Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების საერთაშორისო წარმატება (2012 წელი)

სალომე აფხაზიშვილი

ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარების წლიურ მიმოხილვას ჯილდოების მნიშვნელობის მიხედვით დავიწყებ. ოქროს მედლების რაოდენობით მეღვინეობა „ხარება“ ლიდერობს, რომელმაც წელს ოქროს ჯილდო ორ საერთაშორისო ფესტივალზე – დიუსელდორფში გამართულ პროვაინზე და ბორდოში, ღვინის ციტადელზე მიიღო. პროვაინმა ხარისხის ვარსკვლავი ოცხანურ საფერეს მიანიჭა,  ოქროს მედლები კი, კომპანიის კიდევ ორ ღვინოს – 2009 წლის „პრემიუმ საფერავს“ და 2011 წლის კრახუნას გადასცა. ამავე ხარისხის ჯილდოთი დაასრულა წელი კომპანია „ვაინმენმა“, რომელმაც, 2010 წლის წინანდლით,  ჰონგკონგში დეკანტერის აზიური ღვინის ფესტივალზე უმაღლესი ჯილდო – „ტროფეი“ დაიმსახურა. ოქროს მედალი მიიღო ასევე კომპანია „ბაგრატიონი 1882“–ის ცქრიალა ღვინომ ჩინეთში, წელს გამართულ ღვინისა და სპირტიანი სასმელების ფესტივალზე. აღსანიშნავია „თელავის ღვინის მარნის“ წარმატებაც, რომელმაც წელს პოლონეთის „ენოექსპოზე“  ასევე ოქროს მედალი მოიპოვა. გრანპრითა და ოქროს მედლით დაბრუნდა მოლდოვადან საქართველოში კომპანია „სარაჯიშვილის“ წარმომადგენლობაც, რომელმაც აღიარება დავრგებული ბრენდებით მოიპოვა. ოქროს მედლებით აღნიშნეს რამდენიმე ღვინის კომპანიის წარმატება საქართველოში გამართულ კონკურსებზეც.  ამ მხრივ გამოირჩევა „ტყუპების ღვინის სახლი“, ასევე  „შუმი“,  „შატო მუხრანი“ და „ბესინი“.

ჯილდოების ჩამონათვალი არც ისე ბევრია, თუმცა წინა წლებთან შედარებით მათ შორის ოქროს მედლების რაოდენობა ნამდვილად ჭარბობს, რასაც „თელავის ღვინის მარნის“ დამფუძნებელი ზურაბ რამაზაშვილი ღვინის მაღალ ხარისხს უკავშირებს:

„ჩვენთვის უპირველეს ყოვლისა, ეს გაწეული მუშაობის შეფასებაა. ჩვენ უცხოურ კონკურსებში მხოლოდ იმისთვის არ ვმონაწილეობთ, რომ იქ აუცილებლად პრიზი მივიღოთ და შემდეგ ამით აპელირება დავიწყოთ, არამედ იმისათვის, რომ სწორად შევაფასოთ ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა, თუ რამდენად ღირსეულია ჩვენი ღვინო და რამდენად შეესაბამება ბაზრის მოთხოვნებს. ამ თვალსაზრისით ძალიან კმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ ყველა კატეგორიის ღვინომ, დაწყებული რეგიონალური რიგიდან, დამთავრებული სატრაპეზოს რიგით, ყველამ მიიღო შეფასება. ჩვენი სრული ასორტიმენტის შეფასება ადასტურებს იმას, რომ მარნის ღვინო მისაღებია მსოფლიო მომხმარებლისათვის. კონკურსების შედეგები ძირითადად ცნობილი ხდება არა მომხმარებლისთვის, არამედ სპეციალისტებისთვის და სპეციალისტების მიერ შემდგომი შეფასება, ზოგჯერ პირდაპირი და ზოგჯერ ირიბი, პირდაპირ ხვდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში და ამ გზით იღებს ინფორმაციას მომხმარებელიც, რაც ირიბად მოქმედებს ჩვენი ღვინის გაყიდვასა და ცნობადობაზე“ –,აღნიშნავს „თელავის ღვინის მარნის“ მფლობელი ზურაბ რამაზაშვილი რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბარში.

ჯილდოების კატეგორიასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ კონკურსები პრესტიჟულობის მიხედვითაც შევაფასოთ. აქ, აუცილებელია გამოვყოთ ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი, რომელსაც ყოველწლიურად ინგლისის დედაქალაქი – ლონდონი მასპინძლობს. ორმოცდაოთხი წლის განმავლობაში ამ კონკურსმა მოახერხა შეენარჩუნებინა ერთ–ერთი ყველაზე პრესტიჟული ღვინის კონკურსის სტატუსი, რომლის მთავარი მიზანია წაახალისოს ღვინის ხარისხი და მისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალური უპირატესობები. მასში მონაწილე 90 ქვეყანას შორის საქართველოც არის და შეიძლება ითქვას, რომ წლევანდელი შედეგების მიხედვით, ყველაზე მეტი ჯილდო ქართულმა ღვინომ სწორედ ამ კონკურსზე მიიღო. 12 ვერცხლისა და 13 ბრინჯაოს მედალი, ასევე 6 „მოწონებული“ ღვინის სტატუსი – ეს  2012 წელს გამართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსის საერთო შედეგია. ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო ფესტივალზე მოპოვებული აღიარებით „თბილღვინო“, „თელავის ღვინის მარანი“, „თელიანი ველი,  „შუმი“ და „ბაგრატიონი 1882“ გამორჩევა. მათ შორის ჯილდოების რაოდენობით „თელავის ღვინის მარანი“ ლიდერობს, რომელმაც წელს გამართულ კონკურსზე 4 ბრინჯაოს და 7 ვერცხლის მედალი მოიპოვა. „თელავის მარნის“ ვერცხლის მედალოსან ღვინოებს შორისაა – 2009 და 2010 წლის საფერავი და 2008 წლის ნაფარეული, ხოლო ბრინჯაოს მედლები – 2011 და 2009 წლის მწვანე/ქისმა, ამავე წლის  კონდოლის რქაწითელმა და 2008 წლის მუკუზანმა დაიმსახურეს. ლონდონში გამართულ კონკურსზე კი კომპანია „თბილღვინო“ 2010 და 2011 წლის ღვინოებით  შვიდი ბრინჯაოს მედლით, „ბაგრატიონი 1882“ კი სამი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.

მნიშვნელობის მიხედვით აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ კონკურსი – „ღვინის საერთაშორისო გამოწვევა“, რომელიც ასევე ლონდონდში ტარდება. მოპოვებული ჯილდოების რაოდენობით, ამ კონკურსზეც „თელავის ღვინის მარანი“ ლიდერობს, რომლის აღიარებაც 13 ჯილდოთი, მათ შორის 1 ვერცხლით, 2 ბრინჯაოთი, 4 ხარისხის სერთიფიკატით და 6 „მოწონებულ“ ღვინის სტატუსით აღინიშნა. ამავე ღვინის კომპანიას უკავშირდება ქართული ღვინის აღიარება მუნდუს ვინის და ასევე ჩინეთის ღვინისა და სპირტიანი სასმელების დაჯილდოებაზე.

კონკურსების მრავალფეროვნებით ყველაზე მეტად „მეღვინეობა ხარება“ გამოირჩევა, რომელმაც წელს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები ერთდროულად გერმანულ პროვაინზე, ჩეხეთის ღვინისა და დელიკატესების ბაზრობაზე, ლონდონში, დეკანტერის მსოფლიო ღვინის  დაჯილდოებასა და ბორდოს ღვინის ციტადელზე მიიღო. აღსანიშნავია, რომ ამ კონკურსებზე მიღებული ჯილდოებიდან სამი მათგანი ოქროს მედლის კატეგორიით განისაზღვრა.

ქართული ღვინის კომპანიებისთვის ასევე წარმატებული აღმოჩნდა დეკანტერის მსოფლიო ღვინის დაჯილდოება, სადაც სხვადასხვა ჯილდოები –  „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ“, „ბესინმა“, „ჩელთიმ“, „თბილღვინომ“, „მეღვინეობა ხარებამ“ და „თელიანმა ველმა“ მიიღეს.

საერთაშორისო ღონისძიებებთან ერთად აღსანიშნავია ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა წარმატებით დაასრულეს კომპანიებმა – „თბილღვინომ“, რომელმაც 4 ვერცხლისა მედალი მიიღო, ასევე  „ტყუპების ღვინის სახლმა“, „შუმმა“, „სარაჯიშვილმა“, „ბესინმა“ და „შატო მუხრანმა“, რომლებიც ოქროს მედლებით დაჯილდოვდნენ.

თუკი 2012 წელს, არასახრბიელო კლიმატური პირობების გამო განსაკუთრებულად უხვი მოსავლითა და წარმატებული რთველით არ გამოვარჩევთ, ოპტიმისტურად უნდა შევხედოთ ქართული ღვინის საერთაშირისო აღიარების შედეგებს, რომელიც წინა წლებთან შედარებით წელს განსაკუთრებული მრავალფეროვნებით, ჯილდოების სიუხვითა და მნიშვნელობით გამოირჩეოდა, მითუმეტეს ასეთი შედეგები რეალური ხიდია ქართულ ღვინოსა და მსოფლიო მომხმარებელს შორის, რასაც „შატო მუხრანის“ ექსპორტის მენეჯერი გიორგი თეიმურაზიშვილიც უსვამს ხაზს:

„ვფიქრობთ, რომ ასეთ აღიარებულ საერთაშორისო კონკურსებში მონაწილეობა და იქ მიღებული მაღალი ჯილდოები, სავარაუდოდ, მარკეტინგული თვალსაზრისით ძალიან დაგვეხმარება იმაში, რომ შემდეგში მოვახდინოთ ჩვენი პროდუქტის კომუნიკაცია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ბაზარზე, რადგან ეს ისეთი კონკურსებია, სადაც მიღებული ჯილდო გარკვეულ ხარისხთან ასოცირდება, მომხმარებელი იცნობს ამ ღვინოს და კონკურსის შედეგად შერჩეული ღვინო გარკვეული პოპულრაობითაც ისარგებლებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიკავებთ ხარისხის ნიშას, რაც დაგვეხმარება პროდუქცია მომხმარებლამდე სწორი ფორმით მივიტანოთ“.

© რადიო "ცხელი შოკოლადი"



მაგრად მიხარია თითოეული ჯილდო და აღიარება! ყველას გილოცავთ და აბა თქვენ იცით!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული