Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

დეგუსტაცია - წინანდალი

მალხაზ ხარბედი

დღევანდელი ნომრიდან გაზეთი "მარანი" დეგუსტაციების ციკლს იწყებს, სადაც ექსპერტებისა და ღვინის კრიტიკოსთა ჯგუფი ყველა ტიპის ქართულ ღვინოს გასინჯავს და შეაფასებს. ეს დეგუსტაციები პირველ რიგში მომხმარებლის დასაკვალიანებლად წამოვიწყეთ, რათა მან გამოცდილი ენოლოგებისა და ღვინის სპეციალისტების მიერ დახასიათებულ ნიმუშებში თავისთვის სასურველი სასმელი ამოირჩიოს. ჩვენ გადავწყვიტეთ ქულებიც დაგვეწერა ღვინოებისთვის, თუმცა ნამდვილად არ გვინდა, რომ მკითხველმა პირველ რიგში ქულას მიაქციოს ყურადღება. უფრო მნიშვნელოვანია სიტყვიერ შეფასებებს გავეცნოთ, რადგან, შესაძლოა ზოგისთვის სწორედ ის ღვინო აღმოჩნდეს მისაღები, რომელმაც შედარებით ნაკლები ქულა მიიღო. ფასის ფაქტორი ამ დეგუსტაციაზე არ იყო გათვალისწინებული, რადგან დეგუსტაცია ბრმა იყო და ფასით შესაძლებელი იყო ბევრს ამოეცნო ესათუის კომპანია (თუმცა ამოცნობისგან არც ბრმა დეგუსტაციაზე ვართ დაზღვეულნი, განსაკუთრებით თუკი მას გამოცდილი, გაწაფული ექსპერტები ესწრებიან, ვისაც არაერთხელ აქვს დალეული კონკრეტული ღვინო). რადგან დეგუსტაცია ფარული იყო, ბოთლები მხოლოდ დასასრულ გაიხსნა, შესაბამისად, გამარჯვებული თუ დეგუსტაციიდან მოხსნილი კომპანიების ვინაობა მხოლოდ შედეგების შეჯამების შემდეგ გაირკვა. დეგუსტაციაში მონაწილეობას იღებდნენ, ბონდო კალანდაძე, ენოლოგი, ნუგზარ ქსოვრელი, ენოლოგი, შპს "ღვინის ლაბორატორიის" დირექტორი, დათო მაჭავარიანი, ენოლოგი, "დუგლაძეების ღვინის კომპანია", შალვა ხეცურიანი, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია, გაზეთ "მარანის" მთავარი რედაქტორი. დეგუსტაცია სომელიეთა ასოციაციის ოფისში გაიმართა და მასზე სულ 13 ნიმუში იყო წარმოდგენილი. აქედან 2 ღვინო დაავადებული აღმოჩნდა, 1-ში კი საცობის ტონი იგრძნობოდა, რის გამოც ისინი აღარ განხილულა. შეფასებისთვის გერმანული, 5 ქულიანი სისტემა შეირჩა, სადაც 3,5 ქულა - პირობითად ბრინჯაოს მედლით აღინიშნება, 4 - ვერცხლით, 4,5-დან კი ოქროთი.

მოდით თავიდანვე ვთქვათ უარი წინანდლის უაღრესად საინტერესო ისტორიის დაწვრილებით თხრობაზე. მხოლოდ იმ პირთა სახელების ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა, ვინც სოფელი წინანდალი უკვდავყო. თანაც, წარსულს რომ თავი დავანებოთ, წინანდალი დღესაც ისტორიის თხზვის პროცესშია და თანამედროვე წინანდალში დღესაც შეიძლება ბევრი პრობლემის მოძიება. როგორც გვპირდებიან, სულ მალე საინტერესო რამეებიც მოხდება წინადალში, ასე რომ, დაველოდოთ, და ახლო მომავალში ცალკე პუბლიკაციაც მივუძღვნათ ამ უნიკალურ სოფელსა და მამულს, აქაურ ხალხსა და ღვინოს. ახლა კი, სჯობს პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ და ვთქვათ, რომ ღვინო წინანდალს 1886 წლიდან აწარმოებენ და მთელი ამ დროის მანძილზე ბევრჯერ შეიცვალა ღვინის სტილიც. პირველ ეტაპზე, როცა საქართველოში ის-ის იყო ფილოქსერა იწყებდა შემოღწევას და ვაზი ჯერ კიდევ თავის ძირზე იდგა, წინანდლის ღვინო სულ სხვანაირი იყო. სტილი პირველად ალბათ 20-ე საუკუნის 20-30 წლებში შეიცვალა, შემდეგ 50-ებში, როცა ნომრით დაიწყო ღვინომ გამოსვლა, 70 წლებში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე გამოჩნდა, რამაც კიდევ უფრო შეცვალა ღვინის სტილი და ბოლოს, დადგა 90-იანი წლების მიწურული და რამდენიმე კომპანიამ შექმნეს "წინანდლები", რომლებსაც ჩვენ დღესაც ვსვამთ. სტილთა ცვალებადობის მიუხედავად, წინანდალში ზოგიერთი რამ უცვლელი რჩებოდა: სინაზი, არომატულობა და ცოცხალი მჟავიანობა.

"წინანდალი" რომ საფლაგმანო ქართული ღვინოა, ამაზე მემგონი ისიც მეტყველებს, რომ 20-ე საუკუნის 50-იანი წლების იმ სულელური კანონით, რის საფუძველზეც  ღვინოებს სახელები გადაარქვეს და ნომრები ჩამოურიგეს, წინანდალს N1 მიანიჭეს, ანუ თუკი საფერავი N5 იყო, ტიბაანი N12, ტვიში კი N19, "წინანდალი" პირველი იყო. ამ ღვინის წარმოებას, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მაშინ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ, თუმცა საჭოთა პერიოდის წინანდლის კანონმდებლობა ცოტათი განსხვავდებოდა დღევანდელისგან. მაშინ "წინანდალს" თელავის, ახმეტისა და ყვარელის რაიონებში მოწეული რქაწითლისა და მწვანეს ჯიშის ყურძნიდან ამზადებდნენ. მოცულობითი სპირტშემცველობა 10,5-12,0%, ტიტრული მჟავიანობა 6,0-7,5 გ/დმ3. ყურძენს კრეფდნენ არანაკლებ 19% შაქრიანობის დროს. წურავენ კლერტის გაცლით (ზოგჯერ კლერტითაც), ფერმენტაციას 1-1,5 თვეს უნდებოდნენ 10-12 გრადუსზე, შემდეგ კი 3 წლის განმავლობაში ვარგდებოდა მუხაში (დღევანდელი გადასახედიდან 3-წლიანი დაძველება ძალზე დიდ დროს მოჩანს). თანამედროვე საკანონმდებლო აქტების მიხედვით კი, ღვინო "წინანდალი"  მხოლოდ წინანდლის მიკროზონაში მოწეული ყურძნიდან უნდა დაიწუროს (სამწუხაროდ დღეს ცოტა ვინმე იცავს ამ ნორმებს), ქიმიური მონაცემები კი უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ მაჩვენებლებს: "მოცულობითი სპირტშემცველობა 10,5-12,5 % ტიტრული მჟავიანობა - 5,5 - 7,5 გ/დმ3" და ა.შ. კანონში არც მუხაში დავარგების ვადაა დაზუსტებული, ამიტომ, ზოგიერთი საერთოდ არ აკარებს მუხას ღვინოს, ზოგი 9 თვე აყოვნებს კასრში, სხვები 6-ს, ბევრი ე.წ. მუხის ჩიფსებსაც იყენებს. ბოლოს დაზუსტებულია კანონში: ",,წინანდალის" მიკროზონაში სანედლეულო ბაზის ფართობები შეადგენს 653 ჰა. წარმოებული მოსავალი მიკროზონაში მოსალოდნელი 4571 ტ. 1 ტონიდან 65 დეკალიტრის გამოსავლიანობის შემთხვევაში შესაძლებელია წარმოებული იქნეს 297 000 დეკალიტრი ღვინომასალა." და ვფიქრობ ამ ციფრებს ყოველთვის უნდა მიექცეს ყურადღება, როცა საქართველოში წარმოებული "წინანდლის" საერთო რაოდენობაზეა ხოლმე საუბარი. რადგან ყველაზე დიდი მოსავლის მიუხედავადაც შეუძლებელია ათჯერ და თხუთმეტჯერ მეტი "წინანდალი" ჩამოისხას ქვეყანაში, ვიდრე ეს მოსალოდნელია.  

            ახლა კი მოდით ორიოდე სიტყვით თავად მიკროზონა დავახასიათოთ.

            ღვინო "წინანდლის" მიკროზონა თელავის რაიონში, მდ. ალაზნის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ეს ტერუარი მოიცავს, ერთის მხრივ, ცივ-გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთი დაქანების ტყიანი კალთების გაგრძელებას და მეორე მხრივ მთისწინებსა და ალაზნის დაბლობს (ზღვ. დ. 300-750 მ.). წინანდლის ზონა ვრცელდება სოფლებზე: აკურა, ვანთა, ბუშეტი, ქვემო ხოდაშენი, წინანდალი, კისისხევი, კონდოლი, ნასამხრალი, შალაური, კურდღელაური, ვარდისუბანი.

კლიმატი ზომიერად ნოტიოა, ცხელი ზაფხულითა და ზომიერად ცივი ზამთრით. ვაზის კვირტი გაშლას აპრილის შუა რიცხვებიდან იწყებს, ხოლო სიმწიფეში ყურძენი აგვისტოს შუა რიცხვებში შედის. ნიადაგი მრავალფეროვანია წინანდალში, ტყის ყავისფერი, მძიმე თიხნარითა და მდელოს ყავისფერი ნიადაგით დაწყებული  - ალუვიური, ძლიერ ხირხატიანი თიხნარით დამთავრებული. ყველა სოფელი თავისებური ნიადაგით ხასიათდება. მაგალითისთვის, თავად წინანდალში ძირითადად მდელოს ყავისფერი, მძიმე თიხნარია.

მოგეხსენებათ, "წინანდალი" რქაწითლისა და კახური მწვანეს ჯიშისგან მზადდება (85%-15%), თუმცა ამ ორი ჯიშის გარდა, ძალზე ხარისხიანი ღვინო დგება წინადლის წონაში მოწეული საფერავისა და კაბერნე სოვინიონის ჯიშის ყურძნიდანაც.

 

* * *

 

რქაწითელი - წამყვანი ქართული თეთრყურძნიანი საღვინე ჯიშია, ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს, თუმცა მას კახეთისა და საქართველოს ფარგლებს გარეთაც შეხვდებით. ძალზე მოქნილი ჯიშია, გამძლე გვალვებისა და ყინვების მიმართ, ფილოქსერის მიმართაც საკმაო მდგრადობით გამოირჩევა, თუმცა რა თქმა უნდა, საკუთარ ძირზე წარმოება დაუშვებელია. ჯიში საშუალო ან საშუალოზე საგვიანო პერიოდისაა, უხვმოსავლიანი (მტევნის საშუალო წონა 160-250 გ-მდე). საშუალო მოსავალი ჰექტარზე 6-20 ტონას შორის მერყეობს. როგორც წესი, დიდ მოსავალს, თან სდევს, ღვინის დაბალი ხარისხი. ამიტომ, მაღალი ხარისხის ღვინისთვის საშუალო საჰექტარო მოსავალი 7-8 ტონას არ უნდა აღემატებოდეს.

მარცვალი საშუალო სიდიდისაა და ოვალური ფორმისა. თხელი და მკვრივკანიანია, კანი რბილობს ძნელად სცილდება, საკმაოდ ხორციანი და წვნიანია.

"წინანდლის" დასახელების ღვინომასალის მისაღებად ყურძენი იკრიფება, როცა მასში შაქრის კონცენტრაცია 20-21% მიაღწევს.

კახური მწვანე - ძალზე ცნობილი ჯიშია. სახელწოდებაც ფართოდაა საქართველოში გავრცელებული (გორული მწვანე, ქვიშხური მწვანე, ოკრიბული მწვანე, რაჭული მწვანე, ჯიშიანი მწვანე და სხვ.) და ამ დასახელების ჯიშები ძალზე განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ეკუთვნის კახეთის ვაზის ჯიშთა ჯგუფს, ძირითადად გავრცელებული თელავის, საგარეჯოსა და ახმეტის რაიონში. სოკოვანი დაავადებების მიმართ მცირე გამძლეობას იჩენს, განსაკუთრებით ადვილად ავადდება ნაცრით. ვაზი საშუალო ზრდისაა, საშუალო სიმწიფის პერიოდის. მტევნის საშუალო წონა 160-175 გ-ია, ხოლო საშუალო მოსავალი ჰექტარზე 5-8 ტ.

მარცვალი საშუალო სიდიდისაა და ოვალური. თხელკანიანია. კანი ადვილად სცილდება რბილობს. უფრო წვნიანია და საკმაოდ ხორციანი.

 

1. კორპორაცია "ქინძმარაული", 2003. 3.40

 

ბონდო კალანდაძე: "ფერი დამახასიათებელი. გემო უფრო მაღალი ქულით შევაფასე, ვიდრე ჰარმონია და სურნელი".

დათო მაჭავარიანი: "არომატში მცირედი კასრი ჩანს. საკმაოდ ჰარმონიული გემოთი. ცოტა ნარჩენი შაქარი კარგად აბალანსებს სისავსესა და სიმჟავეს".

ნუგზარ ქსოვრელი: "სასიამოვნო ფერი აქვს, ცოტა მომწვანოც კი დაჰკრავს. ძალიან ძლიერი არომატები არ ჰქონდა, თუმცა ახასიათებდა ის არომატები, რასაც წინანდლისგან ველოდებით, რქაწითელისა და მწვანის. ჩანს ხილის არომატები, თუმცა არა მწიფე ხილის. თითქოს ციტრუსებიც მოჩანს. რბილი და გაწონასწორებული ღვინოა".

შალვა ხეცურიანი: "თავიდან ცოტა მწარე მომეჩვენა ღვინო, თუმცა ბოლოში თამბაქოს ტონებიც კი გამოჩნდა. უფრო ხავერდოვანი გახდა და გამომშრალი ხილის არომატიც შეიძინა".

მალხაზ ხარბედია: "პირველი შთაბეჭდილება ისეთი იყო, რომ ღვინო მუხაში დადუღებული გეგონებოდა, ანუ მცირედი კარამელის ტონებით. ამიტომ ღვინო, როგორც იტყვიან, მომრგვალებულია, ჩიფსსაც არ გამოვრიცხავ."

 

2. ვინოტერა, 2005. 3.63

 

შალვა ხეცურიანი: "ძალიან ხალასი გემო აქვს, ვანილის ტონებიც ღვინოში უფრო მდიდარი და კომპლექსურია. გულაბი მსხალისა და მცირედ მინერალურ ტონებს გამოვარჩევდი. თუმცა მაინც მგონია, რომ ღვინოს რაღაც აკლია, დასრულებული არაა".

ბონდო კალანდაძე: "სურნელი და გემო წინა ნიმუშზე უფრო საინტერესოა, სასიამოვნო, ახალგაზრდა ტონებით. ოდნავ სიძველის ტონიც იგრძნობა."

დათო მაჭავარიანი: "კასრის არომატი უფრო მეტად შეინიშნება, ვიდრე წინა ნიმუშში. ძალიან სასიამოვნო მჟავიანობა აქვს, ცოცხალი ღვინოა. საკმაოდ ჰარმონიულია".

მალხაზ ხარბედია: "ძალიან ციცხალი და ხალისიანი ღვინოა, ვენახის ატმის სასიამოვნო სურნელით, თუმცა პირველი ეფექტი იცვლება შედარებით ხისტი გემოთი. საკმაოდ დაბალანსებულია."

ნუგზარ ქსოვრელი: "ხილის არომატები აქვს. კასრი საკმაოდ იგრძნობა. არომატიდან გამომდინარე ველოდებოდი, რომ ღვინო უფრო მწიფე, გემოზე უფრო დამრგვალებული აღმოჩნდებოდა".

 

3. თელიანი ველი, 2006. 4.10

 

მალხაზ ხარბედია: "აშკარად ჩანს მწვანის ჯიშური ტონები. პირველი ცხვირი ჩემთვის ძალიან ეკზოტიკურიც კი იყო, ციტრუსის სურნელებით. გემოზე მომრგვალებულია, მცირე სიხისტით. ჯერ-ჯერობით გასინჯული ნიმუშებიდან ამ ღვინოს ყველაზე კარგი დაბოლოება აქვს".

ნუგზარ ქსოვრელი: "ღვინო უზადოა. ძალიან კარგად განვითარებული არომატით. გემოზეც სასიამოვნოა და ღვინო ჰარმონიულია. კარგ გემოს ტოვებს".

დათო მაჭავარიანი: "ამ ნიმუშს გამოკვეთილად ეტყობოდა ციტრუსიც, ხილის არომატიც, სიმწარეც, საკმაოდ ჰარმონიული ღვინოა".

შალვა ხეცურიანი: "ძალიან მომეწონა. ტიპიური რქაწითლისა და მწვანის არომატები აქვს, ცოტა მწვანილეულის ტონებით, მცირედი ტროპიკული ხილის. ცოტა სპირტუოზულია".

ბონდო კალანდაძე: "სუნით, გემოთი და ჰარმონიით ამ ნიმუშს ყველაზე მაღალი ქულით შევაფასებდი".

 

4. GWS, თამადა, 2003. 2.00

 

ნუგზარ ქსოვრელი: "წინა სამ ნიმუშში მეტ-ნაკლებად ერთი მიმართულება იყო. აქ უკვე სხვა ტიპის ღვინოა, ეს ფერზეც ჩანს. არომატზე ოდნავ დაჟანგულია, მცირე .ეწ. პეტროლის ტონები აქვს, მუხაც ჩანს, თუმცა არც დამრგვალებული არ არის, სიმჟავე წინა პლანზე გამოდის."

დათო მაჭავარიანი: "აბსოლუტურად განსხვავებულია იმათგან, რაც დღეს გავსინჯეთ. თუკი წინა ნიმუშებს ვუსადაგებდი ბორდოს თეთრ სოვინიონებს, ამას უფრო ბურდუნდიულ, დავარგებულ თეთრ ღვინოებს შევადრიდი. თუმცა ესეთი ღვინო ქართველი მომხმარებლისთვის უფრო მისაღები იქნება".

მალხაზ ხარბედია: "ფერში ოქროსფერი ყველაზე მეტია, რითაც, ჩემი აზრით, შორდება წინანდლის ფერს. გამოარჩევს ერბო-კარაქის ტონები, საკმაოდ მომრგვალებული ღვინოცაა, თუმცა წინანდალს არ ჰგავს, მჟავიანობაც განსხვავებული აქვს".

 

5. თელიანი ველი, (მუხაში დავარგებული), 2006. 3.30

 

დათო მაჭავარიანი: "როგორც ჩანს, თავიდან უფრო არომატული იყო ღვინო და შემდეგ ცოტათი დაიჟანგა. კასრი ან ჩიფსიც ეტყობა. კარგი გემო აქვს, თუმცა სიხალისე აკლისა. მეტნაკლებად ჰარმონიულია".

