დიდი ბრიტანელი ღვინის მაგისტრი სარა ებოტი (Sarah Abbott), ქართული ღვინით დაინტერესებულ ღვინის მწერლებთან და ჟურნალისტებთან ერთად (Miles Willis, Martin Lam, David Williams, Emma Diggory, Kate Clarke, Madeleine Waters) კვლავ საქართველოს ეწვია.
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალები ღვინის მარნებსა და კომპანიებს კახეთში ეცნობიან. სტუმრები რამდენი მარანს ეწვივნენ ღვინის გასასინჯად: „თელავის ღვინის მარანი“, GWS, „მუკადო ვაინს“, „ალავერდის მონასტრის მარანი“, „ვიტა ვინეა“, „ფაფარი ველი“, „კახა ჭოტიაშვილის მარანი“, „ხოხბის ცრემლები“.
კახეთში გამგზავრებამდე, სარა ებოტი ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებს თბილისში შეხვდა. მან შეხვედრის მონაწილეებს დიდ ბრიტანეთში ღვინის საფასო პოლიტიკა, ღვინის შეფუთვასა და ხარისხთან დაკავშირებული საკითხები გააცნო, რაც ქართული ღვინის ამ ბაზარზე დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, ქართული ღვინის მწარმოებლებთან თანმიმდევრული და მიზანმიმართული თანამშრომელობით, შესაძლებელია ინგლისში ქართული ღვინის ექსპორტის მზარდი ტენდენციის შექმნა. ამისთვის თავის დროზე ღვინის ეროვნულმა სააგენტომ, დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მარკეტინგული კამპანიის განსახორციელებლად ღვინის მაგისტრის, სარა ებოტის მარკეტინგული კომპანია Swirl Wine Group შეარჩია.
„ჩვენ მართლაც ფანტასტიური და ამაღელვებელი მოგზაურობა გვქონდა. გვინდოდა ვიზიტორებისთვის გვეჩვენებინა ქართული ღვინო ყველა ასპექტში, მისი განვითარება, არსებობა და პოტენციალი. ჩვენ შევხვდით ღვინის მცირე მეწარმეებს, რომლებიც ვენახებში და ქვევრებთან მუშაობდნენ, ასევე ვნახეთ შედარებით დიდი ღვინის საწარმოები, სადაც საერთაშორისო სტანდარტის ქართული ღვინოები მზადდება, ვიხილეთ გამოცდილი მწარმოებლებიც და შედარებით ახალგაზრდებიც. ყოველივე ეს ჩვენთვის და ბრიტანეთის ბაზრისთვის ძალიან საინტერესოა. მე მინდოდა მათთვის მეჩვენებინა ქართული ღვინოების მრავალფეროვნება, რათა ეგრძნოთ მისი ენერგია, რადგან მე ვფიქრობ, რომ ქართული ღვინო ყველაზე ამაღელვებელია მთელს მსოფლიოში“ - აღნიშნა სარა ებოტმა.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი