Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მე–10 “ახალი ღვინის ფესტივალი” 11 მაისს გაიმართება

წლევანდელი “ახალი ღვინის ფესტივალი” განსაკუთრებულია ღვინის კლუბისთვის. წელს სრულდება 10 წელი კლუბის დაარსებიდან, ხოლო ფესტივალი, რომელიც 11 მაისს გაიმართება მთაწმინდის პარკში, რიგით მე–10–ა. ახალი ღვინის ფესტივალი 2019–ის მხარდამჭერები ტრადიციულად არიან - ღვინის ეროვნული სააგენტო და ქ.თბილისის მერია. საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი "მარანი" (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი, ჯაკო FM. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი g.Vino, 8000 მოსავალი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

“საქართველოს ღვინის კლუბი” იუბილესთან დაკავშირებით წელს მნიშვნელოვან სიახლეებს გთავაზობთ. ყველაზე საინტერესო წინასაფესტივალო დეგუსტაცია იქნება, რომელიც 4 მაისს გაიმართება და სადაც 2 იუბილესთან დაკავშირებით, 2009–2010 წლის 10–ზე მეტი ღვინო იქნება წარმოდგენილი.

როგორც ყოველთვის, ახალი ღვინის ფესტივალზე დასწრება უფასოა. თქვენ გელით ასეულობით ახალი ღვინო, ახალი ჯიშები, ახალი სახელები და შთაბეჭდილებები.

ახალი ღვინის ფესტივალი წლების მანძილზე უკვე ნამდვილ სახალხო დღესასწაულად ჩამოყალიბდა, რომლის მთავარი მიზანიც ქართული ღვინის პოპულარიზაცია, საქართველოში ღვინის განათლების დონის ამაღლება და სამომხმარებლო კულტურის გაზრდაა. 2010 წლიდან დაწყებული, ყოველ წელს ფესტივალის მასშტაბი იზრდება, ახალ-ახალი საოჯახო მარნები და ღვინის კომპანიები გამოდიან ასპარეზზე და გვაცნობენ თავიანთ მოსავალს, ნაშრომს. გასულ 2018 წელსაც ფესტივალზე შეკრებილი იყო დიდი, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ასოციაციები და სახელმწიფო ორგანიზაციები - სულ 200-ზე მეტი სუბიექტი.

ახალი ღვინის ფესტივალს ღვინის მწარმოებლების გარდა მოუთმენლად ელიან ქართველი და უცხოელი ღვინის პროფესიონალები, ღვინის მწერლები, ღვინის ბარ-რესტორნები და მოყვარულები. რამდენიმე წელია, ტრადიციულად, მსოფლიოს სახელოვან ღვინის მაგისტრებს, სომელიეებს, იმპორტიორებსა და ღვინის მწერლებს ჩანიშნული აქვთ ახალი ღვინის ფესტივალის თარიღი (მაისის მეორე შაბათი) და ემზადებიან ქართულ ღვინოებთან შესახვედრად.

ქართული ღვინის ყველა ქომაგს წლევანდელი ახალი ღვინის ფესტივალი კვლავ მთაწმინდის პარკში ელის. 11 მაისს, 11:00-დან 18:00 საათამდე საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღვინის დიდი კომპანიები, საშუალო და მცირე მეღვინეობები, ოჯახური მარნები ფესტივალის სტუმრებს დაახვედრებენ ბოლო მოსავლის (2018 წლის) საუკეთესო ღვინოებს. თუმცა 11 მაისამდე მთელი კვირის განმავლობაში წინასაფესტივალო განწყობა იქნება ქალაქში – მაისის პირველ შაბათს, 4 მაისს კლუბი სპეციალურ, იუბილეებისადმი მიძღვნილ დეგუსტაციას გამართავს, სადაც მხოლოდ 2009–2010 წლის ღვინოები იქნება წარმოდგენილი.

ახალი ღვინის ფესტივალის ხიბლი სწორედ მრავალფეროვნება და ახალი გემოების აღმოჩენაა, თან უშუალოდ ღვინის მწარმოებლებთან შეხვედრისას უფრო მეტის გაგება შეგვიძლია იმ ღვინის შესახებ, რომელსაც დავაგემოვნებთ და მოგვეწონება.

ახალი ღვინის ფესტივალი 2019 დაიწყება ქვევრის გახსნის ტრადიციული ცერემონიით, მრავალჟამიერის თანხლებით. ამ ქვევრში, როგორც წესი, ღვინის კლუბის მიერ შერჩეული საოჯახო მარანში დაწურული საუკეთესო ღვინო დაგხვდებათ.

ფესტივალის კარი ყველა სტუმრისთვის ღიაა. ფესტივალზე ისიამოვნებთ კარგი მუსიკით, იქნება სახალისო პროგრამა, გათამაშდება საუკეთესო ღვინით სავსე სასაჩუქრე კასრები და სხვა.

ფესტივალში მონაწილეობის პირობები საოჯახო მარნებისთვის:

ფესტივალში მონაწილეობა შეუძლია ყველა ოჯახური ღვინის მწარმოებელს.

ფესტივალში მონაწილეობის მსურველმა საოჯახო მარანმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს არაუგვიანეს 15 აპრილისა.

მონაწილე გაივლის შესარჩევ ტურს, “ღვინის კლუბის” სპეციალური ჟიური შემოსული ნიმუშებიდან შეარჩევს საუკეთესო ღვინოებს, რომლებიც დაიშვება ფესტივალზე.

შესარჩევ ტურშიც და ფესტივალზეც წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ 2018 წლის მოსავლის ახალი ღვინო.

ფესტივალში მონაწილეობა ოჯახური მარნებისთვის ფასიანია. ერთი ნიმუშის წარდგენის საფასური შეადგენს 10 ლარს.

მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ სადეგუსტაციო ნიმუში (2 მინის ბოთლი) და შევსებული ანკეტა.

მონაწილეთა ვინაობა ცნობილი გახდება ფესტივალამდე 10 დღით ადრე.

ფესტივალზე  გასული წარსადგენი ღვინის განსაზღვრული რაოდენობა შეადგენს მინიმუმ 20 ლიტრს.

სადეგუსტაციო ნიმუშები, თანდართული ანკეტით, წარმოადგინეთ შემდეგ მისამართზე:

ქ. თბილისი, ვაჟა–ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი. ტელ: 2180171 მობ: +995 598308688

ნიმუშები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს, 11:00 –დან 18:00 სთ-მდე

ნიმუშების მიღება დაიწყება დღეიდან, 25 თებერვლიდან!

E-mail: info@wineclub.ge

ანკეტა გადმოწერეთ აქედან

ფესტივალში მონაწილეობის პირობები ღვინის კომპანიებისთვის გამოქვეყნდება 27 თებერვალს

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული