შოტლანდიური გამოცემა The Herald აქვეყნებს ღვინის მწარმოებლისა და ავტორის, ჯერარდ რიჩარდსონის რჩევებს. სტატია ნაკლებად ცნობილ ღვინოებს ეხება, რომელთა დაგემოვნებასაც ავტორი ღვინის მოყვარულებს ურჩევს. რიჩარდსონი ორ ასეთ ღვინოს სთავაზობს მკითხველს, რომელთა შორისაც ერთ-ერთი ქართული საფერავია. გთავაზობთ ბრიტანელი მეღვინის მოსაზრებას.
მთავარი კითხვა, რომელზე პასუხის გაცემასაც რიჩარდსონი ცდილობს შემდეგია: მაშინ, როდესაც ღვინის დასავლელი მომხმარებლისთვის ახლობელია კაბერნე, მერლო, შარდონე თუ სხვა საერთაშორისო ჯიშებიდან დაყენებული ღვინოებს, რამდენად იცნობენ ისინი სხვა ჯიშებს?
30 წლის წინ მალბეკიც ერთ-ერთი ნაკლებად ცნობილი ჯიში იყო, ასევე პტი სირა (Petit Syrah) და დურიფი (Durif) ბოლო ათწლეულების განმავლობაში გახდა ცნობილი. ახლაც უამრავი საინტერესო ჯიშია, რომელიც უფრო ცნობილი ღვინოების გამო შეუმჩნეველი რჩება, თუმცა მომხმარებლისთვის მარტივად ხელმისაწვდომია. ჩვენ ვხვდებით პტი ვერდოს (Petit Verdot), რომელიც ბორდოს ერთ-ერთი კლასიკური ჯიშია, თუმცა ასევე ხელმისაწვდომია ისეთი ესპანური და ავსტრალიური სახეობები, რომელთა დაჭაშნიკებაც არანაკლები სიამოვნებაა. ავტორი ასეთ ჯიშებს მიაკუთვნებს საფერავსაც, რომელიც საქართველოს გარდა მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიცაა გაშენებული. ავტორი აღნიშნავს, რომ ესაა მუქი, მელნისფერი, კომპლექსური და მომხიბვლელი ღვინო.
სტატიაში ასევე ვხვდებით მაღალი ხარისხის, თეთრ ნაკლებად ცნობილ ჯიშებსაც, როგორებიცაა ფრანგული რუსანი (Roussanne), ვერდელიო (Verdhello), მარსანი (Marsanne) და გრენაშ ბლანი (Grenache Blanc). უნდა ვაღიაროთ, რომ საინტერესო თავგადასავალს გვთავაზობენ ისეთი ღვინოებიც, რომელთაც ჯერ კიდევ არ მოუპოვებიათ პოპულარობა.
ამიტომაც, გამოცემა თავის მკითხველს სთავაზობს, რომ 2022 წელს ბევრი ახალი გამოცდილება მიიღონ. დარწმუნებული იყავით, რომ მერლო და შარდონე ყოველთვის დაგხვდებათ თაროებზე.
სტატიის ბოლოს რიჩარდსონი ორ ღვინოს აფასებს, ამასთანავე მკითხველს აწვდის ინფორმაციას, თუ სად და როგორაა მათი შეძენა შესაძლებელი. ეს ღვინოებია:
საფერავი, თბილვინო 2020
გასული წლის ერთ-ერთი გამორჩეული ღვინო. თითქმის კაბერნეს მსგავსი მდიდარი არომატით, ძირტკბილას და კაკაოს ტონებით, რომელიც ზაფხულის ბარბექიუსთვის იდეალური იქნება.
Tahbilk, The Tower Marsanne 2019, ავსტრალია
თუ მოგწონთ მარლბოროს სოვინიონ ბლანის ცოცხალი გემო, მაშინ თქვენ აუცილებლად მოგეწონებათ ეს ღვინოც. მას თან გრეიპფრუტისა და ვაშლის გემო ერთვის, რომელიც დიდი ხანი გემახსოვრებათ. ძალიან უხდება ნებისმიერ აპერიტივსა თუ თევზის კერძებს.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი