Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ირაკლი როსტომაშვილი, როსტომაანთ მარანი, მცირე მარნების მცირე ანთოლოგია (45)

– როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?
– მიზეზი ძალიან ბევრია. უპირველეს ყოვლისა, მთავარია ამის ძალიან დიდი სურვილი გქონდეს. ჩვენს გვარს მარანი და ვენახები ახმეტაში ჰქონდა, ჩემი დიდი პაპა იყო ბოლო მესაკუთრე როსტომაანთ მარნის. გასაბჭოების შემდეგ ჩამოართვეს. მარნის აშენების გადაწყვეტილება 2013 წლის მაისში მივიღე,  ExpoGeorgia-ს ღვინის გამოფენაზე ვიყავი და  უცხოელების დიდი ინტერესი დავინახე ოჯახური მარნების მიმართ. სწორედ იქ მივიღე გადაწყვეტილება იმ წელსვე ჩამეყარა ქვევრები, დამეყენებინა ღვინო და მას მერე სულ მცდელობაში ვარ. იმ დროს არც ცოდნა მქონდა, არც გამოცდილება, იყო მხოლოდ დიდი სურვილი. მეგონა ეს იქნებოდა ადვილი და ერთ ქვევრში ჩავწურავდი, დავადუღებდი და უცებ ჩამოვასხამდი, რეალიზაცია კი ყველაზე მარტივი იქნებოდა.

პირველ წელს სამომხარებლო სესხი ავიღე, 18%-ანი, რითაც ქვევრები და ყურძენი შევიძინე. მომდევნო წელს კიდევ ავიღე სესხი და მარანის აშენება დავიწყე. ღვინოებს ალავერდის მონასტრის მარნის დახმარებით და მათი კონსულტაციით ვაყენებდი. ყურძენს ვყიდულობდი სხვადასხვა ადგილას – არგოხი, რუისპირი, ახატელი, ახმეტა, კურდღელაური. 2015–2016 წლებში ვიყიდე პატარა ვენახები რუისპირში და სანიორეში. 2017 წელს 5000 ლარით დაგვაფინანსა ელკანამ და მსოფლიო ბანკმა, სადაც ჩვენი თანამონაწილებაც 50% იყო, მათი ფინანსური დახმარებით მარანთან გავაკეთეთ სადეგუსტაციო ოთახი, ეზოში ბილიკები და  ტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწყეთ. შევიძინეთ საჭირო ინვეტნარი, გარდა ამისა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დახმარებით მარანი ჩაერთო ღვინის გზაში. ქალაქში 4-5 ადგილას მარნის ნიშნები დამონტაჟდა, რომელიც ეხმარება მარანს ტურისტების მოზიდვაში. მარანი ტურიზმისთვის ძალიან ხელსაყრელ ადგილას მდებარეობს, თელავის ცენტრში, პარკ ნადიკვართან. ღვინის ნიშნები ძალიან გვეხმარება. ამის გარდა მარნის განვითარებისთვის ვიღებდი განათლებას და ვესწრებოდი სხვადასხვა ლექციას. ძირითადად ღვინის კლუბის მიერ ორგანიზებულებს – მალხაზ ხარბედიას ღვინის დეგუსტაციის შესავალი, ტრენინგი ღვინის ზადები და დაავადებები (დავით ჩიჩუა), დავამათვრე ონლაინ კურსი ავსტრალიის ადელაიდის უნივესიტეტში, სომელიეს სკოლა საქართველოს სომელიელთა ასოციაციაში (შალვა ხეცურიანი). მივიღე ქულები, რომლითაც შემეძლო ასისტენტ სომელიეს სტატუსი მომეპოვებინა. წარმატებით გავიარე ონლაინ სწავლება Wine Spectator-ის საიტზე, wine sales and services–ის მიმართულებით.

 
ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?
– ამჟამად მაქვს მხოლოდ საფერავის და რქაწითელის ვაზის ჯიშები, ძალიან მცირე რაოდენობით. სანიორეს ვენახი ნაფარეულის მიკროზონას ეკუთვნის, რქაწითელის და საფერავის ბებერი ვენახია, რომლის ასაკიც 40 წელს აღემატება. ცოტას ისხამს, მაგრამ ვფიქრობ ხარისხიანი ღვინო გამოვა. 2017 წელს ვაზზე 1 კილომდე დაიკრიფა.

ღვინოების ყიდვა ონლაინ შესაძლებელია ჩვენი მარნის საიტიდან http://www.rmarani.com/en/wine-shop/. ამის გარდა, უკვე მეორე წელია ვთანამშრომლობ პარტნიორ მევენახესთან რუისპირში.


რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?
– ვაწარმოებ რქაწითელის და საფერავის ქვევრის ღვინოებს და ასევე ვაყენებ კახურ ღვინოს უჟანგავ ჭურჭელში. რქაწითელის ქვევრის ღვინოს ტრადიცული წესით ვაყენებ, ველურ საფუარზე, დანამატების გარეშე, 6 თვის განამავლობაში ჭაჭა კლერტზე ვაყოვნებ ხოლმე და სააღდგომოდ ვხსნით, აპრილ-მაისში. საფერავსაც ქვევრში  ჭაჭა–კლერტზე ვაყენებ ერთი თვის განმავლობაში და შემდეგ მხოლოდ წვენს ვაბრუნებ ქვევრში და ვლუქავ 1-2 წლით. მაგალითად, 2015 წლის ქვევრის საფერავს 2 წლის განმავლობაში ეძინა ქვევრში. ამის გარდა მაქვს ორნახადი ჭაჭები კლასიკური და მუხაში დავარგებული, შემგარებული ღვინოები, დავარქვი 'როსტვაინი". მაქვს ორნაირი შემაგრებული ღვინო, რომელთა დაგემოვნება მხოლოდ თელავში, ადგილზეა შესაძლებელი. ამ ღვინოებს 2 წელზე მეტია ვაძველებ მაიკოპის მუხის კასრში. კიდევ მინდა დავაყენო წინანდალი, თუ მოვახერხე ახალი კასრის შეძენა, აუცილებლად დავწურავ. ასევე ქინძმარაული, წითელი ნახევრადტკბილი ღვინო. ადგილზე ღვინის ტურიზმის განვითარებისთვის, სადეგუსტაციო მრავალფეროვნებისთვის ვფიქრობ ძალიან მნიშნელოვანი და აუცილებელია გქონდეს ქვევრის მშრალი ღვინოები, გარდა ამისა, წინანდალი, ნახევრად ტკბილი ღვინო, ჭაჭა და შემაგრებული. ნახევარტკბილ ღვინოს დაბალ ტემპერატურაზე შენახვა სჭირდება, შესაბამისად ისეთი ჭურჭელი, რომელსაც ტემპერატურის კონტროლი ექნება.


გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?
– მაქვს ურთიერთობა დახლოებით 10-15 მაღაზიასთან, პირველი გამოცდილებიდან განსაკუთრებით დადებითად მინდა შევაფასო მაღაზია "ღვინის დრო", სამებასთან.


გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

– დიახ, გადის, ძალიან მცირე რაოდენობით გერმანიაში. ჩვენი ექსპორტი სულ შემთხვევით მოხდა, ელ.ფოსტაზე მივიღე წერილი ძალიან კარგი ადამიანისგან, ღვინის ნიმუში აინტესებდა რომ გამეგზავნა, ღვინის ბიზნესის დაწყება უნდოდა, არ დავიზარე და გავუგზავნე. ნიმუშის გაგზავნის საფასური თვითონვე გადაიხადა. მოხდა ისე, რომ მოეწონათ ღვინო და გამიკეთეს შეკვეთა. 100 ბოთლი რქაწითელი კახური და 50 ბოთლი ქვევრის საფერავი გავაგზავნე. ამის გარდა მქონდა კვირპორსში ღვინის ექსპორტის მცდელობა, ჩემს ღვინოებთან ერთად წავიღე 4 ბოთლი მეოგობარი მარნების ღვინოები, სადაც გავაკეთეთ ქარვისფერი ღვინოების და წითელი ქვევრის ღვინოების დეგუსტაცია, ღვინოებმა მოწონება დაიმსახურა მაგრამ საწუხაროდ ვერ შედგა თანამშრომლობა, სჯობდა ექსპორტიორების ჯგუფისთვის გავეკეთბინა დეგუსტაცია, ვიდრე მხოლოდ ერთ იმპორტიორთან, თუმცა ვფიქრობ რომ ჯერ  ყველაფერი წინ არის.

- რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?
– ურთიერთობა ღვინის გასაყიდ ობიექტებთან. გაყიდული პროდუქცისს თანხას 95% ობიექტებისა დროულად არ რიცხავს. ძალიან ხშირად სჭირდებათ შეხსენება, იმდენად, რომ კომუნიკაციის სურვილი გეკარგება. ხშირია ხოლმე შემთხვევა, როდესაც მაღაზია იკეტება და იკარგებიან. ზოგ მაღაზიაში ისიც კი არ იციან, რა ღვინო აქვთ.


თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?
– იყოს მეტი ხელშეწყობა მცირე ოჯახური მარნების მიმართ, საგვარეულო მარნები დაიჩაგრნენ კომუნისტური რეჟიმის დროს და ახლა ხდება მათი ისევ ფეხზე დადგომა. სამწუხაროდ, კომუნისტურმა რეჟიმმა საგვარეულო ღვინოები მოკლა. უნდა არსებობდეს გრანტები მარნების ასაშენებლად, ვენახების გასაშენებლად, ინვეტნარის შესაძენად, მეტი დაფინანსება. არსებობდეს ძირეული კლვევები და რეკომენდაციები ადგილებისა, სად რომელი ვაზის ჯიშები სჯობია რომ გაშენდეს, რომელ საძირეზე და ა.შ. საჭიროა, რომ კანომდებლობაში შევიდეს ის ცლილებები რაც აფერხებს ამ სფეროს განვითარებას.

მნიშნელოვანია ვენახამდე იყოს კარგი გზები.

განვადებით და კარგი პირობებით შესაძლებელი უნდა იყოს ვენახის გაშენება.

მცირე ოჯახური მარნები უნდა გათავისუფლდნენ აქციზისგან და დღგ–ს გადასახადებისგან, რომელიც გაზრდის ადგილობრივი ჭაჭის გაყიდვას, გაიზრდება ადგილობრივი პროდუქციის რეალიზაცია.

კანონმებლობა დაიხვეწოს ისე, რომ მევენახე-მეღვინის და მომხმარებლების უფლებები იყოს თანაბრად დაცული. ერთი მხრივ მომხმარებელს მარტივად უნდა შეეძლოს ეტიკეტის მიხედვით ამოიცნოს თუ რა ტიპის ღვინოს ყიდულობს ხარისხის კუთხით, ეტიკეტზე კანონით სავალდებულო იყოს, ეწეროს, ამავე მარნის ვენახის ყურძნითა დაყენებული და ჩამოსხმული ღვინო თუ ნაყიდი ყურძნით დაყენებული. ხშირია შემთხვევა, რომ დაბალ და მაღალ ხარისხის ღვინოს აქვს ერთნაირი ფასი.

მოხდეს მარნების და ღვინის საწარმოების შეფასება და მათი კლასიფიკაცია, სადაც გათვალისწინებული იქნება ღვინის ხარისხი, ცოდნა, გამოცდილება, ისტორია.

– რას ურჩევდით დამწყებ მევენახემეღვინეებს?
დაიწყეთ ვენახის გაშენებით. გაიარეთ შემდეგი ტრენინგები - ღვინის ზადები და დაავადებები, ღვინის დაგემოვნება, მსოფლიო ღვინოები. ხშირად დააგემოვნეთ სხვადასხვა მარნის ღვინოები და აკეთეთ შეფასებები და დაკვირვებები. ეცადეთ, რომ ქვევრები რეცხოთ თქვენ თვითონ, ნუ ენდობით ნურავის სიტყვაზე, თავად შეამოწმეთ და აკონტროლეთ ხარისხი. გააკეთეთ აქცენტი ღვინის ტურიზმზე, ეცადეთ ადგილზე შეძლოთ თქვენი ღვინის გაყიდვა. მიიღეთ მონაწილეობა ფესტივალებზე, დამკვიდრდით უცხოურ ბაზარზე. ჩამოასხით ერთი სახეობის ღვინო ბოთლებში ერთ დღეს, რათა გქონდეთ ერთგვაროვანი ღვინო, რადგან სხვადასხვა დროს ჩამოსხმული ღვინოები განსხვადებიან. ჩამოსხმისას ყოველთვის გასინჯეთ ღვინო, აკონტროლეთ, რას ასხამთ. დაახარისხეთ. თუ ეჭვი გეპარებათ ღვინოში, არ შესთავაზოთ მაღაზიას და არც სადეგუსტაციოდ წაიღოთ. გაყიდეთ მხოლოდ ის ღვინო, რომლისაც გჯერათ. რადგან თუ ზადიან ღვინოს გაასინჯებთ, მეორედ კარგი ღვინოც კი ზადიანად შეიძლება მოეჩვენოთ. ეცადეთ ერთი სახეობის ღვინო 3000-5000 ბოთლი მაინც ჰქონდეთ.

მარნის დასახელება: როსტომაანთ მარანი
მარნის მისამართი: თელავი, რჩეულიშვილის . N11
ტელეფონი:+995 599929505, +995 599088070

ელფოსტა: rostomaantmarani@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: rMarani.com

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული