Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის დღიურები. ალეკო სარდანაშვილი. აღმოსავლეთმცოდნე, ოჯახური ღვინის მწარმოებელი სოფ. ხვანჭკარადან

26 ოქტომბერი, ორშაბათი

დღე ჩვეულებრივ იწყება. მარანში შესვლით და ღვინის მორევით. ღვინოების დიდი ნაწილი უკვე გამოშვებულია და შუშის ბოცებშია მოთავსებული. მუხის კასრში მხოლოდ კახური რქაწითელია, რომელიც წელს პირველად დავწურე. ორ კვირაზე მეტია, ჭაჭაზე დუღს. მორევამდე გემოს ვუსინჯავ. ცოტაც და, უკვე გამოშვებაც შეიძლება, თუმცა ჯერ ის არაა, რაც მინდა. 

მარანი

დღეს სლოვაკ სტუმრებს ველოდები. სლოვაკეთის რაჭიდან. უკვე მეოთხედ მოდიან ჩემთან. პირველად შარშან მესტუმრნენ და ძალიან შეუყვარდათ აქაურობა. ღვინოც, რა თქმა უნდა. საინტერესო ახალგაზრდები არიან. მთელი საქართველო მოიარეს. უყვართ, აინტერესებთ ჩვენი ქვეყანა. 

შუადღით მოვლენ. მანამდე ღვინოები უნდა დავაგემოვნო. ხვანჭკარა ლექზე მუშაობს. დუღილი ისევ გრძელდება. ჯერ ცოტა ტკბილია. წულუკიძის თეთრა უკვე დაღვინებულია. ცოტაც და, უკეთ დაიწმინდება.

სტუმრებიც მოდიან. რაჭული პურ-მარილით, ღვინით და კეთილი გულით ვხვდებით უკვე ჩვენს მეგობრებს. საღამო სასიამოვნოდ გადის. ახალ ღვინოებს ერთად ვაგემოვნებთ. კოცონთან ვსაუბრუბთ და დღეც გადის...

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა რვაწლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დავბრუნდი. თუმცა არა... მაშინ, როცა ბაბუმ პირველად ჩამიყვანა ვენახში და მისი დარგული, მოვლილი ვენახები მანახა; როცა პირველად გამასინჯა მისი დაწურული ღვინო; მაშინ, როცა პირველად აღვიქვი, რა იყო ხვანჭკარა, რა დიდი იყო ის და რა დიდი პატივი იყო ჩემთვის, სამყაროს ამ პატარა ადგილის ნაწილი ვყოფილიყავი. სიმართლე ისაა, რომ ეს ერთადერთი ადგილია, რომელიც მენატრებოდა და სულ თან მდევდა. სამშობლოში დაბრუნების ეულ გზაზე ბევრ რამეს ვფიქრობდი. გონებაში უამრავი გეგმა ისახებოდა. თუმცა ჩვენს რეალობასთან ჭიდილი უჭირდა. რა უნდა გამეკეთებინა სამშობლოში? სად უფრო საჭირო ვიქნებოდი? როგორი იქნებოდა სხვა რეალობაზე გადმორთვა? და ასე, გაუთავებლად. 

ფიქრებთან ჭიდილი დიდხანს არ გაგრძელდა... სოფელში ჩამოსვლის პირველივე დღიდან ყველაფერი ნათელი გახდა. მე აქ უნდა ვყოფილიყავი, აქ ვიყავი საჭირო. უფრო მეტად, ვიდრე - ნებისმიერ სხვა ადგილას. რეალობა მძიმე - გაჭირვება, უიმედობა, მიგრაცია, დაკეტილი სახლები... ეჭვები - „აქ რა ვაკეთო?“, „აქედან ყველა გარბის, აქ მოგეწყინება“; „დიდხანს ვერ გაჩერდები“...

ცხოვრება ერთი დიდი გამოცდაა და გამოცდილების, ზრდის, ჩამოყალიბების მთელი პროცესი. როგორ შევხედოთ ამ ყველაფერს? დინებას მივყვეთ? სხვები ხომ მიყვნენ და წავიდნენ... თუ შევებრძოლოთ, არ შევეპუოთ, ვცადოთ მაინც ის, რაც შეიძლება გარშემო მყოფთათვის სიგიჟეს ან რაღაც მიუღწეველ ოცნებას წარმოადგენს? მე მეორე ვარჩიე. 

ვენახი, ვაზი, ღვინო - ქართველი კაცის თანამდევი და განუყოფელი ნაწილია. ეს საქმე არასდროს დაიყვანება წმინდა მერკანტილურ ბიზნესზე. ამ ღვთიური წვენით ადამიანის დაბადებას ვზეიმობთ, ამქვეყნად ცხოვრების მანძილზეც ის ჩვენი თანამდევია და ამქვეყნიდანაც თავად გვაცილებს. ვაზი ჩვენი იდენტობის ნაწილია. 

გეგმები მალევე დაისახა. კარ-მიდამო უნდა გალამაზდეს, ვენახები უნდა მოღონიერდეს, საქმე ძალიან ბევრია, მაგრამ სურვილი უფრო დიდია და ამიტომ ყველაფერი იწყება და დიდი მონდომებითა და ძალისხმევით მიდის. ოჯახი ჩემკენაა. მეგობრები გვერდით დგანან. მარტო არ ვარ. მთავარი არაა, ვის როგორ სჯერა იმის, რასაც ვაპირებ. მე ხომ ვიცი, რომ მჯერა?!

მეგობრებთან

 

27 ოქტომბერი, სამშაბათი                 

დილა ჩვეულებრივ იწყება. შემდეგ სტუმრებიც იღვიძებენ. სოფელს ვათვალიერებთ ისევ. ხედებით ვტკბებით და ვსაუბრობთ, თუ რამხელა პოტენციალია აქ და რამდენი რამის გაკეთება შეიძლება. შემდეგ კი დიდი ხნის სურვილი უსრულდებათ და ჭაჭას ერთად ვხდით. ვხედავ, რომ ძალიან სიამოვნებთ მთელი პროცესი, რადგან თვითონაც მონაწილეობენ. თბილ ჭაჭას აგემოვნებენ და სამახსოვრო სურათებსაც იღებენ. საღამოს ისინი მიდიან. ვემშვიდობებით იმ იმედით, რომ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. 

ჭაჭის გამოხდა სლოვაკ სტუმრებთან ერთად

ჩემი სტუმრები

როცა ღვინის დაყენება დავიწყე, ღვინის შესახებ ბევრი არაფერი ვიცოდი. ჩემი ცოდნა კარგი ღვინის დაგემოვნებით და განსაზღვრით იწყებოდა და მთავრდებოდა. თუმცა ცოდნის მიღება ყოველთვის შეიძლება. აქ გამოცდილი ხალხია, ბერვი რამ მასწავლეს და ახლაც მასწავლიან. ვენახში უამრავი საქმე იყო გასაკეთებელი, თუმცა ერთ დღეში არაფერი დაწყებულა, ან დამთავრებულა. თანმიმდევრულად სამუშაოებიც დაიწყო და წინაც წავიდა. მთავარი ამ დროს სტიმულია. მოკლედ, პირველივე წელს დიდი შრომა ჩავდე ამ საქმეში და სულმოუთქმელად ველოდებოდი შემოდგომას, თუმცა მთავარი გამოცდა წინ იყო. მოსავალი ცუდი მოვიდა, ძალიან მწირი. ბევრი მიზეზის გამო. 

ისევ ფიქრები... ღირს თუ არა გაგრძელება? ღირს თუ არა ამდენ შრომად ის, რაც შეიძლება, ასე - ერთი ხელის მოსმით განადგურდეს? აზრთა ჭიდილი და ისევ დასკვნა, რომ თურმე, ესეც ერთ-ერთი გამოცდაა იმისა, მართლა გსურს თუ არა ის, რასაც აკეთებ. საქმე გაგრძელდა. პირველი ღვინოც დაიწურა... პირველი შექებაც მივიღე... ჩავთვალე, რომ კარგი დასაწყისი იყო. 

2014 წელს, გვიან შემოდგომაზე ახალი ვენახი გავაკეთეთ. ჩემი დიდი ხნის სურვილი იყო, საკუთარი ხელით დამერგო და გამეზარდა ვაზი. ვაზის დარგვა ერთი დიდი ზეიმი და სიამოვნებაა აქ. საოცარი რამაა ახალი ვაზის მოვლა. გაზაფხულზე ყოველდღე ნახულობ, რომელმა ამოხეთქა მიწიდან. იმდენად ხშირად, რომ თითოეულს ეცნობი, შენი ხდება, შენი ნაწილი და შენი შვილობილი. მათი მოვლა გიხარია, მათი გაზრდა გიხარია. უამრავ შრომას უძღვნი, მაგრამ იცი, რომ ეს ამად ღირს. ახალშენს მართლაც ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება, რომ ფეხზე დააყენო, ბევრი ოფლის ღვრა და ყოველდღიური შრომა, თუმცა აუცილებლად დაგიფასებს ისევე, როგორც შვილი დაუფასებს მშობლებს გაწეულ ამაგს. 

ახალშენი

 

28 ოქტომბერი, ოთხშაბათი

დილა ახალშენში ჩასვლით იწყება. ახალი ვენახი შარშან ნოემბერში გავაშენეთ. ნერგი საგულდაგულოდ იმალება მიწით, რომ ზამთარში თოვლმა და ყინვამ არ დააზიანოს. სამაგიეროდ, ფესვი უკეთ ეგუება ნიადაგს. გაზაფხულზე, როცა ღერო მიწიდან ამოსვლას იწყებს, საკმაოდ მომძლავრებულია და შედარებით უკეთ უძლებს უამინდობას. 

ერთი სიამოვნებაა, როცა შემოდგომაზე ყურძენს კრეფ, მაგრამ სულ სხვაა, როცა ვაზს თვითონ რგავ, მერე რამდენიმე თვის მანძილზე ელი, როდის ამოხეთქავს მიწიდან და ყოველდღე ხედავ, როგორ იზრდება. მშობლის ინსტინქტს აღვიძებს ადამიანში. გიხარია მისი დარგვა, გაზრდა, მასზე ფიქრობ, გინდა, უკეთ მოუარო, რომ კარგი, ჯანმრთელი იყოს. მის ცუდად ყოფნას განიცდი. ახალი ვაზის გაშენება ძალიან დიდ შრომას მოითხოვს. თუკი თვლი, რომ ამ თავდადებისთვის მზად არ ხარ, ჯობს, საერთოდ შეეშვა ამ საქმეს. 

წელს ძალიან ცხელმა ზაფხულმა ჩემი ახალშენიც დააზიანა. ნერგების ნაწილმა გვალვებს ვერ გაუძლო, თუმცა ეს მცირე ნაწილია. ყურების ჩამოყრა არ შეიძლება. ახალი ნერგები დაირგვება და ვენახი მაინც ფეხზე დადგება. სურვილს და მონდომებას ვერაფერი შეაჩერებს. 

ხანგრძლივი პროცესია. ახალი ვაზი ნიშანს მესამე წელს იძლევა. შემდეგ უკვე მატებაში მიდის. საბოლოო შედეგს, დაახლოებით, 8 წლის შემდეგ გვაძლევს. მოთმინება და ყველაზე მთავარი, ამ საქმის სიყვარულით კეთებაა საჭირო. შედეგი აუცილებლად იქნება. 

ახლა აქ საქმე შედარებით ცოტაა. შეწამლვა და კულტივაცია წელს დამთავრებულია, თუმცა გული მაინც არ შვრება, რომ არ დავხედო და ხელი არ შევავლო. 

საღამოს მეგობრები მოდიან... ბევრ რამეს ერთად ვაკეთებთ და ერთმანეთს ვამხნევებთ. ბევრ რამეზე ვსაუბრობთ. პრობლემები უამრავია, თუმცა შინაგანად მაინც გვჯერა, რომ ყველაფერი გამოვა. 

მარანი

 

ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი

რქაწითელი უკვე დადუღდა. მშვენიერი გემო მიიღო. კარგი ღვინო დადგება, გული მიგრძნობს. დღეს უნდა გამოვუშვა და შუშის ბოცებში გადავიტანო. ჭაჭას ნელ-ნელა ვაცლი და გადაღებაც იწყება. ბოცები საგულდაგულოდ უნდა დაირეცხოს, რომ კედლებზე ლექი არ დარჩეს, რამაც შეიძლება გემო შეუცვალოს ჯერ კიდევ ახალგაზრდა ღვინოს. რამდენიმე დღეში დაიწმინდება, მანამდე ლექზეც იმუშავებს და საბოლოო დაღვინებისკენ წავა. ღვინოს მარანში ვინახავ. ჭაჭა კასრში რჩება, იხურება და რამდენიმე დღეში არყის გამოსახდელად მზად იქნება. 

შუადღით შემატყობინეს, რომ ხვალ ისევ სტუმრები მოვლენ. რა თქმა უნდა, მიხარია, რომ ადამიანები ინტერესდებიან ხვანჭკარათი. ჩემი მიზანიც ეს არის - რაც შეიძლება, ბევრმა ადამიანმა გაიცნოს არამარტო ჩვენი ღვინო, არამედ - ჩვენი სოფელი და ჩვენი კუთხე. 

შარშან საოჯახო სასტუმროს გაკეთება გადავწყვიტე. ბევრი შრომა  და ძალისხმევა დასჭირდა, თუმცა საქმე დაიძრა და პირველი სტუმრებიც გამოჩნდნენ. ის, რაც მანამდე ნაკლებად რეალურად ჩანდა, უკვე რეალობად იქცა. წელს ვიზიტორთა რაოდენობამ იმატა. მეგობრებთან და თანამოაზრეებთან ერთად ვცდილობთ, ყველას მაქსიმალურად გავაცნოთ აქაურობა. 

საოჯახო სასტუმრო

აგვისტოში გერმანელი მეღვინეების 25 კაციანი ჯგუფი გვესტუმრა. ეს უკვე ძალიან ბევრს ნიშნავდა ჩვენთვის და, რა თქმა უნდა, სოფლისთვის. მოკლედ, ყველაფერი წინაა. მთავარი საქმე ჯერ კიდევ გასაკეთებელია...

გერმანელი მეღვინეების სტუმრობა სოფ. ხვანჭკარაში

 

30 ოქტომბერი, პარასკევი

დღეს სტუმრების მოლოდინში ვართ. სამზადისი დილიდან იწყება. სათანადოდ უნდა დავხვდეთ. მანამდე კი მარანში საქმეა. წულუკიძის თეთრა გადასაღებია. საკმაოდ დაიწმინდა. ახლა მისი ლექიდან მოცილებაა საჭირო. გემო კარგი აქვს - რბილი, მრავალფეროვანი, საკმაოდ მიმზიდველი, თუმცა ჯერ კიდევ დრო უნდა დავაჟკაცებამდე. 

შუადღით სტუმრებიც მოვიდნენ. დიმიტრი და მისი მეუღლე - მილა. დიმიტრი პროფესიონალი ფოტოგრაფია. მოსვლისთანავე მთხოვს, ვენახებში წავიდეთ. მზის ჩასვლამდე სურათების გადაღება უნდა მოასწროს. 

საღამოს მაგიდასთან ვსხდებით და სასიამოვნო საღამოც იწყება საინტერესო ადამიანებთან ერთად. დიმიტრი ყირიმიდანაა. მიყვება, როგორ უვლიდა ვენახებს თავად, როგორ აყენებდა ღვინოს... ეს საქმე კარგად იცის. ღვინოებშიც კარგად ერკვევა. ახლა მეუღლესთან ერთად შეერთებულ შტატებში ცხობრობს. ძალიან სურდა ყირიმული ღვინოები იქ ჩაეტანა და ამერიკულ ბაზარზე გაეტანა. მიყვება, რომ ყველაფერი ბოლო ეტაპამდე ჰქონდა მიყვანილი... თუმცა, ოკუპაციამ და ეკონომიკურმა ემბარგომ ამ საქმეზე ხელი ააღებინა. ამ ეტაპზე არაფერი გამოვა. 

ბევრი ვისაუბრეთ. ბევრიც დავლიეთ. ხვანჭკარაც დავაგემოვნეთ, ახალი ღვინოებიც გავსინჯეთ. ჩემი გეგმებიც გავაცანი. ვუთხარი, რომ საბოლოო მიზანი ჩემი ოჯახური ღვინის ბოთლებში ჩამოსხმა და ბაზარზე გატანაა... მოკლედ, ბევრ რამეზე ვისაუბრეთ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ მისმა ისტორიამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ერთ, თუნდაც, დიდ ბაზარზე ჩამოკიდება უპერსპექტივო საქმეა, ძალიან ბევრი უნდა ვიშრომოთ, რომ ღვინის ბაზრის ალტერნატივები გავიჩინოთ. 

 

31 ოქტომბერი, შაბათი

დღეს სტუმრები მიდიან. კახეთისკენ აქვთ გეზი. უნდათ, მაქსიმალურად კარგად გამოიყენონ თავიანთი დრო საქართველოში. დილით ვემშვიდობებით ერთმანეთს და ვიმედოვნებთ, რომ ისევ შევხვდებით. 

შუადღით ვენახისკენ მივდივარ, ისევ ახალშენში. ახალ ვაზებს ზედმეტი ფესვები უნდა მოვაჭრა და სასუქი შემოვურიგო. შრომატევადი საქმეა, თუმცა ძალიან საჭირო. ვაზი თავიდანვე უნდა მოძლიერდეს. ღერო უნდა გაძლიერდეს. ზამთარში სასუქი კარგად მუშაობს. ბევრი ნალექია და უკეთესად იხსნება ნიადაგში. 

მანამდე კი ბევრ რამეზე ვფიქრობ. ნუთუ, აუცილებელია, ყურძენი ძვირი ღირდეს, რომ სოფელში ვენახი გააშენო? ნუთუ, მხოლოდ ფულია ვაზი და მისი ნაყოფი? ნუთუ, ასე ძნელია, სახელმწიფოსთვის, გლეხებს ხელი შეუწყოს, რომ მართლაც, ფეხზე დადგნენ?

რთველი საუკეთესო პერიოდია გლეხისთვის - მთელი წლის ნაშრომის მიღების დრო. პრინციპი მარტივია. გლეხი კრეფს ყურძენს, მყიდველი მოდის და ყიდულობს. ხვანჭკარას სამასალე ყურძენი საკმაოდ მცირე რაოდენობაა, მოთხოვნა საკმაოდ მაღალი. ამიტომ პრობლემა არ უნდა არსებობდეს არც ფასის და არც - გასაღების, მაგრამ პროვლემები უამრავია. 

წელს, მაგალითად, მთელი მოსავალი სახელმწიფომ შეიძინა. კერძო კომპანიების დაინტერესება მინიმალური იყო. ფასი წინა წლებთან შედარებით - ნაკლები. თუმცა გლეხს სხვა გამოსავალი არა აქვს. ან აბარებს მიღებულ მოსავალს, ან - განწირულია შიმშილისთვის. ფასს მყიდველი ჰკარნახობს და არა - გამყიდველი.

წინა წლებში ყურძნის მაღალმა (ჩემი აზრით, პოლიტიკურმა) ფასმა მცდარი მოლოდინები დანერგა ხალხში. ხელი შეუწყო სხვადასხვა სახის უკვე კარგად ცნობილ მაქინაციებს და მავნე, დამღუპველ პრაქტიკას, რასაც, საბოლოო ჯამში, ფალსიფიკაციამდე მივყავართ. ეს კი, თავისთავად ამ უნიკალური ბრენდის დაკნინებას და გაუფასურებას იწვევს. ამიტომ ვთვლი, რომ ამ დარგში ძირეული ცვლილებები თავისთავად გამორიცხავს დაბალ ფასსაც, აუცილებლად აამაღლებს ღვინის ხარისხს და მის კომკურენტუნარიანობას მსოფლიო ბაზარზე. 

გამოსავალი სახელმწიფოს მხრიდან უფრო საფუძვლიან მიდგომაშია. აუცილებელია ადგილწარმოების კანონის ამოქმედება, რომელიც თავისთავად გამორიცხავს, როგორც ფალსიფიკაციას, ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას რეგიონში, რომელიც ხალხისგან იცლება. 

აუცილებლად უნდა მოხდეს გლეხების დახმარება და მათი მოღონიერება. საოჯახო მეღვინეობის და მევენახეობის განვითარება ყოველ შემოდგომაზე გლეხს აღარ დატოვებს ფაქტის წინაშე, რომელიც ხშირად საკმაოდ მძიმეა მისთვის. ის, რასაც ჩვენ საოჯახო მეღვინეობას ვეძახით (ჩემი ჩათვლით), ვერავინ - კრიტიკას ვერ უძლებს და საკმაოდ შორსაა ნორმალური სტანდარტებისგან, თუმცა საქმე აუცილებლად უნდა დაიძრას და აუცილებლად მივა სასურველ შედეგამდე. 

დღეც ასე გადის. შრომაში და მომავალზე ფიქრში. 

 

1 ნოემბერი, კვირა

კვირა, ჩვეულებრივ, დასვენების დღეა ადამიანებისთვის, თუმცა სოფელში სხვა რეალობაა. დილა ბაზარში წასვლით იწყება. პროდუქტის მომარაგებით. 

შუადღით ისევ მარანი. ხვანჭკარას ვაგემოვნებ. უკვე კარგია. ამ ღვინოს განსაკუთრებით ვუვლი და ვუფრთხილდები. დიდ კავშირს ვგრძნობ შინაგანად. მარანში მას ცალკე ადგილი აქვს, როგორც განსაკუთრებულს, საუკეთესოს. საკმაოდ დაიწმინდა, გემოც იქითკენ მიდის, როგორიც მსურს. დღეს უნდა გადავიღო, ლექს მოვაშორო. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ბევრ ადამიანს გაუმასპინძლდება, აქაურობას შეაყვარებს და ბევრჯერ მასახელებს. 

ახლა შეიძლება ცოტა დავისვენოთ კიდეც და ეს დღიურებიც დავასრულოთ. მე ვფიქრობ, სოფელში ცხოვრება სირცხვილი არაა, ვენახიდან დასვრილი ტანსაცმლით ამოსვლა არ „ტეხავს“. ყველაზე გემრიელი შენი მოწეული საკვებია, საუკეთესო ღვინო ისაა, რომელსაც მთელი წელი თავად მოუვლი და შემდეგ სტუმრებს გაუმასპინძლდები. საქმის კეთება აქაც შეიძლება. განათლებული ხალხი აქაც ძალიან ბევრია, მაგრამ სიტყვით არაფერი გამოდის, საქმეც უნდა მოვაყოლოთ, თან ძალიან ბევრი... 

ყველაფერი გამოვა, თუ მოვინდომებთ. 

© ალეკო სარდანაშვილი, საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

პროექტ „ღვინის დღიურების“ ფარგლებში მომზადებული მასალა წარმოადგენს ავტორთა კერძო შეხედულებებს და არ გამოხატავს საქართველოს ღვინის კლუბისა და ღვინის საინფორმაციო ცენტრის პოზიციას.



რა არაჩვეულებრივი წამოწყებაა :) ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, წარმატებით განგახორციელებინოთ თქვენი მიზნები და ჩანაფიქრები და საქართველოს კი უმრავლოს ნიჭიერი, მშრომელი და მიზანდასახული ადამიანები, ვინც ქართულ საქმეზე იქნება ორიენტირებული


გულწრფელი და ემოციური დღიურია, ძლიერი შინაგანი სულიერი კავშირი და სიყვარული იგრძნობა საქმის მიმართ. ასეთი შეუპოვრობა ამ საქმის გაგრძელების და მუდმივი ზრდის გარანტი იქნება. წარმატებები , წინ და წინ , ყოველთვის ! და ძალიან შორს ...


mogesalmebi batono aleko. mixaria tqveni warmatebebi .iqneb rachasac eshvelos .kaxetis megvineebma kargad gaacnec ucxoelebs chveni qveyana ,exla rachvelebis rigia .is rac tqven gaaketet me mxolod ocnebashi mqonda. tqveni warmatebebi iqneb chemtvis magaliti iyos ,rom yvelaferi gamogviva tuki movindomebt.kidev ertxel minda gisurvot warmatebebi.


წარმატებები!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.