ჯაბა ძიმისტარიშვილი საქართველოს საუკეთესო სომელიე 2021 გამარჯვებულია. იგი სომელიეს მნიშვნელობაზე, მეღვინეობაში მის როლსა და საქართველოში ამ პროფესიის განვითარებაზე გვესაუბრა.
- ვინ არის სომელიე? რას გულისხმობს შინაარსობრივად ეს პროფესია, რა ცოდნის მატარებელია და რა ფუნქცია აკისრია?
- სომელიე ეგრეთწოდებული ღვინის ელჩია. ეს მარტივი, ერთ პროფილიანი პროფესია არაა. ღვინის გარდა, სომელიე ძლიერი ალკოჰოლურ სასმელების, ჩაის, ყავის, ყველისა და სიგარის ექსპერტიცაა. მან ამ პროდუქტების “ჰო-რე-კა“ სექტორში სწორად დამკვიდრება და მომხმარებლისთვის შეთავაზება უნდა უზრუნველყოს.
- რა როლი აქვს ღვინის ინდუსტრიისთვის სომელიეს? საქართველოში რამდენად არის ეს პროფესია განვითარებული და რამდენად პერსპექტიულია?
- საქართველოში სომელიეს პროფესია დროთა განმავლობაში უფრო ცნობადი და მოთხოვნადი ხდება. მცირე თუ დიდ მარნებს უკვე სურვილი აქვთ სომელიე მათ პროდუქციას წარმოაჩენდეს. ასევე, როდესაც რომელიმე კომპანიის ბრენდ-სომელიე ხდები, აქტიურად ერთვები ექსპორტის საკითხებშიც, პროდუქციას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს აცნობ, რაც გარკვეულწილად ცნობადობის ამაღლებას უწყობს ხელს და მომხმარებლის მოთხოვნილებებსაც ზრდის.
- რა იქნება ის უნივერსალური რჩევები, რასაც ღვინის მომხმარებელს ღვინის დაგემოვნების თვალსაზრისით მისცემდით?
- ჩვენს ბაზარზე უკვე არაერთი მცირე თუ საშუალო წარმოების მარნებია, გემოვნება და მოთხოვნებიც იხვეწება. ამიტომ ქართულ ბაზარს ამის პრობლემა არ აქვს. ბევრი ფესტივალი და ღვინის საღამო ტარდება, სასურველია კიდევ უფრო მეტი აქტიურობა. ღვინო ჩვენი კულტურის ნაწილია, მომხმარებლის მხრიდანაც მეტი მხარდაჭერაა საჭირო - რაც მეტ კარგ ღვინოს ეცნობი, რეცეპტორებიც უფრო იხვეწება.
- ღვინის სწორად დაგემოვნებისას, რამდენად მნიშვნელოვანია ჭიქა და მისი ფორმა? კიდევ რა შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ფაქტორი?
- ჭიქის ფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, არასწორ სასმისს შეუძლია არომატები და გემო აბსოლუტურად შეცვალოს. ასევე, საფერავისათვის შექმნილია სპეციალური ბოკალი კომპანია "რიდელის" მიერ, რომელიც ქართულ ბაზარზე უკვე გამოჩნდა, ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს ერთი ისეთი ბოკალი, რომლითაც სახლში ექსპერიმენტის ჩატარება შესაძლებელი იქნება. მაგალითად, ერთი საფერავის და სამი სხვა მსგავსი ჭიქა რომ ავიღოთ და თითოეულის საშუალებით საფერავი გავსინჯოთ, დავრწმუნდებით, სპეციალური ბოკალი ღვინის ღრმა და ფართო არომატულ სპექტრს ხელს როგორ შეუწყობს.
- ღვინის დაგემოვნების კულტურის ათვისება რამდენად მნიშვნელვანია? რეალურად რამდენად ზრდის ღვინის სმით მიღებულ სიამოვნებას?
- ქართველები გურმანი ხალხი ვართ, ის, რომ ჩვენ სიამოვნებას არა ღვინის არამედ თრობით ვიღებთ, არასწორი შეხედულებაა! უამრავი ღვინის სასმისი მოგვეპოვება, მათი მთავარი დანიშნულებაც ეს იყო - ღვინისგან მეტი სიამოვნების მიღება და არა ბევრის დალევა. მიხარია, რომ ახალგაზრდა თაობა ღვინოს უკვე სულ სხვანაირად აღიქვამს და დალევის საკითხსაც განსხვავებულად უდგებიან.
- ღვინის დაგემოვნების კულტურის კუთხით, როგორი სიტუაციაა საქართველოში? რა მიგაჩნიათ საჭიროდ ამ მხრივ კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის?
- სახელმწიფოს მხრიდან მეტი ჩართულობა და ხელშეწყობაა საჭირო, ასევე მეტი აქტივობები.
- ზოგადად რომელი ვაზის ჯიშიდან დაყენებული ან როგორი სტილის ღვინოები გიყვართ?
- ტრადიციული ქვევრის ღვინის მოყვარული ვარ, რა თქმა უნდა, მყავს ჩემი ფავორიტი ღვინოებიც.
- თქვენ როგორ გადაწყვიტეთ გამხდარიყავით სომელიე? რა საფეხურების გავლა მოგიწიათ, სანამ სომელიე გახდებოდით?
- პროფესიით მსახიობი ვიყავი. კომპანია „ემ ჯგუფთან“ ვთანამშრომლობდი და ღვინის პროექტში რეკლამის გაკეთება მომიწია, შემდეგ მათი მხრიდან იყო შემოთავაზება. მათ "თბილისის ღვინის სკოლა" გამატარეს, ასევე სომელიეს სტატუსის ასაღებად გავიარე WSET-ის ორი საფეხური და კვალიფიკაციის ასამაღლებლად მესამე დონესაც გავდივარ. საქართველოში სტატუსის ერთხელ აღება საკმარისი არაა. ოთხ წელიწადში ერთხელ კიდევ გიწევს გამოცდის ჩაბარება, მუდამ ფორმაში ყოფნისთვის, რომ არ მოდუნდე. მთავარია, სურვილის ქონა, განვითარება აქაც შესაძლებელია - უკვე ბევრი კურსი და ღვინის სკოლაა.
- როგორ ხედავთ ამ დარგის სამომავლოდ განვითარებას საქართველოში? რა მთავარი მიზნები და გამოწვევები გაქვთ?
- ნელ-ნელა უფრო მოთხოვნადი ხდება ჩვენი პროფესია, შესაბამისად მსურველებიც უკვე ბევრია. უმთავრესი გამოწვევა მაინც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსვლა და მისი ღირსების დაცვაა.
- თქვენ გაიმარჯვეთ კონკურსში „საქართველოს საუკეთესო სომელიე 2021“, რა მნიშვნელობა აქვს ამ კონკურსს ზოგადად და პირადად თქვენი გამოცდილებისთვის?
- თვითონ კონკურსში მონაწილეობის მიღებაც თავისთავად დიდი გამოცდილება და პროფესიული განვითარებაა. რა თქმა უნდა, ახალი გამოწვევები და შემოთავაზებებიც მოჰყვება ამას, ასევე პასუხისმგებლობაც გემატება. გამარჯვების შემდეგ პოზიციის შენარჩუნებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.
- რა შეუძლიათ ქართველ სომელიეებს, რომ მთლიანად ქართული ღვინის სექტორის განვითარებისთვის გააკეთონ?
- ჩვენ შეგვიძლია ექსპორტისა და იმპორტის მიმართულებით ნიადაგის შექმნა. თუნდაც თითოეული უცხოელი თუ ქართველი სტუმრისთვის ღვინის ისტორიის გაცნობა, რითაც ის პოტენციური მომხმარებელი ხდება. სომელიე თავისივე ღვინის სახეა და მასზე ბევრი რამაა დამოკიდებული. მეღვინეების ძალიან კარგი და ძლიერი თაობა მოდის. იმედი მაქვს ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და წინსვლისათვის ერთად მეტს შევძლებთ.
©ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი