Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მცირე მარნები საფრანგეთის ნატურალური ღვინის სამ გამოფენაზე

ლევან სეფისკვერაძე

საფრანგეთში, ლუარას ხეობაში, ქალაქ ანჟეში ნატურალური ღვინის ტრადიციული გამოფენები გაიმართა, რომლებიც ყოველწლიურად ეწყობა და მათი პოპულარობა განუხრელად იზრდება. გამოფენებში მონაწილეობას რამდენიმე ქართული მცირე მარანიც იღებდა. ჩვენმა მეღვინეებმა თავიდანვე ყველაფერი ისე დაგეგმეს, რომ მათი დრო და რესურსი სათანადოდ  გაენაწილებინათ და  ქართული ღვინო ყველა მნიშვნელოვან ღონისძიებაზე ყოფილიყო წარდგენილი.

ქართველი მეღვინეები სამ ჯგუფად გაიყვნენ. საკუთრივ ანჟეში გამართულ გამოფენას სახელად - Les Pénitentes “იაგოს მარნის“ მფლობელი იაგო ბიტარიშვილი და კომპანია “ხოხბის ცრემლების“ წარმომადგენელი დაესწრნენ.  “ნიკოლაძეების მარნის“ მფლობელი რამაზ ნიკოლაძე და მარან “ოქრო ღვინიდან“ ჯონი ოქრუაშვილი კი ანჟესთან მდებარე პატარა დასახლებაში გამართულ გამოფენას - La Dive bouteille დაესწრნენ. ხოლო გამოფენას სახელწოდებით “სალონ სალონ“, ქალი მეღვინეები, ქეთი ბერიშვილი (“გოგოს ღვინო“/“კახა ბერიშვილის მარანი“) და “კორტავების მარნის“ მეღვინე, თამუნა ბიძინაშვილი დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ ქართული მცირე მარნების წარმომადგენლები ამ ღონისძიებებს ძირითადად საკუთარი ხარჯებით ესწრებოდნენ და მათ დაფარეს ასევე მონაწილეობისათვის საჭირო მოსაკრებელი. ამ გამოფენებზე ძირითადად თავად ორგანიზატორები იწვევენ მეღვინეებს. მეღვინეების გარდა, საქართველოდან საფრანგეთში ასევე იმყოფებოდნენ ნატურალურ ღვინის ბარის, “ჯი ვინოს“ მფლობელები, რომელთა მიზანიც იყო უკეთ გაცნობოდნენ უცხოურ ნატურალურ ღვინოებს.

მევენახეობა-მეღვინეობით სახელგანთქმულ ლუარას ხეობაში ყოველ წელს ერთდროულად ღვინის  ხუთი გამოფენა იმართება და ეს არის ადგილი, სადაც პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან ღვინით დაინტერესებული ყველა ადამიანი იყრის თავს დაწყებული მწარმოებელ-იმპორტიორებიდან და დამთავრებული ღვინის ჟურნალისტებით და მწერლებით.

ანჟეს ღვინის ფესტივალების მასშტაბურ ციკლში ნატურალური ღვინის გამოფენები ძირითადად ცალკე ტარდება და საფრანგეთში ჩასული მეღვინეები შემდეგში უკვე მთელი წლის მანძილზე ლონდონში, ბერლინში, პარიზში და სხვა ქალაქებში გამართულ ნატურალური ღვინის გამოფენებშიც იღებენ ხოლმე მონაწილეობას.

“ადრე რუკაზეც კი ვერავინ აჩვენებდა ჩვენს ქვეყანას“

ანჟეს ერთ-ერთი გამოფენის მონაწილეს, ქართლელ მეღვინე იაგო ბიტარიშვილს ჩვენ მაშინ დავუკავშირდით, როდესაც ჯერ ისევ საფესტივალო გაწამაწიაში იყო და გამოფენის სტუმრებს ქართული ღვინის რაობაზე ესაუბრებოდა.

მოგეხსენებათ, ჩვენი მცირე მარნების ამგვარ გამოფენებში მონაწილეობა მხოლოდ საკუთარი ან მეგობარი მარნის ღვინოების პოპულარიზაციას არ ისახავს მიზნად და მათი მიზანი ზოგადად ქართული ხარისხოვანი ღვინის სათანადოდ წარმოჩენაა. იაგო ამბობს, რომ ქართული ნატურალური ღვინისადმი ინტერესი მთელს მსოფლიოში იზრდება და ეს საფრანგეთში გამართულ გამოფენაზეც დადასტურდა.

იაგო ბიტარიშვილი, მარანი “იაგოს ღვინო““: “6-7 წლის წინ, როდესაც ანჟეში პირველად ჩამოვედით, რაღაც რაოდენობის ხალხი კი ესწრებოდა ღონისძიებებს, მაგრამ ახლა რაც ხდება - იმასთან შედარებით ძალიან ცოტა ხალხი იყო. დღეს კი მთელი ქალაქი ღვინის მოყვარული ადამიანებითაა გადაჭედილი და სასტუმროში დასაძინებელი ერთი ნომერიც კი არაა. რესტორანში ადგილს ვერ დაჯავშნი იმდენად გაიზარდა ამ ფესტივალებისადმი ინტერესი. ადრე თუ მხოლოდ ერთი გამოფენა იმართებოდა, ახლა ამ პატარა ქალაქში და მიმდებარე ქალაქში 4-5 სხვადასხვა გამოფენა ტარდება და ინტერესი წლიდან-წლამდე იზრდება. რაც მთავარია, იზრდება ფესტივალის მონაწილე ღვინის მწარმოებლების რაოდენობაც და გეოგრაფიაც.

- ამ გამოფენაში მონაწილეობით რა შეიძლება მიიღოს ქართველმა მეღვინემ? რატომაა ეს გამოფენა მნიშვნელოვანი?

- ზოგადად ევროპაში ქართული ღვინის მიმართ ცნობადობა ძალიან გაზრდილია, თუმცა კიდევ ბევრი სამუშაო გვაქვს. ცნობადობას ზრდის კუთხით მნიშვნელოვანია არამარტო საკუთრივ პროდუქტი ღვინო, არამედ თავად ქვეყნის ცნობადობაც იზრდებოდეს. არის შემთხვევები,  როდესაც ქვეყნის პოპულარობას მსოფლიოში ღვინო ზრდის და ამ კუთხით ჩვენც ძალიან იმედიანად ვართ განწყობილი. სწორედ ამიტომ, ყოველი ასეთი ვიზიტი ევროპაში გამართულ გამოფენებზე არის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი, რიმელიც ვფქრობ ხელს შეუწყობს ქართული ღვინის გაყიდვას და პოპულარიზაციას.

- თქვენი დაკვირვებით, ბოლო წლებში რამდენად იზრდება ნატურალური (ბიო) ღვინის სეგმენტი მსოფლიოში?

- მე რასაც ვხედავ, ამ კუთხით ძალიან დიდი ნაბიჯებია გადადგმული. განსაკუთრებით ქართული ნატურალური ღვინის მიმართ ინტერესი და ცნობადობა სულ სხვა სიმაღლეზეა ასული. იმის მერე, როდესაც ანჟეს გამოფენაში პირველად ვიყავით  - სრულიად შეიცვალა სიტუაცია. როგორც ცა და დედამიწა - ისე.

ახლა თითქმის ყოველთვის  მოდიან სრულიად უცნობი ადამიანები, რომლებმაც იციან ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგია, ჯიშები და თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენი ქვეყნის რეგიონებიც კი... ზოგიერთი უცხოელი ღვინის სპეციალისტი ან მოყვარული ახლა გეკითხება: “ქართლიდან ხართ თუ იმერეთიდან?“, “ქვევრის ღვინო გაქვთ თუ არა?“, “ეს ჩინურის ღვინოა?“ და ეს ნათელყოფს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ადრე მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო და რუკაზეც კი ვერავინ აჩვენებდა ჩვენს ქვეყანას“.

ქართველი მეღვინეების აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ნატურალური ღვინის ბაზარი გეოგრაფიულადაც იზრდება. მაგალითად, ადრე (დაახლოებით 15 წლის წინ)  ნატურალური ქართული ღვინო ძირითადად მხოლოდ იტალიაში იყიდებოდა, ახლა ამ ტიპის ღვინომ, შეგვიძლა ვთქვათ, რომ ყველა დასახლებული კონტინენტი მოიცვა. თუმცა, მთავარი ალბათ მაინც მეღვინეობით ცნობილი ევროპის ქვეყნების აღიარებაა, რომელთა შორის, საფრანგეთი რა თქმა უნდა ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.