ბონდო კალანდაძე: "ესეც შეგვიძლია იმ პირველი სამი ღვინის ტიპს (მეოთხეს გამოკლებით) მივაკუთვნოთ. უბრალოდ ამ ნიმუშში მეტ მუხას ვგრძნობ"

მალხაზ ხარბედია: "სურნელში შედარებით ჩაკეტილი იყო, ერთფეროვანი. გემო უფრო საინტერესო მეჩვენა. ჰარმონიული ღვინოა".

შალვა ხეცურიანი: "მწვანილის ტონები აქაც მოჩანს, თუმცა გემოში უფრო დამრგვალებულია."

ნუგზარ ქსოვრელი: "არომატი უფრო მაღალი ქულით შევაფასე. გემოზე ცოტა მეუხეშა. თუმცა მაინც მგონია, რომ სასიამოვნო ნიმუშია, ჩამოყალიბებული ღვინოა".

 

6. თბილღვინო, 2005. 2.73

 

ბონდო კალანდაძე: "რაღაც გარეშე სურნელი იგრძნობა. ცოტათი განსხვავდება იმ ღვინოებისგან, რომელიც ტიპიურია მწვანესა და რქაწითლისთვის. იგრძნობა მუხაც."

დათო მაჭავარიანი: "თავიდან მეც ვიგრძენი უცხო სუნი. ჭიქაში გაქრა ეს სურნელი, მიჭირს სახელის დარქმევა. კასრში დავარგებული, განვითარებული ღვინოა. თუმცა საკმაოდ მაღალშაქრიანი, წინანდლისთვის შეუფერებელი".

ნუგზარ ქსოვრელი: "1, 2, 3 და 5 ნიმუშს შეიძლებოდა უფრო მოხდენოდა შაქარი, იმიტომ რომ, ძალიან ხალისიანი ღვინოებია. ამ ღვინოს, ზედმეტი შაქარი რომ არ ჰქონდეს, გაცილებით მაღალ შეფასებას მივცემდი. რამდენიმე თვე იქნებოდა კასრში ნამყოფი და მიკროოქსიდაციის ეფექტიც ეტყობა ღვინოს. არამგონია ჩიფსები იყოს გამოყენებული".

მალხაზ ხარბედია: "შედარებით მუქი ფერით ხასიათდება, ძალზე მომრგვალებული და რბილი ღვინოა, წინანდლისთვის ზედმეტად ტკბილია. მეტნაკლებად ჰარმონიულია, აშკარად ჩანს მუხის ან ჩიფსების კვალიც".

 

7. ქინძმარაულის მარანი, 2005. 3.20

 

შალვა ხეცურიანი: "ძალიან კომპლექსური არომატი აქვს, მდიდარი ხილის ტონებით, მსუბუქი მინერალებით. გემოში უფრო ჩაკეტილია. ბოლოში სიმწარეს ტოვებს."

ნუგზარ ქსოვრელი: "არომატი ძალიან საინტერესო იყო. კარგად გამოკვეთილი. გემოში ბრტყელი, ნაკლებ გამოხატული, მჟავიანობაც ეტობა დაბალი აქვს, ცოტა სიცოცხლე აკლდა არომატთან შედარებით. გემოზე თითქოს ცარიელი იყო ღვინო".

ბონდო კალანდაძე: "მეჩვენება, რომ ზედმეტად დამუშავებული ღვინოა. მცირედი სიმწარეც ახასიათებს".

დათო მაჭავარიანი: "მე გემო უფრო მესიამოვნა, სავსეც იყო. კარგი დასავარგებელი ღვინო იქნება. არომატი ნაკლებად ვიგრძენი".

მალხაზ ხარბედია: "საინტერესო სურნელი აქვს, თუმცა არაფრით გამორჩეული. გემოში რაღაც უცხოც იგრძნობა".

 

8. თელავის მარანი, 2005. 3.90

 

დათო მაჭავარიანი: "კარგი ნიმუშია, ღვინო განვითარებულია, კარგადაა დაძველებული, ჰარმონიაში ყველაზე მაღალი ქულა მივეცი. არომატში მეტი ხილი მესიამოვნებოდა".

მალხაზ ხარბედია: "მთლიანი ღვინოა. შესაძლოა ყველაზე დაბალანსებულიც კი დღევანდელი ნიმუშებიდან. ტიპიური წინანდლისთვის დამახასიათებელი ცოცხალი არომატით, მცირე გარგრის ტონებით. გემოზე რბილია, შესაძლოა ეს სიძველის ნიშანიც იყოს".

შალვა ხეცურიანი: "ძალიან გემრიელი ღვინოა. ამას დალევის მეტი არაფერი სჭირდება. ძალიან არომატული, ხილის ტონებით, ცოცხალი ღვინოა. მდიდრული, ნორმალური სხეულით. ძალიან ჰარმონიული".

ბონდო კალანდაძე: "დაბალანსეული, საკმაოდ სხეულიანი, წინანდლისთვის დამახასიათებელი ყველა ნიუანსით."

ნუგზარ ქსოვრელი: "ძალიან სასიამოვნო არომატების ღვინოა, მწიფე ყვითელი ხილის ტონებით. გემოში მცირედი სიმწარე იგრძნობა. კარგი ღვინოა".

 

9. ბადაგონი, 2005. 3.76

 

ნუგზარ ქსოვრელი: "მემგონი ეს ღვინო ლექზეა გაჩერებული. ცოტათი დაჟანგვის ტონები აქვს, რაც ძალიან მიშლის ხელს ღვინის სწორად გაგებაში. არ შეესაბამება წინანდალს, თუმცა მეღვინის ხელწერა აშკარად ჩანს, რომელსაც არ სურდა ჩვეულებრივი ღვინის შექმნა."

შალვა ხეცურიანი: "ამ ღვინოს რომ წინანდალი არ ერქვას, ვიფიქრებდი, რომ რამე ისეთ კარგ სხეულიან, ძლიერ ღვინოს ვსვამდი".

დათო მაჭავარიანი: "საკმაოდ მაღალი ქულა დავუწერე ამ ღვინოს. რბილი, სასიამოვნო, ბალანსირებული გემო ჰქონდა. არომატიც ძალიან საინტერესო დამრჩა. მაგრამ ბოლოს მივაწერე: "არაა წინანდალი".

ბონდო კალანდაძე: "ძალიან საინტერესო ნიმუშია, ღვინო კარგია, თუმცა წინანდლისთვის არატიპიური".

მალხაზ ხარბედია: "სოტერნის ტიპის ტკბილ ღვინოებს უფრო წააგავს, ვიდრე წინანდალს. გამოარჩევს ნუშის, ვანილის, ნიგვზისა და სხვა არაწინანდლური არომატები. გემოზე რბილია, ძალიან გემრიელი და ეკზოტიკური. მწარმოებელს შეუძლია ცალკე ღვინოდაც ჩამოასხას და ვინ იცის, იქნებ უფრო მაღალ ფასადაც გაყიდოს."

 

10. შუმი, 2005. 3.73

 

მალხაზ ხარბედია: "მემგონი ეს ნიმუში ზუსტად შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რითაც წინანდლის ტიპის ღვინო განისაზღვრება ხოლმე. საკმაოდ კარგი ნიმუშია, ჰარმონიული".

დათო მაჭავარიანი: "მართალია თავიდან ცოტა სიხალისე აკლდა და სიმწარეც შესამჩნევი იყო ღვინოში, თუმცა მთლიანობაში მომეწონა".

ნუგზარ ქსოვრელი: "ტიპიური წინანდალია. არომატი აქვს კარგად გამოხატული, სასიამოვნოა, ჯიშურობის მომენტიც კარგად ჩანს. გემოზე ცოტათი სიმწარე მოჩანს."

© „მარანი“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული