Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რაჭველი ილია მენაბდის ჯიშური მრავალფეროვნება

ლევან სეფისკვერაძე

პროექტ „ღვინის სოფლის“ წევრი რაჭველი მევენახე-მეღვინე ილია მენაბდე ახალგაზრდა კაცია, რომელმაც მეღვინეობას ხელი სულ ცოტა ხნის წინ მოჰკიდა. ილიას ამ საქმეში ძალიან დაეხმარა მისი მეგობარი და პარტნიორი მეღვინე აპოლონ კერესელიძე, რომელმაც მევენახეობის საიდუმლოებებიც გააცნო და იმაშიც დაეხმარა, რომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულში ძველი ვენახი შეეძინა.

ილია ახალი მარნის აშენებას და უჟანგავი ფოლადის ჭურჭლის პარალელურად, ღვინის ქვვრებში წარმოებას უახლოეს ხუთ წელში აპირებს, როდესაც მისი ახალშენი ვენახიც წამოიზრდება. მანამდე კი სამართლიანად ამაყობს ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნებით, რაც მის ვენახებში თავიდანვე თვალშისაცემია.

ილია მენაბდის კუთვნილ დაახლოებით 5 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის ვენახებში ალექსანდროულის, მუჯურეთულის, წულუკიძის თეთრას და რაჭული მწვანეს გარდა, ასევე შეგიძლიათ ნახოთ შავი კაბისტონი და უძველესი, თუმცა გადაშენების პირას მყოფი რაჭული ვაზის ჯიში რცხილიც. სხვა მარნებისგან მენაბდეების მთავარი განმასხვავებელი ნიშანიც სწორედ ვაზის ჯიშთა და შესაბამისად მომავალში ღვინის მრავალფეროვნება იქნება.   

ილია მენაბდე, მევენახე-მეღვინე, მარანი „მენაბდე“: „ჩვენთვის ღვინო ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო. მამაჩემის მამა ცნობილ ვაზის ჯიშ ხოტეურას, სოფელ ხოტევში საწნახელში აყენებდა. სამწუხაროდ ბაბუა ადრე გარდაიცვალა და არ მახსოვს. სამაგიეროდ, კარგად მახსოვს მეორე ბაბუა - დედაჩემის მამა და იმას ვეხმარებოდი ხოლმე ღვინის დაყენებაში. იმ ბაბუებისგან  დაილექა ჩემში მეღვინეობა, თუმცა არც ისე დიდი დროა რაც ამ საქმეს საბოლოოდ მოვკიდე ხელი.

- მაინც როგორ გახდით მეღვინე?

- ჩემს ცხოვრებაში დადგა დრო, როდესაც რაჭაში დავიწყე აქტიურად სიარული და ამ სიარულ-სიარულში მივხვდი, რომ მეღვინეობა ჩემი საქმე იყო. მერე ამას მოჰყვა  ვენახის გაშენება და სახლის მშენებლობის დაწყებაც. სხვათა შორის, რაჭაში ჯერ ლობიო და სიმინდი მომყავდა. მერე ჩემი მეგობრის, აპოლონ კერესელიძის ნაცნობობით და მასთან მეგობრობით უკვე მეღვინეობასაც მოვკიდე ხელი. როდესაც ვხედავდი აპოლონის საქმიანობას, მის შრომას როგორც ვენახში, ასევე მარანში, მეც გამიმძაფრდა ამ საქმის კეთების სურვილი. უცებ ვნახეთ, რომ იყიდებოდა ძველი ვენახი (1500 კვადრატული მეტრი ფართობის), ვიყიდე ვენახი და თავიდან ბოლომდე ჩავები ამ საქმეში.

- ვაზის რომელი ჯიშებია თქვენს ვენახებში გაშენებული?

- ჩემს პატარა ვენახში არის ბევრი ჯიში - ალექსანდროული, კაბისტონი, რაჭული მწვანე, წულუკიძის თეთრა და სხვა... შემდეგში მივამატე კიდევ მცირე სავენახე ფართობები და სულ 5 ათას კვადრატულ მეტრზე ავედი.  ახალშენ ვენახებში დავამატე იშვიათი რაჭული ვაზის ჯიში რცხილი, რომელმაც შარშან მოგვცა პირველი მოსავალი და მეამაყება, რომ ეს ჯიში მაინც გავაშენეთ ამდენი ხნის მერე.  ვაზის ჯიშთა მრავალფეროვნებიდან და ვენახების სიმცირიდან გამომდინარე, მე მექნება დეფიციტური ღვინოები და მთავარ აქცენტს გავაკეთებ ხარისხზე.

- როგორც ვიცი ახალი მარნის აშენებაც გაქვთ გადაწყვეტილი...

- რა თქმა უნდა! თუმცა ახლა ძალიან ჭირს მარნის აშენება, მით უმეტეს ამ პანდემიის დროს. ველოდები მცირე  გრანტებს და იმედი მაქვს, რომ  მხარში დამიდგებიან. საკუთარი ძალებით ვიცი რთულია ახალი მარნის აშენება, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი, საშური საქმეა და იმ აზრსაც შეგუებული ვარ, რომ მარანი აუცილებლად უნდა გავაკეთო. ჯერ ვცდილობ მოვიწყო საცხოვრებელი და როდესაც ახალშენი ვენახი მეხუთე წელში იქნება, ვაზის ზრდის პარალელურად ახალი მარანი აუცილებლად დამჭირდება და აქედანვე ვიწყებ საამისო სამზადისს.  

- ქვევრების ჩარგვასაც ხომ არ აპირებთ?

- მინდა და გადაწყვეტილი მაქვს ჩემს ახალ მარანში ქვევრების ჩაყრა. თუმცა, ბოლო დროს ბევრი მტკივნეული ამბავი მესმის ქვევრების უხარისხობასთან დაკავშირებით და ცოტა არ იყოს შევშინდი. ისიც ვიცი, რომ კარგი ქვევრის შოვნისთვის ადამიანს რიგის დაკავება გიწევს. მიუხედავად ამისა, ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა და ახალ მარანში ქვევრები აუცილებლად მექნება.

- რას გვეტყვით პროექტ „ღვინის სოფელ“-ზე, სადაც სულ ცოტა ხნის წინ ჩაერთეთ?

- ეს ახალი პროექტი „ღვინის სოფელი“ შესანიშნავი წამოწყებაა და მე თუ მკითხავთ, მსგავსი ტიპის დახმარება რაჭას აქამდეც ჭირდებოდა. ესაა უკვე არსებული კარგი ტენდენციის ნაწილი. „ღვინის კლუბის“ დახმარებით ბოლო წლებში მართლა წინ წავიდა ქართული ღვინის სექტორი. ეს მეტყველებს პატარა მარნების ასეთ სიმრავლეზე და უცხოელების ძალიან დიდ ინტერესზეც. საქართველოში გამართულ ღვინის ფესტივალებზე უამრავი უცხოელი ჩამოდის და „ღვინის კლუბის“ მიერ ჩატარებულ „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ჩამოსულ უცხოელებს შორის თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი ქვეყნებიდანაც კი მინახავს ადამიანები, როგორიც მაგალითად ბრაზილია და მექსიკაა. ეს უკვე დიდი ნაბიჯებია!

- მევენახეობა-მეღვინეობაში ოჯახი გეხმარებათ?

- მყავს ერთი შვილი, 14 წლის ქეთო, რომელიც ჩემს მეუღლესთან ერთად ძალიან მეხმარება როგორც ვენახის მოვლის, ასევე ღვინის დაყენებაში, ასევე ძალიან მეხმარებიან ჩემი დისშვილები - ლიზო და მაშო - ჩემი შვილის თანატოლი გოგონები და ეს დამატებითი სტიმულია ჩემთვის.

- საინტერესოა თქვენ რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

- დამწყებ მევენახე-მეღვინეებს საკუთარი გამოცდილებიდან ვურჩევდი, რომ არ შეეჭიდონ ისეთ საქმეს, რასაც უშნოდ გააკეთებენ. არ იყვნენ „მოსწრებაზე“ და იმდენი ვენახი აიღონ, რასაც ხარისხიანად მოუვლიან. მე მეღვინეობის კუთხით არანაირი განათლება არ მქონია და გზადაგზა ბევრი რაღაც ვისწავლე. სწორედ ამიტომაც, ყველას ვურჩევ, რომ დაიწყონ მცირედით, საქმე ისწავლონ და მერე გადავიდნენ უფრო დიდ მასშტაბებზე“.

პროექტ „ღვინის სოფელს“„ღვინის კლუბი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტის ფარგლებში უკვე შედგა ორი ტური სამიზნე სამ რეგიონში (იმერეთი, რაჭა, ლეჩხუმი) და პროექტში ჩართულმა ექსპერტებმა აღნიშნულ რეგიონებში არაერთი მარანი მოიარეს, რომლებთანაც მომავალში სხვადასხვა ფორმით უნდა ითანამშრომლონ.

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული