17 აგვისტო
თვალები რომ გავახილე, უკვე დიდი დილემის წინშე ვიდექი:
ყავა თუ ღვინო?
ცოტა ხანს დავფიქრდი და გამახსენდა, სიზმარში დიდი ყანწი მომაწოდეს... ყავა უკვე შემოეტანა დედას. facebook გავხსენი და პირველივე პოსტი, ორი წლის წინ გაზიარებული საუკუნის წინანდელი გაზეთის ფურცელი დამხვდა.
ალბათ, კვირაზე მეტი იქნება, რესტორნებსა თუ კაფეებში მომსახურების ხარისხი საოცრად დაეცა (ეს ყველას არ ეხება, რა თქმა უნდა, მაგრამ, მაინც). ალბათ სიცხის ბრალია. სამაგიეროდ, საოჯახო მარნებსა და მათ მეპატრონეებს ვერც სიცხე და ვერც დიდი სტუმრიანობა აკლებს რაიმეს.
გუშინ ცოტა უცნაური ტური მქონდა, ორი ახალგაზრდა იაპონელი წყვილი სამი მცირეწლოვანი ბავშვით. თბილისი-მცხეთის ტურის შემდეგ სტუმრებს მცხეთაში უნდა დავმშვიდობებოდი თვითონ კი ყაზბეგში აპირებდნენ წასვლას. ასეთი იყო მოთხოვნა.
დილით შომ მორიდებულად მთხოვა, იქნებ, ღვინო გავსინჯოთ და ვიყიდოთ, თუ ძალიან არ შეგაწუხებთო, პროგრამა დატვირთული იყო. მოგვიანებით ისევ შემახსენა და ხინკალი დაამატა თავის მოთხოვნას. დეტალები აინტერესებდა – დროის ფაქტორიდან დაწყებული, ღვინით დამთავრებული. შო უკვე მეოთხედ სტუმრობდა საქართველოს, რითი უნდა გამეოცებინა ამ რამდენიმე საათში? ჰოდა, ღვინომ მიშველა!
ჩემი გაჭირვების ტალ-კვესი - იაგო!!!
მოკლედ, დავემშვიდობე სტუმრებს მცხეთაში და გავუყენე გზას ჩარდახისკენ. ვიცოდი, ყველაფერი კარგად ჩაივლიდა.
ქართლის სოფლის სახლი მაღლარი და დაბლარი ვაზებით, ხეხილის ბაღით, მარნით, თონით თუ არყის სახდელით, აი ეზოში თუ ქათამმაც გაირბინა, უკვე სოფლის სრული იდილია იქმნება. ჰო, კინაღამ, ძაღლი დამავიწყდა... იაგოს დიდი ძაღლი...
საღამოს შო რეკავს: „მაკა-ჩან, დიდი მადლობა, ლანჩზე რომ გაგვიწიე რეკომენდაცია, ფანტასტიური იყო: ქართული ოჯახი, მარანი ქვევრებით, ქართული საჭმელი და მასპინძელი იაგო თავისი ღვინით!!! დიდი მადლობა, კიდევ ერთხელ, აუცილებლად ვიმეგობროთ, ფოტოებს გადმოგიგზავნით მაკა ჩან.”
ესეც ასე! მისია შესრულებულია, მე ბედნიერი ჩამოვქოთქოთდი თელავში.
18 აგვისტო
09:00 საათზე გამსვლელი მანქანები იქოქება. უფრო სწორედ, ცხრა საათსა და აღარ დავაკონკრეტებ, ზუსტად... „ჯორჯიან მეი ბი თაიმით“ (GMT).
დაიქოქა ჯიპები და გავუყევით გზას - ბათუმიდან მესტიისკენ. Gგზად დადიანების მუზეუმს უნდა ვესტუმროთ ზუგდიდში. Mმიყვარს ამ მუზეუმში თავმოყრილი ექსპონატები, თავისი ისტორიებით.
მე რომ დღიურების საწერად მცალია ხომ მაგარია? ისევ ერთით მეტი ტურისტი ვარ.
რესტორან „მენძელში“ გემრიელად სადილობის შემდეგ ვესტუმრეთ დადიანების სასახლეს. ჯგუფი განწყობას არ უჩივის. Y
ყველა წესის დაცვით, წყნარად და მშვიდად შევედით მუზეუმში. უცებ, მეორე სართულძე ასვლისას, ჩვენს დანახვაზე აყვირდა მუზეუმის გიდი:
- ესენი ვინ არიან? ვინ შემოუშვა?
- ხელს მიშლიან! გაიყვანეთ აქედან!
- დაცვა სადაა?!
თან მთელი ძალით იქნევდა მარაოს. მისი ქართველი ვიზიტორები გაოცებულები შეჰყურებდნენ. (აბა, რამდენად იმსახურებს ეს გიდი დადიანების მუზეუმში მუშაობას?!) სასწრაფოდ შევიყვანე ჯგუფი პირველ დარბაზში და ძალიან საინტერესო ფილმივით გაირბინა თვალწინ XIX საუკუნის ორი ოჯახის დიდმა ისტორიამ – ჭავჭავაძეებისა და დადიანების.
საიდან გამახსენდა, თვალითაც არ მინახავს - „საქანელა-საკოცნელა“. ნაპოლეონის სიკვდილის შემდგომ ნიღაბზეც დამისვეს შეკითხვა, ეს საიდან მოხვდა საქართველოშიო. მე კი XIX საუკუნის ქართველი დიდგვაროვნების საყვარელ გასართობსა და ეკატერინეს ერთ-ერთ სანუკვარ ნივთზე ვფიქრობდი.
„საქანელა-საკოცნელა“ - ადგილი, სადაც ეკატერინეს და ტატოს ერთმანეთი გაუცნიათ – წერს ერთ-ერთი სტატიის ავტორი დადიანების თბილისური გამოფენის სტუმრობის შემდეგ.
თურმე საქანელაზე წყვილ-წყვილად დაკიდებულ სხვადასხვა ფერის ჭიქებში ღვინოს ასხამდნენ, შემდეგ დაატრიალებდნენ და ვისაც ერთნაირი ფერის ჭიქები შეხვდებოდა, ერთმანეთისთვის უნდა ეკოცნათ. ერთ-ერთი ასეთი გართობის დროს თურმე ბარათაშვილსაც გაუმართლა. საკითხავია, გაუმართლა თუ არა ტატოს... აი ეკატერინეს კი მას შემდეგ ეს ნივთი აღარ მოუშორებიაო, ამბობენ.
ნეტავ, ღვინის ერთყლუპიანი ჭიქები რაზე მიგვანიშნებს? ნუთუ ქართველი დიდგვაროვნები დათრობას ერიდებოდნენ ნადიმობისას? არადა, ცნობილი ფაქტია, რომ დადიანების სალხინოს სასახლე 300 კოკიანი ქვევრით იყო განთქმული და ქვევრის სასახლესაც უწოდებდნენ თურმე...
ჰოდა, ასე:
მდინარე ტეხურის ხეობაში, სოფელ სალხინოში, სამეგრელოს მთავარმა დადიანმა შექმნა ოჯალეშის სპეციალური ვენახები, რომლებიც, როგორც ცნობილია, მოგვიანებით მისმა სიძემ, აშილ მიურატმა გააფართოვა. მათი წყალობით ოჯალეშის ღვინო უცხოეთშიც იგზავნებოდა.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ, ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, „ოჯალეში“ ხეზე ასაშვები ვაზის აღმნიშვნელი ზოგადი სახელწოდება ყოფილა. მიურატს კი ოჯალეშის მაღლარი ვაზი, რომელიც, თურმე, მხოლოდ თხემლას და ხურმის ხეებზე ყოფილა გაშვებული, სულ დაბლარზე მიუშვია. ვენახები ტერასებად ყოფილა განლაგებული.
ოჯალეშს მეორე სახელიც აქვს - „შონური“, ანუ სვანური. ეს სახელი გავრცელებული იყო მდ. ტეხურისა და აბაშის ხეობებში. სავენახე ადგილები მზეს ყოფილა მიფიცხებული. ალბათ, ამიტომ ვარაუდობდა ერთ-ერთი მკვლევარი, რომ „ოჯალეში“ ვენახის ნაკვეთის ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი მეგრული სიტყვიდან - „ბჟა“ (მზე) წარმოიშვა – „ობჟალეში“, ანუ სამზეური ადგილმდებარეობა.
ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევდა, რომ ქართველმა კაცმა, ხანგრძლივი დაკვირვების შედეგად, გასამრავლებლად ოჯალეში შეარჩია და მაღლარად და ოლიხნარად გააშენა, რის გამოც ვაზის ჯიშს ოჯალეში დაარქვა.
სხვები ვარაუდობდნენ, თითქოს, ოჯალეშს „შონურს“ მისი მაღალალკოჰოლურობის გამო უწოდებდნენ, ანუ, სვანის სიძლიერესა და ღონეს ადარებდნენ.
ჩემი მეგობარი, ზაზა გაგუა, თავის მეგობრებთან ერთად, რამდენიმე წელია, ცდილობს მეგრული მშრალი ოჯალეშის, ბაბუას ტრადიციის, ბავშვობის გემოების გაცოცხლებას... ამ საქმეს სულ ახალახანს მიჰყო ხელი, მაგრამ შარშან მისი მშრალი ოჯალეში უკვე ლონდონში გავიდა ექსპორტზე, ცნობილი იმპორტიორის, ერიკ ნარიოოს ძალისხმევით.
ეს გემო არასოდეს დამვიწყებიაო, ხშირად ამბობს ხოლმე. არ ვიცი, ზაზას რა გემო ახსოვს, აი მე კი მწარედ მახსოვს სტუდენტობის დროს ჩალის ფასად ნაყიდი ოჯალეში, ქინძმარაული თუ ხვანჭკარა, რომლებსაც ერთნაირი, ძალიან ტკბილი გემო ჰქონდა, ეტიკეტები კი - სხვადასხვა.
19 აგვისტო
თბილისი-ბათუმის ღამის რეისით კურიოზული მგზავრობის შემდეგ ჩემზე მძიმე ჩემოდანი სასტუმროში მივარახრახე და ახლადგაღვიძებული ძველი ბათუმის ქუჩებს გავუყევი.
ჯგუფი სამ საათზე ჩამოდის. მე რამ ჩამომაქანა ასე დილაადრიან, ვიცოდე ნეტა?!
ვერ ვიტყვი, რომ განსაკუთრებით მიყვარს ეს ქალაქი, მაგრამ რაღაცნაირად, მაინც მხიბლავს თავისი ნიუანსებით.
ბათუმის „პატარა გუბურა“... მის ნაპირზე ჩრდილს შეფარებულ დამსვენებლებს შორის მეთევზეებიც შევნიშე, სულ მაინტერესებს, რა სიამოვნებას იღებენ ანკესით თევზაობისას, ამიტომ მეც მოვკალათდი მათ შორის და მივეფიცხე მზეს. აშკარად, კარგ ადგილას ვარ წამოსკუპებული და მეთევზის ადგილს ვაცდენ. ჩემგან მარჯვნივ მოხუცი ჩამომჯდარა დასაკეც სკამზე, ანკესით ხელში და ჩაფიქრებული გასცქერის წყალს. ნეტა, რაზე ფიქრობს...
ვცადე ავყოლოდი მოხუცის ფიქრებს, მაგრამ ერთ მხარეს ბაყაყები აყიყინდნენ, მეორე მხარეს კი დელფინარიუმის ზღვის ლომმა აიკლო იქურობა ყივილით. დელფინების შოუ ნამდვილად არის ჩემი საყვარელი გასართობი ბათუმში...
უკვე აეროპორტში ვარ. მძღოლი ფორმაშია, მაგრამ აი გიდები... ზოგი ისეთია, გამარჯობა კი არა, ღიმილიც არ ემეტება. აეროპორტი სავსეა წამსვლელით თუ მომსვლელით, საქართველო კი - ტურისტებით. ამ საკითხზე გამუდმებული ჩივილის პათოსს ვერ გავიზიარებდი.
მე და ქეთუსია მხიარულად ვიტანთ ლოდინს და, აი, როგორც იქნა! გამოდიან! წარმოდგენა არ აქვთ, რომელი კომპანიიდან არიან, ან ვინ ჰყავთ გიდი, ტურლიდერი... ჩემები, როგორც ყოველთვის, ყველაზე ბოლოს გამოლაგდნენ, თუმცა, ორგანიზებულად, ერთად და მშვიდად. ტურლიდერად თეთრ- გრძელულვაშიანი პუტკუნა კაცი მოუძღოდათ წინ. არც კი გამიღიმა (უჟმური!) და ის გიდი მოიკითხა, რომელთანაც წინა ტურზე ემუშვა. ალილო და ხვალეო, ვნახოთ, რა ჩიტი აღმოჩნდება.
სასტუმრო „ლეოგრანდი“ - Super!
რესტორანი „მაჭახელა“ – „აი, დარდი!“ - რესტორანი (უფრო მკვახედაც შეიძლებოდა მათზე, თავს შევიკავებ). საშველი არ იქნება, ალბათ, არასოდეს. მით უმეტეს, აქ, ბათუმში.
არადა, რა გემრიელია აჭარული კერძები - აჭარული ხაჭაპური, რომელსაც თითქოს მზე ჩაუკრავს გულში; აჭარული დაწნული ყველი, კაიმაღი, ბორანო, მალახტო, იახნი, აჩმა, სინორი და თურქების გავლენით აჭარულ ტკბილეულად ცნობილი ბაქლავა. აი, თევზეული მრავალფეროვნებაში ცოტა მოიკოჭლებს, რატომღაც. აჭარულ კერძებში, რა თქმა უნდა, იგრძნობა ოსმალეთის კულინარიის გავლენაც.
ჩვენამდე მოღწეული ვარდისფერი აჭარული ჩხავერი კი იმდენად კეკლუცია, რომ გურულები და აჭარლები დღემდე დაობენ, სადაურია ვაზის ეს ჯიში.
ეს საკითხი ამპელოგრაფებისთვის მიმინდვია. ჩხავერის დაჭაშნიკების მსურველი აუცილებლად უნდა ეწვიოს თოფურიძეს გურიაში. მე კი დავამატებდი, რომ ბათუმში უაზროდ ხეტიალს სჯობს მაღალმთიანი აჭარისკენ გამგზავრება, სოფლებში ხალხთან სტუმრობა, თუნდაც შერვაშიძეებთან, რომლებიც უკვე აქტიურად არიან ჩართულები ტურიზმში „ღვინის გზის“ პროექტის წყალობით და საკუთარი ძალისხმევით. ბათუმიდან სოფლამდე მისასვლელი გზა, მარანი, ვენახი, ქართული სტუმართმოყვარეობა და მასპინძლობა აქ სასიამოვნოდ გაგაოცებთ, მერწმუნეთ.
20 აგვისტო
დღე ყავით და facebook-ით დაიწყო, როგორც ყოველთვის.
პირველივე პოსტი - „ასპინძაში მესხური ტერასების აღდგენა იწყება“... სუნთქვა შემეკრა. როგორც იქნა, გადაწყვიტეს. მხოლოდ მე არ გამხარებია ეს ამბავი, აქ ერთი გრძელი ჯაჭვია იმ ადამიანებისა, ვისაც ჩემზე კარგად ესმის ამ ტერასების მნიშვნელობა.
როგორც ვიცი, ადრეც იყო ამ ტერასების აღდგენის მცდელობა, მაგრამ უშედეგოდ. მახსოვს, მესხეთის განვითარების პროექტზე მომუშავე ჯგუფის ხელმძღვანელმა სავარაუდო პროექტი რომ მაჩვენა, კითხვა დამისვა, რამე ხომ არ გამოგვრჩა, რას დაამატებდიო. როგორც მივხვდი, ამ პროექტის პრიორიტეტი ერდო გვირგვინიანი ბანიანი სახლის რეაბილიტაცია იყო, მაგრამ ჩემთვის უპირველესად პრიორიტეტული ეს ტერასები გახლდათ, რომლისთვისაც, რატომღაც, ყურდღება არ მიექციათ. ასევე, პრიორიტეტულად მივიჩნევდი, გოგირდის ბუნებრივად თბილ წყლებს, რომლებსაც ადგილობრივებმა დააშენეს უცნაური აბანოები. ამის შესახებ, ალბათ, ბევრმა დაინტერესებულმა ადამიანმა არ იცის, თუმცა, რაც მთავარია, წყალკანალისა თუ საგადასახადოს თანამშრომლები აქ სისტემატურად ჩნდებიან, ანუ, საქმის კურსში არიან.
ამ ტერასებს ჩემთვის კიდევ უფრო მეტად სინტერესო გაგრძელება (თუ დასაწყისი) აქვს.
2013 წლის აპრილში ჩემს „წითელქუდასთან“ (ნათია ხიდაშელთან) ერთად ინფოტურზე მუშობის პატივი მქონდა. ჰოდა, ახალციხეში ღვინის მაღაზიაში ღვინის დაჭაშნიკება შემოგვთავაზეს. დავთანხმდი... თუ რაიმე განსხვავებულს გამასინჯებდნენ... და ჰოი, საოცრებავ წითელი ღვინის ბოთლის ეტიკეტზე „მესხური“ ეწერა. ღვინის ფერი, სუნი, გემო ისეთ ბალანსში იყო ერთმანეთთან და ისეთი ემოცია მოიტანა, რისთვის დაგვებრალებინა თვითონ ღვინისთვის თუ აპრილისთვის, არ ვიცოდით!
სულ რამდენიმე დღე დამჭირდა მისი შემქმნელის მოსაძებნად და მასვე, ანუ გიორგი ნათენაძეს, უნდა ვუმადლოდე საქართველოში ყველზე ასაკოვანი ვაზების და ქვის საწნახელების შესახებ ინფორმაციას.
გადიოდა დღეები, კვირები, თვეები და წლებიც კი, და ამ ვაზებისა და საწნახელების ნახვა ოცნებად მექცა. სამგიეროდ, მოვიძიე საკმაოდ საინტერესო მასალები, პირველი ფოტოები კი ჩემმა პოლონელმა მეგობარმა ვოიტეკ ბოსაკმა გადმომიგზავნა, (სამწუხაროდ, უჩემოდ მოუწია მათი ხილვა ქეთუსიასთან ერთად), აი ივლისში კი მეც მეღირსა მათთან სტუმრობა.
ჩემი და ვაზის განივი პარამეტრები შედარებას ნამდვილად იმსახურებს
ეს ყველაფერი ერთად ვარძიის თავში, სოფელ ჭაჭკარშია თავმოყრილ-შემონახული. ეს არის სოფელი, სადაც, თურმე, ვარძიის მშენებლებისთვის სადილ-ვახშამი მზადდებოდა.
სრულად თუ ნახევრად მიწაში შედგმული ერდო-გვირგვინიანი დარბაზული საცხოვრებელი სახლები, მასიური ქვით ნაგები, დაბალი შესასვლელებით, რომლებიც თავდაცვით ფუნქციასაც ითავსებდა შემოსევების დროს. ასეთი სახლები დარანებით (მიწიქვეშა გვირაბებით) უკავშირდებოდა ერთმნეთს და მათი საშუალებით, როდესაც ოჯახის მამაკაცები მტერს ებრძოდნენ, ოჯახის დანარჩენი წევრები უსაფრთხო ადგილას იხიზნებოდნენ. აქვე ჰქონიათ ვენახები და ქვაში ნაკვეთი საწნახელები, რომელთგანაც მცირე ნაწილმა მოაღწია ჩვენამდე. ამ სამოსახლოსა და ნავენახარში სალოცავიც გადარჩენილა სასწაულებრივად, რამდენიმესაუკუნოვან ვაზთან, საწნახელთან თუ მესხურ სახლთან ერთად...
ფიქრი ფიქრს ემატება.
და მაინც, რა მაგარი, კომპლექსურად შეკრული ადგილია ღვინის ტურიზმით დაინტერესებული ადამიანებისათვის? ან, იქნებ, უმჯობესია ინდუსტრიული დატვირთვის გარეშე ვცადოთ ამ სოფლის აღდგენა, გადარჩენა თუ შენარჩუნება?
21 აგვისტო
ხვალიდან ისევ ჩემოდანაკიდებულმა უნდა მოვიარო, სავარაუდოდ, ნახევარი საქართველო. ვუყურებ ჩემს ოთახს და როგორ მეზარება ჩაბარგება!.. მკლავს ეს პროცესი. დედაც აქ არის. რამე არ დამრჩეს... შესაფერისი ტანსაცმელი ეკლესიისთვის, ვაი თუ გაწვიმდეს, საღამოს რომ ციოდეს?! ფეხსაცმელი უშგულისთვის, მიუხედავად იმისა, რომ მგონი უშგულელებმა დაიწყეს ზრუნვა „ქუჩების“ სისუფთავეზე...
ყველგან ჩემი ტანსაცმელი და წიგნებია. წიგნები, პუბლიკაციები, მასალები საქართველოს ისტორიიდან, სარეკლამო ბროშურები მუზეუმებიდან, სასტუმროებიდან, რესტორნებიდან, მეღვინეობებიდან და ამ არეულობაში მაინც ღვინო დომინირებს.
ესეც ჩემი საგანძურის ღირსეული ნაწილი.
სხვათა შორის, „ქართული ღვინის გზამკვლევი“, (მალხაზ ხარბედია) თვით ავტორის წარწერითაა დამშვენებული. მოვა დრო, ამ წიგნს აუქციონზე დიდი ფასი ექნება.
და მაინც, წიგნებმა გადამძალა. მივატოვე ჩაბარგების პროცესი. თავში ისევ XIX საუკუნის საქართველო მიტრიალებს...
ერთი საინტერესო ისტორია გამახსენდა...
XIX საუკუნის მიწურულს თბილისში ძალიან მდიდარი კაცი – ალექსანდრე მელიქ აზარიანცი გამოჩნდა, რომელმაც, ზემელზე სახლის აშენება გადაწყვიტა. ყველამ იცით ეს სახლი, ძლივს რომ გადაურჩა განადგურებას გასულ წელს. იმ პერიოდში მხოლოდ მას ჰქონია საკუთარი წყლის სისტემა თბილისში და შესაბამის გადასახადსაც იხდიდა, თურმე. შენობა დასრულებული არ ყოფილა, როდესაც მთავრობას გადასახადი გაუძვირებია მისთვის, მაგრამ, როგორც გადმოცემითაა ცნობილი, აზარიანცს წყალზე საერთოდ უარი უთქვამს, გლეხებისაგან დიდი რაოდენობით ღვინო შეუსყიდია და სახლი, საბოლოოდ, ღვინით აუშენებია. რა თქმა უნდა, ამ ამბავში ბევრია მითიური, თუმცა, უდაოდ, საინტერესო მითია.
საქართველოში ირანის კონსულის, მირზა რეზა ხანის „ალმასის სასახლის“ (ასე უწოდებდნენ თანამედროვენი ჭონქაძის 11-ში მდგარ მის სახლს) ოფიციალურ გახსნაზე, მისი ბრძანებით, მარმარილოს აუზის შადრევანი ისე მოუწყიათ, რომ იქიდან წყლის ნაცვლად კახური წითელი ღვინო მოედინებოდა და სტუმრები ღვინოს პირდაპირ აუზიდან მიირთმევდნენ. ამისათვის აუზის ოთხსავე მხრეს, თურმე, აკაციის ყვავილის ფორმის ხის ბრჯენები დაამაგრეს. ზედ უზარმაზარი გოვზა მოათავსეს, რომელშიც, როგორც ცნობილია, ოთხიათსამდე ბოთლი ღვინო ეტეოდა. გოვზა კაუჩუკის მილით უერთდებოდა, აუზს და ონკანის გახსნისთანავე აუზი ღვინით ივსებოდა. ჰაერში დაკიდებული, ასობით ჩინური და იაპონური ფრანი კი აუზსა და მასში წითლად მოლივლივე ღვინოს ანთებდაო, ვკითხულობთ, თვით, მირზა რეზა ხანის ჩანაწერებში.
ივანე მუხრან-ბატონის ყოფილი მოურავის გადმოცემით, მუხრანის სასახლის წინ აგებული შადრევნიდან, სარდაფიდან გვირაბით ღვინო გადმოდიოდა.
მეფე აიეტის სასახლის ეზოშიც ხომ ოთხი შადრევანიდან ორში ღვინო მოედინებოდა – წითელი და თეთრი...
ისე, რომ დაფიქრდეს კაცი, რამდენსაუკუნიანი სამზადისი დაგვჭირდა ღვინის ტურისტულ პროდუქტად ჩამოყალიბებისთვის?! არადა, თუნდაც, მედიცინაშიც ხომ ფართოდ გამოიყენებოდა ღვინო?! დროა, თავიდან გადავქექო საქართველოში სამედიცინო ტურიზმის საკითხები...
მაგრამ ვინ დაგაცლის ან ფიქრს ან საქმეს? ისევ ტელეფონი...
გამახსენდა! არც კი მისაუზმია.
დედას ტოლმა ბულგარულ წიწაკაში – აი, გამოწვევა ახალგაზრდა, დამშეული გოგოსთვის! მაგრამ მერე ერთი ამბავი გამახსენდა - ორი დღის წინ ქუჩაში ქალბატონმა თამარ მელიქიშვილმა მიამბო: კაცი მთხოულობდა და რა კაციო!.. მაგრამ ერთხელ, ჩემი თანდასწრებით, ოცი ტოლმა შეჭამა და მეც ბეჭედი უკან მივუბრუნეო... მომერიდა!
ისევ საქმე...
- გამარჯობა, ბატონი გიორგი ბრძანდებით? თქვენ ატენში გაქვთ მარანი, არა?
- კი. – მოკლე და თავდაჯერებული პასუხი.
- ატენური, ხომ?
- არა.
- რა ჰქვია თქვენს მარანს? - სიტყვებს ძალით ვგლეჯ, ფაქტობრივად. გასაოცარია.
- არაფერი არ ჰქვია. თქვენ ვინა ხართ?
- მე გიდი. სტუმრებს იღებთმ, ხომ?
- არა.
- კარგით, დიდი მადლობა.
- ღვინოს ექსპორტზე ვყიდი. კიდევ, აქაურ მაღაზიებში იყიდება. თუ იცით, ღvino underground. ტაბიძეზე. ვინც იყიდის და გასინჯავს, ხო მოეწონება? შემიკვეთოს და მივიღებ. ისე ტურისტებს არ ვიღებ.
მოვიდა ლაპარაკის მადაზე.
მოკლედ, გავიცანი ბატონი გიორგი, საკმაოდ სიტყვაძუნწი და ექსპორტისადმი მკვეთრად გამოხატული ინტერესის მქონე მოქალაქე.
22 აგვისტო
ღამის საშინელი ღვარცოფის შემდეგ მშვენივრად კაშკაშებს დღეს მზე.
უშგულში მივდივართ.
ვზივარ მანქანაში და კადრი კადრს ენაცვლება. გასაკვირია, ტურლიდერმა ტურისტებს საქართველოს უდიდესი საუნჯე – მესტიის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არ დაათვალიერებინა, კოშკებთან ახლოც კი არ მისულა, არცერთ ეკლესიაში არ შესულან.
ამასობაში, ვენახი მომკითხეს. სულ რაღაც, 3000 მეტრ სიმაღლეზე, ზღვის დონიდან. ალბათ, ქრთული ღვინის გასინჯვა უნდათ. არადა, სად გინდა, რომ აქ გაასინჯო... უშგულის კაფეში რაღაც გაურკვეველი წარმომავლობის ღვინის ბოთლებს ჰყიდიან.
დასანანია. ძალიან ხშირად თხოულობენ ღვინოს უშგულში, და საბოლოოდ, ლუდს მიირთმევენ. მესტიაში ნორმალური სიტუაციაა ამ მხრივ - შატო მუხრანი, თელიანი ველი, მარანი, და თუ არ ვცდები თბილვინოსაც მოვკარი თვალი. მილდიანსც გაუხსნია ღვინის მაღაზია.
ზოგადად, თვალი რომ გადავავლოთ, დიდი მეღვინეობებიდან, ღვინის გარდა ტურისტებს განსაკუთრებით რა მოსწონთ:
შატო მუხრანი – პირველ რიგში, ისტორია, შემდეგ - აღდგენილი მარანი, ულამაზესი კარ-მიდამო, საჯინიბო და ორი ცქრიალა გიდი.
მეღვინეობა ხარება – გვირაბები.
ბადაგონი – სადეგუსტციო ოთახი თავისი მაგიდით, ბადაგონის ქანდკება.
შუმი – მუზეუმი, ეზო და მხიარული გიდები.
შუხმან ვაინს ჯორჯია – სრულყოფილი კომპლექსი ულამაზესი ხედით, საიდანაც წამოსვლა ყველა ტურისტს ეძნელება.
ვინივერია – გემოვნებით შექმნილი პატარა, კომფორტული სამყარო.
მარანი – კომპლექსურად შეკრული მეღვინეობა.
კორპორაცია ქინძმარაული – ისტორიული ციხის ტერიტორიაზე მშვენივრად აწყობილი ტურისტული მომსხურება.
თბილვინო – დიდი ინდუსტრია.
ბაგრატიონი 1882 – შენობიდან დაწყებული, მასპინძლით დაამთავრებული (თავისი დიდებულებით).
მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო ამ პატარა ქვეყანაში საოჯახო მარნებიდან დიდ მეღვინეობებამდე ღვინის ტურიზმის მშვენიერი ბაზები გვაქვს, ამას დამატებული, შატოები თუ ქვევრის ოსტატები, რესტორნები თუ ღვინის ბარები და მაღაზიები, საერთო ჯამში, ყველა სახის მომხმარებელს აკმაყოფილებს. შემიძლია, ძალიან ბევრი ვწერო საოჯახო მარნებზე, რომლებიც დიდ კომპანიებს, არათუ ჩამოუვარდებიან, ხშირად უფრო მეტი სიმპატიითაც სარგებლობენ, თუმცა, ამაზე წერისთვის დრო არასოდეს მეყოფა.
მეძახიან. უნდა წავიდე.
23 აგვისტო
გუშინ უფლისციხეში სადილი ოჯახურ გარემოში გვქონდა. ამ ოჯახის შესახებ ინფორმაცია აქამდეც მქონდა, მაგრამ ამ გაგანია ტურისტულ სეზონზე ჩემს ნებაზე ვერ დავსეირნობ. ჰოდა, გუშინ გეგმიურად მოვხვდი ბაქარ ზაალიშვილის ოჯახში.
მიუხედავად საშინელი წვიმისა, მასპინძელი გარეთ დამხვდა, გზა არ აერიოსო. ძალიან არტისტულად გამოიყურებოდა თავისი ჩაცმულობით და დახვეწილი მანერებით. სტუმრებიც სათითაოდ მეკითხებოდნენ მსახიობია, მხატვარი თუ მუსიკოსიო.
ეზოში მაყალი უკვე მზად იყო თევზის შესაწვავად. მაღლარი ვაზის ხეივანს ხეხილის ბაღი და ბოსტანი აგრძელებდა, ეზოში ჭაც იდგა. თითქოს ბერიკაცი ჩამომჯდარიყო მყუდროზე. სუფრა მეორე სართულის აივანზე იყო გაშლილი და ოჯახის წევრები ღიმილით გვემსახურებოდნენ. ჩემი სტუმრები კმაყოფილი სახეებით ილუკმებოდნენ. მალე აღარავის ახსოვდა წვიმა და სიცივე, ბედნიერები გაიშალნენ ეზოში, რომ თავისი თვალით ენახათ ბოსტანში მოწეული კიტრი თუ პამიდორი. ძლივს ჩავსხი მანქანებში, წამოსვლა აღარ უნდოდათ. მათ დევნაში ღვინო დამრჩა დასაგემოვნებელი, როგორ დამემართა, არ ვიცი. აი, ზაალიშვილებში დაბრუნების ერთი დიდი მიზეზი.
საღამოს ვახშამი თბილისში გვქონდა, რესტორანში, ქართული ცეკვების თანხლებით. რა დიდებული სანახავია ქართული ცეკვები, უყურებ, სხვა როგორ ცეკვავს და შენც გეცეკვება, სწავლაც არ გჭირდება. თუ ერთი-ორი ჭიქა ღვინო გაქვს დალეული ხომ თამამად უერთდები მოცეკვავეებს. ცეკვას სიმღერა ცვლის, სიმღერას ცეკვა, ღვინის ჭიქებში კი საფერავი მოელის შემსმელს.
ხვალ გოდერძის უღელტეხილით გადავივლი მაღალმთიან აჭარას და ქართული ტრადიციული სუფრით დავასრულებთ ერთკვირიან ქართულ ვოიაჟს.
© მაკა თარაშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი
პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.
თქვენი კომენტარი