ის მარცვლებს დუღილამდე არ ჭყლეტს, რათა უფრო დიდხანს გაგრძელდეს ფერმენტაციის პროცესი. ასევე, კასრებს გოგირდით დეზინფექციას არ უკეთებს, იმიტომ რომ ეს ხის მერქანს `ამჟავებს`. ამის მაგივრად კასრებს სამი კვირის განმავლობაში ელექტროვენტილატორებით ანიავებენ. ფერმენტაციის შემდეგ თითოეულ კასრში 330 კუბურ სანტიმეტრ ჟანგბადს აშხაპუნებენ იმისთვის, რომ მოხდეს ტანინებისა და ანტოციანინების ბალანსირება. ნეიპერგი უარს აცხადებს ღვინის გაწმენდა-გაფილტვრაზე. ხმები დადის, რომ ის დროდადრო ჩამოუვლის ხოლმე თავის ვენახებს და თითოეულ მტევანს ამხნევებს საალერსო სიტყვებით.
ჟაკ ტიენპონს, Le Pin -ის მეპატრონეს, ტექნიკა არ უყვარს. როცა მან საქმის წამოწყება დააპირა, შეიძინა ყველაზე უბრალო სეპარატორი და მარტივი ტუმბო, თბოგადამცემი კი სულ ახლახან მოაწყო: `არ მიყვარს იმის შეცვლა, რასაც ბუნება გვაძლევს, - ამბობს ის, - როდესაც სტეფან ფონ ნეიპერგმა განაცხადა, რომ ისიც აპირებს Le Pin -ის დამზადებას, მე მას ვუთხარი, რომ ეს უკვე სხვა ღვინო იქნება და არა ის Le Pin .მართალია, სტეფანი ძალიან მდიდარია, მაგრამ მარტო ფული ხომ ვერ გააუმჯობესებს ხარისხს?` თვით ნეიპერგი, რომელმაც საქმეში დაახლოებით 30 მლნ. ფრანკი ჩადო, აცხადებს, რომ ფულის ტყუილუბრალოდ გაფლანგვა არ სჩვევია, და იქვე დასძენს, რომ ის წარმოშობით იმ კუთხიდანაა, სადაც ფულს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან.
მუხის კასრების საკითხი ისევ საკამათოდ რჩება. მწარმოებელთა დიდი ნაწილი მხოლოდ ახალ მუხის კასრებს იყენებს. მაგალითად, Le Dome -ს ჯერ ასხამენ სრულიად ახალ მუხის კასრებში, შემდეგ კი გადააქვთ სხვა, ნახევრად ნედლი ხის, ჭურჭელში. ასეთ შემთხვევაში, ამგვარი გადანაცვლება რომ აიტანოს, ღვინო ზომიერად კონცენტრირებული უნდა იყოს,. Le Dome -ს მოსავალი 1 ჰექტარიდან მხოლოდ 28 ჰექტოლიტრს შეადგენს, და მიუხედავად ამისა, 1997 წლის მოსავალზე ცოტაოდენი შაქრის დამატება მაინც მოუწიათ. Valandraud -ს, ისევე როგორც Mondotte -ს, მხოლოდ ახალ კასრებში აყენებენ, 1981 წლიდან კი ახალ კასრებში აყენებენ Le Pin -საც.
უნდა აღინიშნოს, რომ დიდი ხნის დავარგების შემდეგ შესაძლებელია ღვინის გარკვეული რაოდენობის (მაგ.Valandaud -ს დაახლოებით 23 თვეს აჩერებენ მუხის კასრში) ხარისხიანობის შემცირება. Le Pin -ის შემთხვევაში, როგორც წესი, ეს არ ხდება, თუმცა ტენპონი ამბობს, რომ იყო შემთხვევა, როცა 2-3 კასრი Le Pin -იც კი დაიწუნეს. 1996 წელს მან თვითონ ჩაატარა შერჩევა ვენახში და მოსავლის 2/3 ჩამოწერა. Le Dome -ს მეპატრონე მალტუსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მარცვლებსა და ტკბილს. მისი აზრით, თუ ღვინო მხოლოდ ერთი ვენახიდან არის, შესაძლებელია მას დავუმატოთ ყველაფერი ის, რაც ამ ვენახში მოდის. უფრო პრაგმატულად იქცევა ფონ ნეიპერგი: ის თავის La Mondotte -ში 1996 წლიდან აღარ უმატებს კაბერნე ფრანს და მარცვლებსაც წინანდებურად არ წურავს.
საინტერესოა, მედოკშიც გავრცელდება თუ არა მიკროღვინოებზე ეს საყოველთაო გატაცება? ისევ როლანის სტატიას მივუბრუნდეთ: Chateau Prieure-Lichine -ში ბევრი სხვადასხვა ტიპის ტერუარია. თუ მევენახეები ყოველი მონაკვეთიდან მხოლოდ საუკეთესო მტევანს მოკრეფენ, მაშინ ასეთი ღვინო უფრო ხარისხიანი იქნება, ვიდრე Chateau Margaux -ა. ამგვარი შერჩევა კი მამულში სხვა ღვინოების ხარისხს დაბლა დასწევს. გამოდის რომ, სწორედ ამის შედეგად, ყველა მიკროღვინო უნიკალური უნდა იყოს: ისინი მიიღება ე.წ. `არასახელოვანი` ვენახებიდან, რომლებიც ადრე არ გამოიყენებოდა მეღვინეობაში და ამის გამო `არაფერი აქვს დასაკარგი`, ან კიდევ, როგორც La Mondotte, წარმოადგენს ყოფილი ღვინოების `გადაკეთებულ` ვარიანტებს. სხვა საკითხია, შეძლებენ თუ არა ეს მიკროღვინოები, შეინარჩუნონ საზოგადოების დიდი ინტერესი, რომელიც ასე სწრაფად მოიპოვეს. ამას დრო გვიჩვენებს. © „მარანი“
თქვენი კომენტარი