უკრაინა, სახელმწიფოში არსებული რთული ეკონომიკური გამოწვევების მიუხედავად, ქართული ღვინის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო ბაზრად რჩება. ქვეყანაში საკმაოდ მაღალია ქართული ღვინისადმი ინტერესი და მისი, როგორც ბრენდის, ცნობადობა. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა 17-18 აპრილს კიევში, ღვინის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაღაზიაში - „Good Wine“, სადაც ქართული ღვინის დღეები, სახელწოდებით, „ახალი საქართველო“, ჩატარდა. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ღვინის ექვსი მწარმოებელი საქართველოდან: „ლაგვინარი“, „იაგოს ღვინო“, „გოცაძეების საოჯახო მარანი“, „მუკუზანი“, „პეტრიაანთ მარანი“, „ვინივერია“. წარმოდგენილი იყო 25 ქართული ღვინო - საფერავი, ჩინური, თავკვერი, გორული მწვანე, ციცქა და სხვ. - ძირითადად, ქვევრის ღვინოები.
ღონისძიებამ ორ დღეს გასტანა. 17 აპრილს „Good Wine“-მა უმასპინძლა დახურულ დეგუსტაცია-სემინარს, რომელიც სპეციალურად ჩატარდა მაღაზიების, რესტორნებისა და სასტუმროების სფეროს წარმომადგენლებისთვის. ამავე დღეს ქართველ მეღვინეებს ჰქონდათ სამუშაო შეხვედრა გამოცემა „Good Wine“-ის ჟურნალისტებთან. ჟურნალი ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობს ქართულ ღვინოს. შეგვიძლია, გავიხსენოთ მარტის ნომერში გამოქვეყნებული პუბლიკაცია - „მშვენიერი საქართველო: ქვევრის მეთოდი“ ამჯერად კი საქართველო და ქართული ღვინო ჟურნალის მომდევნო ნომრის მთავარი თემა იქნება. გამოქვეყნდება ინტერვიუები ქართული ღვინის მწარმოებლებთან; ჟურნალის გარეკანის საშუალებით უკრაინელი ხალხს ქართული ნატურალისტური მეღვინეობის სახეებს გაიცნობს.
„ახალი საქართველოს“ პირველმა დღემ, რომელიც გამიზნული იყო ღვინის გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებზე, დიდი ინტერესი გამოიწვია პროფესიონალთა და მოყვარულთა შორის, შესაბამისად, 18 აპრილის ღონისძიებაზე, რომელსაც, საბოლოოდ, ქართული ნატურალისტური ღვინის ფესტივალის სახე მიეცა, ვიზიტორების რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. „Good Wine“ საკუთარ მომხმარებელს ხშირად სთავაზობს სხვადასხვა ქვეყნების ღვინის გაცნობით ღონისძიებებს, თუმცა საზოგადოების ამგვარი ინტერესი არც ერთ სხვა აქტივობაზე არ დაფიქსირებულა. ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, მიხეილ უკლება. ღონისძიების დასრულების შემდეგ, კიევის ქართულ რესტორანში - „შოთი“ - მეორე დახურული, ღონისძიება გაიმართა, რომელზე დასასწრებად ბილეთები წინასწარ იყიდებოდა. დაინტერესებულ პირებს რესტორან „შოთში“ შესაძლებლობა ჰქონდათ, პირადად დაკონტაქტებოდნენ მწარმოებლებს, რომლებიც სტუმრებს ცალკე მაგიდებთან თავიანთ ღვინოებს წარუდგენდნენ.
„Good Wine“ დიდი ხანია, რაც ქართული ღვინისადმი განსაკუთრებულ ინტერესს ავლენს. მაღაზიაში ქართული ღვინოები საკმაოდ სოლიდურ ადგილს იკავებს ოთახში, სადაც მაღალი ხარისხისა და საფასო კატეგორიის პროდუქციაა წარმოდგენილი. ონლაინ გაყიდვებისთვის კი კომპანია საკუთარ მყიდველებს ვებგვერდზე სთავაზობს 20 მწარმოებლის 84 ქართულ ღვინოს კომპანია ქართული ნატურალისტური ღვინის მწარმოებლებთან ერთად „ახალი საქართველოს“ პროექტზე 2014 წლის ზაფხულიდან მუშაობს და მომავალშიც გეგმავს მჭიდრო პარტნიორობის გაგრძელებას.
© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
თქვენი კომენტარი