Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გიორგი ფოცხვერაშვილი - საკუთარი ტერუარის ძიებაში

როდის და რატომ დაინტერესდით ღვინის თემით და ღვინის მარკეტინგით?

უნდა ვაღიარო, რომ მეღვინეობა და, ზოგადად, ეს სფერო, პერსპექტიულობის გამო ავირჩიე. ყოველთვის ერთსა და იმავეს ვიმეორებ, ძალიან გამიმართლა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ეს სფერო, მისი თითოეული ასპექტითა და მიმართულებით, ასე მიყვარს. რაც შეეხება ღვინის მარკეტინგს, ეს მიმართულება მესამე კურსის შემდეგ, გერმანიაში, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში, ღვინის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე სწავლისას აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ იმ დროს ჩემს უნარებსა და ხასიათს ყველაზე მეტად შეეფერებოდა.

შეგეცვალათ თუ არა წარმოდგენა ამ სფეროზე მას შემდეგ, რაც უკეთ გაეცანით შიდა სამზარეულოს?

სანამ ამ სფეროში ჩავიხედავდი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული წარმოდგენა არ მქონდა გარდა იმისა, რომ ვიცოდი, რამხელა პრობლემებისა და გამოწვევების წინაშე ვიდექით, როგორც პოსტსაბჭოთა მეღვინეობის ქვეყანა. მეტი ინფორმაციისა და ცოდნის მიღების შემდეგ მივხვდი, რომ პრობლემების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, უფრო ფართო სპექტრის საქმიანობა მჭირდებოდა, რომელიც ამ პრობლემების გამოაშკარავებასა და გამოსავლის ძებნაზე იქნებოდა ორიენტირებული. ამისთვის საჭირო გახდა მემუშავა როგორც მეღვინეობაში, მევენახეობაში, გაყიდვებსა თუ მარკეტინგში, ისე ღვინის მომსახურების სფეროში.

თქვენი აზრით, რა პრობლემები აქვს ღვინის ინდუსტრიას საქართველოში და რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ეს სფერო მეტად განვითარდეს?

ვფიქრობ, პირველ რიგში ღიად უნდა დავიწყოთ იმ პრობლემებზე საუბარი, რომელიც თვალსაჩინოა. ამისათვის კი საჭიროა, ვაღიაროთ, რომ  პრობლემები გვაქვს და ამაში სასირცხვილო არაფერია, მაგალითად, ღვინის ხარისხი და ღვინის ჯანმრთელობა. უნდა გვესმოდეს, რომ ჯანმრთელი ღვინო არის მინიმუმის მინიმუმი და რომ ჯანმრთელი ღვინო ხარისხიან ღვინოს არ ნიშნავს. ღვინოების ჯანმრთელობაზე ძალიან დიდი ჯაფა გასწია კერძო სექტორმა და თავად მეღვინეებმა, რის შედეგებსაც ნათლად ვხედავთ ბოლო წლებში - ღვინოების ჯანმრთელობის პროცენტული მაჩვენებელი გაუმჯობესებულია. ამის შემდეგ, უნდა გვესმოდეს, თუ რა არის ხარისხიანო ღვინო და რომ ქართული ღვინო უცხოეთში მხოლოდ ქართულს კი არა, ყველა სხვა  ქვეყნის ღვინოს უწევს კონკურენციას იმის მიუხედავად, ესა თუ ის ღვინო ქვევრშია დაყენებული თუ „კლასიკური“ მეთოდით უჟანგავ ავზში. იმისთვის, რომ ქართველ მწარმოებლებს უკეთ ესმოდეთ მსოფლიო ღვინოების ხარისხი და საკუთარი პოზიცია, უნდა გასინჯონ ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. მეორეს მხრივ, ჩვენ, ვისაც გაგვისინჯავს, ვსინჯავთ და გვაქვს აღქმა მსოფლიო ღვინოების ხარისხის, მათი საფასო სეგმენტიდან გამომდინარე, უფრო მეტი გულახდილობა და პირდაპირობა გვმართებს ჩვენი თანამემამულე მეღვინეების მიმართ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ მათ არასწორ წარმოდგენას შევუქმნით საკუთარი ღვინოების ავკარგიანობაზე.

არ შეიძლება ქართული ღვინის ხარისხზე ვისაუბროთ და არ ვახსენოთ ჩვენი ვენახები და მათი მდგომარეობა. დღესდღეობით ღვინის წარმოებაში უმეტეს წილად ჯერ კიდევ ისეთ ვენახებში მოყვანილი ყურძენი გამოიყენება, რომელიც საბჭოთა დროს არის გაშენებული. თუ ერთხელ მაინც ყოფილხართ ასეთ ვენახში, სიახლე არ იქნება თუ ვიტყვი, რომ წლების მანძილზე მოუვლელობის, არასწორად მოვლის, სხვლის/ფორმირების და ირიგაციის გამო რამდენად საშინელ მდგომარეობაშია მათი უმეტესობა. არსებობს გამონაკლისებიც, რა თქმა უნდა.

ჩემი აზრით, ამ საკითხების მოსაგვარებლად არსებობს სამი გზა: პირველი, კერძო სექტორის ძალიან მაღალი დონის თვითორგანიზებულობა, რათა ამ საკითხებში პროფესიონალების მობილიზება, ჩართულობა და მწარმოებლების გათვითცნობიერება მოხდეს. მეორე, ზემოხსენებულს სახელმწიფომ მოჰკიდოს ხელი, აღიაროს პრობლემების არსებობა და უზრუნველყოს მეღვინეობის სექტორში ცოდნის ამაღლება იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელთა არსებობაზეც კარგად არიან ინფორმირებულნი და, ბოლოს, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს ერთობლივი მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს წინ უნდა უძღოდეს ორივე მხარის, სფეროს სპეციალისტების შეხვედრა, პრობლემების, მათი გადაჭრის გზებისა და პრიორიტეტების განხილვა, მიზნების დასახვა და სამოქმედო გეგმის შექმნა.

რა არის საჭირო იმისთვის, რომ საერთაშორისო ბაზარზე მეტი ქართული ღვინო იყოს წარმოდგენილი და, ზოგადად, საქართველოს მიმართ ინტერესი გაიზარდოს?

ჩემი აზრით, იმისთვის, რომ მეტი ქართული ღვინო გაიყიდოს და ინტერესი გაიზარდოს, იმაზე უკეთესს ვერაფერს ვიზამთ, რომ წინა კითხვაში ნახსენებ პრობლემებზე ვიმუშაოთ. მარკეტინგულ სვლებს და პრომოუშენს წინ ყოველთვის უნდა უძღოდეს ძალიან მაგარი პროდუქტის შექმნა! არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იმედგაცრუებული მომხმარებლის მოტივირება, კიდევ გასინჯოს ქართული ღვინო, გაცილებით უფრო რთულია, ვიდრე ადამიანის, რომელსაც არასდროს სმენია და გაუსინჯავს ქართული ღვინო. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ არ გვაქვს ხარისხიანი ღვინო, რომელიც უცხოელ მომხმარებელს მოეწონება და გააოცებს, უბრალოდ დღემდე გვხვდება ისეთი პრობლემები, რომელიც, წესით, აღარ უნდა იყოს საუბრის საგანი, თუმცა არის და ეს უსიამოვნო რეალობაა. როდესაც ღვინო ხარისხიანია, გამოხატავს ჩვენს უნიკალურ ტერუარს და, ამავდროულად, ღვინო არის სტაბილური, თითოეული ჩვენი ინდივიდუალური პარტნიორი ამა თუ იმ ქვეყანაში კიდევ უფრო თავდაჯერებული და ომახიანი იქნება ქართული ღვინის შეთავაზებისას. ეს კი, მე ვფიქრობ, დასაწყისისთვის ურიგო ნამდვილად არ არის. 

თავად თუ აწარმოებთ ღვინოს და რა რჩევას მისცემდით სხვებს?

დიახ, ვაწარმოებ, უშუალოდ ღვინის წარმოების სიყვარულმა საშუალება არ მომცა არ მეწარმოებინა ღვინო, თუნდაც ძალიან ცოტა რაოდენობით. 2018 წელს თბილისში, სახლის გვერდით მარნისთვის ფართი შევიძინე და მას შემდეგ, ყოველ წელს ვაწარმოებ ღვინოს, რაშიც 2020 წელს „აწარმოე საქართველოს“ კონკურსში გამარჯვების შემდეგ მიღებული გრანტიც ძალიან დამეხმარა. თუ გადაწყვეტთ, რომ მეღვინე გახდეთ, საკუთარი მარანი გქონდეთ, თანაც ეს თქვენი ძირითადი შემოსავლის წყაროდ იქცეს, მნიშვნელოვანია ჩამოაყალიბოთ საკუთარი მკაფიო ხედვა, რა ტიპის ღვინის დაყენება გსურთ? როგორ უნდა დააყენოთ ეს ღვინო? და, ბოლოს, ვინ არის ამ ღვინის მომხმარებელი? აქვე კიდევ უამრავი კითხვა შეიძლება დაისვას, თუმცა ეს კითხვები თავად  მეღვინეს გაუჩნდება დროთა განმავლობაში და მათზე პასუხის გაცემას შეიძლება წლებიც კი დასჭირდეს. ჩემი აზრით, მეღვინეობაც ეს არის - ეძიო საკუთარი ტერუარი და მისი გამოხატვის გზა. იმასაც ვიტყვი, რომ მე პირადად ჩემი „ტერუარი“ ამ დროის მანძილზე ჯერ კიდევ ვერ ჩამოვაყალიბე და პროცესში ვარ. ყოველ წელს იცვლება ჩემი შეხედულება ამა თუ იმ სტილზე, ჯიშსა და მეღვინეობის ტექნიკაზე, რაც კარგ თვისებად მიმაჩნია მეღვინისთვის - უნარი, შეიცვალო შეხედულებები ახალი ცოდნის და გამოცდილების საფუძველზე. იქიდან გამომდინარე, რომ მეღვინეობა დღეს ჩემი შემოსავლის ძირითად წყაროს არ წარმოადგენს, მაქვს ფუფუნება აუჩქარებლად და დინჯად, ექსპერიმენტებში გართულმა ვეძებო „ჩემი ტერუარი“.

©ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული