Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გემრიელი ქველმოქმედება - ქვევრის ღვინის გადასარჩენად

ალეკო ცქიტიშვილი

ქართული მცირე მარნების პრობლემებს რა მოთვლის, მაგრამ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ინიციატივის ნაკლებობაა. მევენახე გლეხებს და დამწყებ მცირე მეწარმეებს მომხმარებელთან მუდმივი ურთიერთობა სჭირდებათ, მაგრამ როგორც წესი, ასეთი სახის კომუნიკაცია არ არსებობს. მარკეტინგული უნარ-ჩვევების არქონის გამო, მცირე მარნების მფლობელებს ხშირად ეუფლებათ უიმედობის გრძნობა, მით უფრო, როცა დახმარებას არც სახელმწიფოსგან ელიან და არც კერძო დონორებისგან. ამ დროს ინიციატივა მართლაც საუკეთესო გამოსავალია.
სწორედ ამ გამოსავალს მიმართეს პროექტ „ქართული ქვევრის ღვინის“ მესვეურებმა - სოლომონ ცაიშვილმა და რამაზ ნიკოლაძემ. მათი ინიციატივით, გასულ უიქენდზე რესტორანმა „პიანომ“ საქველმოქმედო ვახშამს უმასპინძლა. უგემრიელეს კერძებთან გონივრულად შეხამებულმა ქვევრის ღვინოებმა და ჭაჭამ სტუმრები აღაფრთოვანა. ალალმა ღვინომ გულები გაათბო და არა მარტო ქველმოქმედებისთვის, არამედ დაუვიწყარი საღამოს ინიციატორებთან შემდგომი საქმიანი კავშირებისთვის განაწყო.
პროექტი „ქართული ქვევრის ღვინო“ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის SLOW FOOD-ის დაფინანსებით 2008 წელს დაიწყო. პროექტის („სლოუ ფუდის“ ტერმინით - „პრეზიდიის“) მიზანი იყო იმ მცირე მარნების დახმარება და წახალისება, რომლებიც ერთგულად მისდევენ ტრადიციული მეურნეობის წესებს. ამავე დროს, ევროპის საზოგადოებას უნდა გაეცნო მევენახეობისა და ქვევრის მეღვინეობის უძველესი ქართული ტრადიციები. პროექტის განსახორციელებლად საჭირო თანხების მოსაზიდად დაიგეგმა და ჩატარდა რიგი ღონისძიებები, მათ შორის - საქველმოქმედო ვახშამი რომში, სადაც ქართულ ღვინოებთან ერთად საზოგადოებამ გასინჯა პროექტის კოორდინატორების - რამაზ ნიკოლაძისა და სოლომონ ცაიშვილის მიერ მომზადებული ქართული კერძები. პროექტის კულმინაცია იყო 2010 წლის ოქტომბერში „ქართული ქვევრის ღვინის“ პრეზიდიის მონაწილეობა SLOW FOOD–ის მიერ გამართულ მსოფლიო ფორუმზე - TERRA MADRE - SALON DEL GUSTO. ქართულმა  ტრადიციულმა ქვევრის ღვინომ ბევრი მნახველის მოწონება დაიმსახურა, ხოლო თავად SLOW FOOD-ის მესვეურებმა ქვევრის ღვინო მსოფლიოსთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი ისტორიის მქონე პროდუქტად აღიარეს. TERRA MADRE - SALON DEL GUSTO-ზე კახეთიდან და იმერეთიდან 8 მცირე მარნის 9 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. მათ შერჩევას მეტად შრომატევადი რამდენიმე თვე დასჭირდა.  
პროექტის მოქმედების ვადად განსაზღვრული იყო 2008-2010 წლები. დღეს მისი შემდგომი დაფინანსების ბედი გაურკვეველია. ამიტომ პროექტის იდეის ავტორებმა და კოორდინატორებმა გადაწყვიტეს, პროექტის ბაზაზე დააფუძნონ ასოციაცია და თავად იმოქმედონ, რათა მოიზიდონ საჭირო თანხები. 12 თებერვალს რესტორან „პიანოში“ მოწყობილი საქველმოქმედო ვახშამიც სწორედ ქართული ქვევრის ღვინის ტრადიციების აღორძინებას ემსახურებოდა. 
ღონისძიების ინიციატორებმა საზოგადოება საქველმოქმედო ვახშამზე ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით მიიწვიეს და კონცეფციაც მოკლედ გააცნეს: „ჩვენს მიერ შემოთავაზებული მენიუ წარმოგიდგენთ აღმოსავლეთ საქართველოსთვის დამახასიათებელ ენოგასტრონომიულ კულტურას. იგი შედგენილია SLOW FOOD-ის პრინციპებით, ანუ - ლოკალური, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ კერძებს ახლავს ამავე გეოგრაფიული არეალისთვის დამახასიათებელი ღვინოები. ჩვენ არ ვართ პროფესიონალი მზარეულები, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ მომზადებული კერძები იმ გემოსია, რომელიც მხოლოდ ტრადიციულ ოჯახებში მომზადებულ საჭმელს აქვს. ჩვენ პროფესიონალი მეღვინეები ვართ და გვჯერა, რომ კარგ ზვარში მოყვანილი ყურძნიდან დაწურულ წვენს არ ჭირდება გარეშე სუბსტანციები კეთილშობილი ღვინის დასაყენებლად, რათა ღვინომ სრულად გადასცეს თავისი მშობელი ბუნების მთელი სიკეთე“.
საქველმოქმედო ვახშამზე აღმოსავლეთ საქართველოს ენოგასტრონომიული კულტურა იყო წარმოდგენილი. მენიუ სტუმრებს იმთავითვე დეტალურ ინფორმაციას აწვდიდა, რომელ ღვინოსთან რა კერძი იქნებოდა შეხამებული:
პირველი კერძი 
ხორცის ნაკრები - ერთად მოხარშული ხბოს ფილე, ღორის ენა და საქონლის ენა, შეკმაზული ხახვით, ნივრით, ქონდრით, დაფნით, სურნელოვანი შავი წიწაკით, წითელი წიწაკით და სტაფილოთი. გარნირი: ძმრიანი ჭარხალი მწვანილით, ბოლოკი და ნიგვზიანი ნიორწყლის საწებელი.
ღვინო - „ჩარდახი“, „ჩინური“ 2009 წ; სოფელ ჩარდახიდან. მეღვინე იაგო ბიტარიშვილი.
მეორე კერძი
ინდაურის ჩახოხბილი: ინდაურის ხორცი მოთუშული ხახვთან, ნიორთან, პომიდორთან, წვნიანად, შეკმაზული ნივრით, წითელი წიწაკით, ქინძით, რეჰანით, ოხრახუშით.
ღვინო - კარდანახის ახოები 2007; (რქაწითელი 90% , მწვანე კახური
6%, ხიხვი 4%); კომპანია „ჩვენი ღვინო -OUR WINE“
მესამე კერძი
ბურვაკის შემწვარი ფილე - ჩაბასტურმებული ბროწეულის წვენში, თეთრ ღვინოში, ხახვთან და შავ წიწაკასთან ერთად; შეკმაზული შემწვარი კარტოფილი. 
ღვინო - საფერავი 2009; სოფელი ანაგა, მწარმოებელი კომპანია „ნიკავინო“.
დესერტი
ტკბილი კოლიო - მოხარშული ხორბალი თაფლით, ნიგვზით, ნუშით, ჩამიჩით.
„ჭაჭა“,  2007 წ. მუხაში დავარგებული; კომპანია „ჩვენი ღვინო - OUR WINE“.
საქველმოქმედო ვახშამში მონაწილეობის საფასური - ერთ პერსონაზე 100 ლარი საღამოს ინიციატორებს გათვალისწინებული ჰქონდათ პროექტ „ქართული ქვევრის ღვინის“ შემდგომი ეტაპისათვის. 
სოლომონ ცაიშვილმა სტუმრებს მოკლე სიტყვით მიმართა: „მართალია, მეღვინეობა საქართველოში მრავალ ათას წელს ითვლის, მაგრამ ამ დარგს აქ მუდამ პრობლემები ჰქონდა. ბოლო ასწლეულის განმავლობაში ქართული მეღვინეობა ძირითადად საბჭოთა კავშირის ეკონომიკის პრინციპებით იმართებოდა. უფრო მეტი ყურადღება ექცეოდა მოსავლისა და ღვინის დიდ რაოდენობას, ვიდრე ხარისხს. ღვინოები კონცენტრირებული იყო დიდ ქარხნებში, ხოლო ოჯახებში  ჩამოყალიბებული საუკუნოვანი ტრადიციები და ღვინის დაყენების კულტურა სერიოზულად დაკნინდა. მეღვინეობის ტოტალური ინდუსტრიალიზაციის პირობებში, დაიკარგა ყურძნის ძვირფასი ჯიშები. ეს ინერცია გაგრძელდა სსრკ-ის დაშლის შემდეგაც. ახლაც, როცა საქართველოში ადამიანი მეღვინეობის ჩამოდის გასაცნობად, მას წარმოდგენა ექმნება ღვინის დიდ ქარხნებში ვიზიტით, სადაც არ ჩანს, რომ ქართული ღვინო სინამდვილეში გაცილებით დიდი ტრადიციების მატარებელია. ჩვენ გვინდა იმ ოჯახების მარნების კომერციალიზაცია, ვისაც შემონახული აქვს ეს ტრადიციები. განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ ქვევრის ღვინოზე. ჩვენ ასეთი ოჯახები ვიპოვეთ და გვინდა, მათი პროდუქცია გავიტანოთ ბაზარზე, მათ შორის - უცხოეთში და თანდათან შევქმნათ ისეთი მასშტაბის სახელები, როგორიცაა საფრანგეთში „შატო მუტო“, „შატო ლაფიტი“ და ა.შ. ცხადია, ამას დიდი დრო დასჭირდება, მაგრამ ჩვენ ახლა პირველ ნაბიჯებს ვდგამთ“.
ასეთი ამბიციური წინასიტყვაობის შემდეგ სტუმრებს უკვე ჰქონდათ მოლოდინი, რომ საუკეთესო ღვინოები უნდა გაესინჯათ. ამ მოლოდინმა მათ ნამდვილად არ უმტყუნათ. ოჯახური მარნების ღვინოებმა დაუვიწყარი შთაბეჭდილება დატოვა. ჯანსაღმა საკვებმა და ღვინომ მალევე მოახდინა კეთილისმყოფელი გავლენა შეკრებილ საზოგადოებაზე. გარშემო მხოლოდ მხიარულ სახეებს, მოციმციმე თვალებს, ღიმილს და მეგობრულად მოსაუბრე ადამიანებს ნახავდით. 
კერძებიდან განსაკუთრებით დამამახსოვრდა უძველესი ქართული ხორბლის ჯიშით - „წითელი დოლის“ ფქვილით თონეში გამომცხვარი პური. ეს იყო ყველაზე გემრიელი პური, რაც კი ოდესმე გამისინჯავს. კერძებიდან გამოვყოფდი ინდაურის ჩახოხბილს. როგორც გაირკვა, კერძისთვის სოფელ ბაკურციხეში შეიძინეს ინდაური, რის გამოც ხორცი მოსალოდნელზე უფრო ნაზი და რბილი იყო. „კარდანახის ახოების“ რქაწითელს ძალიან მოუხდა. ხოლო დესერტმა - ტკბილმა კოლიომ, ანუ მოხარშულმა ხორბალმა თაფლით, ნიგვზით, ნუშით და ჩამიჩით - ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა. მით უფრო, კოლიოს ეწყვილებოდა ძალზე დახვეწილი „ჭაჭა“, მინდვრის ყვავილებისა და ვანილის არომატით. ამიტომ დესერტის დამატებას ყველა ითხოვდა, განსაკუთრებით - უცხოელი ქალბატონები. 
გაზეთი „მარანი“ სოლომონ ცაიშვილს მეორე დღეს დაუკავშირდა და ჰკითხა, რამდენად კმაყოფილები დარჩნენ სტუმრები და საქველმოქმედო ღონისძიების ასეთმა ფორმამ რამდენად გაამართლა.  
სოლომონ ცაიშვილი, კომპანია „ჩვენი ღვინო - OUR WINE“, პროექტ „ქართული ქვევრის ღვინის“ კურატორი: „იმედი მაქვს, საქველმოქმედო ვახშმის ყველა მონაწილე კმაყოფილი დარჩა. ამის საფუძველს მაძლევს სტუმრების ამაღლებული განწყობა, მათი მხიარული სახეები და ის სამადლობელი სიტყვები, რაც ყველა მათგანმა წასვლისას დამიტოვა. ვიცი, ეს არ მოხდებოდა, სასმელი და საჭმელი უხარისხო რომ ყოფილიყო, ან ღვინო და ჭაჭა შეუსაბამო კერძთან შეგვეწყვილებინა. ვფიქრობ, ეს არის ყველაზე მთავარი შედეგი, რადგან ქართულმა ღვინომ და სამზარეულომ ახალი მეგობრები შეიძინა, ხოლო ძველი მეგობრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ მათ მაღალ ღირებულებაში. რაც შეეხება მატერიალურ შედეგებს, სამწუხაროდ, ამ საღამოს შედეგად პროექტი ფინანსურად არ გაძლიერებულა, რადგან რამდენიმე ადრევე დარეგისტრირებული სტუმარი არ მოვიდა (რა თქმა უნდა - ქართველები), მაგრამ გარკვეული პერსპექტივები გამოჩნდა. კერძოდ, რამდენიმე სტუმარმა სამომავლოდ ღვინის შეძენის სურვილი გამოთქვა, რისთვისაც მათ დაიტოვეს კოორდინატორთა საკონტაქტო მონაცემები. ხოლო ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს პროექტის სპონსორობის სურვილი. ეს კი უკვე კარგი შედეგია“.
ინიციატივაზე საუბრით დავიწყე და მინდა, ამითვე დავამთავრო. ქველმოქმედება ქართველებისთვის უცხო სიტყვა არ არის. მეცენატებიც გვყავდა და გვყავს, მაგრამ არც ქველმოქმედთა რაოდენობა და არც ქველმოქმედების მასშტაბები არ ყოფნის იმ საქმეებს, რაც თითქმის ყველა დარგში გასაკეთებელია. საქველმოქმედო ვახშამი კი ძალიან კარგი ფორმაა იმ ადამიანების მოსაძებნად, ვისაც ამა თუ იმ საქმისთვის ფულის გაცემა შეუძლია. მით უფრო, როცა საქმე ღვინოს და კულინარიას ეხება. იმედია, ეს ინიციატივა ერთჯერადი არ იქნება და გემრიელი ქველმოქმედება ტრადიციად იქცევა. 
© ღვინის კლუბი/Weekend


Batono Malxaz! gtxovt mirchiot sad sheidzleba shevidzino 2000-3000 litri tevadobis qvevrebi. mchirdeba sakutari marnis mosatskobat 20-30 tsali. Pativiscemit Merab Buzaladze


დაურეკეთ ზურაბ ყარაულაშვილს 555 415421. ყიდის ქვევრებს გარანტიით. ჩემი ქვევრები შემიკეთა უფასოდ გაყიდვიდან 4 წლის შემდეგ.


4 წლის შემდეგ შეკეთება რატომ დაჭირდა? რა დაემართა?


გასანთლული იყო და ალბათ სანთელი ფარავდა ბზარებს.ალბათ ახალი ბზარებიც ჩნდება მცირე მიწისძვრების დროს.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული