ლევან სეფისკვერაძე
20 ოქტომბერს, თბილისში, რესტორან „ნინიას ბაღში“ კომპანია „თბილღვინოს“ ორგანიზებით, ქართული და უცხოური ღვინის 15 ნიმუშის თემატური დეგუსტაცია გაიმართა. სამგანყოფილებიან დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებდნენ როგორც ღვინის მოყვარულები, ასევე პროფესიონალი შემფასებლები. მსგავსი ტიპის თემატური დეგუსტაციები საქართველოში არც ისე ხშირია და „თბილღვინოს“ ინიციატივა, როგორც ქართული, ასევე უცხოური ღვინის თემატური განხილვები მოხდეს, უდავოდ მნიშვნელოვანი და საჭიროა.
ღონისძიების დასაწყისში შესავალი სიტყვა დეგუსტაციის იდეის ავტორს, კომპანია „თბილღვინოს“ თანამფლობელს, გაგა მარგველაშვილს ჰქონდა.
გაგა მარგველაშვილი, კომპანია „თბილღვინო“: „როდესაც მე და ჩემი ძმა მეღვინეობაში შევედით, მაშინ სულ იყო 100 ქართველი მწარმოებელი. მერე რუსეთმა ბაზარი დაკეტა და 50 მწარმოებელიღა დარჩა. ახლა კი მწარმოებლების რაოდენობამ 900-ს გადააჭარბა. მომხმარებელი ცხრაასივე მწარმოებლის ღვინის ხომ ვერ იყიდის? ამიტომაც ათვლის წერტილად ირჩევენ ყველაზე მაგარ კონკურსებში გამარჯვებული ღვინოს. მაგალითად, მსოფლიოში ტარდება ასეულობით ღვინის კონკურსი და აქედან სამი იმართება ლონდონში. ლონდონში ვინც იღებს ჯილდოს, ის შეიძლება გახდეს შენი სამიზნე. აქედან გამომდინარე, მე, როგორც მწარმოებელს, როცა მინდა ჩემი წითელი ღვინო რამეს შევადარო, შევდივარ კონკურსების საიტზე, ვფილტრავ საქართველოს, ვფილტრავ ოქროს მედალოსნებს. ამის შემდეგ ჩემს კოლეგებს ვთხოვ, რომ ეს ღვინოები ერთად გავსინჯოთ, ერთად შევადაროთ ჩვენი ღვინო საუკეთესოებს და ოქროს მედალოსნებს. აი სწორედ ეს ხდება დღეს აქ. ლონდონიდან წამოვიღე საუკეთესო ნიმუშები და გვაქვს სურვილი ისინი შევადაროთ ჩვენს, ანუ „თბილღვინოს“ ღვინოებს. იმედია საინტერესო საღამო გამოგვივა.“.
დეგუსტაციის პირველ ეტაპზე დახურული წესით შეფასდა რეზერვის ტიპის (მუხაში დავარგებული) ქართული თეთრი ღვინის ხუთი ნიმუში. მეორე ნაწილში ღია დეგუსტაციის პირობებში მოხდა ქარვისფერი ანუ „ამბერ“ ტიპის ღვინოების ჭაშნიკი, აქ ქართული ღვინის ნიმუშების გარდა, წარმოდგენილი იყო ბერძნული, იაპონური და ფრანგული ქარვისფერი ღვინოც. უცხოური ღვინო სპეციალურად აღნიშნული ღონისძიებისთვის მოიძიეს ორგზანიზატორებმა. ხოლო დეგუსტაციის მესამე ნაწილში კვლავ დახურული სახით ჩატარდა რეზერვის ტიპის ქართული წითელი ღვინოების ჭაშნიკი.
დეგუსტაციის პირველი ეტაპი საინტერესოდ შეაფასა ღვინის ექსპერტმა დავით ჩიჩუამ: „ჩემი აზრით, პირველი ხუთი ნიმუშიდან, რომელიც გარკვეულ პროვოკაციულ მომენტს შეიცავდა, ეს იყო მეოთხე ნიმუში (მწვანე-ქისი 2021. „თელავის მარანი“). მას აქვს ძალიან კარგი ტანინი კლასიკური თეთრი ღვინისთვის და ასევე აქვს მრავალფეროვანი და ცოტა დამაბნეველი სურნელი, რომელიც გადადის ანისულის მსგავს სანელებელში. ეს ღვინო რამდენადაც გიზიდავს, იმდენად გაფრთხობს. ამის კონტრასტი არის მეორე ნიმუში (ქისი. რეზერვი 2021. „თბილღვინო“), რომელიც არის ძალიან სასიამოვნო, მსუბუქი ღვინო. ეს გახლავთ მარტივად გადაწყვეტილი ამოცანის შედეგი. რაც შეეხება პირველ (მწვანე. რეზერვი 2021. „თბილღვინო”) და მესამე ნიმუშს (მწვანე. რეზერვი 2020. „ვაზისუბნის მამული“) - მათ გამოარჩევს ტკბილი არომატები, ხილის ტონები, ზომიერად ჩანს მათში მუხა და ლექზე დაყოვნებაც იგრძნობა. მეხუთეში (მცვივანი. რეზერვი 2019. „კონჭო და კომპანია) ყველაზე მეტად მოდის ვანილი და კარამელი. აქაც სანელებლებმა პირველად არომატებს აჯობა, თუმცა მათში არაფერია გამაღიზიანებელი“.
დეგუსტაციის მეორე ნაწილი, რაც ქვევრის გარეშე დაყენებული ქარვისფერი ღვინის ხუთი ნიმუშის ჭაშნიკს მოიცავდა, ორი ქართული და სამი უცხოური ღვინო გაისინჯა. როგორც აღვნიშნეთ, ეს ნაწილი ღია იყო და დეგუსტაციის მონაწილეებმა წინასწარ იცოდნენ ღვინოების დასახელებაც და რაობაც.
დეგუსტაციის სტუმარმა, ღვინის კლუბის დამფუძნებელმა მალხაზ ხარბედიამ მოკლედ მიმოიხილა როგორც ქარვისფერი ღვინის აწმყო, ასევე წარმოდგენილი ნიმუშებიც.
მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის პრეზიდენტი: „დღეს ვსაუბრობთ ქვევრის გარეშე დაყენებულ, ქარვისფერ ღვინოებზე. მთელს მსოფლიოში ფიზიკურად რა თქმა უნდა არაა იმდენი ქვევრი, რომ ყველა ქარვისფერი ღვინო ქვევრში დადგეს. ბოლო წლებში გარკვეული დროით უკვე თითქმის ყველგან აყენებენ ჭაჭაზე ღვინოს, ყველა კონტინენტზე, რაც კარგი ტენდენციაა. დასაყენებლად ქართული ქვევრების გარდა შეიძლება გამოიყენებოდეს სხვა ქვეყნის ქვევრებიც, ასევე სხვა ჭურჭელიც - უჟანგავი ფოლადი, ბეტონის ავზი, მუხის კასრი, ესპანური ტინახა და ა.შ.... ჩემი აზრით, ტერმინი „ორინჯ“ არ არის სწორი. უფრო სწორია ტერმინი „ამბერ“, რადგან ფორთოხლისფერი არაა ეს ღვინო და თან ისედაც არსებობს ფორთოხლისგან დაყენებული, ანუ ნამდვილი „ორინჯ“ ღვინო.
რაც შეეხება კონკრეტულ ნიმუშებს:
Mystirio, Assyrtiko, 2018 (საბერძნეთი)
PDO ღვინოა, სანტორინიდან. მისტირიო საიდუმლოს ნიშნავს ალბათ. ასირტიკო ყველაზე გავრცელებული ვაზის ჯიშია საბერძნეთში მოგეხსენებათ. ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ბერძნების რქაწითელია გავრცელების მიხედვით, თუმცა ხასიათით ძალიან განსხვავდება რქაწითლისგან. ვულკანურ, ძალიან შავ ნიადაგებზე ვაზის გაშენების თავისებური წესი აქვთ ამ კუნძულზე, κουλούρα ქვია, რაც ნიშნავს რულონს, ან ხვეულს, ან გვირგვინს, თავზე რომ იწნავენ ან კალათს. არანაირი შპალერი, სარი... ძირები დახვეულია, დაწნულივითაა, როგორც გოდორი და ისე ისხამს, შიგნითაა მოქცეული მტევანი, დაცულია, ფოთოლი კი მზეზეა მიფიცხებული. იქაური კლიმატისთვის იდეალურია - ქარები, სიცხე, ვულკანური ქვიშა და უწყლობა. 19 დღე იყო ჭაჭაზე. 13,5% ალკოჰოლი და სულ 2500 ბოთლია ჩამოსხმული.
Manissy, Or d’Ange, 2021 (საფრანგეთი)
ჯიშებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა რონული ღვინოა, რონის ხეობიდან. აქ სამი ჯიშია - გრენაშ ბლანი, რუსანი და ვიონიე, სამი ბრწყინვალე რონული თეთრი ჯიში. 80% Grenache Blanc, 10% Viognier, 10% Roussanne, კარნობული მაცერაცია 18 დღე, ჭაჭაზე, უჟანგავში. სულ 3800 ბოთლია. დემეტერის სერტიფიკატი აქვთ. ბიოდინამიკური ვენახია. ალკოჰოლი 13%.
Château Lumière Prestige Class Orangè, 2020 (იაპონია)
იაპონური ღვინოა, კოშუს ჯიშიდან დაყენებული. მოვარდისფრო, ხორცისფერი ჯიშია. იამანაშის პრეფექტურიდან. IG-ია, გეორგაფიული აღნიშვნის ღვინო. ეს ჯიში ეხსომებათ მათ, ვინც 2014 თუ 15 წელს ჩვენს ფესტივალზე უცხოურ ქვევრის ღვინოების დეგუსტაციას დაესწრო. იქ გვქონდა. კარბონული მაცერაცია, 2 კვირა ჭაჭაზე, შემდეგ მუხის კასრებში დაძველება. პრინციპში ჰიბრიდია ეს ჯიში, სურნელზეც მიხვდებით. 10,5%.
ამ ხუთ ღვინოში ძალიან მომეწონა ფრანგული და ბერძნული ნიმუშები, მიუხედავ გადაჟანგვისა. ფრანგული მართლა გამორჩეული ქარვისფერი ღვინო იყო. ყველაზე ხალისიანი ორი ქართული ღვინო. რქაწითელი გახლდათ კლასიკური ნიმუში, ჭაჭაზე მცირეხნიანი ცივი მაცერაციით დაყენებული.
ამბერ რქაწითელი 2020 „თბილღვინო“
შილდის ვენახებში დაიკრიფა სექტემბრის ბოლოს, კლერტგაცლილი ყურძენი მსუბუქად ჩაიწურა უჟანგავი ლითონის რეზერვუარებში, სადაც დუღილი მიმდინარეობდა კონტროლირებად ტემპერატურაზე 20 -22 C- ზე, ჭაჭასთან ერთად, 3 კვირის განმავლობაში, ხოლო ფერმენტაციის დასრულების შემდეგ კი ღვინო ჭაჭასთან ერთი თვე დატოვეს. ბოლოს მოიხსნა ჭაჭიდან და გადავიდა ახალ რეზერვუარში დაწმენდისათვის. მინიმალური ფილტაციით მოხდა ამ ღვინის ჩამოსხმას ბოთლებში. საინტერესოა ამბერ ქისიც 2021 „თბილღვინო“. იმ განსხვავებით, რომ ქისის ყურძენია და შაშიანის ვენახიდანაა მიღებული. ამ ღვინოს ტანინიც მეტი აქვს, არომატიც და სიფიცხეც“.
დეგუსტაციის მესამე და დასკვნით ეტაპზე კლასიკური ტიპის ქართული წითელი ღვინის ხუთი ნიმუში გაისინჯა. მათგან მხოლოდ ერთი იყო რაჭული მუჯურეთულისგან დაყენებული ღვინო, დანარჩენი ოთხი ნიმუში კი საფერავი გახლდათ.დეგუსტაციის მონაწილე საზოგადოებას ბალანსისა და არომატის მხრივ ყველაზე მეტად მეოთხე ნიმუში მოეწონა (მუკუზანი. განსაკუთრებული მარაგი 2018. „თბილღვინო“). ასევე საკმაოდ დაბალანსებული და ტიპიური იყო კომპანია „თბილღვინოს“ კიდევ ერთი ნიმუში (საფერავი. განსაკუთრებული მარაგი 2020. „თბილღვინო“). აღნიშული ორივე ღვინო ღვინის ექსპერტ მაგდა სურგულაძის აზრით უფრო ძველის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მეორე ნიმუშში (ყვარელი. სპეც რეზერვი 2016. „კონჭო და კომპანია“) ჩანდა სუნელების ტონი და ეს ძალიან მკვეთრად იყი გამოხატული. ბალანსით და სიმრგვალით გამოირჩეოდა გასინჯული ბოლო ნიმუშიც (გრანდ საფერავი 2018. „ვისმინო“). ხოლო მუჯურეთული (ბიმბილი. რეზერვი მუჯურეთული 2019. „იზის მარანი) ბევრის აზრით ოთხ საფერავთან ძალიან არათანაბარ „ბრძოლაში“ მოხვდა და მისი შეფასებისთვის სხვა კრიტერიუმი იყო გამოსაყენებელი. თუმცა ესეც უდავოდ ძალიან კარგი ღვინო გახლდათ.
ღონისძიების ბოლოს ჩატარდა სახალისო გათამაშება, სადაც გამოვლინდა სამი გამარჯვებული და მათ გადაეცათ კომპანია „თბილღვინოს“ მიერ წარმოებული, სასაჩუქრე სამლიტრიან შეფუთვაში და სპეციალურ ყუთში წარმოდგენილი განსაკუთრებული მარაგის „მუკუზანი“.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი