Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

სულ ვერცხლი და ბრინჯაო

მალხაზ ხარბედია

16 ივნისს, გაგანია ბლუმსდეიზე, Decanter World Wine Awards–ის საბოლოო შედეგები გამოცხადდა და როგორც ყოველთვის, აქაც არ დავრჩით მედლების გარეშე, თუმცა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც სულ ვერცხლი და ბრინჯაო მოგვაკუთვნეს. ერთად–ერთი შემთხვევა 2010 წლის კონკურსი იყო, როდესაც ბადაგონის მიერ ჩამოსხმულმა ღვინომ, ალავერდის ტრადიცია, რეგიონალური (აღმოსავლეთ ევროპა) ტროფეი აიღო. გახსოვთ ალბათ, დონატო ლანატის ხელიდან გამოსული ეს ზედმეტად დახვეწილი და გაკრიალებული ღვინო, საფერავიდან დაყენებული.

Decanter World Wine Awards უკვე წლებია არ გვაკარებს ოქროს, იგი არ გვანებივრებს ისე, როგორც, მაგალითად Concours Mondial de Bruxelles, China Wine & Spirits Awards, Mundus Vini, Hong Kong International Wine & Spirits Competition და სხვ. რაღა NATO და ევროკავშირი და რაღა დეკანტერის ეს სახელოვანი კონკურსი, სადაც ვერა და ვერ ავაღწიეთ ოქრომდე.

ქართული ღვინო თავიდანვე, 2007 წლიდანვე ჩაერთო ამ კონკურსში, პიონერები თბილღვინო და თელავის მარანი იყვნენ. შემდეგ, 2008 წელს ასპარეზზე ოროველა გამოვიდა თავისი ჭანდრებით, 2009 წელს შემადგენლობას თელიანი ველი შეუერთდა, 2010–ში კი, როგორც ზემოთაც ვთქვით, ქართულმა ღვინომ პირველად გაისროლა Decanter–ის მინდორზე. 2011, 2012, 2013–მა თანაბრად უფერულად ჩაიარა, დაახლოებით ასე იყო 2014 წელსაც, თუმცა  2015 და 2016 წელს აშკარად იმატა ვერცხლმა.

წელს ვერცხლი შემდეგ ღვინოებს ერგოთ:

Rêserve du Prince, Château Mukhrani, (წითელი), 2011

მწვანე, თელავის ღვინი მარანი, N/V

მწვანე–ქისი, თელავის ღვინი მარანი, 2015

რქაწითელი–მწვანე თამადა, GWS, 2014

საფერავი Family Reserve, Lukasi, 2013

ნაფარეული თამადა, GWS, 2013

სატრაპეზო საფერავი, თელავის ღვინი მარანი, 2013

დესერტზე კი:

ქინძმარაული, თელავის ღვინი მარანი, 2015

ხვანჭკარა, Schuchmann Wines Georgia,  2015 

სატრაპეზო აისვაინი კაბერნე, თელავის ღვინი მარანი, 2013

როგორც ხედავთ, წინამორბედის, 2010 წლის Rêserve du Prince–ს ადგილი წარმატებით დაიკავა 2011–სამ. იმ ღვინოს ოქროებიც ჰქონდა, არც ამას გაუჭირდება ალბათ. მწვანე–ქისს ისევ სტაბილურად აგზავნის კონკურსებზე თელავის მარანი, მოსალოდნელია, რომ ესეც აიღებს ერთიორ ოქროს. სიახლე იყო რქაწითელი–მწვანე, ადრე, როგორც მახსოვს, არ ჰქონდათ ამ დასახელების ღვინო თამადას კალათაში და ახლა ალბათ გადაწყვიტეს, წინანდლის ნაცვლად შემოუშვან მოედანზე. და ბოლოს, ახალი მოთამაშე პრემიალური ღვინით, საფერავის ოჯახური რეზერვი, ლუკასი.

ყველაზე საინტერესო ამ კონკურსებზე ის გახლავთ, რომ კომპანია ხშირად თავის ახალ, ცინცხალ ღვინოებს აგზავნის გასასინჯად. ამ ვერცხლის მედალოსნებშიც, სამი გასული წლის მოსავლის ღვინო ურევია, მათ შორის, ორი ნახევრადტკბილია, თუმცა თბილისის ღვინის მაღაზიები ან სუპერმარკეტები რომ მოვიაროთ, მეეჭვება ეს ახალი ღვინოები დახლებზე აღმოვაჩინოთ. იგივე შეიძლება ითქვას კაბერნეს აისვაინზე. თუ იცით სად იყიდება, ქვემოთ დაწერეთ, კომენტარებში.

ჟიურის თავმჯდომარე ტრადიციულად სტივენ სპურიე იყო და ერთი კვირის მანძილზე ლონდონის Tobacco Dock–ში ღვინოს 69 ღვინის დიდოსტატი და 26 ოსტატი სომელიე სინჯავდა.

ვერცხლის და ბრინჯაოს მფლობელი, ასევე რეკომენდებული ღვინოების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ აქ იხილოთ. იმედია არც ძველი გამარჯვებულების პოვნა გაგიჭირდებათ.

სულ ეს იყო მეგობრებო, რაც თქვენთვის მინდოდა მეთქვა, დაველოდოთ მომავალ წელს ოქროსაც, მოვითხოვოთ 2015–ები მაღაზიებში და რაც მთავარია, ცოტა გავახალისოთ უკვე კარგად ნაცნობი შემადგენლობა, არამხოლოდ კომპანიების, არამედ დასახელებების და ჯიშების თვალსაზრისითაც. მედლები არაფერია, მითუმეტეს ვერცხლი და ბრინჯაო, ღვინოა მთავარი, კარგი ღვინო და ჩვენ, ვინც გამარჯვებულებში ნაცნობ ღვინოს მოვკრავთ თვალს და მეგობარს გადავულაპარაკებთ: „ეს ღვინო გუშინ წამოვაწვინე სარდაფში“, „ამასწინათ გავსინჯე“, „მაქვს! გინდა გავხსნა?“.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.