ლევან სეფისკვერაძე
ამერიკელი ნოელ ბროკეტი საქართველოში პირველად 2008 წელს ჩამოვიდა. მაშინ ამერიკელმა სტუდენტმა გურული გოგო გაიცნო და საქართველოთი და ქართული ღვინით ამის შემდეგ დაინტერესდა. ახლა ნოელი და მისი სიდედრი, ეთნო-პროექტ „კომლის“ დამფუძნებელი ლიკა მეგრელაძე „ღვინის კლუბის“ პროექტ „ღვინის სოფლის“ ერთ-ერთი ბენეფიციარები არიან. ოზურგეთში ნოელის სიდედრ-სიმამრმა მთელ ოჯახთან ერთად ჩხავერის პატარა ვენახი გააშენა და ღვინოსაც ერთად აყენებენ. თავად ნოელი კი ძირითადად ქართული ღვინის ამერიკაში იმპორტითაა დაკავებული. ქართველების სიძე ამერიკელ ღვინის იმპორტიორს „მენაბდის მარანში“ „ღვინის სოფლის“ ფარგლებში გამართული ერთ-ერთი ლექცია სემინარის შემდეგ გავესაუბრეთ. როგორც იცით, პროექტი „ღვინის სოფელი“ „USAID–ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის“ (The USAID Economic Security Program) ფინანსური მხარდაჭერით სამეგრელოსა და გურიაში ხორციელდება.
ნოელ ბროკეტი, „ქართული ღვინის სახლი“: „საქართველოს შესახებ პირველად 2007 წელს გავიგე, როდესაც 18 წლის ვიყავი და ამერიკაში გოგო გავიცანი საქართველოდან. ეს გოგო შემდეგ ჩემი მეუღლე გახდა. რაკი მისი გულის მოგება მინდოდა, ეშმაკობა ვიხმარე და დავიწყე ინფორმაციების მოძიება საქართველოს შესახებ. ამ გზით მოვახერხე ქართველი გოგოსთვის თავის მოწონება და თან საქართველოს შესახებაც ბევრ ამერიკელზე მეტი რამ გავიგე.
შემდეგ წამოვედით საქართველოში, სადაც ყველა ადამიანი სუფრაზე მეპატიჟებოდა. გავეცანი სხვადასხვანაირ ღვინოს (სამწუხაროდ უმეტესობა შაქარ-წყლით გაკეთებული იყო) და მეც ნელ-ნელა დავიწყე ქართული ღვინოების ერთმანეთისგან და რაც მთავარია კარგი და ცუდი ღვინის გარჩევა. მერე გაცვლით პროგრამებში ვმონაწილეობდი და სამი წელი ვმუშაობდი საქართველოში. აქედანაც მიმყავდა ახალგაზრდები და ამერიკიდანაც ჩამომყავდა ხალხი სხვადასხვა სფეროში ცოდნის ასამაღლებლად.
- თქვენ თუ აყენებთ ღვინოს და დაინტერესებული ხართ პრაქტიკული მეღვინეობით?
- საკუთრივ ოჯახში ღვინის დაყენებას რაც შეეხება, ამჟამად ჩემი სიდედრი და სიმამრი უფრო მეტად არიან ჩართული ღვინის დაყენებაში, თუმცა მე და ჩემი მეუღლეც ვეხმარებით ხოლმე. სახლში ვაყენებთ და ბოთლშიც ვასხამთ გურულ ჩხავერს, რომელიც ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო ქართული ვაზის ჯიშია. ცოტა ხნის წინ ჩემი სიმამრის სახლის ეზოში იპოვეს ძველი ქვევრები, რაც მეტყველებს იმაზე, რომ აქ ადრეც აყენებდნენ ღვინოს.
ლიკამ (ჩემმა სიდედრმა) გააკეთა საინტერესო პროექტი სახელად „კომლი“, რომელიც არის კონცეფცია - ცოცხალი სახლი. გურიაში, როგორც იცით, ბევრი სახლია მიტოვებული. „კომლი“ კი მოიცავს ფილოსოფიას და კონცეფციას იმაზე, რომ აქ ხალხი უნდა ბრუნდეს. გურია უნდა გაცოცხლდეს და სახლებიდან კვამლი ამოდიოდეს. როგორც იცით, სიტყვა „კომლი“ სწორედ კვამლიდან მოდის, ადგილი, სადაც ბუხარი ანთია, სადაც ცხელი ჩაია, კარგი ღვინოა, სადაც ადამიანები არიან. ჩვენ გვინდა, რომ მთელი გურია იყოს „კომლი“ და კომლები.
- ქართული ღვინის გაყიდვების სფეროში როგორ აღმოჩნდით?
- წლების მანძილზე ვაჭაშნიკებდი ქართულ ღვინოებს. 2008 წელს გვინდოდა თელავში ჩაგვეტარებინა ხარისხიანი ღვინის დეგუსტაცია და ძალიან გაჭირდა სადეგუსტაციოდ საჭირო ნორმალური ბოთლის ღვინის მოძიება. თუმცა, ამის შემდეგ თანდათან დაიწყო გარდატეხა და დღეს ქართული ღვინის ხარისხიც და რაოდენობაც მკვეთრად მომატებულია.
2010 წელს ოფიციალურად დავქორწინდი და იმდენი მოვახერხე, რომ ამერიკულ-გურულ ქორწილში გვქონდა ქვევრის ნატურალური რქაწითელი და საფერავი. ეს მაშინ არ იყო ადვილად მოსაგვარებელი საქმე. 2011 წელს დასრულდა ჩვენი გაცვლითი პროგრამა და დავიწყე მუშაობა ამერიკის ერთ-ერთ იტალიურ რესტორანში მიმტანად. იმ რესტორნის მეპატრონე დავაინტერესე ქართული ღვინით და საქართველოდან დავიწყეთ ქართული ღვინის წაღება. ეს არაა ადვილი საქმე, რადგან იტალიელებს კარგად ესმით ღვინო და რაც მთავარია აქვთ საკუთარი კარგი ღვინოები. თუმცა, ქართულმა ღვინომ მათზეც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
შემდეგ ამერიკაში გამოჩნდა ადგილი კომპანია „ქართული ღვინის სახლში“ და წლებია იქ ვმუშაობ. მომიწია მესწავლა ბიზნესი, ღვინის იმპორტი, ღვინის რეგულაციები, ფასები და სხვა... ზოგადად მიყვარს სწავლა და არ მეზარება სიახლეების გაგება. უკვე 12 წელია ამ საქმეში ვარ და ბევრი რამ ვიცი ქართულ ღვინოზე, თუმცა მხოლოდ ქართულ ღვინოზე ვსპეციალიზირდი. გაგიკვირდებათ და ბევრი არაფერი ვიცი ფრანგული, იტალიური ან თუნდაც კალიფორნიული ღვინის შესახებ.
თუკი ადრე მხოლოდ კახური ღვინო გაგვქონდა ამერიკაში, შემდეგ ვიმოგზაურე რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთი, სამეგრელოში, გურიაში და თანდათან გავიცანი მცირე მარნები, რომლებთანაც დავიწყეთ თანამშრომლობა და ახლა ამერიკაში დიდი კომპანიების ღვინის გარდა, იმერეთის და გურიის მცირე მარნების ღვინოც გაგვაქვს.
- როგორი ტიპის ქართულ ღვინის მარნებთან და ქარხნებთან თანამშრომლობთ?
- არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოში დიდი ქარხნები და მცირე მარნები უნდა გავყოთ და არც მათ შორის კონკურენციის და კონფლიქტის მომხრე ვარ. ჩემი აზრით აუცილებელია მრავალფეროვნება და ყველანაირ მარანს აქვს თავისი ადგილი. თუ გვინდა, რომ ამერიკამ კარგად გაიცნოს ქართული ღვინო, მხოლოდ მცირე მარნებზე ვერ გავაკეთებთ აქცენტს. ამერიკაში ბევრი ღვინის მოყვარული არ არის მზად, რომ 35-40 დოლარი დახარჯოს ახალი, მისთვის უცნობი მარნის ქართულ ღვინოზე. მათ უნდა შევთავაზოთ შედარებით იაფიანი ღვინოც, რომლებსაც მხოლოდ დიდი საწარმოები ქმნიან. ჩემი სურვილი და ოცნებაა, რომ ამერიკის ღვინის ბაზრის 1% მაინც დაიკავოს ქართულმა ღვინომ და ეს არის 6 მილიონ ბოთლამდე. ეს მიღწევადი ციფრია, თუმცა ამდენ ღვინოს მხოლოდ მცირე მარნები ვერ აწარმოებენ და თუ მოთხოვნა გაჩნდება, ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება დიდ კომპანიებს შეუძლიათ. მთავარია თუნდაც ამ იაფი ღვინის ხარისხი იყოს შესაბამისი, ანუ ისეთი, ქართულ ღვინოს რომ ეკადრება.
- ამერიკის ბაზარზე 6 მილიონი ბოთლი ქართული ღვინის გატანა სამომავლო მიზნადაც კი სერიოზული განაცხადია...
- ამერიკაში ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას სჭირდება გეგმაზომიერი მუშაობა. როცა მცირე მარანს აქვს 2-3 ათასი ბოთლის წარმოება, იგი ვერაფერს შეცვლის ამერიკის ბაზარზე და თუკი პოპულარული გახდება ეს კონკრეტული ღვინო, უბრალოდ რაოდენობა არ იქნება საკმარისი. ადამიანი როცა იყიდის ღვინოს და მოეწონება, ის აუცილებლად მერეც მოითხოვს იგივე ღვინოს. თუ მეორედ აღარ დახვდება მაღაზიაში, ის მერე მესამედ და მეშვიდედ აღარ მოიკითხავს და სხვა, უფრო სტაბილურად მიწოდებულ ღვინოზე გადავა. ამერიკის ბაზარი არ ჰგავს ევროპის, რუსეთის ან ჩინეთის ბაზარს. ამერიკის ბაზარზე შესვლა რთულია, მაგრამ იქ თუ ერთხელ შეხვედი, მერე უკვე სტაბილურად მკვიდრდები. ჩვენი გათვლებით, საქართველოს აქვს შესაძლებლობა დაახლოებით 200-მდე მცირე მარნის და ათზე მეტი დიდი საწარმოს ღვინო გაიტანოს ამერიკის ბაზარზე და ამ გზით მოიპოვოს თუნდაც ჩემს მიერ დასახელებული ამერიკის ბაზრის 1%.
რუსეთში დაახლოებით 20 მილიონი ბოთლი ქართული ღვინო იყიდება, ბევრი იყიდება ჩინეთში და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებშიც. ამ რაოდენობის ღვინოს ამერიკაში საქართველო დიდი ხანი კიდევ ვერ გაიტანს, მაგრამ თანდათან შეგვიძლია გავზარდოთ რაოდენობა. ვფიქრობ, 6-7 წელიწადში შესაძლებელი იქნება ამერიკაში 4-6 მილიონი ბოთლის გატანა.
ამერიკაში ღვინის მცოდნე ხალხს შორის უკვე მოდაშია ქარვისფერი ღვინო. თუმცა, რიგითი ადამიანების უმეტესობამ ჯერ კიდევ არ იცის ამ ტიპის ღვინის შესახებ. მოკლედ, ქართულ ღვინოს ყველაფერი წინ აქვს!“.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებას.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი