Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრი/Qvevri – პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი


ალეკო ცქიტიშვილი
„დიახ, საქართველო ღვინის აკვანია, მაგრამ სხვა ქვეყნებს უნდოდათ, ბავშვი გაზრდილიყო და აკვნიდან ამოსულიყო“, - ერთი წინადადებით ასე გადმოსცა მსოფლიოს მეღვინეობის წარსული და დღევანდელობა ამერიკელმა ღვინის ექსპერტმა, დარელ კორტმა. ქვევრის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეები იმაზეც შეთანხმდნენ, რომ ქართული მეღვინეობა წარსულში არ ჩარჩენილა - ათასწლეულების ბარიერები გადალახა და კაცობრიობას დღემდე შეუნარჩუნა ქვევრში ღვინის დაყენების უძველესი ტრადიცია.
15-18 სექტემბერს საქართველომ ქვევრის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმს უმასპინძლა. სიმპოზიუმი 15 სექტემბერს საქართველოს ეროვნულ მუზეუმში აშშ-ის ელჩმა საქართველოში ჯონ ბასმა და ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ გახსნეს. პირველი სამეცნიერო მოხსენებაც, არქეოლოგიური მონაცემების მიმოხილვით, დავით ლორთქიფანიძეს ეკუთვნოდა.
შემდეგი სამი დღის განმავლობაში ფორუმის მონაწილეები, ძირითადად, ალავერდის მონასტრის ისტორიულ კამაროვან დარბაზში იკრიბებოდნენ. სიმპოზიუმში 60-მდე უცხოელი სტუმარი მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან (აშშ, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ჩილე, კანადა, უკრაინა, პოლონეთი, თურქეთი, ჩეხეთი). სამეცნიერო ექსპერიმენტების შედეგებს, დასკვნებს, მოსაზრებებს თუ პრაქტიკულ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ: ღვინის ექსპერტები, ენოლოგები, მეცნიერები, ღვინის ტურიზმისა და მარკეტინგის პროფესიონალები, ეთნოგრაფები, სასულიერო პირები, ღვინის მწერლები, ჟურნალისტები და სხვანი და სხვანი. მათ ერთი თემა - ქვევრი და ქვევრის ღვინო აერთიანებდათ. იყო პოლემიკაც, გაუზიარებელი მოსაზრებებიც და ჯერ კიდევ დაუსაბუთებელი თეორიებიც.
ქვევრის პირველმა საერთაშორისო სიმპოზიუმმა აჩვენა, რომ ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი არა მარტო ქვევრის წარსულის შესასწავლად, არამედ თანამედროვე პრობლემების გადასაჭრელად. ცივილიზებულ სამყაროში არსებობს კითხვები, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცეს. ზოგიერთ კითხვას პასუხი უკვე აქვს, რადგან ქართველი მეცნიერები საუკუნეზე მეტია, იკვლევენ ქვევრის პრობლემატიკას. თუმცა, მათი ნაშრომების უმეტესობა ჯერჯერობით არ თარგმნილა და საერთაშორისო ასპარეზზე არ გასულა.
მაგალითად, სიმპოზიუმის ერთ–ერთი უცხოელი სტუმარი, ღვინის ჟურნალისტი მერი ბეილი დაინტერესდა: არის თუ არა ლაბორატორიულად შესწავლილი თიხა, რისგანაც საქართველოში ქვევრები კეთდება და ხომ არ შეიცავს იგი ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს, მძიმე მეტალებს? ამ კითხვას ამომწურავად უპასუხა „ელკანას“ კონსულტანტმა გიორგი ბარისაშვილმა, რომელმაც  ქართული ქვევრის კულტურის წარსულსა და აწმყოზე კარგად ილუსტრირებული მოხსენება წარმოადგინა.
გიორგი ბარისაშვილის თქმით, ქართული ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, რომ წარსულში მექვევრეებს არაერთხელ დაუწუნიათ ამა თუ იმ სოფელში მოპოვებული თიხა. ხოლო საუკეთესო კარიერები იმერეთში (შროშა, მაქათუბანი), გურიაში (აცანა), ქართლში (ცხავათი), კახეთში (ვარდისუბანი) და საქართველოს სხვა რეგიონებში მექვევრეთა მრავალსაუკუნოვანი, უწყვეტი გამოცდილების მიხედვით არის შერჩეული. ამავე დროს, ბოლო წლებში, უცხოეთში ლაბორატორიულადაც შეისწავლეს როგორც ახალი, ისე ძველი ქვევრის ნატეხები და ამ კვლევამაც დაადასტურა, რომ ქართული ქვევრი სრულიად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის. იგი არანაირ მძიმე მეტალებს და საშიშ ნივთიერებებს არ შეიცავს.
ქვევრის პირველმა საერთაშორისო სიმპოზიუმმა ქართველ მეცნიერებს უცხოელ კოლეგებთან აზრის გაზიარების საშუალება მისცა. უფროსი თაობის დამსახურებულ მეცნიერებს ასეთი ურთიერთობები იმდენად მონატრებული აქვთ, რომ ისინი ყველანაირად ცდილობდნენ, სიმპოზიუმის ძვირფასი დრო უცხოელი სტუმრების მაქსიმალური ინფორმირებისთვის გამოეყენებინათ. კარგი იქნებოდა, ქართველები და უცხოელები სასტუმროშიც გვერდიგვერდ დაბინავებულიყვნენ. ასეთ არაფორმალურ ვითარებაში, საუკეთესო ქართული ღვინოების თანხლებით, მრავალი თბილი სიტყვა გაიცვლებოდა, სიმპოზიუმზე აგორებული პოლემიკა მეგობრობაში და თანამშრომლობაში გადაიზრდებოდა, მცირე მარნების წარმომადგენლები კი უფრო ადვილად დაეკონტაქტებოდნენ უცხოელ მარკეტოლოგებს და დისტრიბუტორებს, რომლებიც დეგუსტაციებზე გულმოდგინედ ინიშნავდნენ ამა თუ იმ მარნის ღვინოების მონაცემებს. თუმცა, მონაწილეებმა სავიზიტო ბარათები მრავლად გაცვალეს და ახლა ინტერნეტის თუ კომუნიკაციის სხვა თანამედროვე საშუალებების იმედად უნდა ვიყოთ, რათა ესოდენ ძვირფასი კავშირები კიდევ უფრო გამყარდეს.
„ქვევრის პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი იმაზე უფრო შთამბეჭდავი და საინტერესო გამოდგა, ვიდრე მოველოდი. ეს არ იყო მოვალეობის მოხდის მიზნით ჩატარებული ღონისძიება. ქვევრი, ქვევრის ღვინო, კახური ტექნოლოგია თითქოს ვიწრო თემებია, მაგრამ გამოჩნდა, რომ ეს თემები მარტო ქართველების ინტერესებში აღარ შედის და თანდათან მსოფლიო მნიშვნელობას იძენს“, – გვითხრა აკადემიკოსმა ნოდარ ჩხარტიშვილმა, რომელსაც 17 სექტემბერს 81 წელი შეუსრულდა და სიმპოზიუმის მონაწილეებისგან გულთბილი მილოცვები მიიღო.
ნოდარ ჩხარტიშვილის თქმით, უცხოელი კოლეგების მოხსენებებში ბევრი საინტერესო საკითხი იყო დასმული, მაგრამ იყო საკამათო მოსაზრებებიც და უზუსტობებიც: „მაგალითად, ერთ–ერთი გამომსვლელი ამტკიცებდა, რომ ვაზის ჯიშს, ოჯალეშს თურქული ეტიმოლოგია აქვს. თუმცა, ამას ვერაფრით ასაბუთებდა, მაშინ როცა სიტყვა „ოჯალეში“ მეგრულ ენაზე ნიშნავს ხეზე აცოცებულ ვაზს და ეს ჩვენთვის არავითარ ეჭვს არ იწვევს. საკამათო თეზისები გაჟღერდა ავტორიტეტული ამერიკელი მეცნიერის პატრიკ მაკგოვერნის მოხსენებაში. მან ერთგვარად ეჭვქვეშ დააყენა ქვევრის ქართული წარმომავლობა. სამომავლოდ, კარგი იქნება, თუკი სიმპოზიუმის მონაწილეებს წინასწარ გვექნება საშუალება, ერთმანეთის მოხსენებებს გავეცნოთ და პოლემიკისთვის მოვემზადოთ. დისკუსიასაც მეტი დრო უნდა დაეთმოს, რადგან მეცნიერთა შორის კამათში ჭეშმარიტება სწორედ ასეთ ფორუმებზე იბადება“.  
პენსილვანიის მუზეუმის უნივერსიტეტის წარმომადგენლის, პატრიკ მაკგოვერნის მოხსენებამ („ქვევრის ღვინო – 8000–წლიანი ტრადიცია საქართველოში?“) მართლაც ბევრი მითქმა–მოთქმა გამოიწვია. როგორც ჩანს, ჯერ კიდევ ბევრი წყალი ჩაივლის, ვიდრე საბოლოოდ მოვახერხებთ, მეცნიერულად დავამტკიცოთ, რომ ქვევრი ნამდვილად საქართველოში შეიქმნა და მერე აქედან გავრცელდა მთელ მსოფლიოში. თუმცა, სიმპოზიუმის მონაწილეთა უმრავლესობა, პრაქტიკულად, შეთანხმდა, რომ სიტყვა „ქვევრი“ საერთაშორისო ბრენდად უნდა იქცეს – სიტყვად, რომელსაც ყველა ერის წარმომადგენელი გამოიყენებს ღვინის ამ კონკრეტული ჭურჭლის აღმნიშვნელად. აქამდე გამოყენებული სიტყვა „ამფორა“ პოზიციებს თმობს. ბევრი ექსპერტი საკამათოდ აღარ მიიჩნევს იმ აზრს, რომ ბერძნული ამფორები, რომელსაც ქვევრისგან სრულიად განსხვავებული ფორმა აქვს, ძირითადად ღვინის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა. ამფორებს ქვევრივით მიწაში არ მარხავდნენ და არც ღვინის დასადუღებლად იყენებდნენ.
სიმპოზიუმის უცხოელ მონაწილეთა უმრავლესობა თავიანთ გამოსვლებში პირდაპირ ამბობდა, რომ სიტყვა „ამფორა“ არ უნდა გამოვიყენოთ ქვევრის აღმნიშვნელად. ხოლო უცხოელი მწარმოებლები, რომლებმაც ევროპასა და ამერიკაში საქართველოდან ქვევრები წაიღეს და ქვევრის ღვინო თავ–თავიანთ მამულებში დააყენეს, ეტიკეტზე სიტყვა „ქვევრს“ წერენ. ამავე დროს, როგორც კალიფორნიელმა ღვინის ექსპერტმა დარელ კორტმა თავის გამოსვლაში განაცხადა, უმჯობესია, სიტყვა ქვევრი ლათინურად „Q“ ასოთი დაიწეროს (QVEVRI) და არა „K“ ასოთი. მისი თქმით, „Q“ ბევრად უფრო ზუსტად გამოსახავს ქვევრის შინაარსს.
სიმპოზიუმს საუკეთესოდ მოდერატორობდა „ჩვენი ამერიკელი“, სიღნაღში მცხოვრები ჯონ ვურდემანი. „მეღვინეობა ხარებას“ წალკოტში გამართულ საფინალო ბანკეტზე მოდერატორი თამადად გარდაისახა და საკმაოდ რთული სუფრის მართვა იტვირთა. ჯონ ვურდემანი აქამდეც აქტიურად უწევდა პოპულარიზაციას ქართულ ქვევრსა და ქვევრის ღვინოს. სიმპოზიუმზე კი იგი მოხერხებულად სარგებლობდა ორმაგი მოქალაქეობით და ყველანაირად ცდილობდა, ქართველ და უცხოელ მონაწილეთა ურთიერთობა მეგობრობაში გადაზრდილიყო.
ცალკე უნდა გამოიყოს ალავერდის მონასტრისა და პირადად აბბა ალავერდელი მიტროპოლიტის, მეუფე დავითის ღვაწლი. ალავერდის მონასტერი საუკეთესო ადგილი აღმოჩნდა ქვევრზე და ქვევრის ღვინოზე სასაუბროდ. უცხოელ სტუმრებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ალავერდის სიძველეებმა, მონასტრის მარანმა და ამ მარნის ქვევრებში დაწურულმა ღვინოებმა, განსაკუთრებით – 2010 წლის მოსავლის „ბერების ღვინომ“.
„ალბათ, ყველა სტუმარს დაამახსოვრდება მონასტერში გატარებული ეს დღეები, რადგან ამ დროს ჩვენ მარადიულ თემებს, თვითონ მარადისობას შევეხეთ“, – განაცხადა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე დავითმა ფორუმის შემაჯამებელი სიტყვით გამოსვლისას, – „აქ სხვადასხვა აზრი გამოითქვა ქვევრის წარმომავლობისა და ასაკის შესახებ. ჩვენ – მონასტრის წევრებს და თითოეულ ადამიანს, ვინც აქ მეღვინეობას მოვეკიდეთ, დიდი პრეტენზიები არა გვაქვს. ჩვენი მოკრძალებული მიზანია, შევინარჩუნოთ ქვევრის ღვინის ქართული ტექნოლოგია და ამ ტრადიციის უწყვეტობა. 8000 წლის უწყვეტი ტრადიცია, ალბათ, მაინც მიანიშნებს, რომ ქვევრის და ქვევრის ღვინის შემქმნელი არის ის ხალხი, ვინც სამყაროს ეს უნიკალური ტექნოლოგია შემოუნახა“.
დაბოლოს, ინფორმაცია სიმპოზიუმის ორგანიზატორებისა და მხარდამჭერების შესახებ. ესენი არიან: ასოციაცია „ქართული ღვინო“, „ქვევრის ფონდი“, საქართველოს შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაცია, „ჯორჯიან ივენტსი“ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, მსოფლიო ბანკი, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ალავერდის მონასტერი, სხვა პარტნიორები და მხარდამჭერები. სიმპოზიუმს მხარს უჭერდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა (EPI), რომელიც ოთხწლიანი პროექტის ფარგლებში, ორმოცმილიონიანი ბიუჯეტით, გეგმავს საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის – ღვინისა და ღვინის ტურიზმის განვითარებას. EPI მხარს უჭერს საქართველოს, როგორც "ღვინის ქვეყნის" წარმოჩენას და დამკვიდრებას მსოფლიო ბაზარზე.  
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული