Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მესხეთის 2016-2022 მოსავლის წლების მიმოხილვა

გიორგი ბარისაშვილის ფოტო

მალხაზ ხარბედია, ლევან სეფისკვერაძე

2016

ეს წელი უჩვეულო იყო მესხეთის კლიმატისთვის. ვეგეტაციის პერიოდმა კარგად ჩაიარა, თუმცა ზაფხული მაღალი ტემპერატურით გამოირჩეოდა. განსაკუთრებით აგვისტოში სიცხეები მთელი თვე გაგრძელდა, რასაც მოულოდნელი ჭარბი ნალექი მოჰყვა, ეს კი გამანადგურებელი აღმოჩნდა ვაზისთვის. მთელს მესხეთში ჭრაქმა დააზიანა ვაზი. ზოგადად მესხეთს არ ჩვევია ასეთი კლიმატური ცვლილებები და შესაბამისად ბევრგან მოსახლეობა ყურძნის მოსავლის გარეშე დარჩა. ვინც ვაზს სათანადოდ მოუარა და შეინარჩუნა, ოქტომბრის ბოლოს და ნოემბრის დასაწყისში დაკრიფეს მოსავალი.

2017

ზამთარი მესხეთში ცივი იყო. გაზაფხულმა საკმაოდ მძიმე პირობებში ჩაიარა, 27 აპრილს ვენახები მოიყინა, რამაც ძალზე დააზარალა ახლადგაკვირტული ვაზი. ყვავილობის პერიოდი კარგი იყო, თუმცა ზაფხული ძალზე გვალვიანი გამოდგა. 28 ივლიდან 10 აგვსიტომდე 38–42 °C-ზე მერყეობდა. შემოდგომაზე თბილი ამინდები იყო და ოქტომბრის მეორე ნახევრისთვის ყურძენმა უკვე სასურველ კონდიციებს მიაღწია.

2018

მესხეთში თოვლი იანვრის ბოლოს–თებერვლის დასაწყისში მოვიდა. მესხეთ–ჯავახეთის პირობაზე, ყინვაც ნაკლები იყო. გაზაფხულმა ზომიერი ნალექებით ჩაიარა, მცირე ჭრაქი განვითარდა კვირტობის მეორე ეტაპზე. კარგი იყო ყვავილობის პერიოდი. აპრილის ბოლოს კი მესხეთში მოყინა, თუმცა ვინც ცეცხლი დაანთო ვენახებში (ნაკელი, ნამჯა და ა.შ.) ან ვისაც შეფუთული ჰქონდა ვაზი, არ დაზიანებულა. ვეგეტაციის პერიოდმა კარგად ჩაიარა, დაავადებები ნაკლებად იყო (ზოგიერთმა მევენახებ მხოლოდ 1–2–ჯერ შეწამლეს ვენახები). სექტემბრის შუა რიცხვებში ძლიერი სეტყვა მოვიდა ნიჯგორში, ხიზაბავრასა და საროში. დაისეტყვა ტოლოშიც. თბილი და მშრალი ზაფხული იყო, თუმცა ზოგიერთ ადგილას ძლიერი სიცხეები იყო და ვაზიც დააზიანა. რთველი ოქტომბრის პირველ რიცხვებში დაიწყო. რთველის პერიოდში მშრალი ამინდები გამოვიდა, შაქრიანობა, ჯიშების მიხ. 22–28 იყო. დუღილი კარგად წარიმართა და საკმაოდ მაღალალკოჰოლიანი ღვინო დააყენეს მესხებმა.

2019

მართალია მესხეთში ჯერჯერობით არც ისე ბევრი ვენახია, თუმცა ვენახების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და ამას ყურძნის ხარისხის მატებაც სდევს თან. მესხი მეღვინეები 2019 წლის რთველზე საუბრისას ყურძნის მაღალშაქრიანობას უსვამენ ხაზს. მესხეთისთვის ეს უმნიშვნელო საკითხი არ არის და ყოველთვის ჭირდა რთველის იმ დროს დაგეგმვა, როდესაც ყურძენიც შაქრიანობის პიკზე იქნებოდა და მოსავლის რაოდენობის შენარჩუნებაც იქნებოდა შესაძლებელი. 2019 წელს ეს როგორც ჩანს მოხერხდა. ამ კუთხეში 2019 წლის ვენახებში ვეგეტაციის პერიოდი მაისის პირველ რიცხვებში დაიწყო. ზაფხული ზომიერად კარგი იყო. იყო მცხუნვარე მზეც და წვიმებიც. აგვისტო-სექტემბრის პირველ ნახევარში სამჯერ იწვიმა. ამან მარცვალი ბოლომდე შეავსო. რთვლობისკენ უკვე მზემ იმუშავა, თეთრი ჯიშების შაქრიანობა 24%-ზე ავიდა და მესხური ღვინის დუღილის პროცესიც კარგად წარიმართა.

2020

მშვენიერი წელი ქონდათ მესხებს. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ათი წლის მანძილზე პირველად მოხდა, რომ მესხი მევენახეები არ შეწუხებულან გვალვით, რაც ამ მხარეში დიდი ფუფუნებაა. თუკი სხვაგან მზიანი წელი და ყურძნის ბოლომდე დამწიფება საოცნებოა, მესხებს სწორედ განსაკუთრებით მზიანი წელი უქმნით ხოლმე პრობლემებს, რადგან ყურძენში ზედმეტად მაღალი შაქრის კონცენტრაციის გარდა, ვაზის ხმობაც მათი თავსატეხია. მესხეთში 2020 წელს დიდი სეტყვა არ ყოფილა, განსხვავებით მეზობელი ქართლისგან, თუმცა სეტყვას ვენახები კატასტროფულად არც ქართლში დაუზიანებია. მაისის ბოლოს ადიგენში მხოლოდ ალაგ-ალაგ გაიარა სეტყვის ღრუბელმა. ჭრაქისა და ნაცრის მხრივაც არ იყო ცუდი მდგომარეობა და საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მესხური ყურძნის ხარისხი დამაკმაყოფილებელი იყო. რაც შეეხება რაოდენობას - მესხეთში ჯერჯერობით იმდენად მცირე სავენახე ფართობებია, რომ მოსავლის უმეტეს ნაწილს ადგილობრივი გლეხები ჯერჯერობით მხოლოდ პირადი მოხმარებისთვის თუ იყენებენ. ასპინძაში, ახალციხეში და ადიგენში სულ სამ დიდ კომპანიას აქვს ვენახები, თუმცა ვენახების გაშენების სასიხარულო ტენდენცია გრძელდება.

2021

თითქმის მთელს მესხეთში, განსაკუთრებით კი ახალციხეში 9-11 მაისს დიდი ყინვები იყო, რამაც გამოსული კვირტები დააზიანა და საგვიანო კვირტებმა მაისის ბოლოს დაიწყეს გამოსვლა. ამის გამო, მესხმა მევენახეებმა დაგეგმილი მოსავლის დაახლოებით 30% მიიღეს. შედარებით ნაკლებად მოყინა ადიგენში, სადაც ხეხილის და მათ შორის ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი გადარჩა. მესხეთში ტერასულად გაშენებულ ვენახებში რთველი როგორც წესი 10 ოქტომბრამდე იგეგმება ხოლმე. 2021 წელს რთველი ადგილობრივმა მევენახეებმა ზუსტად 10 ოქტომბერს ჩაატარეს და ყურძენს ჯიშური სხვადასხვაობის გათვალისწინებით შაქრიანობა საკმაოდ მაღალი ჰქონდა. ნაკლებად ტკბილი სასუფრე ჯიშების შაქრიანობა 21%-მდე იყო, ბოლომდე დამწიფებულ ხარისთვალას, მესხურ მწვანეს, და ჯვარს შაქრიანობა 28%-მდეც კი ჰქონდა. ყურძნის ასეთი შაქრიანობა მესხ მეღვინეებს აშინებდათ, რომ შეიძლება დუღილში შაქარი ბოლომდე ვერ დაშლილიყო, მაგრამ ზამთრის ცივი ამინდები საკმაოდ გვიან დაიწყო და დუღილის ბოლომდე დასრულებას და ღვინოში შაქრის დაშლის პროცესს პრობლემები არ შექმნია.

2022

მესხი მევენახეები 2021 წლის მსგავსად, 2022 წელსაც ყინვებმა გააწამა. ნაადრევად გამოსულ კვირტებს ზამთრის სუსხი ყინავს და ეს არამხოლოდ მოსავლის რაოდენობაზე მოქმედებს ცუდად, არამედ შეიძლება ვაზის ხმობაც კი განაპირობოს. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად (ადიგენში და ახალციხეში აპრილის ბოლოს და მაისშიც კი ვაზის მოყინვაა მოსალოდნელი) ადგილობრივმა მევენახეებმა ძველ ხერხს მიმართეს - ვაზთან ცეცხლი დაანთეს და ამ „დაკვამლიანების“ მეთოდით ბევრი ვენახი გადარჩა. ადიგენში და ასპინძაში ზომიერად ცხელი ზაფხული და მშრალი შემოდგომა ჰქონდათ. რთველის პერიოდში ყურძნის შაქრიანობა დაახლოებით 26% იყო, რაც ამ მხარეში ბუნებრივად ითვლება. მესხეთში არსებობს ტყეში ველური ვაზის მოძიება-მოგროვების და დაწურვის ძველი ტრადიცია. 2022 წელს მესხებმა ველური ვაზის რთველი ოქტომბრის ბოლოს დაიწყეს და დაახლოებით 20 ნოემბერს დაასრულეს. ეს ღვინო ხშირად შემოდგომაზე ვერ ასწრებს დაღვინებას და დუღილი გაზაფხულზე გრძელდება. მიუხედავად პრობლემებისა, სასიხარულოა, რომ მესხეთში მოსახლეობა თანდათან მაინც აშენებს ძველ მესხურ ვაზის ჯიშებს. 2022 წელს უდეში, ხიზაბავრაში, ლელოვანში, ზანავში, არალში და თავად ქალაქ ადიგენის გარშემოც ბევრი ახალი ვენახი გაშენდა.

© ქართული ღვინის გზამკვლევი / მალხაზ ხარბედია

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.