Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ცნობადობა ევროპაში

გიორგი ბარისაშვილი

დიდი ხანი არ არის გასული მას შემდეგ, რაც ქვევრში ღვინის ქართულად დაყენების ძალზე შეჭირვებული და თითქმის შეწყვეტილი საქმე განვითარების ახალ და საკმაოდ რთულ გზას დაადგა. ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კახეთში, მარნების მშენებლობამ ფართო ხასიათი მიიღო. იქიდან გამომდინარე, რომ მარნების მშენებლობის პრაქტიკა თითქმის მივიწყებული იყო, ამ პროცესში სირთულეები მრავლადაა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საერთო ქართული საქმე მაინც წინ მიდის. როგორც შიდა, ისე უცხოეთის საერთაშორისო გამოფენებზეც ბოლო პერიოდში ჩვენს ქვევრებზე სულ უფრო და უფრო ბევრს საუბრობენ, რამაც ჩვენი ჭურჭლით ევროპა საკმაოდ დააინტერესა. ამ პროცესმა თავის მხრივ გამოიწვია ის, რომ განსაკუთრებით გასული 5-7 წლიდან მოყოლებული, საქართველოდან ევროპაში საკმაო რაოდენობით ქვევრები გაედინება, სადაც ამჟამად უკვე ათეულობით ქვევრ-მარანია გამართული. მართალია, ევროპელები ამ საქმეს სიფრთხილით ეკიდებიან, მაგრამ ფაქტია, რომ მათი პროდუქცია, რომელიც ქვევრშია დაყენებული, ევროპაშივე საკმაო პოპულარობით სარგებლობს. ეს არცაა გასაკვირი, რადგან ქვევრი იძლევა განსხვავებულ, განსაკუთრებულ პროდუქტს. ჩვენმა ქვევრმა ევროპული ვაზის ჯიშებიდან დაყენებულ ღვინოს, რომელთა დიდი ნაწილი ათასი ქიმიური საშუალებებითაა დამახინჯებული, ნიღაბი მოჰხადა და შეჰქმნა ამავე ვაზის ჯიშებიდან იმგვარი პროდუქტი, როგორსაც ალბათ ძველი ევროპელები სვამდნენ. ქვევრში დაყენებული ღვინო არის პირველსახე იმ თანამედროვე ღვინისა, რომელიც თითქოს საკუთარ ფესვებსაა მოწყვეტილი. ამ ყოველივეს ევროპა მალევე გააცნობიერებს და ქვევრს უფრო მეტად დააფასებს.  

ახლა კი მოკლედ მოგახსენებთ იმ სიახლის შესახებ, რასაც მიმდინარე წლის 29-31 მაისს პრაღაში ჩატარებულ ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე გავეცანით. საუბარია ჩეხეთში „ქვევრის კლუბის“ დაარსებაზე. კლუბი გამოფენაზე ამავე სახელწოდებით იყო წარმოდგენილი. ჩეხეთის ქვევრის კლუბი ახალი დაარსებულია და მისმა წევრებმა ორი წლის წინ იმერეთში შეიძინეს 40 ცალი ქვევრი, რომელთა მოცულობაც 300-დან 800 ლიტრამდე მერყეობს. შეძენილი ქვევრები ამჟამად ღვინის მცირე და საშუალო საწარმოებშია გადანაწილებული, სადაც დგება 10 სხვადასხვა სახისა და განსხვავებული ვაზის ჯიშების ღვინო. ამიტომაც ქვევრის კლუბის სტენდთან, რომელიც გამოფენაზე წელს პირველად წარსდგა, მუდმივი ხალხმრავლობა აღინიშნებოდა. ქვევრის კლუბის წევრების თქმით ისინი ახლო მომავალში გეგმავენ საქართველოში ქვევრების კვლავ შეძენას და ამ მხრივ საქმიანობის გაფართოვებას. აღსანიშნავია, რომ ჩეხეთში ქართული ქვევრით ცალკეული პირებიც ინტერესდებიან და იძენენ ჩვენს ტრადიციულ ჭურჭელს. ნამდვილად სასურველი იქნებოდა თუ სამომავლოდ ჩეხური ქვევრის კლუბის სრული შემადგენლობა საქართველოს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა ქართული მევენახება-მეღვინეობის ტრადიციებს. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.