Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კატო შალვაშვილის თებერვლის 5 რჩეული ღვინო

თებერვლის თვე ყველაზე სუსხიანი და ამავდროულად იმედის მომცემია, ეს ხომ ზამთრის ბოლო და ყველაზე მოკლე თვეა. თებერვლის დადგომასთან ერთად გაზაფხულის სურნელსა და ცივი ზამთრის დასასრულს ვგრძნობ. გაზაფხულის მოლოდინთან ერთად მეხსიერებაში მზიანი დღეების მოგონებები იღვიძებს, თუმცა გარეთ გამოსულს ისევ აუტანელი სიცივე მიპყრობს. ჩემი თებერვლის ხუთეულიც ზუსტად ისეთია, როგორიც ჩემი შეგრძნებები, არეული და ქაოტური. ამიტომ დღევანდელ სტატიაში განსხვავებული ხასიათისა და სტილის ღვინოებზე მოგიყვებით, რომლებიც სხვა და სხვა სეზონებსა და განწყობებს აერთიანებს.

გორული მწვანე, აგიდელა, 2022

აგიდელას მეღვინეობის ახალი მოსავლის წლის გორული მწვანე თებერვლის პირველ დღეებში გავსინჯე. პირველი რაც წარმოვიდგინე, თუ როგორ სიამოვნებით დავლევდი ამ ბოთლს ჩაციებულს, მზისგან გამთბარ ბალახზე წამოწოლილი. საოცრად მინერალური, ცინცხალი, გამხმარი ბალახის და ყვავილების არომატებით დახუნძლული ღვინო. გაცრეცილი, თეთრში გარდამავალი ჩალისფერი შეფერილობით. პირველი დადებითი შთაბეჭდილების შექმნა ძალიან რთული, სასიამოვნო და ამავდროულად საპასუხისმგებლოა, რომ შემდეგმა ნაბიჯებმა არ გაგვიცრუოს იმედი, თუმცა დაგემოვნების გარეშეც დარწმუნებული ვიყავი, რომ მსგავსი საშიშროების წინაზე ნამდვილად არ ვიდექი. ჭაშნიკმა ამაში კიდევ უფრო დამარწმუნა. გემოს სიმსუბუქე, სინაზე და იდეალური მჟავიანობა საბოლოოდ ქმნის ცოცხალ, დადებითი ენერგიის მქონე ღვინოს, რომელიც აუცილებლად მოგაწონებთ თავს. ღვინის შეფასებისას ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი მისი ფასი გახლავთ, ამ შემთხვევაში კი ხარისხი ნამდვილად აღემატება ფასს.

საფერავი, ოროველა, 2014

საფერავის დაძველების პოტენციალის შესახებ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, საფერავის უნიკალურობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს ხომ სწორედ ეს პოტენციალი წარმოადგენს. ეს ის თეორიული ცოდნაა, რომელიც ყველა ღვინის მოყვარულს აქვს, თუმცა მეღვინეობის მთავარი ხიბლი ხომ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში ხილვაა. ოროველას 2014 წლის საფერავი კი სწორედ ის ღვინოა, რომელიც პრაქტიკაში გვიჩვენებს რას ნიშნავს იდეალურად დაძველებული საფერავი. დარბილებული ტანინები, ხავერდოვანი სტრუქტურა, წითელი ხილის ჩირებისა და ტყავის არომატების სასიამოვნო სინთეზი საბოლოო ჯამში გვიქმნის სრულყოფილი, დაღვინებული და შემდგარი ღვინის შეგრძნებას. დაძველებულ ღვინოს ხომ საოცარი უნარი აქვს, გვამოგზაუროს დროში და მოგვცეს საშუალება შევიგრძნოთ წარსული, რომელიც უკვე მივიწყებული გვქონდა.

პეტნატი, მეღვინეობა ნეკრესი, 2022

ბოლო პერიოდში პეტნატების რაოდენობამ საგრძნობლად იმატა ბაზარზე, მოთხოვნაც უფრო და უფრო იზრდება, ყველა ტიპის მომხმარებელში მოიპოვა პეტნატმა კეთილგანწყობა, მისი სიმარტივიდან და სიხალისიდან გამომდინარე. დღეს რომელ პეტნატზეც მინდა მოგიყვეთ, ციცქას ვაზის ჯიშისგან არის დაყენებული, რაც თავის მხრივ ღვინოს იმერულ სიმსუბუქესა და ცოცხალ მჟავიანობას ანიჭებს. მოყვითალო ელფერის ღვინო განსაკუთრებით მდიდარია ციტრუსების არომატით, რომელიც მდგრადი და ინტენსიურია. აუცილებლად ხაზგასასმელია ღვინის შეფუთვა და ბრენდინგი. ეტიკეტი ზუსტად შეესაბამება ღვინის ხასიათს, თავიდანვე ქვიქმნის ფერად, ხალისიან და დადებით განწყობას.

ხიხვი, რტონი, 2021

რტონის მეღვინეობის ხიხვზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც ძალიან შთამბეჭდავი ნიმუშია. ღვინო მდიდარია მრავალფეროვანი არომატებით, რომელიც ჭიქის დატრიალებასთან ერთად უფრო და უფრო ვითარდება, იცვლება და იხვეწება. საინტერესოა როდესაც ღვინოში სხვა და სხვა ტიპის არომატების ერთობლიობა შეგიძლია აღმოაჩინო. თავდაპირველად თეთრი ბლის მურაბისა და ტკბილი, მწიფე ხილის არომატი გვხვდება, რომელსაც ნესვისა და მანგოს არომატი ანაცვლებს. ჟანგბადთან გარკვეული დროის კონტაქტის შედეგად კი ჩირების არომატები იშლება. გემოზე კი ძლიერი სტრუქტურა, სრული სხეული და ინტენსიური გემო იგრძნობა. რტონის ხიხვს ყველა ის კომპონენტი აქვს, რაც ქმნის ღვინოს მაღალ ხარისხიანსა და დახვეწილს.

ხაშმის საფერავი, ორილო, 2020

ორილოს ხაშმის საფერავს პირველივე მოსავლის წლიდან ვიცნობ, ყოველთვის მომწონდა როგორც ხაშმის საფერავის ნიმუში, თუმცა ხაშმი ჩემი ფავორიტი მიკროზონა ნამდვილად არ გახლდათ. დღეს ჩემი შთაბეჭდილებები შეიცვალა და ამიტომაც სწორედ ორილოს ხაშმზე გადავწყვიტე თქვენთვის მომეყოლა. დღეს მათი ახალი ღვინო გავსინჯე, რომელმაც შემაყვარა ხაშმი. საოცრად დაბალანსებული სიმჟავე, რომელსაც იდეალურად ერწყმის ტკბილი წითელი და შავი ხილის არომატები, ხავერდოვანი და მრგვალი ღვინო, სიცხარითა და სანელებლების გემოთი მდიდარი. ღვინო დავარგებულია მუხის კასრში, რაც მეტად დახვეწილსა და ელეგანტურს ხდის, თუმცა არ ფარავს ჯიშურობასა და მიკროზონის ხასიათს. ორილოს საოჯახო მეღვინეობა ვფიქრობ არაჩვეულებრივი მაგალითია წინსვლისა და განვითარების.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული