Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურიის მარნები „ღვინის სოფელში“

ლევან სეფისკვერაძე

როგორც იცით, 2020 წელს დაწყებული პროეტი სახელად „ღვინის სოფელი“, რომელსაც „ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, 2022 წელსაც გაგრძელდა. ამჯერად ბენეფიციარები სამეგრელოსა და გურიის მცირე მარნები არიან, რომლებიც ერთი წლის მანძილზე იგივე ციკლს გაივლიან, რაც 2020-2021 წლებში იმერელმა, რაჭველმა და ლეჩხუმელმა მევენახე-მეღვინეებმა გაიარეს. 

პროექტის ახალი ფაზის პირველი გასვლის ნაწილი იყო სამეგრელოს შემდეგ გურიის მცირე მარნების მონახულება და პოტენციური ბენეფიციარების შესწავლა. „ღვინის სოფლის“ სამუშაო ჯგუფმა 5-7 ივლისს გურიის სამივე მუნიციპალიტეტში - ოზურგეთში, ჩოხატაურში და ლანჩუთში იმოგზაურა. პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ის მარნები მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

ვახუშტი მენაბდის გურული სამოთხე

გურიაშიც სამეგრელოს მსგავსად მეღვინეობაში საკმაოდ დიდი ძვრებია დაწყებული, თუმცა მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და ცოდნის შეძენა გურიაშიც ბევრ მეღვინეს სურს. ისეთებსაც კი, რომლებიც ამ საქმეში უკვე ჩაბმულები არიან და ცნობადობასაც იხვეჭენ. ერთ-ერთი ასეთია ოზურგეთის სოფელ შემოქმედში ვახუშტი მენაბდის და მისი ოჯახის მიერ შექმნილი „მენაბდის მარანი“, სადაც ოთხ წელზე მეტია დგება სხვადასხვა სტილის ცნობილი გურული ჩხავერი, საკმიელა, სხილათუბანი და სხვა გურული ღვინოები. მენაბდეებს აქვთ შესანიშნავი საოჯახო სასტუმრო, სადაც სტუმრებს ადგილობრივი პროდუქციისგან დამზადებული კერძებით და რაც მთავარია ღვინით უმასპინძლდებიან. თუმცა, სახელდობრ ღვინის ტურიზმი ვახუშტი მენაბდესაც ძალიან აინტერესებს და ის შემდგომში არამხოლოდ დაესწრება „ღვინის სოფლის“ სხვადასხვა აქტივობებს, არამედ მათ დაეხმარება კიდეც გამოცდილი თუ დამწყები გურული მეღვინეების მოძიებაში.

ზურაბ მენაბდის შემოქმედება

სოფელ შემოქმედში ცხოვრობს გამოცდილი მეღვინე ზურაბ მენაბდეც, რომელიც გურიის იშვიათ ვაზის ჯიშებს ჯერ კიდევ მაშინ უვლიდა და იცავდა, როდესაც მთელი გურია ადესას, ნოეს, იზაბელას და სხვა ჰიბრიდული ვაზის ჯიშების ამარა დარჩა. ბატონ ზურაბს ვენახები ძირითადად მაღლარად აქვს ფორმირებული და მის ეზოში შესულ ადამიანებს აუცილებლად მოხვდება თვალში შესანიშნავად მოვლილი ვაზი. ზურაბ მენაბდე რამდენიმე სახის ღვინოს აყენებს და სამომავლოდ ღვინის ბოთლში წარმოებაზეც ფიქრობს. ასევე აქვს გეგმები ღვინის ტურიზმის კუთხითაც.

ალექსანდრე შეწირული - ჩაი ღვინით

მეღვინე და მეჩაიე ალექსანდრე შეწირული წლების მანძილზე ლონდონში ცხოვრობდა. ინგლისიდან დაბრუნების შემდეგ,  საკუთარი ინვესტიციები ჩადო სოფელ მელექედურში გურული მეჩაიეობის ასაღორძინებლად. ჩაის კულტურის გარდა, ალექსანდრე მევენახეობა-მეღვინეობითაცაა დაინტერესებული. გარკვეულ ფართობზე უკვე გააშენა ცოლიკოურის ჯიშის ვაზი და სამომავლოდ სავენახე ფართობების გაზრდასაც გეგმავს. ამჟამად აქვს საკუთარ ეზოში მშენებარე „ჩაის სალონი“, სადაც სტუმრებს ლამაზი გარემოს თვალიერების, ხარისხოვანი ჩაით ტკბობის პარალელურად, ადგილობრივი ღვინის ჭაშნიკიც შეეძლებათ.

კიღურაძეები დიდი იმედებით 

დიდი ხანი არაა, რაც კობა კიღურაძემ სოფელ მზიანში (ყოფილი ფიჩხისჯვარი) ძმასთან ერთად ოცხანური საფერეს ჯიშს ვაზის გაშენება და მარნის აშენებაზე ფიქრო დაიწყო. სავარაუდოდ, წარმოშობით ოცხანური საფერე გურული ვაზის ჯიშია (გურული სოფლის სახელწოდებიდან გამომდინარე), თუმცა ბედის უკუღმართობის გამო, ოცხანური საფერე გურიაში ფაქტობრივად გაქრა და მხოლოდ იმერეთში შენარჩუნდა. კიღურაძეები სავენახე ფართობების გაზრდას გეგმავენ და იმედი აქვთ, რომ მალე ააშენებენ მარანს, სადაც ღვინის დაყენების გარდა, ტურისტების მიღებაც იქნება შესაძლებელი. კობა კიღურაძემ „ღვინის სოფლის“ წარმომადგენლებს უთხრა, რომ სწორედ ახლა სჭირდებოდა სათანადო ცოდნის შეძენა, რაც შემდგომში მეღვინეობასა და ღვინის ტურიზმში გამოადგება.

გიორგი ტყეშელიაძე გორაბერეჟოულიდან 

გურიის ღვინო ჩოხატაურის გარეშე წარმოუდგენელია. სწორედ ჩოხატაურის სოფლებში შემოინახეს გურული ჩხავერი და სხვა ცნობილი ჯიშები. პროექტის წარმომადგენლები ჩოხატაურის სოფელ გორაბეროჟოულში ახალგაზრდა მევენახე-მეღვინე გიორგი ტყეშელიაძეს ესტუმრნენ, რომელმაც ვენახები სულ რამდენიმე წლის წინ გააშენა და ახლაღა დაიწყო ბოთლში ღვინის ჩამოსხმა. გიორგი სულ მალე აპირებს ახალი მარნის მშენებლობას, რომელიც ღვინის დაყენების გარდა ტურიზმზეც იქნება ორიენტირებული. ვენახების შესანიშნავად მოვლით და ღვინის ხარისხით გიორგი ტყეშელიაძემ სტუმრები გაახარა და იმედია „ღვინის სოფლის“ მიერ ორგანიზებულ ფესტივალზეც ბევრი ადამიანი გაიცნობს ამ ბიჭს და მის ღვინოს.

მამა-შვილი კილასონიები

მზიანელი კიღურაძეების დარად, ოცხანური საფერეს დიდი მოყვარული და დამცველები ცხოვრობენ ჩოხატაურის სოფელ ჯვარცხმაში. მამა-შვილი, ილია და ვიტალი კილასონიები მამა-პაპისეულ ძველ ვენახში ცოლიკოურს ყოველთვის წურავდნენ, თუმცა ბოლო წლებში ადგილობრივი მოძღვრის რჩევით ოცხანური საფერეთი დაინტერესდნენ და სოფლის განაპირა ფერდობზე ოცხანური საფერეს თვალსაჩინო ვენახი გააშენეს. ვენახი ჯერ ახალშენია, კილასონიების მარანიც ჯერ მხოლოდ მშენებლობისწინა დაგეგმარების პროცესშია, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და მამა-შვილი მომავალს დიდი იმედით უყურებს. კილასონიები დიდი იმედით უყურებენ კაცობრიობის მომავალსაც, რაც მათ ახალშენ ვენახში გვერდიგვერდ აფრიალებული საქართველოს და უკრაინის დროშებითაც დასტურდება.

გურიის მეღვინეობის მოამაგე

სასიხარულოა, რომ „ღვინის სოფლის“ წევრი გახდა ჩოხატაურის სოფელ ბუკისციხეში მცხოვრები თეიმურაზ შარაშიძე, რომელსაც გურული ვაზის ჯიშების მოძიება-შენარჩუნების საქმეში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ბატონი თეიმურაზი მეღვინეობის გარდა ეთნოგრაფიითაცაა დაინტერესებული. მის მარანში სტუმრები ქართული, განსაკუთრებთ კი გურული ეთნოგრაფიული, ხალხური რეწვის ნიმუშების ხილვითაც ისიამოვნებს. თეიმურაზ შარაშიძესთან შესაძლებელია იშვიათი გურული  ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინოების ჭაშნიკი. მათ შორის არის ჯიშები, რომლებიც მხოლოდ მის ვენახში და შემდეგ უკვე მარანში მოიპოვება. 

ჯამბერიძეების მარანი

"ღვინის სოფლის" კიდევ ერთი ბენეფიციარის,  გია ჯამბერიძის მარანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ჯამბერიძეებს სოფელ გორაბერეჟოულში გაშენებული აქვთ, ძირითადად, ციცქა და ცოლიკოური. ორი წლის წინ გააშენეს ჩხავერის ვენახი და იმედი აქვთ, რომ სულ მალე კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო ჯიშური მრავალფეროვნება ექნებათ. გია ჯამბერიძის მარნის ღვინოები უმეტესწილად მუხის კასრებშია დაყენებული და ამ მხრივ, ეს ღვინოები დიდი ინტერესს იწვევს.

დავით კობიძე სოფელ ერკეთიდან

ჩოხატაურის მუნიციპალიტის ლამაზ სოფელში - ერკეთში მდებარეობს „კობიძეების მარანი“, რომელიც მევენახე-მეღვინე დავით კობიძეს ეკუთვნის. დავით კობიძე და მისი ოჯახის წევრები წინაპრების დაწყებულ საქმეს აგრძელებენ. კობიძეებს ვენახში გაშენებულია ვაზის 15 გურული ჯიში: ჩხავერი, ალადასტური, ჯანი, სხილათუბანი, საკმიელა, კამური, ათინაური, კლარჯული, მტევანდიდი, ბადაგი, ჭუმუტა, მტრედისფეხა. მარანი ამჟამად 7 სახის ქვევრის ბუნებრივ ღვინოს აწარმოებს, ქართული ტრადიციული მეთოდით, როგორც ჭაჭაზე, ასევე ჭაჭის გარეშე.

ავთო თურქია ლანჩხუთიდან

„ღვინის სოფლის“ სამუშაო ჯგუფის პირველი ექსპედიციის ბოლო გაჩერება ლანჩხუთის სოფელ მაჩხვარეთში იყო,  სადაც ადგილობრივ ახალგაზრდა მეღვინე ავთო თურქიას შეხვდნენ. ავთო ფაქტობრივად პირველია, რომელმაც მის სოფელში გააშენა გურული ცნობილი საღვინე ვაზის ჯიშის - თეთრი კამურის და ცოლიკოურის ვენახები და ახალი მარნის დაგეგმარებაც დაიწყო. ავთოს დიდი იმედი აქვს, რომ გარდაცვლილი მამის აშენებულ დიდ სახლს ტურისტების მისაღებად გამოიყენებს და სტუმრები ყოველთვის ისიამოვნებენ ავთო თურქიას ღვინით და დედამისის მიერ შექმნილი გურული კულინარიული შედევრებით. ავთო თურქია „ღვინის სოფლის“ ახალი ფაზაში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა ბენეფიციარია.

აქვე გთავაზობთ პროექტ „ღვინის სოფელის“ დასკვნით ეტაპზე გურიიდან გასული მცირე მარნების ჩამონათვალს და კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პროექტში ჩამოთვლილი მარნების გარდა სხვა მარნებსაც და მევენახე- მეღვინეებიც შეუძლიათ მონაწილეობა.

1. „მენაბდის მარანი“ (სოფელი შემოქმედი, ოზურგეთი);
2. „ზურაბ მენაბდის მარანი“, (სოფელი შემოქმედი, ოზურგეთი)
3. „ალექსანდრე შეწირულის მარანი“, (სოფელი მელექედური, ოზურგეთი); 
4. „კიღურაძეების მარანი“ (სოფელი მზიანი, ოზურგეთი);
5. „გიორგი ტყეშელიაძის მარანი“,(სოფელი გორაბერეჟოული, ჩოხატაური);
6. „ვიტოს მარანი“ (სოფელი ჯვარცხმა, ჩოხატაური);
7. „თეიმურაზ შარაშენიძის მარანი“, (სოფელი ბუკისციხე, ჩოხატაური);
8. „თანდილას მარანი“, (სოფელი მაჩხვარეთი, ლანჩხუთი);
9. „კობიძეების მარანი, (სოფელი ერკეთი, ჩოხატაური);
10. „გია ჯამბერიძის მარანი“, (სოფელი გორაბერეჟოული, ჩოხატაური).

„ღვინის სოფელის“ ეს ეტაპი 2023 წლის მაისამდე გაგრძელდება და იგი მიზნად ისახავს მომავალში საქართველოს ყველა ღვინის რეგიონი მოიცვას.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენოტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

© ღვინის კლუბი/vinoge.com



ძალიან კარგი ინფორმაცია და მასალაა გადმოცემული და მადლობა ამისთვის აქვე მინდა აღვნიშნო რომ ჩოხატაურის სოფელ ამაღლებაში ქვათირის უბანში ამირან დოლიძეს (კიკოლაშვილი) აქვს საოცარი მარანი თავისი ვენახებით და საოცარო გემოებით. მარნის სახელწოდებაა შპს "გურული ღვინოები". აუცილებლად უნდა დაინტერესდეთ ამ მარნით და მასზეც განათავსოთ ინფორმაცია


სოფელი მაჩხვარეთი და არა მაჩხვანეთი


დიდი მადლობა შენიშვნისთვის. ჩავასწორეთ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული