Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ოზ კლარკი, საფერავი და გეგმები ჯეიმზ მეის კათარზისისთვის

ფოტოზე - ჯეიმზ მატკალფი, ოზ კლარკი და ლიზა გრანიკი ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნაზე

ოზ კლარკს 6 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმის გახსნაზე ვესაუბრე. ჩვენი საუბარი, ძირითადად, ქვევრის თემატიკის გარშემო წარიმართა. გთავაზობთ ინტერვიუს.

-    საქართველოში პირველად არ ხართ...

-    არა, მე, სწორედ პირველად ვარ.

-    თუმცა, თქვენი წიგნის („სად დაიწყო ეს ყველაფერი“) კითხვისას გიჩნდება განცდა, რომ საქართველოს კარგად იცნობთ.

-    ოთხმოცდაათიან წლებში არავინ ჩამოდიოდა აქეთ და ისე მოხდა, მჭირდებოდა ხალხი, ვინც იცოდა საქართველო კარგად, რათა მოეთხროთ დეტალურად აქაურობის შესახებ. ზოგიერთი ქართული ღვინის დაგემოვნებაც მოვახერხე დასავლეთ ევროპაში; ისეთ ადგილებში, როგორიცაა ლონდონის ღვინის ბაზრობა და სხვადასხვა გამოფენები. ვცდილობდი, საქართველოსადმი ინტერესი არ გამნელებოდა, თუმცა, ჯერჯერობით, საკმარისი ცოდნა არ მქონდა. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანია, როცა ღვინოზე წერა გაქვს განზრახული. არა მგონია, სრულყოფილად  გაიგო ღვინო, სანამ ზუსტად არ გეცოდინება, საიდან მოდის ის და როცა ამას შეიგრძნობ, ყველაფერი აზრს იძენს. უახლოესი დღეებიც სწორედ ამას ისახავს მიზნად. 

-    თქვენი აზრით, რა პოტენციალი აქვს ქვევრის ღვინოს? არის თუ არა ის ნიშური პროდუქტი?

-    სწორედაც, ნიშურია. ეს სრულიად ახალი თამაშის წესების ნაირსახეობაა, განსაკუთრებით, თეთრი ღვინის შემთხვევაში. მე ვფიქრობ, ამ მხრივ, საფერავიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია; მნიშვნელოვანია, ასევე, ქვევრის ფაქტორი, ის, რომ ღვინო ტრადიციულია, ყველაფერმა ამან ძალიან სწორი შედეგი მოიტანა. 

საფერავი მელბურნში აღმოვაჩინე და იქიდანვე შემიყვარად. გაერთიანებული სამეფოს ტელევიზიაში ერთხელ, წინასაშობაოდ, მოვისმინე - საფერავის შესახებ საუბრობდნენ, და მელბურნიდან შევარჩიე საფერავი - ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო საშობაო ღვინო. მთელი ინგლისი გადაირია ამაზე. ზუსტად, ასე კითხულობდნენ „სად არის მელბურნი? მოდი, ერთი, ვნახოთ, რა არის ეს საფერავი“. მე კი ვპასუხობდი - „იყიდეთ, თუნდაც ერთი ბოთლი და დააგემოვნეთ!“ და დაახლოებით, ერთ დღეში სულ გაიყიდა.

მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ საფერავი უდიდესი ჯიშია, მას ბევრი რამის მოცემა შეუძლია ადამიანისთვის. მისგან შეიძლება შექმნა ძალიან თანამედროვე, ან ძალიან არქაული ღვინო. საოცარი სახეობაა, თავისთავადი. და, რაც მთავარია, მას დიდად არც სჭირდება ახალი მუხა. შესაძლოა, საერთოდაც არ სჭირდება. ეს სახეობა, შესაძლოა, ქვევრში კიდევ უფრო მიმზიდველი იყოს, რადგან აქ თქვენ გაქვთ ქარვისფერების მთელი სპექტრი, რაც, ჩვეულებრივ, თეთრი ღვინის კონვენციურ ნორმებს არ ერგება, რადგან არცთუ მთლად წმინდად მოიაზრება. 

-    ქარვისფერი, თუ ნარინჯისფერი?

-    მე ქარვისფერს ვუწოდებ. ჩემი აზრით, „ნარინჯისფერი“ ის ცნებაა, რაც მთელმა დანარჩენმა სამყარომ უკვე გაითავისა. მე ვფიქრობ, ამ შემთხვევაში, ქარვისფერი გაცილებით უკეთესი და უფრო ზუსტი ტერმინია. თვიდან თვემდე ჭაჭასთან კონტაქტით ღვინო ძვირფას, ექსტრა-არომატებსა და ტანინებს იძენს. ჭაჭასთან კონტაქტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - კლერტთან. კლერტის სიმწიფე კიდევ დამატებით მნიშვნელოვანი ფაქტორია.  

მე საკმაოდ კარგად გავერკვიე, ესპანეთში, პორტუგალიაში და დღეს, უკვე, ჩილესა და არგენტინაში, როგორ იყენებენ ტინახას. ასევე, ამფორას, მაგრამ ეს ყველაფერი განსხვავებულია. როგორც თქვენში ამბობენ, ქვევრი არ არის ტინახა, ქვევრი არც ამფორა არ არის. ამფორას ფუნქცია ტრანსპორტირებაა, ქვევრი კი - გათვლილი არ არის გადატანისთვის. 

ქვევრი შეიძლება სხვადასხვა ზომის იყოს; შესაძლოა ის დამზადებული იყოს კახური თიხისგან, ან დასავლეთ საქართველოს თიხისგან. ყველაფერი ეს ერთმანეთისგან განასხვავებს ღვინოს. დაახლოებით, თიხის ადგილწარმოშობის კონტროლირებადი ზონებივითაა. თითოეული ახალი თიხა განსხვავებულ ეფექტს მოგცემს ღვინოში. ფორების თავისებურებანი, სისქე, სურნელი, ცვილის გამოყენება ან გამოუყენებლობა, ქვევრის ჰიგიენა - ამ ყველაფერს თავისი ფუნქცია აქვს. შესაძლოა, გარკვეული ტიპის ჭუჭყი დაშვებული იყოს ქვევრში, იყენებენ თუ არა წყალს გასარეცხად (ზოგიერთი არ მიესალმება წყლის გამოყენებას). ეს ყველაფერი, თურმე, ძალიან მნიშვნელოვანია. ცხადია, აქედან სტანდარტული ღვინო არ დგება, რასაც მსოფლიოს დიდი უმრავლესობა, პირდაპირ, თავს დაესხმება. არ არის ეს იმ ტიპის ღვინო, მაგრამ ეს ღვინო ღვინის სამყაროში თავის ადგილს იკავებს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად საინტერესო, ახალი გამოცდილება და ახალი ხაზი იქნება იმ ადამიანებისთვის მსოფლიოში, ვისაც ღვინო უყვარს. 

-    ხომ არ გეგმავთ ღვინის დიდი მოგზაურობის გამოცდას საქართველოზეც?

-    ცხადია! ვისურვებდი, რომ ჯეიმსი ქვევრში ჩამესვა და ერთი - 5-6 თვით დამეყოვნებინა. ისე, რომ საკუთარ თავთან დადუღებულიყო, შესაძლოა, 20-30 ჰექტოლიტრითაც კი ყოფილიყო გარემოცული, მაგალითად... ქისით! მართალია, ღვინო გაფუჭდებოდა, სამაგიეროდ, მეი გაივლიდა ტრანსფორმაციას. 

ესაუბრა ქეთო ნინიძე

06.09.2015

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.