Home
ქართული | English
მაისი 2025
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2829301234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930311

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრი პიემონტი: ახალი ერა იტალიური ღვინის სამყაროში

ყოველთვიურ ბრიტანულ ჟურნალ Decanter-ის წლევანდელ, აპრილის თვის ნომერში გამოქვეყნდა სტატია პიემონტის ღვინოების შესახებ, თუ როგორ იმკვიდრებს წითელი ღვინით განთქმულ რეგიონში თავის კუთვნილ ადგილს თეთრი ჯიშები და როგორ იზრდება მათი ფართობი წლიდან-წლამდე.

2015 წელს პიემონტის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ღვინის მწარმოებელმა, Gaja-მ, შეიძინა 30 ჰექტარი მიწა Trezzo Tinella-ში, ზღვის დონიდან 650 მეტრის სიმაღლეზე. ამ ადგილას მათ გააშენეს ვენახები და ააშენეს სრულიად ახალი ღვინის საწარმო, რომელიც წელიწადში 250,000 ბოთლ თეთრ ღვინოს აწარმოებს — ძირითადად იმ ყურძნისგან, რომელსაც სწორედ ამ მაღალმთიან ვენახებში ვხვდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ახალი საწარმო მხოლოდ 15 წუთის სავალზეა Gaja-ს ისტორიული, მეცხრამეტე საუკუნის მარნიდან ბარბარესკოში, ახალი ვენახები 4°C-ით უფრო ცივ კლიმატურ ზონაშია.

პიემონტი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ცნობილი იყო ისეთი ღვინოებით, როგორიცაა ბაროლო და ბარბარესკო, დღეს მნიშვნელოვანი გარდაქმნის პროცესში იმყოფება.

პიემონტი მდებარეობს ჩრდილო-დასავლეთ იტალიაში, ალპებსა და აპენინებს შორის. რეგიონს იცავს მახლობელი მთები, რაც ქმნის კონტინენტურ კლიმატს და იდეალურ პირობებს ვაზის გასაზრდელად.

ნებიოლო, ბარბერა და დოლჩეტო— ეს ჯიშები დღემდე რჩება პიემონტის ცნობილი წითელი ღვინოების ბაზად. თუმცა ბოლო წლებში, თითქმის შეუმჩნევლად, რეგიონში თეთრი ჯიშების ფართობი საგრძნობლად გაიზარდა.

თეთრი ჯიშების აღორძინება

ახალი ვენახების გაშენება აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მწარმოებლების აზრით, პიემონტის თეთრ ღვინოებს წარმატებული მომავალი აქვს. ხარისხი უკვე თვალსაჩინოდ შეიმჩნევა ისეთი ჯიშებით, როგორებიცაა:

  • Cortese — გამოყენებულია ცნობილი ღვინის, Gavi-ს შესაქმნელად.
  • Arneis — მსუბუქი, მცენარეული ტონებით.
  • Timorasso — ძლიერი მჟავიანობით, თეთრი ღვინო ხანგრძლივი დაძველებისთვის.
  • Erbaluce — უძველესი ჯიში, რომელიც მდიდარი სტრუქტურით გამოირჩევა.
  • Nascetta — იშვიათი და უნიკალური არომატებით.

სერჯიო ჯერმანო, მეღვინე Ettore Germano-დან, ამბობს, რომ თეთრ ღვინოებზე ფოკუსირება თავიდან მხოლოდ პირადი გატაცება იყო, თუმცა მალევე დაინახა ამ მიმართულებით ბაზრის მზარდი ინტერესიც.

2008-2024 წლებში, პიემონტის რეგიონში ვენახების საერთო ფართობი დაახლოებით 44,500 ჰექტარს შეადგენდა. თუმცა, წითელი ჯიშების ფართობი 11%-ით შემცირდა, ხოლო თეთრი ჯიშების ფართობი 25%-ით გაიზარდა. შედეგად, თეთრი ჯიშები საერთო ფართობის 31%-დან 40%-მდე გაიზარდა .​

Moscato Bianco კვლავ რჩება თეთრი ჯიშების ლიდერად, 2024 წელს 10,425 ჰექტრით. იგი გამოიყენება ასტისა და მოსკატო დ'ასტის სპარმანო ღვინოების წარმოებისთვის, თუმცა რამდენიმე მწარმოებელი ამზადებს მშრალ მოსკატო ღვინოებს, მათ შორის ახალი მეღვინე ემანუელე გამბინო, რომელიც მას ამფორაში აძველებს.​

Arneis არის ყველაზე სწრაფად მზარდი თეთრი ჯიში, რომლის ფართობი 2008 წლიდან 675 ჰექტრით გაიზარდა და 2024 წელს 1,452 ჰექტარს მიაღწია. მათ შორის, 920 ჰექტარი წარმოადგენს Roero Arneis DOCG-ს.​

Timorasso არის პიემონტის თეთრი ჯიში, რომელმაც ბოლო წლებში დიდი ყურადღება მიიპყრო. 2008 წელს მისი ფართობი მხოლოდ 45 ჰექტარი იყო, ხოლო 2024 წელს 478 ჰექტარს მიაღწია. მათ შორის, დაახლოებით 400 ჰექტარი მდებარეობს Colli Tortonesi-ში.

Nascetta -მ ბოლო წლებში ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო, თუმცა მისი განაშენიანება სხვა თეთრ ჯიშებთან შედარებით საგრძნობლად არ გაზრდილა. 7 ჰექტრიდან იგი ახლა 68 ჰექტრამდე გაიზარდა. ამის მიზეზი შეიძლება ის იყოს, რომ Nascetta ტრადიციულად Barolo-ს რეგიონთან ასოცირდება. თუმცა, როგორც ვალტერ ფისორე, Elvio Cogno-ს მეღვინე განმარტავს, ამ ჯიშით ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი მეღვინე ინტერესდება.

"მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ნიშის ღვინო, უფრო და უფრო მეტი ღვინის პროფესიონალი და მოყვარული აღმოაჩენს მას დროთა განმავალობაში და მისით უკვე არაერთი მომხმარებელია გატაცებული. ყოველდღე ვიღებთ დადებით უკუკავშირსა და კომპლიმენტებს ამ თეთრი ღვინის მაღალი ხარისხის შესახებ, რომელიც აღიარებულია როგორც ერთ-ერთ საუკეთესო თეთრ ღვინოდ.“

როგორც ჩანს, პიემონტი ტრანსფორმაციას განიცდის, როგორც წითელი ღვინოების ძირითადი რეგიონი და თეთრი ღვინოების წარმოების ახალ სივრცედ გვევლინება, ეს კი ნამდვილად ნიშნავს ახალი ეპოქის დაწყებას. კლიმატის ცვლილებები, ბაზრის განვითარება და მეღვინეების ინოვაციური მიდგომები ახალ გზას ქმნიან.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული