Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

“მე თუ მკითხავთ, ღვინო ქართველისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ერისთვის” - ინტერვიუ ღვინის მაგისტრ სარა ებოტთან

ესაუბრა ელენე ცინცაძე

სარა ებოტი ბრიტანელი ღვინის მაგისტრია, რომელიც სულ ახლახანს IWSC-ის საერთაშორისო კონკურსს ხელმძღვანელობდა საქართველოში. სარა 2008 წელს გახდა ღვინის მაგისტრი და უკვე მრავალი წელია მსოფლიოს სხვადასხვა მნიშვნელოვანი კონკურსებისა და შეჯიბრებების ჟიურის წევრია. სარამ 2008 წელს ღვინის ბიზნეს სტრატეგიისა და მარკეტინგის კომპანია SWIRL დაარსა, რომელიც განსაკუთრებულად ღვინის განვითარებად რეგიონებს ეხმარება ღვინის გატანაში ევროპის მიმართულებით. მას ძალიან დიდი გამოცდილება აქვს გაერთიანებული სამეფოს ღვინის ვაჭრობის სხვადასხვა სექტორში. ახლა კი განსაკუთრებით ღვინის განვითარებად რეგიონებთან მუშაობს, მათ შორის, საქართველოსთან. ამ ინტერვიუში ღვინის მაგისტრი ქართულ ღვინოსთან დაკავშირებით თავის ხედვებზე გვესაუბრა, ასევე გამოცდილებასა და იმ რჩევებზე, რომლებიც ჩვენს მეღვინეებს საწარმოს განვითარებაში დაეხმარება. 

- რამ შთაგაგონათ გამხდარიყავით ღვინის მაგისტრი? მოგვიყევით თქვენი ისტორია, როდის და როგორ დაიწყო თქვენი და ღვინის ურთიერთობა? 

- გამიმართლა, რომ გავიზარდე ისეთ ოჯახში, სადაც გემრიელი კერძების მომზადება ერთი დიდი სიამოვნება იყო. ბებია-ბაბუას ხილ-ბოსტნეული ძირითადად თვითონ მოჰყავდათ და ყველაფერი, რასაც ბებია გვიმზადებდა ხოლმე, უგემრიელესი იყო. დედაჩემი შეფია, საკუთარი რესტორანი ჰქონდა და მეც ყოველთვის მიყვარდა გემრიელ კერძებთან ერთად კარგი ღვინის მირთმევა. როცა სტუდენტობისას პატარა რესტორანში მიმტანად ვმუშაობდი, მახსოვს, ერთმა სტუმარმა წითელი ბურგუნდიული ღვინო გამასინჯა, რისი გემოც და შეგრძნებაც დღემდე არ დამვიწყებია. მაშინ არც კი ვიცოდი, რომ ღვინო ასეთი ღვთაებრივი შეიძლებოდა ყოფილიყო. სწორედ მაშინ გავიფიქრე, რომ მის შესახებ მეტის გაგება მსურდა. (ეს მომენტი თვალწინ მიდგას, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ თითქმის 30 წელიწადი გავიდა. ღვინო, რომელიც მაშინ გავსინჯე  Morey Saint Denis 1er Cru Les Charrieres 1989 Michelot იყო.). უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის მარკეტინგის მიმართულებით ვმუშაობდი, თუმცა ღვინოზე ფიქრი მაინც არ მასვენებდა. ასე რომ, ნაკლები ანაზღაურებით, თუმცა მაინც უფრო დიდი სიამოვნებით დავიწყე მუშაობა ბურგუნდიული ღვინის მცირე იმპორტიორთან. ჰილარი გიბსმა, კომპანიის ხელმძღვანელმა, ყველა თანამშრომელი ღვინის საგანმანათლებლო კურსებზე გაგვგზავნა. ასე დაიწყო ჩემი "მოგზაურობა" ღვინის სფეროში, ვსწავლობდი მაიკლ შუსტერთან, ცნობილ ღვინის მწერლალთან და ექსპერტთან, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი იყო WSET (Wine & Spirit Education Trust) რის შემდეგაც IMW-ის კურსი გავიარე. 2008 წელს ღვინის მაგისტრი გავხვდი. ღვინის შესახებ სულ უფრო და უფრო მეტის გაგება ჩემთვის ყველაზე საინტერესოა. მთავარი კი მაინც უფრო ისაა, რომ სწავლა არასოდეს შეწყვიტო.

- რა როლი აქვს ღვინის მაგისტრს ღვინის ინდუსტრიაში?

- ღვინის ბევრი კვალიფიკაცია არსებობს, არის უამრავი ტრენინგ-კურსი, რომლებიც ნამდვილად ძალიან ღირებულია. რატომაც MW (the Institute of Masters of Wine) ჩემთვის მნიშვნელოვანი და საინტერესოა არის ის, რომ აქ მრავალმხრივ განათლებას იღებთ. ყველაზე მთავარიც სწორედ ღვინის სამყაროს მრავალმხრივი გაგებაა. ენოლოგიის შესწავლა ღვინის დაყენების დეტალებს ეხება, მევენახეობა - ვაზის გაშენებას გასწავლით, ხოლო ღვინის მარკეტინგის დიპლომით ღვინის კომერცალიზაციის დეტალები გეცოდინებათ. მე ვფიქრობ, რომ MW ღვინის კულტურის სილამაზესა და მნიშვნელობას საუკეთესოდ წარმოაჩენს. ღვინის ოსტატები, როგორც წესი, ბევრ სხვა საქმესაც აკეთებენ, თუმცა, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი ისაა, რომ პატივი ვცეთ ღვინის უნიკალურ როლს ჩვენს სამყაროსა და ცივილიზაციაში.

- თქვენი საქმიანობის ყველაზე საინტერესო ნაწილი რა არის?

- მიყვარს, როდესაც ახალი ბაზრების განვითარებაში მწარმოებლებს ვეხმარები, მომწონს ისიც, როდესაც ვხედავ "ჩემი" რეგიონის ღვინოებს უფრო დაფასებულსა და აღიარებულს. ამას ისეთი შემოქმედებითი უნარები სჭირდება, მაგალითად, როგორიცაა კომუნიკაციები, მნიშვნელოვანია მწარმოებლების დახმარებაც ისეთ სფეროებში, როგორიცაა კომერციული სტრატეგიული ნაბიჯები, ფასები, ღვინის შეფუთვა, ხარისხი.. ძალიან მიყვარს ქართული ღვინოების წარდგენა ბრიტანელი საზოგადოებისთვის და მედიისთვის: განსაკუთრებით სასიამოვნო კი სხვადასხვა ისტორიების მოყოლაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც მსმენელის ანთებულ და დაინტერესებულ თვალებს ამჩნევ. ქართული ღვინის უძველესი კულტურა და მისი გემოთა მრავალფეროვნება ხშირად მათთვის ახალი და უცნობი რამაა ხოლმე.

- ქართულ ღვინოს ძალიან კარგად იცნობთ, რა არის მისი განსაკუთრებული თვისებები და მახასიათებლები, რაც სხვა ღვინოებისგან გამორჩეულს და უნიკალურს ხდის?

- ქართული ღვინო ძალიან ცოცხალია და ჩემთვის განსაკუთრებით ამ უნიკალური, ავტოქთონური ვაზის ჯიშებითაა გამორჩეული მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ბევრ დიდ ქვეყანას აქვს ჯიშების ნაირსახეობა. ის, რაც ბრიტანელი ღვინის მოყვარული საზოგადოებისთვის და მეღვინეებისთვის ყველაზე მეტად საინტერესო და მომხიბვლელია სწორედ ქვევრის ტექნოლოგიის ასეთ დონეზე აქტუალობაა, მისი მუდმივი გამოყენება ქართულ მეღვინეობაში.. და მე თუ მკითხავთ, ღვინო ქართველისთვის უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე სხვა ნებისმიერი ერისთვის. ქართველები ემოციურად და სულიერად არიან დაკავშრებული “ღვინის აკვნის” იდეასთან, იმასთან, რომ ისინი პირველი მეღვინეები არიან და ჩემი აზრით, სწორედ ესაა ქართული ღვინის უნიკალურიბის ყველაზე მნიშვნელოვანი დამახასიათებელი თვისება. 

- იქნებ გვითხრათ, რამდენად პოპულარულია ჩვენი ღვინო დიდ ბრიტანეთსა და სხვა ქვეყნებში? უფრო მეტად რომელი სტილის ღვინო მოსწონთ?

- დიდ ბრიტანეთში ყველაზე გაყიდვადი ქართული წითელი ღვინოებია. საფერავი განსაკუთრებით პოპულარული ხდება მაღალი ხარისხის ღვინის მაღაზიებსა და რესტორნებში. წითელი ღვინო ძალიან მრავალფეროვანია და გემოს პროფილიც ძალიან მიმზიდველია აქაური მომხმარებლებისთვის. ქარვისფერ ღვინოებს უფრო მეტად, თუ შეიძლება ითქვას, ნიშური მიმზიდველობა აქვთ და საზოგადოების მცირე ნაწილისთვის ძალიან საყვარელი სტილია. ქართული თეთრი ღვინოები ნაკლებად ცნობილია, თუმცა თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი ონლაინ ღვინის მაღაზია Naked Wines რაჭულ მშრალ თეთრ ღვინოს ყიდის და ის ნამდვილად ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- თქვენი აზრით, არის თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი ან მხარე, რომელიც ქართველმა მეღვინეებმა უნდა გააუმჯობესონ და განავითარონ?

- ღვინის ხარისხი ნამდვილად დაიხვეწა ბოლო 10 წლის განმავლობაში, რადგან ქართველი მწარმებლები რუსეთის ფარგლებს გარეთ გავიდნენ და ღვინო მთელ მსოფლიოში გაიტანეს. არის რაღაც სფეროები, რომელთა გაუმჯობესებაც საქართველოს საშუალებას მისცემს კონკურენცია გაუწიოს მსოფლიო დონის ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს. მაგალითად, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, ბევრი მწარმოებელი მაშინ ასხამს ღვინოს ბოთლებში, როდესაც შეკვეთა აქვთ და არა მაშინ, როცა ეს ღვინისთვისაა საუკეთესო.  მსგავსი პრაქტიკა არ ქმნის “ცუდ” ღვინოს, თუმცა ასე ღვინო ნაკლებად სუფთა და ცოცხალია, ასეთ დროს შესაძლოა არც მისი თვისებები და არომატები გამოვლინდეს ბოლომდე. ამ სფეროში ბრენდინგი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია, რომლის გაუმჯობესებაც ქართველი მეღვინეებისთვის ნამდვილად კარგი იქნებოდა - განსაკუთრებით კი ამაში მწარმოებლების ვებ. საიტებს ვგულისხმობ. ვებსაიტები ძირითადად ზოგადია ხოლმე და იქ მომხმარებლები ვერ ეცნობიან საკმარის ინფორმაციას ღვინის ისტორიისა და საწარმოს მთავარი მიზნის შესახებ.

საქართველო შემოქმედთა და მთხრობელთა ერია, ისინი კი, ვინც ამას “ბრენდინგისა” და კომუნიკაციების თანამედროვე გზების მეშვეობით გადმოსცემენ, საკმაოდ კარგად ასრულებენ თავიანთ მისიას. ჩვენ, დიდ ბრიტანეთში, გვჭირდება, რომ ქართველმა მწარმოებლებმა კიდევ უფრო მეტად დეტალური ინფორმაცია გააცნონ თავიანთი წარმოების შესახებ ღვინის მოყვარულ საზოგადოებას: გაერთიანებული სამეფოს ღვინის მაღაზიებსა და იმპორტიორებს განსაკუთრებით სურთ, ჰქონდეთ დეტალური ინფორმაცია “ტექინკური ნაწილის” შესახებ, სადაც ღვინის წარმოებისა და ვენახის ძალიან დაწვრილებითი ანალიზი იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, ვფიქრობ, მეტი გამჭვირვალობისა და ღვინის წარმოების დეტალური ინფორმაციის კულტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. და ბოლოს, მწარმოებლებმა აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ და ერთად უნდა იმუშაონ. მათ “ღვინის ეროვნული სააგენტოც” ეხმარება, რომელიც ნამდვილად ბრწყინვალე საქმეს აკეთებს. იყავით მომთმენნი: საქართველო დიდ ბრიტანეთთან რკინის ფარდამ დააშორა, თუმცა ჩვენ ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ ეს ქვეყანა, მისი კულტურა, ტრადიციები და ახლა ყველა უკვე ტენდენცია, შეიძლება თამამად ითქვას, რომ დადებითია. ღვინის ბიზნესის განვითარებას წლები სჭირდება, განსაკუთრებით კი ისეთ დიდ და მრავალფეროვან ბაზარზე, როგორიც დიდი ბრიტანეთია. 

- თქვენ ღვინის მარკეტინგში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება გაქვთ.. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ ადგილი დაიმკვიდროს ევროპის ღვინის ბაზარზე?

- იმუშავეთ ერთად, სტრატეგიული ნაბიჯებით. დიდი ბრიტანეთი ნამდვილად საკვანძო ბაზარია.. ჩვენ მხოლოდ მაღალი ხარისხის ქართულ ღვინოსთან გვაქვს შეხება და აქ არსად არ აღიქმება ქართული ღვინო, როგორც “დაბალი ღირებულებისა” და ხარისხის მატარებელი. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.