Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

როგორ ვითარდება ნატურალური ღვინო უნგრეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში

რებეკა გიორფი უნგრელი ნატურალისტი მეღვინეა. სფეროში ის 2013 წლიდან აქტიურადაა ჩართული. განათლება შოტლანდიაში მიიღო, სადაც ნატურალური ღვინით დაინტერესდა. ასევე, აღმოსავლეთ ევროპული ღვინის განსაკუთრებული სიყვარულის გამო, მათ პოპულარიზაციასაც ეწევა. პანდემიის დროს უნგრულ და აღმოსავლეთ ევროპის ნატურალურ ღვინოზე წერდა. გთავაზობთ მასთან ინტერვიუს.

- რას ნიშნავს ნატურალური ღვინო და რამდენი ხანია რაც ეს ტერმინი აქტუალურია?

- მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ტექნოლოგიურმა ინოვაციებმა და მსხვილი ფარმაცევტული კომპანიების გააქტიურებამ, ღვინის ფართომასშტაბიანი წარმოების გაჩენას შეუწყო ხელი. ამან მეღვინეობაში  ქიმიკატების, სასუქების და დანამატების ფართო გამოყენება გამოიწვია. მოკლე პერიოდში ამ ნივთიერებებს იმდენად ჭარბად გამოიყენებდნენ, რომ საფრანგეთის გარკვეულ რეგიონებში ქიმიკატები კანონით სავალდებულოც კი გახდა. 1980-90-იან წლებში ოთხი ფრანგი მეღვინე ამ ქიმიკატებს საჯაროდ დაუპირისპირდნენ. ისინი ღვინის სუფთა და ჯანსაღი ნედლეულისგან დაყენებას მოითხოვდნენ დაჟინებით. ამან საზოგადოების ცნობიერებაში ბუნებრივი მეღვინეობა დააბრუნა. ბუნებრივი ღვინო დანამატების გარეშე მზადდება. ამისთვის ვაზის შესაბამისად მოვლაა აუცილებელი. ვფიქრობ, ღვინის 98% რეალურად ვენახითაა განპირობებული. ბუნებრივი ან „დაბალი ინტერვენციის“ ღვინოებისთვის სასურველია ყურძენი ორგანულად და/ან ბიოდინამიკურად მოვიყვანოთ, სადაც ყურადღება ვენახში მრავალფეროვანი ეკოსისტემის შექმნას ექცევა და არა ქიმიკატებს. ჩვეულებრივი ღვინის ქარხნის მინდვრებში, ძირითადად, მხოლოდ ყურძენს შეხვდებით, ბუნებრივი მეღვინეების ვენახებში კი ულამაზეს ხეებსა და ყველა სახის ბოსტნეულს ნახავთ. ცოცხალი არსებები და მცენარეები, ყურძენთან ერთად, მთლიანობას ქმნიან. იქ კი, სადაც ღვინის დაყენების პროცესი მიმდინარეობს, ვერც ქიმიკატებს და ვერც მექანიკურ ფილტრაციას ვერ შეხვდებით. ვფიქრობ, ადამიანების უმეტესობას წარმოდგენა არ აქვს, რა შედის იმ ღვინოში, რომლებსაც ასეთი სიხშირით სვამენ.

- ამის მიზეზი ალბათ ისიცაა, რომ როდესაც მაღაზიაში ღვინოს ვყიდულობთ, ვერ ვიგებთ მის შემადგენლობას. წარმოდგენა გვექმნება, თითქოს მასში მხოლოდ ყურძენია.

-  შეიქმნა პეტიცია, რომელიც ითხოვდა, რომ ღვინის ეტიკეტზე აუცილებლად უნდა ეწეროს ის ინგრედიენტები, რაც მისი დაყენების პროცესში გამოიყენეს. მომხმარებელმა უნდა იცოდეს ნებისმიერი დანამატის შესახებ. თუ სხვა ნებისმიერი პროდუქტის შესახებ მომხმარებელს სრული ინფორმაცია მიეწოდება, ღვინოს შემთხვევაშიც ასე უნდა იყოს, უფრო გულწრფელები ვიქნებოდით. ამის შემდეგ უნდა წყვეტდეს მომხმარებელი სურს თუ არა რომელიმე ღვინის შეძენა. ვფიქრობ, ამით მომხმარებლის ცნობიერებაც გაიზრდებოდა.

- დიდ დროს უთმობ ადგილობრივ ნატურალურ ღვინოებს. როგორია საზოგადოების მათდამი დამოკიდებულება?

- რამდენადაც ვიცი, ამჟამად მსოფლიოში მხოლოდ ორი ქვეყანაა, სადაც ღვინის ნატურალური კლასიფიკაციის კანონიერი მოთხოვნაა: ერთი საფრანგეთი და მეორე უნგრეთი. ეს ინდუსტრიაში წინ გადადგმული ნაბიჯია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ჩვენს ქვეყანაში ნატურალური ღვინის მწარმოებელთა და მოყვარულთა რიცხვი გაიზარდა, ბუდაპეშტში და რეგიონებში უფრო და უფრო მეტი ადგილი ჩნდება, სადაც ნატურალური ღვინოების დაგემოვნებაა შესაძლებელი. რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ნატურალისტი მეღვინე გვყავს, რომელთა ცოდნაც ბევრს ნიშნავს. უნგრული ღვინოები განსაკუთრებულია, თუმცა საზღვარგარეთ ბევრმა არ იცის, რომ აქაც აყენებენ. საბედნიეროდ, იმპორტიორთა რაოდენობა იზრდება, ადგილობრივი ღვინო უცხოურ ბარებსა და რესტორნებშიც შეაქვთ. დეგუსტაციებს ხშირად ვმართავთ, ეწყობა ნატურალური ღვინის ტრენინგები, სადაც ადამიანები ცოდნას ცვლიან, ღვინოს სინჯავენ და დროს სასიამოვნოდ ატარებენ.  

- ახალგაზრდები თუ არიან ამით დაინტერესებულნი?

დიახ, ახალგაზრდებსაც შეხვდებით. თუმცა, ყველა ასაკის ადამიანია ჩართული, მათ შორის 30-40 წლიანი გამოცდილების მქონე მეღვინეები, რომელთან უდიდესი ცოდნა აქვთ ნატურალური ღვინის შესახებ. ახალგაზრდებს ცოდნის მიღების დიდი სურვილი აქვთ, პანდემიის შემდეგ უფრო მეტად გააქტიურდნენ. ბოლო ორი წლის განმავლობაში უნგრეთში ბევრი ახალი მცირე მეღვინეობა გამოჩნდა. ასევე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებშიც ბევრმა ბუნებრივი ღვინის დაყენება წამოიწყო, დიდი სივრცე ჩნდება ღირებული რამის შესაქმნელად.

- როგორც მივხვდი, ნატურალური ღვინისთვის ადამიანების ერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

- დიახ, ჩემთვის ნატურალური ღვინო სწორედ ესაა. რა თქმა უნდა, ყურძენთან ვმუშაობთ, ღვინოს ვაყენებთ, ლამაზ ეტიკეტებს ვქმნით, მაგრამ ჩემთვის ადამიანები ყველაზე მნიშვნელოვანია. ბევრ ღონისძიებას ვმართავთ, დეგუსტაციები, ცოდნის გაზიარება, ტრენინგები, აზრების გაცვლა, სპეციალური სესხების გაცემა - ესაა მთავარი ღირებულება, რომელსაც სხვაგან ვერ შევხვდები. წერაც ამიტომ დავიწყე, ეს არამხოლოდ ღვინოზე, არამედ ხალხზეცაა, მათ გარეშე ღვინო არ იქნებოდა. ჩემთვის ადამიანების ისტორიები ძალიან მნიშვნელოვანია, რატომ დაიწყეს ამის კეთება, ეს თავად ღვინოზე, როგორც პროდუქტზე, ახდენს გავლენას. ღვინისთვის მთავარი შეჯიბრებებში მონაწილეობა და მედლების მიღება არ არის. ღვინის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ დგას - ის, ვინც მას ამზადებს და, რაც მთავარია, ის, ვინც მას სვამს.

- თქვენ უკვე ისაუბრეთ იმაზე, თუ როგორია უნგრეთის ბუნებრივი ღვინის ინდუსტრია, აღმოსავლეთ ევროპაზე რას იტყოდით?

- ღვინის სამყაროში ტენდენციები არსებობს. ვფიქრობ, რომ ახლა აღმოსავლეთ ევროპის ღვინოებისთვის რენესანსის პერიოდია. აღმოსავლეთ ევროპა ფანტასტიკურია, აქ შესანიშნავი ბუნებრივი და ნიადაგური პირობებია. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონის შესახებ ჯერ კიდევ არსებობს სტერეოტიპები, მეღვინეები მსოფლიოს უმტკიცებენ, რომ ისინი არა მასობრივი წარმოების იაფ ღვინოს აწარმოებენ, არამედ ღირებული, გამორჩეული ღვინის დაყენება შეუძლიათ. მეორე მხრივ, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრადიცია და შემონახული ღირებულებები, ფესვებთან დაბრუნება.

- როგორ ხედავთ ნატურალური ღვინოების მომავალს?

- ორ რამეს გავუსვამდი ხაზს. სიტყვა „ნატურალური“ მარკეტინგულ ტერმინად იქცა, დიდი კომპანიები საკუთარი ღვინოების უფრო ბუნებრივად წარმოჩენას ამით ცდილობენ. მეორე კი ის არის, რომ ეს გზაა, რომლითაც ჩვენს ფესვებსა და ბუნებასთან დაბრუნება შეგვიძლია. ვფიქრობ, სამომავლოდ ადამიანები მეტს იფიქრებენ ბუნებასთან ურთიერთობაზე, მეტს გააცნობიერებენ. ვისურვებდი, რომ ღვინო მომავალში ერთგვარ განაცხადად იქცეს და არამხოლოდ იმიტომ ვსვამდეთ, რომ ის სასიამოვნო და გემრიელია, არამედ იმ იდეის გამოც, რაც მის უკანაა, ბუნების სიყვარულს ვგულისხმობ.

თარგმანი © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.