Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ამბები – "ღვინის გზამკვლევი" (10) 16.11.2012

<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
გასული კვირა ღვინის თემით დაინტერესებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რადგან ორი მასშტაბური ღონისძიება გაიმართა. დავიწყებთ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო ბაზრობით, რომელიც ჰონგკონგში 9 ნოემბერს გაიხსნა და სამ დღეს გაგრძელდა. მასში მონაწილეობა რამდენიმე ქართულმა კომპანიამაც მიიღო. შედეგები უკვე ცნობილია, რომლის მიხედვითაც ქართული დელეგაცია საქართველოში 41 ჯილდოთი დაბრუნდა. აქედან 9 ვერცხლის და 32 ბრინჯაოს მედალია. უფრო დეტალურად, ვერცხლის მედალოსნებს შორის არიან კომპანიები - ბესინი, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ქინძმარაულის მარანი, ვაინმენი, კომპანია სარაჯიშვილი და მეღვინეობა ხარება. რაც შეეხება თბილღვინოსა და თელიანი ველს, ისინი ბრინჯაოს მედლებით დაჯილდოვდნენ. 
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
რაც შეეხება იზმირში საერთაშორისო ბლოგერებისთვის გამართულ დეგუსტაციას, გეტყვით, რომ ფორუმს ქართული ღვინის კომპანიების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. ღონისძიების ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილში, რომელიც „გრანდ ტერუარის“ დეგუსტაციის სახელით არის ცნობილი, ორი ქართული ქვევრის ღვინოც დააგემოვნეს. ნატურალური ღვინოებს გემო ცნობილმა დეგუსტატორებმა – ტიმ ატკინმა და ჩარლზ მატკალფმა გაუსინჯეს. ფორუმის ბოლო დღეს, კი 250–მა ბლოგერმა ათამდე ქართული ღვინის კომპანიის მიერ წარმოებული ღვინოც გასინჯეს. მნიშვნელოვანია, რომ საკუთარ შთაბეჭდილებებს ბლოგერები გასინჯვის თანავე ინტერნეტში აქვეყნებდნენ. კონფერენციის შემდეგ, თბილისში ჩამოსვლის სურვილი 23–მა ბლოგერმა გამოთქვა, ამჟამად ისინი ქართული ღვინის მარნებს სტუმრობენ. იზმირის ღვინის დეგუსტაციისა და ბლოგერების ფორუმის მნიშვნელობის შესახებ, რადიო „ცხელ შოკოლადს“, ქართული ღვინის ასოციაციის პრეზიდენტი – თინა კეზელი ესაუბრება:
„ბლოგერების ძირითადი ინტერესი მათთვის სრულიად უცხო ჯიშების დაგემოვნებაა, რომელიც მანამდე არსად არ გაუსინჯავთ, შთაბეჭდილებებს კი პირდაპირ  ქსელში აქვეყნებენ. ამ ღონისძიების მნიშვნელობა, დეგუსტაციის გარდა,  ისტორიულ – ტრადიციული თვალსაზრისითაც განისაზღვრება. კონფერენციის ერთ–ერთი მოხსენება პატრიკ მაგგოვერნმა წარადგინა,  რომელიც პროფესიით არქეო–ბოტანიკოსი და მკვლევარი გახლავთ. ის აქტიურად მუშაობს წიპწის მიხედვით, ღვინის ასაკის დადგენაზე. რასაკვირველია, საქართველო ღვინის სამშობლოდ მოიაზრება, მაგრამ ის მთელს რეგიონზე საუბრობს და ხაზს უსვამს იმას, რომ ღვინის ადგილწარმოშობების დასაზუსტებლად კიდევ ბევრი რამ უნდა გაკეთდეს. ამიტომ ის ბლოგერები, რომელიც თავიანთ დაკვირვებებს და ადგილობრივად მიღებულ ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში ბლოგავენ, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩვენი სტატუსისთვის. მათი წამიერი პოსტები უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ვრცელი პუბლიკაციები ქართული ღვინის შესახებ“.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
13 ნოემბერს ღვინის კლუბში ლექცია გაიმართა, რომელსაც გიორგი ბარისაშვილი უძღვებოდა. საუბარი ღვინის ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის გზებს შეეხო. ავტორმა კლუბში შეკრებილ სტუმრებს საკუთარ მარანში 2011 წელს დაყენებული საფერავი და ბროშურები წარუდგინა, რომელიც ღვინის ქართულად დაყენებას ეხება. ორიგინალური ტექსტი ილია ჭავჭავაძის მიერ არის დაწერილი, თუმცა მისი ახალი გამოცემა სულ ცოტა ხნის წინ გამოვიდა. 
ლექციის დეტალებზე ის რადიო „ცხელ შოკოლადთან“ საუბრობს:
სამი მხრიდან შეიძლება შევხედოთ ღვინის ტურიზმს: გიდი, ვიზიტორი და მარნის მეპატრონე. მათ შორის ერთი-ერთი უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ გიდების 99% არ არის გათვიცნობიერებული მეღვინეობა-მევენახეობაში, ეთნოგრაფიაში და ისტორიაში. ამის მიზეზი ის არის, რომ არ არსებობს გიდების მოსამზადებელი კურსები ღვინის ტურიზმის განხრით. მაგალითად, გიდებს ჰგონიათ, რომ ხვანჭკარა არის ვაზის ჯიში, და არა სოფლის დასახელება და რომ ქვევრი არის ქვევრი და არა ამფორა და გიდების შერჩევა ხდება მეტ-ნაკლები ცოდნით. ამ პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს პრეროგატივაა. სახელმწიფოს ბაზაზე არსებობს ტურიზმის განვითარების ცენტრი და სწორედ მათ უნდა გამოასწორონ სიტუაცია.
ღვინის ტურიზმის განვითარება არც ქარხნებისთვისაა მიმზიდველი თემა. უბრალოდ არ აინტერსებთ ეს სფერო, იმიტომ რომ ეს მათთვის მომგებიანი თემა არ არის. გარდა ამისა, მათ არასწორად ესმით ღვინის ტურიზმის საკითხები და ყველაფერი ფულად ერთეულში გადაყავთ, რაც არასწორია. იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიო, ჯერ უნდა არსებობდეს მიზანი და შემდეგ, ამ მიზანთან მისასვლელი გზა, რაც ქართულ ტურიზმში არ არსებობს. ეს არის ჩანასახის ფაზაში შეჩერებული, არშემდგარი ტურიზმი.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
წლის ბოლო ახლოვდება და უკვე თავისუფლად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ კონკურსებისა და გამოფენების შესახებ, რომელიც ქართული ღვინის კომპანიების აქტიური მონაწილეობითა და წარმატებული შედეგებით გამოირჩოდა. ეს ინფორმაცია სამტრესტმა მოგვაწოდა. სტატისტიკა 2012 წელს გამართულ ადგილობრივ და საერთაშორისო ღონისძიებებს აერთიანებს. ჯილდოების კატეგორია რაოდენობების მიხედვით ასე განისაზღვრება: უშუალოდ კონკურესებს რაც შეეხება, ქართულმა ღვინის კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს შემდეგ ღონისძიებებში – ქართული ღვინის ეროვნული კონკურსი, რომელიც წელს მეოთხედ ჩატარდა, ასევე დეკანტერის მსოფლიოს ღვინის ჯილოდები, რომელიც ბრიტანეთში ჩატარდა, ღვინისა და სპირტიანი სასმელების საერთაშორისო კონკურსი (ბრიტანეთი), დეკანტერის აზიური ღვინის დაჯილდოება, ღვინის ციტადელი, ენოექსპო, მუნდუს ვინი, ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების დაჯილდოება, რომელიც ჩინეთში ჩატარდა და კიდევ რამდენიმე. ქართულმა ღვინოებმა წელს, სულ 11 ოქროს, 34 ვერცხლის და 15 ბრინჯაოს მედალი მიიღეს. ასევეა რეკომენდებული ღვინის წოდება, რომელიც ოცდახუთმა ქართულმა ღვინომ მიიღო. ქართული ღვინის შეფასების სისტემაშა ასევე 4 ხარისხის სერთიფიკატი, 1 გრან პრი და 2 დიპლომია.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
საქართველოს ამპელოგრაფიის გაცნობის საშუალება უცხოენოვან მკითხველსაც შეეძლება. ინტერენტში ამ გამოცემის ინგლისურენოვანი ვერსია გამოჩნდა,  რომელიც ღვინის კლუბსა და ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის გაფორმებული მემორანდუმით გათვალისწინებული პროექტის ნაწილია. ეს  არის შესაძლებლობა, შეიქმნას მეღვინეობა-მევენახეობისთან დაკავშირებული სრული ქართული ციფრული ბიბლიოთეკა.
რაც შეეხება წიგნს, მისი პირველი ვერსია 1960 წელს, მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა. წიგნის ავტორები არიან - ნიკო კეცხოველი, მაქსიმე რამიშვილი და დიმიტრი ტაბიძე. განახლებული გამოცემის რედაქტორებმა კი წიგნში, ღვინის არსებულ დახასიათებებთან ერთად ახალი დეფინიციები და ტოპონიმებიც შეიტანეს, რომელიც ქართულ მეღვინეობა-მევენახეობაში, გასული საუკუნის 60-ანი წლებიდან მოყოლებული დღემდე დამკვიდრდა. 
ამის გარდა ღვინის კლუბისა და ეროვნული ბიბლიოთეკის მემორანდუმის ფარგლებში კიდევ რამდენიმე წიგნის ელექტონული ვერსია გამოჩნდა ბიბლიოეკის საიტზე და ბლოგზე vinoge.com.  პირველ რიგში ეს გახლავთ დიმიტრი ტაბიძის "კახეთის ვაზის ჯიშები" და მაქსიმე რამიშვილის "გურიის, სამეგრელოსა და აჭარის ვაზის ჯიშები".
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
12 და 13 ნოემბერს, თბილისში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა. განხილვის უმნიშვნელოვანესი თემა გახლდათ გეოგრაფიული აღნიშვნებისა და ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვა. კოფენერცია საქპატენტისა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა და მან 20 ქვეყნის წარმომადგენელს უმასპინძლა. უცხოელი ექსპერტების და ქართული მხარის საუბარი ჩვენი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოებსაც შეეხო. კონფერენციაზე, განხილვის ერთ–ერთი მთავარი თემა ქართული ღვინის მსოფლიო ღვინოების ქსელში გაერთიანება გახლდათ. კონფერენციის დეტალებზე საქპატენტის თავმჯდომარე, ირაკლი ღვალაძე გვესაუბრება:
„კონფერენციის ერთ–ერთი მთავარი თემა იყო – ადგილწარმოშობის დასახელების მქონე 18 ღვინის  – წინანდალი, ხვანჭკარა,  ყვარელი, მუკუზანი და სხვების მაქსიმალური დაცვა კომპანიებისგან, რომელიც ამ სახელებს სხვადასხვა მიზნებით იყენებენ. საუბარი იყო იმაზეც, რომ აუცილებელია ადგილწარმოშობის ღვინოები და ვენახები, საიდანაც ღვინოა დამზადებული, არამხოლოდ იმ გეოგრაფიულ ზონებში უნდა იყოს გავრცელებული, რომლის სახელსაც ის ატარებს, არამედ იქვე უნდა დაღვინდეს და იწარმოებოდეს. ამ მიდგომას ფრანგები და იტალიელები იყენებენ. ჩვენთან განსხვავებული მიდგომაა. ამის მიუხედავად, საქართველოში ჩამოსული ექსპერტები მაინც კმაყოფილები არიან ადგილწარმოშობის დასახელებების დაცვის კუთხით, თუმცა ჩვენ მაინც ძალიან ყურადღებიანი მუშაობა გვმართებს. ახლა დღის წესრიგში დგას ქვეყნის შიგნით ისეთი გამართული სისტემის შექმნა, რომელიც კომფორტული იქნება როგორც მეწარმეებისთვის, ისე მომხმარებლისთვის, რომელმაც ზუსტად უნდა იცოდეს რომ მუკუზანს სვამს, და არა ფალსიფიცირებულ ღვინოს. ამის მიღწევა განსაკუთრებით საერთაშორისო ბაზარზე უნდა მოვახერხოთ“.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
ამერიკულმა გამოცემამ – „ღვინის ენთუზიასტმა“ წლევადნელი გამარჯვებულების სია გამოაქვეყნა. კონკურსი რამდენიმე ნომინაციას მოიცავს და მას თითო გამარჯვებული ჰყავს. აღსანიშნავია, რომ კონკურსი წელს საოჯახო მარნებზე იყო ძირითათად ორიენტირებული. ამერიკულმა გამოცემამ ჯილდოები ასე გადაანაწილა: 
წლის ადამიანი – ჯოზეფ გალო (Joseph E. Gallo), რომელიც ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საოჯახო-მარნის მფლობელია. ის გახდა კალიფორნიული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი. ის ყველაზე კარგად გაყიდვადი ბრენდის - ბარფუტის (Barefoot) მფლობელი გახლავთ.
განსაკუთრებული მიღწევები: მიგელ ტორესი, რომელიც ოჯახური ღვინის ბიზენსს 50 წლის წინ შეუერთდა. ის არის პიონერი მეღვინეობის თანამედროვე მეთოდების განვითარებაში  სხვადასხვა ქვეყნებში. ტორესის ღვინოები მსოფლიოს 140 ქვეყანაში იყიდება.
წლის მეღვინე: არგენტინელი მეღვინე ჟორჟ რიჩიტელი, ღვინის კომპანია ბოდეგა ნორტონის (Bodega Norton) მფლობელი.
წლის კომპანია: რემონდის კომპანია, რომლის მფლობელი გახლავთ ჟან-შარლ ბუასე. 
წლის ევროპული ღვინის კომპანია - არნალდო კაპრი, მარკო კაპრი.
წლის რეგიონი: რიბერა დელ დუერო. გოლან ჰეითსის კომპანია, ანათ ლევი (Anat Levi).
ჟურნალის სხვა ნომინაციებს შორის არის ასევე - წლის იმპორტიორი, წლის სომელიე, წლის გამომგონებელი და ა.შ. წლის სომელიეს ნომინაცია წლევანდელ დაჯილდოებაზე პირველად გამოჩნდა და ჯილდო წილად ხვდა მაიკლ მადრიგელს. მას აქვს თავისი ბლოგი. წლის ინოვატორი კი გახდა დევიდ ბიგერი, რომელმაც ბრენდისა და ბაზრის განვითარების ახალი მეთოდები შექმნა.
გამარჯვებულებს სპეციალური სიმბოლური ვარსკვლავები 2013 წლის 28 იანვარს ნიუ იორკის საჯარო ბიბლიოთეკაში გადაეცემათ და მათთვის სპეციალური სადილიც მოეწყობა.
 
<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<<
 
ბოლოს  “მარანის” ახალი ნომრის შესახებ გეტყვით. ამ ნომრის მთავარ თემას ლევან სეფისკვერაძე გთავაზობთ, რომელიც გირჩევთ როგორ უნდა შეიძინოთ ხარისხნიანი ღვინო. ამავე სტატიაში ნახავთ რჩევებს ღვინის მაღაზიებისა და  ღვინის ბარების წარმომადგენლებისთვის, თუ   როგორ უნდა შესთავაზონ მომხმარებელს ღვინო. მათ კი, ვისაც სწავლის გაგრძლება ღვინის სფეროში სურს, აუცილებლად გადახედოს მარანის ახალ ნომერს, სადაც ცალკე პუბლიკაცია ეძღვნება მსოფლიოს  ყველაზე ცნობილი  ღვინის სასწავლებლებს. ახალ რეცეპტებთან ერთად, გაზეთში ნოემბრის ღვინოების მოკლე დახასიათებასაც  ნახავთ. 
 
© რადიო "ცხელი შოკოლადი"

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.